„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3577-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.019190
3577-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
120000000.05.001.019190
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას;“;     

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ახორციელებს თავდაცვის სფეროში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულების კონტროლს.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს კონსტიტუციისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ე) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ვ) საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე;

ზ) საქართველოს მთავრობის თანხმობით დებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს თავდაცვის სფეროში;“;

ბ.გ) „ლ“–„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 51 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იღებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) საქართველოს თავდაცვის ძალებს უზრუნველყოფს ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;“;

დ) „დ​1“ და „დ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმას;

დ​2) ამტკიცებს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმას და იღებს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში;“.

5. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მუხლი 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელშიც დასაქმებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო პირები და სპეციალური წოდების მქონე პირები.

2. სამინისტროს ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). მინისტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. მინისტრი და მისი მოადგილეები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები.

4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, ერთიანდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან საქართველოს თავდაცვის ძალებში.

5. სამინისტროს კომპეტენცია, მინისტრის უფლებამოსილება, მის მოადგილეთა რაოდენობა და მათი უფლებამოსილებანი, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

7. მინისტრი სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და წარმართვას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დემოკრატიულ კონტროლს.

8. საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათ შემადგენლობას, აგრეთვე სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ შესაბამისი დროშა, ემბლემა, ინსიგნიები და სხვა სიმბოლოები, რომლებსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

9. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად გამოსცეს ნორმატიული აქტები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

10. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულება განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

11. სამინისტრო ასრულებს ამ მუხლის მე-12–მე-14 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

12. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;

ბ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის საჭირო ძირითადი პროგრამებისა და გეგმების განსაზღვრა/შემუშავება;

დ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შემუშავება;

ე) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;

ვ) თავდაცვის ბიუჯეტის პროექტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება;

ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისთვის საჭირო  შეიარაღებით, ტექნიკით, სხვა აღჭურვილობითა და მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაცემა;

ი) სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლის განხორციელება.

13. საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციებია:

ა) საქართველოს  თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ბ) სამხედრო სწავლებებისა და ოპერაციების დაგეგმვა და წარმართვა;

გ) ქვეყნის სახმელეთო სივრცისა და საჰაერო სივრცის, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საზღვაო სივრცის დაცვა;

დ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური ოპერაციებისა და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და მათში მონაწილეობა;

ე) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა და შესრულება;

ვ) ლოჯისტიკური დაგეგმვისა და უზრუნველყოფის განხორციელება;

ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის სისტემის მართვა;

თ) საგანგებო სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის დროს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;

ი) სამხედრო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;   

კ) სამხედრო ობიექტების დაცვა და მათი თავდაცვის უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;

მ) სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;

ნ) საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობა;

ო) სამინისტროს სისტემის სამედიცინო უზრუნველყოფის განხორციელება;

პ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;

ჟ) ქვედანაყოფების დასახელებებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების ადგილების განსაზღვრა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

რ) საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა;

ს) სამხედრო დანიშნულების პროდუქციის საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღებისა და შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე წინადადებების მომზადება, რომლებსაც დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ტ) სამხედრო ცერემონიალების გამართვის უზრუნველყოფა;

უ) ქვეყანაში წვრთნების ჩატარებაში შესაბამისი უწყებების მონაწილეობის კოორდინაცია;

ფ) საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციების ჩატარება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

ღ) თავდაცვის ბიუჯეტის პროექტისა და ფინანსური პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

14. სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და საქართველოს თავდაცვის ძალები ახორციელებენ:

ა) ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის, საგანგებო მდგომარეობის ან/და საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი წესით რეაგირებას;

ბ) სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონისა და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებას/მონაწილეობენ მათ შემუშავებაში;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ომის საშიშროებისა და სამხედრო საფრთხეების განსაზღვრას;

დ) სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევისა და მეცნიერების განვითარებას;

ე) თავდაცვითი და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობასა და განვითარებას;

ვ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო და სოციალურ უზრუნველყოფას, აგრეთვე მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;  

ზ) სამხედრო ქონებისა და სამხედრო პროდუქციის მართვას;

თ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციულ მოწყობას, მისი ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებას;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თავდაცვის/სამხედრო სფეროში თანამშრომლობას;  

კ) თავდაცვის მიზნებისთვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების არსებობის უზრუნველყოფას.

15. სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

მუხლი 8. საქართველოს თავდაცვის ძალები 

1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ  შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.

2. საქართველოს თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს.

3. საქართველოს თავდაცვის ძალების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მინისტრი.

4. საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მეთაური, რომელიც ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს.

5. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური: 

ა) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნისათვის, განვითარებისათვის და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიულ მართვას და საბრძოლო მოქმედებებს;

დ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებს და მათი ხელმძღვანელობის წესს. გაერთიანებული ძალები აერთიანებს ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარ რამდენიმე ოპერატიულ დაჯგუფებას, რომლებიც მოქმედებენ გაერთიანებული ძალების მეთაურობის დაქვემდებარებაში;

ე) ამოცანებიდან გამომდინარე, ქმნის ოპერატიულ დაჯგუფებას (ოპერატიული დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე ტაქტიკურ დაჯგუფებას/ქვედანაყოფს) და ტაქტიკურ დაჯგუფებას (ტაქტიკური დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფს), განსაზღვრავს მათი ხელმძღვანელობის წესს;

ვ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი ღონისძიებების განხორციელების გეგმებს;

ზ) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის განაწილებას;

თ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;

ი) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მომზადებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ქონების) გამოყენების სახელმძღვანელოებს;

კ) ამტკიცებს წვრთნებისა და სწავლებების დროს დასაცავ უსაფრთხოების ნორმებს;

ლ) შეიმუშავებს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

მ) შეიმუშავებს სამხედრო მოსამსახურის კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ო) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამხედრო წოდება და უმაღლესი სამხედრო განათლება.

8. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

9. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს ეკისრება საერთო პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისთვის.

10. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მისი რომელიმე მოადგილე.

11. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება ხელმძღვანელობდეს გენერალურ შტაბს.

12. საქართველოს თავდაცვის ძალების კომპეტენცია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება, მის მოადგილეთა რაოდენობა და მათი უფლებამოსილებანი, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

13. საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნასა და აღმშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.

მუხლი 9. საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობანი და შემადგენლობა

1. საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობებია: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები.

2. საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედის სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) გენერალური შტაბი. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ ფუნქციების შესრულებაში ხელის შეწყობა;

ბ) აღმოსავლეთის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;

გ) დასავლეთის სარდლობა. მისი ძირითადი  დანიშნულებაა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;

დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელება, აგრეთვე ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა;

ე) სპეციალური ოპერაციების ძალები. მათი ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მხარდაჭერა;

ვ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების პერსონალის მიერ სამხედრო პროფესიული განათლების მიღების უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით უზრუნველყოფა;

ზ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერის განხორციელება;

თ) ეროვნული გვარდია. მისი ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვა;

ი) სამხედრო პოლიცია. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, საქართველოს თავდაცვის ძალებში მართლწესრიგისა და თავდაცვის ობიექტების დაცვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

კ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. მისი ძირითადი დანიშნულებაა სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება.

3. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედის აგრეთვე შემდეგი ერთეულები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ა.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;

ა.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;

ა.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

გ.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

გ.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

გ.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების  სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

5. საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბი გადადის წინასწარ განსაზღვრულ ახალ საშტატო სტრუქტურაზე, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთეულებისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის ძალებში გაერთიანებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლები. ახალი საშტატო სტრუქტურით გენერალური შტაბი მოქმედებს საომარი მდგომარეობის დასრულებამდე.“.

6. 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს თავდაცვის ძალები არის საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების უფლებამონაცვლე.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე მოქმედებს თავდაცვის სფეროში მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3577-Iს