„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3575-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 120150000.05.001.019195
3575-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
120150000.05.001.019195
„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 82) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი−მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას.

მუხლი 2

1. საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტით შეიძლება თავდაცვის ძალებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების გაერთიანება.

3. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე, და იგი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

4. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება ამ დეკრეტის გამოცემად და აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

მუხლი 3

1. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოტივი.

2. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

3. გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41−43 მუხლები:

„მუხლი 41

1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრები.

3. ეროვნული თავდაცვის საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისა და საომარი მდგომარეობის სხვა საჭიროებებთან დაკავშირებით.

4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.

5. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

მუხლი 42

1. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს აცნობებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

3. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

მუხლი 43

1. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმის შედგენისათვის პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სხდომის დღის წესრიგის, სხდომაზე დამსწრე პირთა, განხილული საკითხების, მიღებული რეკომენდაციებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობა.“.

4. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

მუხლი 10

1. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით ადგილებზე შექმნას დროებითი ორგანოები ან/და  დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი.

2. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან კომენდანტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში აწესრიგებს საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. თუ საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება შემოღებულ იქნეს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებები დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ მმართველობის განმახორციელებელ დროებით ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილზე განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3575-Iს