დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3531-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.09.001.016481 |
|
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის №2450-IIს დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. აღნიშნული დადგენილებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის გამოძიება მიჩნეულ იქნა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად და კომისიას მიზნად განესაზღვრა „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების და საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების დადგენა“. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომენტისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა შემდეგი მთავარი კითხვები: ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა და ხომ არ ჰქონდა ადგილი გამოძიების პროცესის მწარმოებელ პირთა მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვან გ. ბ.-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის შესაბამისი სტანდარტისათვის საკმარისად არ მიიჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა არ დასრულებულა. განაჩენი გასაჩივრებულია როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ და საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და, ზოგადად, მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც, მათივე განცხადებებით, განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან. კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება. დროებითი საგამოძიებო კომისიის ზემოხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტებების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის − მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომენტისთვის საზოგადოებაში გამოძიების მიმართ დამატებით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით იყო გამოთქმული გარკვეული ეჭვები, რომელთა მოშველიება ხდებოდა არგუმენტების გასამყარებლად, რომ ადგილი ჰქონდა პროცესის მწარმოებელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას: რატომ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დემონტაჟი; დაზიანდა თუ არა დავით სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი განზრახ („გაღუნული დანა“); მოახდინა თუ არა მირზა სუბელიანმა გამოძიებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა. ამ საკითხებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: ა) ფარდული − ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, რაც საგამოძიებო ორგანოებს არ ეცნობა. აღსანიშნავია, რომ ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება; ბ) „გაღუნული დანა“ − დანის დაზიანება განზრახ არ მომხდარა. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ დანამ მიკროდეფორმაცია მიიღო, რისი შემჩნევაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთანავე, დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად; გ) კითხვები მირზა სუბელიანთან დაკავშირებით − მას შემდეგ, რაც გამოძიებამ შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მირზა სუბელიანი დაკავებულ იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 4. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის, აგრეთვე მოწმეების, დაზარალებულებისა და ბრალდებულების გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: ა) მირზა სუბელიანის, მისი არასრულწლოვანი შვილის − ა. ს.-ს და ცოლის არასრულწლოვანი დისშვილის − მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარებულა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად: არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, არ გაიჩხრიკა არასრულწლოვანი მ. კ.-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმლის ამოღება); ბ) საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი; გ) არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დ. ღ.-ს მიმართ; დ) არ იქნა გამოკითხული ან დაგვიანებით გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი; ე) გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ იქნა ამოღებული ან დაგვიანებით იქნა ამოღებული. ამასთანავე, არ მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, რომლებიც ჩანაწერებში არიან აღბეჭდილი; ვ) არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება, ასევე არ იქნა ამოღებული ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა ტელეფონები და კომპიუტერები; ზ) კითხვებს აჩენს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება. თვალსაჩინოებისათვის გამოდგება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელშიც გამომძიებელი მირზა სუბელიანს უცნობ პირად მოიხსენიებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მირზა სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას განსხვავებული მიზეზები აქვს და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. გამოძიების პროცესისთვის არ არსებობს წინასწარ დადგენილი, სტანდარტული საპროცესო წესი, თუ როგორი თანამიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, და ყოველი სისხლის სამართლის საქმე, მისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საგამოძიებო ტაქტიკას გამოძიების მწარმოებელი თანამდებობის პირი და მისი საპროცესო ხელმძღვანელი განსაზღვრავენ, რაც მათი დისკრეციული უფლებამოსილებაა. კომისიის მუშაობისას ვერ გამოიკვეთა განსხვავებული შედეგი, სხვა გარემოება ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა მსჯელობისა და ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქმეში არსებულმა ხარვეზებმა, გარდა მტკიცებულებათა ხარისხისა, არსებითი გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ამ მიმართულებით მუშაობა არ უნდა გააგრძელონ. 5. საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს დაიკითხა გ. მ., რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მას დაზიანება მიაყენეს ზურგის არეში (გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ-ის დაშორებით, მარცხნივ, დაახლოებით მე-8-მე-9 ნეკნების მიმდებარედ). 6. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის სირთულის, კომპლექსურობისა თუ სხვა ლეგიტიმური გარემოებების მიუხედავად, პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა არ არსებობს. გამოძიების პროცესის 40-დღიანი ვადით შეზღუდვა პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და რიგ შემთხვევაში ართულებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების სწრაფად და ეფექტიანად დადგენას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულების გამოძიების პროცესით. 7. როგორც გამოძიების მასალებიდან, ისე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაპირისპირებულ არასრულწლოვნებს შორის არსებობდა კონფლიქტი ჩაგვრის ფაქტების სახით, რომელიც საბოლოოდ უმძიმეს დანაშაულში გადაიზარდა. საქმის მასალებიდან, კერძოდ, მოწმეთა ახსნა-განმარტებებიდან, იკვეთება შემდეგი გარემოება: თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კერძოდ, შესვენების დროს, სკოლის საპირფარეშოში მე-11-კლასელების − დ. ღ.-ს და დ. ნ.-ს მხრიდან მე-9-კლასელების − თ. ჩ.-ს და ა. ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრის ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულების განმაპირობებელი ჩაგვრის ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა და მხოლოდ აღნიშნული სკოლის პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილია, რომ საქართველოს სკოლებში ჩაგვრა არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა, რასაც ემატება ასეთი ფაქტების პრევენციისა და შესაბამისი სერვისების/მექანიზმების ნაკლებობა. უფრო მეტიც, სკოლებში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და აკრძალული საგნების ტარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცალსახად უარყოფითია. 8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს: ა) ამ დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: ა.ა) საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიანთ უწყებებში ჩაატარონ სამსახურებრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; ა.ბ) საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის) და სასამართლო განხილვის ეტაპებზე, აგრეთვე როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ისე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები; აღნიშნულმა სტრუქტურებმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ მ. კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი ქმედებების შეფასების შემდეგ გატარდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება. კომისიის მუშაობისას ასევე გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მოწმის − მ. კ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები არსებობს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს, ხომ არ იკვეთება ამ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ა.გ) საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მირზა სუბელიანის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე მიცემულ ახსნა-განმარტებებს და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები; ბ) ამ დადგენილების მე-5 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ. მ.-ს დაჭრის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის, ამ ფაქტზე). შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალკე განსაზღვროს ამ ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია, აგრეთვე ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემისთვის; გ) ამ დადგენილების მე-6 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც შესაძლებელი გახდება პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გაგრძელება; დ) ამ დადგენილების მე-7 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: დ.ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ: დ.ა.ა) შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი წესი, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს: სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას; პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას; სკოლის უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მანდატურის სამსახურის და სკოლის სტრუქტურული ერთეულების, კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობას; დ.ა.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი, მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებებიდან გამომდინარე, დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას; დ.ა.გ) თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოავლინოს კონფლიქტის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვისთვის პასუხისმგებელ პირთა ქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; დ.ა.დ) ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის განვითარება; დ.ა.ე) შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტის პრევენციასა და მასზე რეაგირებაში სოციალური მუშაკის დროული და ეფექტიანი ჩართვის მექანიზმი; დ.ბ) შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გაკონტროლდება ცივი იარაღის ბრუნვა, არასრულწლოვნებს შეეზღუდებათ ცივ იარაღზე წვდომა და დაწესდება პროპორციული სანქციები. 9. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ დადგენილებით შესაბამისი სამინისტროებისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობა. 10. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 21 სექტემბერი 2018 წ. N3531-Iს |
დოკუმენტის კომენტარები