ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე

ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-827
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 360140000.22.023.016549
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-827
11/10/2018
ვებგვერდი, 12/10/2018
360140000.22.023.016549
ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/10/2018 - 21/04/2022)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-827

2018 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს თანდართული ,,ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 ივნისის №201 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები

მუხლი 1
1. წინამდებარე ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (შემდგომში  – სამინისტრო) გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს.
2. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
1. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებასა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქმიანობები.
2. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადების მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ჩაატაროს ეკოლოგიური აუდიტის პროცედურა, რომელიც გულისხმობს მიმდინარე საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსურ ანალიზს და მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს.
3. ეკოლოგიური აუდიტის პროცედურა ტარდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საშუალებების დადგენისა და აღნიშნული საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
4. ეკოლოგიური აუდიტის პროცედურის ჩატარების შემდგომ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მზადდება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში, რომელიც წარედგინება სამინისტროს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 3
ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში განხილული უნდა იყოს გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზი, რაც გულისხმობს მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში აღნიშნული საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენას, აღწერას და შედეგების შესწავლას: ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და მის ჯანმრთელობაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ბუნებრივ და სახეცვლილ ეკოსისტემებზე, ლანდშაფტებზე, ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე, სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური გარემოს არსებული სიტუაციის შეფასებაზე და მოსალოდნელ რისკებზე და უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენას;
ბ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზს;
გ) მიმდინარე საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრას და რისკების ანალიზს, მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმებს;
დ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციისა და შემცირების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებას;
ე) გარემოს შესაბამის კომპონენტებზე ზემოქმედების სახეების (პირდაპირი, არაპირდაპირი, კუმულაციური და სხვ.) კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების დადგენას;
ვ) მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებას, მათ შორის მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს;
ზ) გარემოში შესაძლო ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას;
თ) საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების განსაზღვრას და მათი შემდგომი მართვის ღონისძიებებს;
ი) მიმდინარე საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის – არსებული დანადგარების საპასპორტო მონაცემებს ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) საქმიანობის მიმდინარეობისა და შემდგომი განხორციელების ეტაპებისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება თვითმონიტორინგის პროგრამა;
ლ) მიმდინარე საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებამდე გარემოს პირვანდელ მდგომარეობასთან აღდგენის ღონისძიებებს და მათი განხორციელების გეგმას;
მ) ორგანიზაციების დასახელებას და იურიდიულ მისამართს, რომლებიც მონაწილეობდნენ ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებაში და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში;
ნ) მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ადგილის GIS (გეოინფორმაციული სისტემები, Shape ფაილების ფორმატი) კოორდინატებს, სიტუაციურ რუკას და გენ-გეგმას, სადაც დატანილი იქნება საწარმოო მოედანი, შენობა-ნაგებობები, საკომუნიკაციო ქსელები, ზემოქმედების წყაროები და სხვა;
ო) ეკოლოგიური აუდიტის შემუშავების პროცესში გამოყენებულ ლიტერატურას (წყაროს მითითებით), საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს.
მუხლი 4
1. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია საჯაროა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ მონაცემს, საქმიანობის განმახორციელებელმა შესაბამის განცხადებაში უნდა მიუთითოს აღნიშნული ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ. სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ ინფორმაციის დასაიდუმლოება.
3. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს საქმიანობის განმახორციელებელი.
4. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს.
მუხლი 5
1. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას იწყებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისთანავე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისთვის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ამ წესების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში;
გ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების/შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი;
დ) ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა.
2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შემცირების/შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი უნდა მოიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შედგენილ კონკრეტულ, დროში გაწერილ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება გარემოზე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისაკენ.
მუხლი 6
1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე იგი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად.
2. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) საჯარო განხილვის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა;
გ) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო;
დ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებები. აგრეთვე მონაცემები იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა;
ე) საჯარო განხილვაზე დასწრების და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
3. სამინისტრო წარმოდგენილი დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ატარებს საჯარო განხილვას.
4. საჯარო განხილვა ღიაა. საჯარო განხილვაში მონაწილეობის, ასევე ზეპირი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
5. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.
6. საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
7. სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან  5 კალენდარული დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს.
8. საჯარო განხილვის შესახებ ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) განხილვის დრო და ადგილი;
გ) საჯარო განხილვის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე საქმიანობის განმახორციელებლის და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა;
დ) განსახილველი საკითხის მოკლე მიმოხილვა;
ე) საჯარო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.
9. სხდომის ოქმს ხელს აწერს და მის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
10. საჯარო განხილვაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ სამინისტრო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. აღნიშნული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. საჯარო განხილვის შესახებ ოქმს თან უნდა ერთოდეს ცხრილი საჯარო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნების და აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინების შესახებ.
12. სამინისტრო, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებას.
13. წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.
მუხლი 7
1. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ატარებს ექსპერტიზას.
2. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით იქმნება საექსპერტო კომისია.
3. კომისია შედგება ექსპერტებისგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი. სამინისტროს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
4. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 ექსპერტისაგან.
5. აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა, რომლებიც: 
ა) წარმოადგენენ საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან/და საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს;
ბ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
მუხლი 8
საექსპერტო კომისიის ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შეფასება გარემოს ყველა კომპონენტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების გათვალისწინებით;
ბ) შეაფასოს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი და საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადებისაგან განსხვავებული ვადები;
გ) უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
მუხლი 9
1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) საექსპერტო კომისიის სხვა წევრებისგან განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ექსპერტიზის დასკვნაში;
ბ) ადგილზე დაათვალიეროს და შეისწავლოს მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.
2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის;
ბ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა, სისრულე, აგრეთვე მისთვის გადაცემული დოკუმენტაციის, საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში, მათი კონფიდენციალურობის დაცვა;
გ) წესების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სამინისტროს აცნობოს მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ;
დ) დაიცვას ექსპერტიზის პროცედურის მარეგულირებელი ნორმები.
3. საექსპერტო კომისია განიხილავს როგორც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს, ასევე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების/შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკს და ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ადგენს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელებისათვის საჭირო პირობებსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების/შერბილების ღონისძიებათა გეგმა- გრაფიკის ვადებს, რაც აისახება ექსპერტიზის დასკვნაში.
4. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საექსპერტო კომისია საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროს წარუდგენენ ექსპერტიზის დასკვნას.
მუხლი 10
1. სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) ექსპერტიზის პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს საქმიანობის განმახორციელებლისაგან ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) მოითხოვოს ექსპერტებისაგან მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
2. ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ექსპერტის პიროვნება კონფიდენციალურია.
მუხლი 11
1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან: მოსამზადებელი ეტაპი, ძირითადი ეტაპი და დასკვნითი ეტაპი.
2. მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობს სამინისტროს მიერ:
ა) გადაწყვეტილებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
ბ) საექსპერტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას;
გ) საზოგადოებრივ ექსპერტებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას.
3. ძირითადი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას ექსპერტთა/საზოგადოებრივ ექსპერტთა მიერ, რომლის პროცესშიც დგინდება:
ა) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ტექნიკური, ტექნოლოგიური გადაწყვეტილების დასაბუთებულობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ბუნებრივი, ენერგეტიკული რესურსებისა და ნედლეულის გამოყენების კომპლექსურობა, რაციონალურობა და ა.შ;
ბ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბები;
გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და მათი შესაძლო შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შესარბილებლად გათვალისწინებული ზომების ეფექტურობა;
დ) მიმდინარე საქმიანობის განხორციელების შედეგად და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების უზრუნველსაყოფად საჭირო ოპერატიული და სხვა სახის კონტროლის, აგრეთვე მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მეთოდები;
ე) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული ეკოლოგიური რისკების შეფასება.
4. დასკვნითი ეტაპი მოიცავს:
ა) საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მიერ საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების (ვალდებულებების) შესრულების ვადების განსაზღვრას;
ბ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების/შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადების განსაზღვრას;
გ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და სამინისტროსათვის წარდგენას.
5. სამინისტრო განიხილავს ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნას და საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მე-60 კალენდარული დღისა იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 12
1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საქმიანობის განხორციელების ადგილი და საქმიანობის სახე; 
ბ) საქმიანობის განმახორციელებლის დასახელება;
გ) ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის და გარემოზე ზემოქმედების შემცირების/შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შეფასება;
დ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი პირობები და გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები;
ე) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის თარიღი და ნომერი.
2. სამინისტრო 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

მუხლი 13
1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემდეგ, რაც დასტურდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს სამინისტროს.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამინისტროს შესაბამის განცხადებასთან ერთად წარუდგინოს:
ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით;
ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალური გეგმა, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად);
გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები როგორც მატერიალური (4 ეგზემპლარად), ისე ელექტრონული ფორმით;
დ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ე) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე იგი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად.
4. სამინისტრო წარმოდგენილი დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებას.
5. სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 25-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის შესახებ;
ბ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ;
გ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ.
7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;
ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას.
8. სამინისტრო 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.