საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი

საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 13/09/2018
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016461
0
13/09/2018
ვებგვერდი, 13/09/2018
000000000.00.00.016461
საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

წიგნი I

ზოგადი დებულებები

თავი I. საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო, მიზანი და ტერმინების განმარტება

მუხლი 1. რეგულირების სფერო და საგანი

ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებულ წესებს და ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევებისათვის.

მუხლი 2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, ამ კოდექსისაგან და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება:

ა) საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან;

ბ) საქართველოს ტერიტორიული და შიდა წყლებისაგან;

გ) საქართველოს საჰაერო სივრცისაგან;

დ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარის, ნაგებობისა და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიისგან, რომელზეც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.

მუხლი 4. საბაჟო ფორმალობების განხორციელების ენა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ფორმალობები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. საბაჟო ორგანოში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი.

3. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის თარგმნა სახელმწიფო ენაზე.

მუხლი 5. საქართველოს საბაჟო ორგანო, მისი მიზნები, უფლებები და მოვალეობები

1. საქართველოს საბაჟო ორგანოებია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური);

ბ) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

2. საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

3. საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას, სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით;

ბ) იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს;

გ) კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით, იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით;

ე) ახორციელებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;

ვ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვას საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ზ) გასცემს ლიცენზიას, ნებართვას და სერტიფიკატს;

თ) უფლებამოსილია საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის შექმნას საბაჟო ლაბორატორია;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა.

მუხლი 6. ტერმინების განმარტება

1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბაჟო კონტროლი – საბაჟო ორგანოს ქმედება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და შენახვის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის, საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად;

ბ) პირი:

ბ.ა) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი;

ბ.ბ) პირთა გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგრამ არ გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი;

ბ.გ) საწარმო ან ორგანიზაცია;

გ) საქართველოში დაფუძნებული პირი – საქართველოს მოქალაქე ან/და პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში გადასახადის გადამხდელად;

დ) საბაჟო ფორმალობა – დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი ქმედება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად;

ე) ზოგადი დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით, წესით და განსაზღვრულ ვადაში საბაჟო ორგანოს აცნობებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის შესახებ;

ვ) დროებითი შენახვის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს, რომ საქონელი არის დროებით შენახული;

ზ) საბაჟო დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს საქონლის მიმართ მოცემული საბაჟო პროცედურის გამოყენების განზრახვას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პირობის მითითებით;

თ) რეექსპორტის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს უცხოური საქონლის, გარდა თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანის განზრახვის შესახებ;

ი) რეექსპორტის შეტყობინება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანის განზრახვის შესახებ;

კ) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებითი შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას თავისი სახელით ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება;

ლ) საბაჟო პროცედურა – ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა, რომელშიც ამ კოდექსის შესაბამისად შესაძლებელია მოექცეს საქონელი, კერძოდ:

ლ.ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

ლ.ბ) სპეციალური პროცედურები;

ლ.გ) ექსპორტი;

მ) დროებით შენახვა – უცხოური საქონლის მდგომარეობა, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით შენახულია, საბაჟო ორგანოსათვის მისი წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე;

ნ) საბაჟო ვალდებულება – პირის ვალდებულება გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი;

ო) ვალდებული პირი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება;

პ) საბაჟო სტატუსი – საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის სტატუსი საქონლისათვის;

ჟ) საქონელი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი და წყალი.

რ) საქართველოს საქონელი არის:

რ.ა) საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს უცხო ქვეყნიდან შემოტანილ საქონელს ან არ არის წარმოებული უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საქონლისაგან, (გარდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენებისა, ჯართისა და ნახმარი ნაკეთობებისა, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის);

რ.ბ) უცხო ქვეყნიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი;

რ.გ) „რ.ა“ და რ.ბ“ ქვეპუნქტებით ან მხოლოდ „რ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისაგან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიღებული ან წარმოებული საქონელი;

რ.დ) ექსპორტში მოსაქცევი უცხოური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.

ს) უცხოური საქონელი − საქონელი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „ტ“ ქვეპუნქტით ან საქონელი, რომელმაც დაკარგა საქართველოს საქონლის სტატუსი;

ტ) საქონლის გაშვება – საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების შესაბამისად;

უ) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;

ფ) საწარმო, ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ქ) გადამუშავებული პროდუქტი – შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი;

ღ) საქონლის წარდგენა – საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბაჟო ორგანოსათვის;

ყ) საქონლის მფლობელი – საქონლის მესაკუთრე ან საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშ არის საქონელი;

შ) პროცედურის მფლობელი:

შ.ა) პირი, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის დავალებითაც არის წარდგენილი დეკლარაცია;

შ.ბ) პირი, რომელსაც გადაეცა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები;

ჩ) გადამუშავების ოპერაცია:

ჩ.ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;

ჩ.ბ) საქონლის წარმოება;

ჩ.გ) საქონლის განადგურება;

ჩ.დ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;

ჩ.ე) საქონლის გამოყენება, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი სრულად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.

ც) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავებული პროდუქტის ოდენობა ან ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;

ძ) გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოყვეს სამართლებრივი შედეგები;

წ) გადამზიდავი:

წ.ა) შემოტანის შემთხვევაში პირი, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვაზე. ამასთან:

წ.ა.ა) კომბინირებული გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს იმ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდგომ გადაადგილდება თავისი სვლით;

წ.ა.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს გადაზიდვის დოკუმენტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვაზე;

წ.ბ) გატანის შემთხვევაში პირი, რომლსაც გააქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადაზიდვაზე. ამასთან:

წ.ბ.ა) კომბინირებული გადაზიდვისას, როდესაც თავის სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალება გადაზიდავს სხვა სატრანსპორტო საშუალებას და თავის სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ მის მიერ გადაზიდული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებას განაგრძობს თავისი სვლით, გადამზიდავად მიიჩნევა პირი, რომელიც მართავს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გადაადგილებას განაგრძობს თვისი სვლით მას მერე, რაც სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც თავისი სვლით დატოვა საბაჟო ტერიტორია მივიდა დანიშნულების ადგილზე;

წ.ბ.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს გადაზიდვის დოკუმენტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადაზიდვაზე;

ჭ) შესყიდვის საკომისიო – იმპორტიორის მიერ ნებისმიერი ანაზღაურება შესაფასებელი საქონლის ყიდვისას მისი წარმომადგენლისათვის;

ხ) იმპორტის გადასახდელი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;

ჯ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი საგანი;

ჰ) საბაჟო ორგანოს საწყობი – შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის შენახვა;

1) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი;

2) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;

3) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;

4) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;

5) აღმჭურველი გადაწყვეტილება – საბაჟო მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;

6) ტრანზიტი – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება უცხო ქვეყნებს შორის (ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით;

7) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზი, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის.

2. ტერმინი და ცნება, რომელიც არ არის განმარტებული ამ კოდექსით, გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მას აქვს შესაბამის კანონმდებლობაში.

მუხლი 7. ვადების განსაზღვრა

1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 თვისაგან.

მუხლი 8. ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან  მიმართებით

საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არარსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსი.

თავი II. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები

მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა და შენახვა

1. პირსა და საბაჟო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ ინფორმაციის შენახვა ხორციელდება მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გარდა ინფორმაციის გაცვლის და შენახვის სხვა საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) მუდმივად, გადაზიდვის სახის გათვალისწინებით ან როდესაც მონაცემების დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენება არ არის შესაფერისი შესაბამის საბაჟო ფორმალობასთან;

ბ) დროებით, პირის ან საბაჟო ორგანოს ელექტრონული სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. საბაჟო რისკის იდენტიფიცირების და მასზე რეაგირების მიზნით საბაჟო ორგანოს და დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს შორის შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს საბაჟო ორგანოს დაშვებას დეკლარანტის კომპიუტერულ სისტემაზე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის გაცვლილი ინფორმაცია განეკუთვნება საბაჟო საიდუმლოებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

6. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მატერიალური (წერილობითი) ფორმით, გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი.

7. მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნები, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების, ინფორმაციის გაცვლის და შენახვის სხვა საშუალება და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 10. დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება

1. საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

2. მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა.

4. მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ დოკუმენტი ჩაბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) უფლებამოსილ პირს;

გ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

დ) პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

ე) ფიზიკური პირის შემთხვევაში მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს;

5. მატერიალური დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.

6. საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

7. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი მატერიალური ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით გაგზავნილ დოკუმენტს ადრესატი არ გაცნობის მისი განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში.

8. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად მიიჩნევა განთავსებიდან მე-20 დღეს.

9. პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის მატერიალური დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, ამ დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.

მუხლი 11. საბაჟო საიდუმლოება

1. საბაჟო ორგანოში პირის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარმოადგენს საბაჟო საიდუმლოებას.

2. პირის შესახებ საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

3. საბაჟო ორგანო და მესამე პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე მიიღო საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ვალდებულია დაიცვას ამ ინფორმაციის საიდუმლოება.

4. საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12.  საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა

1. პირის მიმართვის საფუძველზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გასცეს ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს არ გასცეს ინფორმაცია, თუ მოთხოვნა არ უკავშირდება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის რეალურ ოპერაციებს.

3. საბაჟო ორგანომ უნდა შეინარჩუნოს მუდმივი დიალოგის საშუალებები საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირებთან, აგრეთვე უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის/საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციის და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საჭირო შესაბამისი განცხადების ფორმების ხელმისაწვდომობა გადასახდელის გადახდის გარეშე.

4. საბაჟო ორგანოს უფროსს უფლება აქვს გამოსცეს მითითება/ინსტრუქცია საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის ნორმის გამოყენების შესახებ, რომლის შესრულება სავალდებულოა საბაჟო ორგანოსათვის.

მუხლი 13. საბაჟო ორგანოსათვის ინფორმაციის წარდგენა

1. ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის შესრულებაში ან ეხება საბაჟო კონტროლი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობის შესრულებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

2. პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებითი შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, ასევე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) რომ დეკლარაციაზე, შეტყობინებაზე ან განაცხადზე დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ასევე ვრცელდება საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილ ან/და მისთვის წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციაზე.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საბაჟო წარმომადგენელზე, მის მიერ საბაჟო დეკლარაციის, შეტყობინების ან განაცხადის წარდგენის შემთხვევაშიც.

მუხლი 14. საბაჟო წარმომადგენლობა

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით ან საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული პირი.

3. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.

4. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

5. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

6. საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომში – წარმომადგენელი) არის ნებისმიერი პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ პირის ურთიერთობისას ასრულებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს და ფორმალობებს;

7. საბაჟო წარმომადგენელი შეიძლება იყოს:

ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით;

ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.

8. წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი, რაც სავალდებულო არ არის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურებთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.

9. საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას ირიბი წარმომადგენელი ასრულებს დავალების მიმცემი პირის ყველა ვალდებულებას და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა დავალების მიმცემ პირს.

მუხლი 15. წარმომადგენლის უფლებამოსილება

1. საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას პირის წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ ის მოქმედებს სხვა პირის დავალებით და მიუთითოს აღნიშნული წარმომადგენლობა პირდაპირია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი მოქმედებს თავისი სახელით, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს როგორც წარმომადგენელი ან აცხადებს, რომ მოქმედებს როგორც წარმომადგენელი შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს ახორციელებს რეგულარულად, საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოითხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს წარუდგინოს ეს დოკუმენტი.

4. საბაჟო ორგანოში უფლებამოსილების დადასტურების, უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება არ არის სავალდებულო განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 16. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

1. პირმა ან პირთა ჯგუფმა, რომელიც საბაჟო ორგანოს განცხადებით მიმართავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მას უნდა წარუდგინოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. საბაჟო ორგანო დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა უნდა შეამოწმოს შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისათვის დადგენილი პირობები და თუ ეს პირობები შესრულებულია, ამავე ვადაში აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე,

3. საბაჟო ორგანომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღისა.

4. როდესაც საბაჟო ორგანო ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში, მან განმცხადებელს უნდა შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ამავე ვადის ამოწურვამდე, მიზეზების და გადაწყვეტილების მიღების ახალი ვადის მითითებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს შეუძლია გაზარდოს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადა განმცხადებლის მიერ უკვე წარდგენილი ინფორმაციის კორექტირების მიზნით. განმცხადებელმა, საბაჟო ორგანოს უნდა აცნობოს კორექტირების შესახებ დეტალები და კორექტირებისათვის საჭირო დროის პერიოდი.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის განმცხადებლისათვის მისი ჩაბარების დღიდან. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ან ამავე გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილება საბაჟო ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან, გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

8. საბაჟო ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს/გააცნოს განმცხადებელს ისეთი გადაწყვეტილების შინაარსი და დასაბუთება, თუ ამ გადაწყვეტილებამ მიღების შემთხვევაში შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს განმცხადებელზე. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საბაჟო ორგანოს წარუდგინოს არგუმენტაცია დადგენილ ვადაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, რის შესახებაც დადგენილი წესით აცნობებს განმცხადებელს .

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილი არ ვრცელდება:

ა) ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას;

ბ) თუ ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღის, გარემოს ან მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვა;

გ) თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზანია სხვა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა;

დ) თუ შესაძლებელია ზიანი მიადგეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ინტერესებს;

ე) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.

10. გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე უნდა იყოს დასაბუთებული და მიუთითებდეს ამ კოდექსის დადგენილი წესით გასაჩივრების უფლებაზე.

მუხლი 17. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება

1. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები.

2. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოება, რომელიც წარმოიშვა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია:

ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება;

ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების, პირობების შესრულებას. თუ საბაჟო გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან არ არის გასული 3 წელი, საბაჟო ორგანო ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

5. გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასთან და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, ასევე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 18. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

1. საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღმჭურველი გადაწყვეტილება, თუ სრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ა) აღმჭურველი გადაწყვეტილება მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;

ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყო არასწორი ან არასრული;

გ) ასეთი აღმჭურველი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სწორი ან/და სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში.

2. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა წარედგინოს შეტყობინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

3. ბათილობა ძალაშია აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 19. აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და მისი  ძალადაკარგულად გამოცხადება

1. გარდა ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა აღმჭურველი საბაჟო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში უნდა შევიდეს ცვლილება:

ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება;

ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირთა ჯგუფის მიმართ მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილება შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც არ ასრულებს აღმჭურველი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებას.

3. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა ეცნობოს აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან ცვლილების თაობაზე.

4. აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან ცვლილებასთან დაკავშირებით ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის დებულებები. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, საბაჟო ორგანომ აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან ცვლილების ძალაში შესვლისათვის უნდა დაადგინოს განსხვავებული ვადა, არაუმეტეს ერთი წლისა. აღნიშნული ვადა უნდა მიეთითოს ძალადაკარგულად გამოცხადების ან ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაში.

5. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 20. განაცხადის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება

საბაჟო ორგანოს მიერ განცხადების გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 – მე-10 ნაწილების, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებები.

მუხლი 21. საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის მიმართ გადაწყვეტილების მოქმედების შეზღუდვა

თუ დაინტერესებული პირი არ მოითხოვს, აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, ცვლილება ან შეჩერება არ მოქმედებს იმ საქონლის მიმართ, რომელიც აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების, ცვლილების ან შეჩერების ძალაში შესვლის მომენტისათვის უკვე იყო და არის საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული ამ აღმჭურველი გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 22. წინასწარი გადაწყვეტილება

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს სასაქონლო კოდის ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება. საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ განცხადება წარმოებაში არ მიიღება, თუ:

ა) განცხადება წარდგენილია სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით იმავე საქონელზე, ხოლო საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით იმავე საქონელზე და საქონლის წარმოშობის განსაზღვრისათვის საჭირო იმავე გარემოებებით;

ბ) განცხადებაში არ არის მითითებული, რომელი საბაჟო პროცედურისათვის გამოიყენება მიღებული გადაწყვეტილება.

2. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლისა წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება, სასაქონლო კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის განსაზღვრასთან დაკავშირებით:

ა) საბაჟო ორგანოსათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საბაჟო ფორმალობა სრულდება ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ;

ბ) გადაწყვეტილების მფლობელისათვის სავალდებულოა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღიდან.

3. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებს ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.

4. ცალკეული საბაჟო პროცედურის განხორცილებისას წინასწარი გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად ამ გადაწყვეტილების მფლობელმა უნდა დაადასტუროს, რომ:

ა) სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეკლარირებული საქონელი სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს;

ბ) საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველი საქონელი და მისი წარმოშობის გარემოებები სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს და გარემოებებს.

მუხლი 23. წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედება

1. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას თუ:

ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება;

ბ) შეიცვალა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა და ეს ცვლილება ეხება აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უქმდება ამავე ნაწილით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან.

3. საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას თუ:

ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება;

ბ) ის აღარ შეესაბამება წარმოშობის წესების შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის შეთანხმებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას, ამავე ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან.

5. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარ გადაწყვეტილების და საქონლის წარმოშობის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას არ შეიძლება ჰქონდეს უკუცევითი ძალა.

6. მე-18 მუხლით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, წინასწარი გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ იგი მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

7. წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება ამ კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. ამასთანვე, წინასწარი გადაწყვეტილება არ შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.

8. დაუშვებელია წინასაწარ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.

9. საბაჟო ორგანომ უნდა გააუქმოს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება:

ა) თუ იგი სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილების საფუძველზე არ შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამის ნორმის ინტერპრეტაციას. ამ შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადება ძალაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება არ შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამის ნორმის ინტერპრეტაციას.

10. საბაჟო ორგანომ უნდა გააუქმოს საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება:

ა) თუ იგი არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადება ძალაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.

11. ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 ნაწილების შესაბამისად გადაწყვეტილებების მოქმედების შეწყვეტის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედება შესაძლებელია გაგრძელდეს სავალდებულო ხელშეკრულებისათვის, რომელიც ეფუძნება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და რომელიც დადებულია ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტამდე ან ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. ასეთი გადავადება არ ვრცელდება საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გადავადება არ უნდა აღემატებოდეს წინასწარი გადაწყვეტილების შეწყვეტის ან ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან 6 თვეს. იმ საქონლის მიმართ, რომელზეც საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას წარდგენილია საქონლის შემოტანასთან ან გატანასთან დაკავშირებული სერტიფიკატი 6-თვიანი ვადა უნდა შეიცვალოს სერტიფიკატის მოქმედების ვადით.

13. იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მფლობელმა ისარგებლოს ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გადავადებით, მან გადაწყვეტილების შეწყვეტიდან ან ძალადაკარგულად გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა მიმართოს საბაჟო ორგანოს განაცხადით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ საქონლის რაოდენობის შესახებ, რომელზეც მოთხოვნილია ვადის გაგრძელება. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ გადაწყვეტილების მფლობელს გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ყველა ინფორმაცის წარდგენიდან დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.

14. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 24. სხვა ფაქტორების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება

გარდა სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებისა და საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება განსაზღვროს საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის სხვა შემთხვევებიც.

მუხლი 25. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

1. საქართველოში დაფუძნებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს შეუძლია საბაჟო ორგანოს განცხადებით მიმართოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საბაჟო ორგანო, საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, განმცხადებელს ანიჭებს აღნიშნულ სტატუსს.

2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს ორი სახის ავტორიზაციას:

ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის საშუალებას;

ბ) ავტორიზაცია დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, რომლითაც მის მფლობელს ენიჭება გარკვეული შეღავათები დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

3. პირი შესაძლებელია ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას .

4. საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის აღიარების საფუძველზე და იმ პირობით, რომ შესრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ტიპის გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საბაჟო ორგანომ პირს უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. საბაჟო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც შემოწმებულ იქნა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დროს.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ავტორიზაციის სახის შესაბამისად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებით ვიდრე სხვა პირი, მათ შორის ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტალური კონტროლით.

6. საბაჟო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს ანიჭებს უცხო ქვეყნაში დაფუძნებულ პირს, რომელიც ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და პირობებს, და რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია როგორც საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტური. ასეთი პრივილეგიების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს თუ საქართველოს შიდა კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები და გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 26. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების  კრიტერიუმები

1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია:

ა) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ან განმეორებითი დარღვევის არარსებობა, მათ შორის განმცხადებლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულის არარსებობა;

ბ) მის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლის მაღალი დონის არსებობა, რომელიც მიიღება კომერციული მართვის სისტემისა და შესაბამის შემთხვევაში ტრანსპორტირების აღრიცხვის მეშვეობით, და რომელიც უზრუნველყოფს სათანადო საბაჟო კონტროლს;

გ) ფინანსური სტაბილურობა. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად, როდესაც განმცხადებელს გააჩნია კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

დ) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში, კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტი ან განხორციელებულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პროფესიონალური კვალიფიკაცია;

ე) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში, დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტი, აღნიშნული მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს შესრულებულად, როცა განმცხადებელი ადასტურებს, რომ ინარჩუნებს სათანადო ზომებს რათა უზრუნველყოს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, მათ შორის ფიზიკური მთლიანობისა და შეღწევადობის კონტროლის სფეროში, ლოგისტიკური პროცესებისა და სპეციფიური სახეობის საქონლის დამუშავებისა და პერსონალის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე მისი ბიზნეს პარტნიორების იდენტიფიცირება.

2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დამატებითი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი III. საბაჟო კონტროლი

მუხლი 27. საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს:

ა) დეკლარაციის, დოკუმენტისა, მონაცემის და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი ინფორმაციის შემოწმება;

ბ) ზეპირი გამოკითხვა, ახსნა-განმარტების მიღება, დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, შენობა-ნაგებობის და ტერიტორიის დათვალიერება;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯის ან/და ნიმუშის აღება;

ე) ფიზიკური პირის დათვალიერება;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებით;

ზ) კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება;

თ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ი) საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

2. საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევით შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალების გამოყენებას, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე.

3. საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლს ან საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებულ რისკის განსხვავებულ დონეებს, ასევე ექვემდებარება თუ არა საქონელი საბაჟო კონტროლს და თუ ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს.

4. რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობა, რომელიც:

ა) ხელს უშლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების სათანადო გამოყენებას;

ბ) ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს;

გ) საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს, გარემოს ან მომხმარებელს;

5. რისკის მართვა არის რისკის ზემოქმედების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რისკის სისტემატური იდენტიფიკაცია, მათ შორის შერჩევის მეთოდით შემოწმებით. რისკის მართვა მოიცავს მონაცემების და ინფორმაციის შეგროვებას, რისკის ანალიზს და შეფასებას, მისაღები ზომების განსაზღვრას და მის განხორციელებას, ამ პროცესებისა და მისი შედეგების რეგულარულ დაკვირვებას და გადახედვას.

6. თუ საქონელი საბაჟო კონტროლის გარდა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სახის კონტროლს, რომელიც საბაჟო ორგანოს გარდა სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ხორციელდება, საბაჟო ორგანო ამ კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (თუ შესაძლებელია, საბაჟო კონტროლთან ერთად (ერთი სარკმლის პრინციპი)) ახორციელებს ამ სახის კონტროლს.

7. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიმართ განსხვავებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 28. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება

1. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირების გამოსავლენად საბაჟო ორგანოები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე, უცხო სახელმწიფოს საბაჟო ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით ან ქვეყნის საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყენებენ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ უკანონო ბრუნვაში მოქცეული ზემოაღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქონლის მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან შეთანხმებით.

3. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

მუხლი 29. საბაჟო კონტროლის ზონა

1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.

2. საბაჟო კონტროლის ზონებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი;

ბ) საბაჟო ორგანოს საწყობი;

გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;

დ) საბაჟო საწყობი;

ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;

ვ) საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, ნავსადგურებსა და რკინიგზის სადგურებში;

ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;

თ) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;

ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობის განხორციელებისათვის განსაზღვრული სხვა ტერიტორია.

3. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.

4. კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელზე შესაძლებელია საკუთრების უფლების გადაცემა სხვა პირისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით და პირობებით.

5. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი ნავსადგურის, საზღვაო პორტის, რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის უფლებამოსილი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, საბაჟო ორგანოს აცნობონ თითოეული სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ან/და გასვლის შესახებ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაუშვან შემოსატანი ან/და გასატანი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა.

6. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის, საზღვაო პორტის, ნავსადგურისა და რკინიგზის სადგურის საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლის, გადაადგილების, ზონის დატოვების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

მუხლი 30. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი

1. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ტარდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებითი შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომელიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან ამ საქონელთან დაკავშირებულ ოპერაციებთან მის გაშვებამდე ან გაშვების შემდგომ.

3. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დროს საბაჟო ორგანოს უფლება აქვს დაათვალიეროს საქონელი ან/და აიღოს მისი სინჯი/ნიმუში, თუ არსებობს საქონლის დათვალიერების ან/და სინჯის/ნიმუშის აღების შესაძლებლობა.

4. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის ან საქონელთან დაკავშირებით განხორციელებულ ოპერაციაში პირდაპირ ან ირიბად ჩართული ნებისმიერი პირის შენობა-ნაგებობაში, ასევე სხვა ნებისმიერი პირის შენობა-ნაგებობაში, რომელიც ფლობს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და მონაცემს.

5. საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საბაჟო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელება.

6. საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის/სანქციის ოდენობა განსაზღვროს მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.

7. საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა.

8. საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლის შედეგები აისახება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცემა შესაბამისი საბაჟო გადაწყვეტილება.

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომში – საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

11. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.

14. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება.

15. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 31. დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვის ხანდაზმულობა

1. საბაჟო კონტროლის მიზნისათვის პირი ვალდებულია მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა საბაჟო ორგანოსათვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით.

2. თავისუფალ მიმოქცევაში მოქცეულ საქონლის, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისათვის 3-წლიანი ვადა აითვლება თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ან ექსპორტის პროცედურაში საქონლის გაშვების წლის დასრულებიდან.

3. თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული საქონლის შემთხვევაში 3-წლიანი ვადა აითვლება ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წლის ბოლოდან.

4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის შემთხვევაში 3-წლიანი ვადა აითვლება საბაჟო პროცედურის ან დროებითი შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.

მუხლი 32. საფასურები

1. საბაჟო ორგანოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების განმავლობაში მის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის პირს არ ეკისრება საფასურის გადახდის ვალდებულება.

2. პირს შესაძლებელია დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება თუ საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება მომსახურების გაწევა, კერძოდ:

ა) როდესაც დაინტერესებული პირის მოთხოვნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან გაფორმების ადგილის გარეთ;

ბ) როდესაც წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად ან საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისათვის აუცილებელი გახდა შესაბამისი პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზის ჩატარება და ამ საქონლის განმცხადებლისათვის დაბრუნების საფოსტო მომსახურების გაწევა;

გ) როდესაც ხორციელდება საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით ან საქონლის განადგურება, თუ ადგილი აქვს სხვა დანახარჯებს, გარდა საბაჟო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯებისა;

დ) როდესაც საქონლის სახეობიდან ან პოტენციური რისკიდან გამომდინარე ხორციელდება განსაკუთრებული კონტროლის ღონისძიებები.

ე) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება, რომელიც გაიწევა საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას.

3. მომსახურებების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

თავი IV. საბაჟო დავა

მუხლი 33. საბაჟო დავის წარმოება

1. საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საბაჟო დავა (შემდგომში – დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისათვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

4. სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.

5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული საბაჟო გადაწყვეტილების აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობასთან ან მისი აღსრულება შესაბამის პირს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

7. გასაჩივრებული საბაჟო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოშობს იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას, შეჩერებულად მიიჩნევა დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, მხოლოდ იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ნაწილში.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

9. დავის პერიოდში ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.

10. საბაჟო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

წიგნი II

სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, საქონლის ღირებულება

თავი V. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები

მუხლი 34. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები

1. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული დაცვითი ღონისძიებით გათვალისწინებული საიმპორტო კვოტა.

მუხლი 35. საქონლის კლასიფიკაცია

1. საქონლის იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია ხორციელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საფუძველზე (სეს ესნ), რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა შესაბამისობაშია „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურასთან და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

4. საბაჟო ორგანო წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

მუხლი 36. საქონლის წარმოშობა

1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.

2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.

3. საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება:

ა) იმპორტის გადასახადის მიზნისათვის, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის;

ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების გატარებისათვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად:

ა) სადაც მთლიანად მიღებულია ეს საქონელი;

ბ) სადაც განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ჩართული იყო ერთზე მეტი ქვეყანა.

5. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, ასევე პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებით დგინდება საქონლის წარმოშობის განსაზღვრის ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი, რათა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეღავათები.

6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პრეფერენციებით სარგებლობისათვის საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის პრეფერენციული სერტი­ფიკატი ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი.

7. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის/დოკუმენტის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის/დოკუმენტის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად.

8. საქართველოში წარმოშობის სტატუსის მქონე საქონელზე წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პროცედურები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი VI. საქონლის საბაჟო ღირებულება

მუხლი 37. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები

1. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო, წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას.

3. ის ფაქტი, რომ საქონელი გაყიდვის საგანია და დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, საკმარისია, რომ ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ განხორციელდა საქონლის გადაყიდვა (მათ შორის, საბაჟო საწყობში), საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის ფასი.

4. ამ თავის მიზნებისათვის, პირები ურთიერთდამოკიდებულად განიხილება, თუ:

ა) ისინი, მართავენ ერთმანეთის ბიზნესს (არიან სამეწარმეო სუბიექტების მართვაზე უფლებამოსილი პირები);

ბ) ისინი არიან კანონიერად აღიარებული საქმიანი პარტნიორები (კომერციული ინტერესით დაკავშირებული პირები);

გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული;

დ) მესამე პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, აკონტროლებს ან აქვს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან მეტი პროცენტი;

ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

5. ამ თავის მიზნისათვის, საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის ექსკლუზიური აგენტი, დისტრიბუტორი ან კონცესიონერი, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ჩაითვლებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამებიან ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:

ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);

ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);

გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);

დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);

ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);

ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

8. საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის შემდეგ მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევამდე მესამე ქვეყანაში გამოყენება შეიძლება გახდეს ამ საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრისათვის უარის თქმის საფუძველი.

9. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისათვის, ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გადაუხადა ან/და უნდა გადაუხადოს გამყიდველს ან/და უნდა გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ. იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ასევე არაპირდაპირს, რომელიც წარმოადგენს საქონლის გაყიდვის პირობას.

10. საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილი არაპირდაპირი გადასახადის თანხა არ შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში.

11. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის:

ა) თუ საქონლის ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება სრულად გადასახდელი ფასი;

ბ) თუ საქონლის საბოლოო გადასახდელი ფასი მაღალია ფაქტობრივად გადახდილ ან/და გადასახდელ ფასზე, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;

გ) თუ საქონლის საბოლოო გადასახდელი ფასი დაბალია ფაქტობრივად გადახდილ ან/და გადასახდელ ფასზე, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, ამ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის წარმოადგენს თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებას.

12. თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.

13. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ თავის დებულებები გამოიყენება, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონლის მიმართ სხვა საბაჟო პროცედურის გამოყენების ან საქონლის გამოყენების მიზნის შეცვლის შემთხვევაშიც.

მუხლი 38. გარიგების ფასის მეთოდი

1. ეს მუხლი განიხილება ამ კოდექსის 44-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ითვალისწინებს საქონელზე ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული კომპონენტის გადახდა, რომელიც შეადგენს საბაჟო ღირებულების ნაწილს, მაგრამ არ არის შეტანილი საქონლისათვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.

2. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით ამ კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ სრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ა) არარსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც:

ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით; ან

ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ან

ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე;

ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომელთა შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებაში. თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი;

გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არცერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 44-ე მუხლის დებულებების მიხედვით;

დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება დასაბუთებულ და ობიექტურ მონაცემთა საფუძველზე;

ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად გარიგების ფასის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების გათვალისწინებით.

3. მხოლოდ ის გარემოება, რომ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, არ შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს გარიგების ფასის მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი გამოიყენება, თუ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე.

4. თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილი ან სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით), რაზედაც დეკლარანტს უფლება აქვს წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

5. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის გარიგების ფასის მეთოდით, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:

ა) შემოტანილი იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიჰყიდა ურთიერთდამოუკიდებელ პირს (მყიდველს);

ბ) ამ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;

გ) ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესი გამოიყენება დეკლარანტის სურვილით მხოლოდ შედარებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, 44-ე მუხლში ჩამოთვლილ კომპონენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული.

მუხლი 39. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა გარიგების ფასის მეთოდით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის მიზნისათვის, ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

3. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისათვის იდენტურია საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხის, რეპუტაციისა და წარმოშობის ქვეყნის ჩათვლით ერთნაირია. საქონელი, შესაფასებელ საქონელთან შედარებით იდენტურად მიიჩნევა უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებების მიუხედავად, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.

4. იდენტურ საქონლად არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულია საქართველოში საექსპორტოდ იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომელზეც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის ღირებულებას.

7. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ხარჯების განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და მისი შემოტანილი იდენტური საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება.

8. ამ მუხლის მიზნისათვის, შემოტანილი იდენტური საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით.

9. თუ გამოვლინდა შემოტანილი იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება უმცირესი ფასი.

მუხლი 40. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით, საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის მიზნისათვის ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

3. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისათვის მსგავსია საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზეც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იმავე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.

4. მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორზეც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და მისი შემოტანილი მსგავსი საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება.

8. ამ მუხლის მიზნისათვის, შემოტანილი მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განსაზღვრული უნდა იყოს მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით.

9. თუ გამოვლინდა შემოტანილი მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება უმცირესი ფასი.

მუხლი 41. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი

1. ამ მუხლის მიზნისათვის:

ა) იდენტურია საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებს;

ბ) მსგავსია საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებს;

გ) იმავე კლასის ან ტიპის საქონელი არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით შესაფასებელი საქონლის ერთგვაროვანია. ამასთანავე, მისი მახასიათებლები მაქსიმალურად მიახლოებულია შესაფასებელი საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნება შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება შესაფასებელი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან ან სხვა ქვეყნიდან.

2. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), როგორც ის შემოტანილია საქართველოში, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით ,რა ფასითაც, იდენტური ან მსგავსი საქონელი, შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, პირველივე კომერციულ დონეზე, შემდეგი გამოქვითვების გათვალისწინებით:

ა) საკომისიო, რომელიც ჩვეულებრივ გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატი, რომელიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯების დაფარვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან;

ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.

3. თუ შესაფასებელი იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება (ამ მუხლის მე-2 ნაწილის დებულებების გათვალისწინებით) განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასითაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში.

4. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება საქართველოში იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), როგორც ის შემოტანილია საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასითაც შესაფასებელი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდგომ მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე. ამასთანავე, შესაფასებელი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოქვითვები.

მუხლი 42. შედგენილი ღირებულების მეთოდი

1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;

ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;

გ) ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული, საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:

ა) ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს;

ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საექსპორტო გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქართველოში წარმოებული კომპონენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კომპონენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებლის მიერ არის გაწეული. ღირებულების გაანგარიშებისას ამ ნაწილში მითითებული კომპონენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მუხლი 43. სარეზერვო მეთოდი

1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე შეუძლებელია, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება:

ა) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებებს;

ბ) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ზოგად პრინციპებსა და დებულებებს;

გ) ამ თავის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს.

2. სარეზერვო მეთოდის დროს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:

ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;

ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე;

გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი;

დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;

ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები;

ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი;

ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ კოდექსის 42-ე მუხლის დებულებების მიხედვით.

3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათის არის და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

მუხლი 44. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების კომპონენტები

1. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:

ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯი (გარდა შესყიდვის საკომისიო ხარჯისა), რომელიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ;

ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის მიზნისათვის განიხილება შემოტანილ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით, მისი ღირებულება, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე;

გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით.

2. თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;

ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი კომპონენტები;

გ) შემოტანილი საქონლის წარმოების დროს გახარჯული მასალები;

დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (მომსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულად ჩაითვლება, თუ მომსახურების გაწევის ადგილად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, არ მიიჩნევა საქართველო და ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას).

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისათვის, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემოტანილ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც შემოტანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს შემოტანილ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.

5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება შემოტანილ საქონელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება, რომელიც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით;

ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ ეს ხარჯები გაწეულია დეკლარანტის მიერ.

7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემების საფუძველზე.

8. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

9. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი ხარჯები, თუ ისინი ნაჩვენებია ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისშემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გადაადგილებასთან;

ე) მყიდველის მიერ შემოსატანი საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ:

ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან;

ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით;

ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი;

ვ) შემოტანილი საქონლის საქართველოში გადამუშავების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები;

ზ) მყიდველის მიერ შემოტანილი საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები.

    მუხლი 45. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

1. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი. თუ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება არ არის განცალკევებული პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან, პროგრამის მატარებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე–44-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის მიზნისათვის ცნება – პროგრამული უზრუნველყოფის მატარებელი – არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს და მსგავს მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება აღნიშნული სქემები ან მოწყობილობები.

მუხლი 46. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის გამარტივებული წესი

თუ დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შეუძლებელია ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის ან კომპონენტების (რომლებიც შეიტანება ან/და არ შეიტანება საბაჟო ღირებულებაში) ღირებულების რაოდენობრივი შეფასება, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანომ შესაძლებელია მისცეს მას ამ კომპონენტების ღირებულების სპეციალური კრიტერიუმებით შეფასების უფლება. სპეციალური კრიტერიუმებით შეფასების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წიგნი III

საბაჟო ვალდებულება და გარანტიები

თავი VII. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა

მუხლი 47. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და დროებით შემოტანა

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული უცხოური საქონლის ქვემოთ ჩამოთვლილი საბაჟო პროცედურებიდან ერთ-ერთში მოქცევისას:

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით.

2. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში.

3. დეკლარანტი წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირს. თუ დეკლარაცია შედგენილია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პროცედურასთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რაც იწვევს იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდებას, ის პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირს.

მუხლი 48. საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას იმ საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელზე, რომლისთვისაც ამავე ხელშეკრულების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელთან მიმართებაში საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა წარმოებულ საქონელთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებული იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლება წარმოებაში გამოყენებული საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის იმ დღეს რეგისტრაციის შედეგად, როდესაც დარეგისტრირდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეექსპორტის დეკლარაცია შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურის დასრულების მიზნით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის
მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანვე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირს.

მუხლი 49. საბაჟო ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა საქართველოს  საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:

ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, დროებით შენახვასთან, დროებით შემოტანასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;

გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

ბ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობის ფაქტობრივად შეუსრულებლობის გამოვლენის მომენტი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება არ შესრულდა და რომელიც მოქმედებს იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა ან ფლობს საქონელს და რომელმაც ამ საქონლის შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება არ არის შესრულებული.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არის პირი, რომელსაც მოეთხოვება შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის, დეკლარირების ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობა.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროცედურასთან დაკავშირებით დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია ან ამავე პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იწვევს იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდებას, პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ეს ინფორმაცია, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირს.

მუხლი 50. გადახდილი იმპორტის გადასახადის გამოქვითვა

დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით ამ კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბაჟო ვალდებულების წარმოქმნის შემთხვევაში, ნაწილობრივი გათავისუფლების ფარგლებში გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გამოაკლდეს საბაჟო ვალდებულების შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობას.

მუხლი 51. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალული ან შეზღუდული საქონლის შემოტანისას წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება.

2. საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე:

ა) ყალბი ფულის შემოტანისას:

ბ) ნარკოტიკების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გამოიყენება სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნისათვის შესაბამისი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 52. სოლიდარული პასუხისმგებლობა

თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი სოლიდარულად არიან პასუხისმგებელნი იმპორტის გადასახადის გადახდაზე.

მუხლი 53. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების ზოგადი წესები

1. იმპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება გადასახადის გაანგარიშებისათვის შესაბამისი საქონლის მიმართ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო ვალდებულება წარმოშობილია.

3. თუ საბაჟო ორგანო მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ საბაჟო ვალდებულება წარმოშობილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მომენტზე ადრე, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს ამ ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი უპირველესი მომენტი.

მუხლი 54. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების სპეციალური წესები

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის დასაწყობების ან საქონლის მიმართ ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ქმედებების ხარჯი არ გაითვალისწინება იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას, თუ დეკლარანტი წარადგენს ამ ხარჯის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. ამასთანავე, საქონლის დასაწყობებისას ან/და მის მიმართ დასაშვები ქმედებებისას გამოყენებული უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულება, რაოდენობა, სახეობა და წარმოშობა გაითვალისწინება იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას.

2. თუ საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის სეს ესნ კოდი იცვლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების შედეგად, დეკლარანტის მოთხოვნით პროცედურაში მოქცეული აღნიშნული საქონლისათვის გამოიყენება თავდაპირველი სეს ესნ კოდი.

3. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის მიმართ, დეკლარანტის მოთხოვნით ეს საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება შიდა გადამუშავების პროცედურაში ამ საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში ამავე საქონლის სეს ესნ კოდის, რაოდენობის, სახეობის და წარმოშობის საფუძველზე.

4. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა გარე გადამუშავების პროცედურის შედეგად მიღებულ საქონელთან ან ამ კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემცვლელ საქონელთან მიმართებაში, საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება გადამუშავების ოპერაციის ღირებულების საფუძველზე.

5. საბაჟო ვალდებულების გაანგარიშებისას, რომელიც წარმოიშობა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გაითვალისწინება საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით ან ამ კოდექსის 107-ე – 109-ე მუხლებით დადგენილი საქონლის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი.

6. სპეციალური პროცედურის შედეგად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების გაანგარიშების დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი VIII. იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია

მუხლი 55. ზოგადი დებულებები

1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, უნდა წარადგინოს იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომში – გარანტია), თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სხვა პირს მისცეს უფლება, წარადგინოს გარანტია აღნიშნული პირის ნაცვლად.

2. ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთ კონკრეტულ დეკლარაციასთან ან კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა. კონკრეტულ დეკლარაციასთან დაკავშირებით წარდგენილი გარანტიით უნდა დაიფაროს იმპორტის გადასახდელის ოდენობა, რომელიც წარმოიშობა ამ დეკლარაციით დეკლარირებულ ან გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, სწორად არის თუ არა შედგენილი დეკლარაცია.

3. თუ გარანტია არ არის გაუქმებული, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირის განცხადების საფუძველზე, ამ კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს შეუძლია მისცეს მას საერთო გარანტის წარდგენის უფლება ორ ან მეტ ისეთ ოპერაციაზე, საბაჟო დეკლარაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე, რომელთა მიმართაც წარმოიშვა ან შესაძლოა წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება.

5. გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის, თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა.

6. გარანტია არ წარედგინება, თუ საქონელი გადაადგილდება:

ა) საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;

ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით;

გ) სარკინიგზო ტრანსპორტით.

7. სხვა შემთხვევები, როდესაც არ მოითხოვება გარანტიის წარდგენა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 56. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა

1. თუ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია:

ა) იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ან შესაძლებელია წარმოიშვას, თუ აღნიშნული თანხის განსაზღვრა შესაძლებელია გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით დადგენილი საგარანტიო თანხის, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა.

2. ამ კოდექსის 59-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, თუ საერთო გარანტია წარდგენილია ისეთ წარმოშობილი ან წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვას.

მუხლი 57. არასავალდებულო საბაჟო გარანტია

თუ გარანტიის წარდგენა არასავალდებულოა, მაგრამ საბაჟო ორგანო ჩათვლის, რომ პირის მიერ კუთვნილი იმპორტის გადასახდელი არ იქნება გადახდილი დადგენილ ვადაში, საბაჟო ორგანომ უნდა მოითხოვოს გარანტიის წარდგენა. ასეთი გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილ ოდენობას.

მუხლი 58. გარანტიის სახეები

1. საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი სახის გარანტიები:

ა) საბანკო გარანტია;

ბ) დაზღვევის პოლისი;

გ) თავდებობა, გარდა ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის სახეებისა;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სახის გარანტია.

2. პირი უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფად წარადგინოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნებისმიერი სახის გარანტია.

3. საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის სახის შეცვლა, თუ წარდგენილი გარანტია არ არის შესაბამისი საბაჟო პროცედურის სათანადო განხორციელებისათვის. საბაჟო ორგანოს შეუძლია გარანტიის წარმდგენს მოსთხოვოს, არ შეცვალოს წარდგენილი გარანტიის სახე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

4. გარანტიის წარდგენის წესი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარანტიის გარდა სხვა სახის გარანტია და გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 59. საერთო გარანტია

1. საერთო გარანტიის წარდგენის უფლება უნდა მიეცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას:

ა) დაფუძნებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ) აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს;

გ) მუდმივად სარგებლობს საბაჟო პროცედურით ან გააჩნია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა ან აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

2. თუ საერთო გარანტია წარედგინება წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, პირს უფლება აქვს წარადგინოს საერთო გარანტია შემცირებული ოდენობით ან გათავისუფლდეს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან იმ პირობით, რომ ის ასრულებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

3. თუ საერთო გარანტია წარედგინება წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებულ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს, მისი განცხადების საფუძველზე უნდა მიეცეს საერთო გარანტიის შემცირებული ოდენობით წარდგენის უფლება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ წარდგენილია საერთო გარანტია სრული ოდენობით.

4. საერთო გარანტიის ოდენობა, მისი შემცირების ან გათავისუფლების წესი და პირობები, ასევე საერთო გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი აკრძალვის შემოღების და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 60. გარანტიის ჩანაცვლება ან ახალი გარანტიის წარდგენა

თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული პირისაგან მოითხოვოს მანამდე წარდგენილი გარანტიის ახლით შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა.

მუხლი 61. გარანტიის გაუქმება

1. თუ არ წარმოიშვა ან შესრულდა იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება ან შეწყდა ამ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტია უქმდება.

2. თუ იმპორტის გადასახდელი ნაწილობრივ გადახდილია ან შესაძლოა წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის მხოლოდ ნაწილის გადახდის ვალდებულება, პირის განცხადების საფუძველზე უქმდება საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილი.

თავი IX. საბაჟო ვალდებულების შესრულება

მუხლი 62. საბაჟო ვალდებულების შესრულება

1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის თანხის გადახდას.

2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით);

ბ) თუ განხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევისათვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევა;

გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;

დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად;

ე) თუ ის წარმოშობილია ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდება, რომ შესაბამისი საქონელი არ იქნა მოხმარებული ან გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და ის გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;

ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომელიც წარმოშობს იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას.

მუხლი 63. იმპორტის გადასახადის გაანგარიშება და მისი გადახდის წესი

1. საბაჟო ორგანო იმპორტის გადასახადის დაბეგვრის ობიექტის, განაკვეთისა და კანონით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით გაიანგარიშებს გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობას, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ორგანომ შესაძლებელია მიიღოს დეკლარანტის მიერ გაანგარიშებული იმპორტის გადასახადის ოდენობა, გარდა ამ კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. იმპორტის გადასახადის გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საბაჟო დეკლარაციაში ჯამური საბაჟო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საბაჟო ვალდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთელ რიცხვს, მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.

5. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა.

მუხლი 64. შეტყობინება საბაჟო ვალდებულების თაობაზე

თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული არ არის საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან, საბაჟო ორგანოს მიერ ვალდებულ პირს ეგზავნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნა.

მუხლი 65. იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა

1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია, ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა შემცირდეს ან არაუმეტეს 45 დღემდე გაიზარდოს.

3. იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. იმპორტის გადასახადისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე იმპორტის გადასახადის კუთვნილი თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

წიგნი IV

საქონლის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე

თავი X. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია

მუხლი 66. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება:

ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი;

ბ) საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი;

გ) საქონელი, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.

3. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდველის მიერ. მიუხედავად გადამზიდველის ვალდებულებებისა, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს იმპორტიორის, ტვირთის მიმღების ან სხვა პირის მიერ, რომლის სახელითაც მოქმედებს გადამზიდველი, ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია წარდგენა ან რომელმაც უკვე წარადგინა მოცემული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში.

4. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც საჭიროა დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზისათვის.

5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემების მიღება შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირებისაგან, საბაჟო ორგანოს შეუძლია ეს მონაცემები მოსთხოვოს სხვა პირს, რომელსაც აქვს მის გაცემაზე სათანადო უფლება.

6. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად, თუ ასეთი სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ პერიოდში.

7. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შესაძლებელია შეტყობინების წარდგენა, თუ საბაჟო ორგანოს აქვს წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე იმ პირის კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას.

8. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობის და უსაფრთხოების მიზნისათვის რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.

9. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადები და შემთხვევები, როდესაც საბაჟო ორგანოს ზოგადი დეკლარაცია არ წარედგინება, ასევე სხვა პირებისაგან დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემების მოთხოვნის წესი, შემთხვევები და ამ პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 67. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მისცეს უკვე წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება.

2. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვა;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

გ) საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს.

3. თუ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი არ შემოიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის შემდეგ.

4. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 68. საბაჟო დეკლარაციის წარდგენასაქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად

საბაჟო ორგანომ შეიძლება არ მოითხოვოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა, თუ:

ა) ამ დეკლარაციით დასადეკლარირებელ საქონელზე ამავე დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაცია. ამ შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაცია მინიმუმ უნდა შეიცავდეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო დეკლარაციის ამ კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაციამდე მას აქვს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის სტატუსი.

ბ) თუ ამ დეკლარაციით დასადეკლარირებელ საქონელზე ამავე დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა დროებითი შენახვის დეკლარაცია. ამ შემთხვევაში დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. დეკლარირებული საქონლის ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოსათვის წარდგენამდე დროებითი შენახვის დეკლარაციას აქვს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის სტატუსი.

თავი XI. საქონლის შემოტანა და დროებით შენახვა

მუხლი 69. შეტყობინება საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ჩამოსვლის შესახებ

1. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც შემოდის საქართველოს საბაჟოს ტერიტორიაზე, საბაჟო ორგანოს უნდა შეატყობინოს სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის შესახებ მისი შემოსვლისთანავე. როდესაც ინფორმაცია საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოსათვის, მან შესაძლოა არ მოითხოვოს აღნიშნული შეტყობინება.

2. საბაჟო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია პორტის ან აეროპორტის შესაბამისი სისტემის ან ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალების გამოყენება სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის შესატყობინებლად.

3. ამ მუხლით დადგენილი შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 70. საბაჟო ზედამხედველობა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოსვლისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შესაძლებელია დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში, საქონელი უნდა დაექვემდებაროს ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი მორალის დაცვის, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღის და მათი სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვის, ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, წამლის პრეკურსორების, გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით, ასევე უნდა დაექვემდებაროს თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის და სხვა ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და არ შეძლება ამ საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს საქონელი არ უნდა დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობას მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ. უცხოური საქონელი უნდა დარჩეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე.

3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მფლობელი, საბაჟო ორგანოს თანხმობით, ნებისმიერ დროს ამოწმებს საქონელს და იღებს სინჯს ან/და ნიმუშს, მათ შორის, საქონლის კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან საბაჟო სტატუსის განსაზღვრის მიზნისათვის.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად.

5. ამ კოდექსის 74-ე – 78-ე მუხლები ვრცელდება ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, რომელიც წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

მუხლი 71. საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა დაყოვნების გარეშე უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს საქონელი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე და საქართველოსა და ამ უცხო ქვეყანასთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ორგანოს კონტროლს, განიხილება როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი.

4. სასაზღვრო ზონაში, მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, ასევე მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებაში, თუ საბაჟო ზედამხედველობას და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესები.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე და მათი საშუალებით გადაზიდულ საქონელზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილდება გაჩერების გარეშე.

მუხლი 72. დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება) მოქმედების შედეგად, ვერ ასრულებს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოების და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად.

2. თუ ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საჰაერო ან საზღვაო ხომალდი დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად იძულებულია გაჩერდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე პორტში ან აეროპორტში და ვერ სრულდება ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები, სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა ნებისმიერმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოების შესახებ.

3. საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქონელზე და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე და მათი საშუალებით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში ან მის მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე გადაზიდვა.

მუხლი 73. საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს:

ა) პირის მიერ, რომელმაც შემოიტანა ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან მისი დავალებით მოქმედი პირის მიერ;

გ) პირის მიერ, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

2. საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანება საზღვაო ან საჰაერო გზით, და რომელიც არ გადმოიტვირთება და რჩება იმავე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე, საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პორტში ან აეროპორტში, სადაც ხორციელდება მისი გადმოტვირთვა ან გადატვირთვა. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის ჩამოტვირთვა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში ატვირთვა ხორციელდება სხვა საქონლის გადმოტვირთვის ან დატვირთვის უზრუნველსაყოფად, არ უნდა იქნეს წარდგენილი საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი აღნიშნულ პორტში ან აეროპორტში.

3. მიუხედავად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის ვალდებულებებისა, მის ნაცვლად საქონელი საბაჟო ორგანოს შეიძლება წარუდგინოს:

ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქონელს მისი საბაჟო ორგანოსათვის წარდგენისას აქცევს საბაჟო პროცედურაში;

ბ) საბაჟო საწყობის ნებართვის მქონე პირმა ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმომ.

4. საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენისას პირმა უნდა გააკეთოს მითითება ამ საქონელთან დაკავშირებით წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე ან ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციაზე ან დროებითი შენახვის დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის.

5. თუ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილ საქონელზე წარდგენილი არ არის საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია, ან თუ ასეთი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის, ამ კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირებიდან რომელიმემ, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია ან მის ნაცვლად საბაჟო დეკლარაცია ან დროებითი შენახვის დეკლარაცია.

6. სასაზღვრო ზონაში, მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, ასევე მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებაში თუ საბაჟო ზედამხედველობას და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესისაგან განსხვავებული წესი.

7. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონელი საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე არ უნდა იქნეს გადაადგილებული მისი წარდგენის ადგილიდან.

8. საქონლის წარდგენის და მისი წარდგენის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 74. საქონლის გადმოტვირთვა და დათვალიერება

1. საქონელი უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებიდან მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. ამასთანვე, საბაჟო ორგანოს თანხმობა არ მოითხოვება გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მთლიანი საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარემოების შესახებ.

2. საბაჟო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების ან მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით.

მუხლი 75. საქონლის დროებით შენახვა და საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია

1. უცხოური საქონელი მისი საბაჟო ორგანოში წარდგენისთანავე უნდა იქნეს დროებით შენახული.

2. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილ უცხოურ საქონელზე წარდგენილი უნდა იქნეს საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის დროებით შენახვისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს.

3. დროებით შენახულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ან თუ ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად.

4. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა წარადგინოს ამ კოდექსის 73-ე მუხლი პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის მომენტისა.

5. საქონლის დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილ საქონელთან დაკავშირებულ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არარსებობს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ან როდესაც ეს საქონელი უკვე იყო დროებით შენახული ან იყო მოქცეული საბაჟო პროცედურაში და ჯერ არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია.

6. საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია წარდგენილ იქნეს შემდეგი ფორმით:

ა) შესაბამისი საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებით, თუ საბაჟო ორგანოსათვის დამატებით წარდგენილია დროებითი შენახვის დეკლარაციისათვის აუცილებელი მონაცემები;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი, თუ ის შეიცავს საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შესაბამის მონაცემებს, მათ შორის მითითებას საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე

7. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შესავსებად, თუ ასეთი სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

8. საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციის შემოწმება ხორციელდება ამ კოდექსის 96-ე – მე-100 მუხლების შესაბამისად.

9. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიზნით, ან

ბ) ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის მიზნით, თუ შესრულებულია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

10. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია არ მოითხოვება, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის ვადისა, საქონლის სტატუსი ამ კოდექსის შესაბამისად განისაზღვრა როგორც საქართველოს საქონელი.

11. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოს მიერ ან უნდა იყოს მისთვის ხელმისაწვდომი, რათა შემოწმდეს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი მოექცა თუ არა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდა თუ არა მისი რეექსპორტი ამ კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.

12. ამ მუხლის მიზნისათვის, როდესაც ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონელი წარედგინება დანიშნულების ადგილზე, ტრანზიტის ოპერაციისათვის წარდგენილი მონაცემები შესაძლებელია ჩაითვალოს დროებითი შენახვის დეკლარაციად, თუ ეს მონაცემები შეიცავს დროებითი შენახვის დეკლარაციის შევსებისათვის აუცილებელ ინფორმაციას.

მუხლი 76. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, უნდა მისცეს უკვე წარდგენილი საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება. ცვლილება არ შეიძლება ეხებოდეს საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად არ იყო დეკლარირებული.

2. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

3. თუ საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი არ წარედგინა საბაჟო ორგანოს, მან ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ.

4. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი, ასევე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 77. პირობები და მოვალეობები საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებით

1. დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე.

2. ამ კოდექსის 70-ე მუხლი მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დროებით შენახული საქონლის მიმართ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მისი უცვლელი მდგომარეობის შენარჩუნებას გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლის შეუცვლელად.

3. დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის მფლობელი ან საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ან მასთან შეთანხმებული სხვა ადგილის მფლობელი პასუხისმგებელია:

ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან;

ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

4. თუ შეუძლებელია საქონლის დროებით შენახვის გაგრძელება, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ზომები.

მუხლი 78. საქონლის დროებითი შენახვის დასრულება

1. დროებით შენახული უცხოური საქონელი უნდა მოექცეს საბაჟო პროცედურაში ან მოხდეს მისი რეექსპორტი 30 დღეში.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა, აგრეთვე გაზარდოს ეს ვადა 60 დღით.

3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.

4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით შეიძლება საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს დროებით არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა.

5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში აღნიშნული ვადები არაუმეტეს 180 დღით.

მუხლი 79. საბაჟო პროცედურის არჩევა

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დეკლარანტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი საბაჟო პროცედურა, რომელშიც მოაქცევს საქონელს ამ საბაჟო პროცედურის პირობების გათვალისწინებით, მიუხედავად საქონლის მახასიათებლის, რაოდენობის, წარმოშობის ქვეყნის, სასაქონლო პარტიის ან დანიშნულებისა.

წიგნი V

საქონლის საბაჟო სტატუსი, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა, დეკლარაციის შემოწმება ვერიფიკაციის, საქონლის გაშვება და საქონლის განკარგვა საბაჟო ორგანოს მიერ

თავი XII. საქონლის საბაჟო სტატუსი

მუხლი 80. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი

1. მიიჩნევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საქონელი არის საქართველოს საქონელი, ვიდრე არ დადგინდება მისი, როგორც უცხოური საქონლის სტატუსი.

2. ცალკეული შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, ხორციელდება საქონლისათვის საქართველოს საქონლის სტატუსის დადასტურება.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მთლიანად მიღებულ საქონელს არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ ის მიღებულია დროებით შენახული საქონლისაგან ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, საქონლის დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისაგან.

4. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის მინიჭების, დადასტურების და შემოწმების წესი, ასევე ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საქონელი არ მიიჩნევა საქართველოს საქონლის სტატუსის მქონე საქონლად, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 81. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის დაკარგვა

საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს, თუ:

ა) ის ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;

ბ) ის მოექცევა ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში, თუ ეს დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით;

გ) ის მოქცეულია საბაჟო პროცედურაში მიზნობრივი დანიშნულებით და შემდეგ ხორციელდება მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა ან განადგურება ისე, რომ რჩება ნარჩენი;

დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაცია საქონლის გაშვების შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი.

თავი XIII. საქონლის მოქცევა საბაჟო პროცედურაში

მუხლი 82. საქონლის საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის საბაჟო ზედამხედველობა

1. საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოსაქცევად დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით.

2. ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცია წარდგენილ იქნეს მონაცემების დამუშავების ელექტრონული საშუალებისაგან განსხვავებული საშუალებით.

3. ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, რეგისტრაციის, დეკლარაციის თანხმლებ დოკუმენტზე საბაჟო ორგანოს დაშვების, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების და მისი გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 83. საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი

1. საბაჟო ორგანომ საქონლის გაფორმების ადგილების, საბაჟო გამშვები პუნქტებისა და მასზე დაქვემდებარებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების სხვა ადგილების სამუშაო საათები ისე უნდა დაადგინოს, რომ საბაჟო პროცედურის და საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაზიდვის სახეობის გათვალისწინებით, არ შეფერხდეს ან არ დაირღვეს საერთაშორისო გადაზიდვის ნაკადი.

2. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 84. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები

1. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომელიც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხორციელდება საქონლის დეკლარირება.

2. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის ყველა თანმხლები დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხორციელდება საქონლის დეკლარირება, უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან და, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსათვის დეკლარაციის წარდგენის მომენტში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი თანმხლები დოკუმენტი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ამას მოითხოვს ან როდესაც ეს დოკუმენტი საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსაგან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია შექმნას თანმხლები დოკუმენტი.

მუხლი 85. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

1. საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია პირის მიერ საქონლის მოქცევა საბაჟო პროცედურაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც სრულად არ შეიცავს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს, ან დეკლარაციას სრულად არ ახლავს იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგულარულად წარდგენა შესაძლებელია საბაჟო ორგანოს თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 86. დამატებითი საბაჟო დეკლარაცია

1. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ან 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს დამატებითი საბაჟო დეკლარაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი საბაჟო პროცედურისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს.

2. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ყველა თანმხლები დოკუმენტი უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან და, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

3. დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება:

ა) თუ საქონელი მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.

4. საბაჟო ორგანოს შეუძლია არ მოითხოვოს დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ოდენობა და ღირებულება ნაკლებია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე;

ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია უკვე შეიცავს საბაჟო პროცედურებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას;

გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი არ არის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით.

5. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ან 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და დამატებითი საბაჟო დეკლარაცია ჩაითვლება ერთიან, განუყოფელ დოკუმენტად, რომელსაც იურიდიული ძალა ენიჭება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის თარიღიდან ან დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის აღრიცხვის თარიღიდან.

მუხლი 87. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო დეკლარაცია შესაძლებელია წარადგინოს პირმა, რომელსაც შეუძლია საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენა და ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხორციელდება საქონლის დეკლარირება. ამასთანვე, საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ, თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია წარმოშობს კონკრეტული პირის ცალკეულ ვალდებულებას.

2. დეკლარანტი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიუხედავად, საქართველოში დაფუძნების ვალდებულება არ მოეთხოვება:

ა) პირს, რომელიც წარადგენს ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის დეკლარაციას;

ბ) პირს, რომელიც საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით არარეგულარულად წარადგენს საბაჟო დეკლარაციას, მათ შორის შიდა გადამუშავების პროცედურის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მომიჯნავე ქვეყნის ტერიტორიაზე დაფუძნებულ პირს, თუ იგი საქონელს წარადგენს უშუალოდ ამ ტერიტორიებს შორის არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, იმ პირობით, რომ ანალოგიური შეღავათით, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით სარგებლობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი.

მუხლი 88. საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენა

საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს წინასწარ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენამდე. თუ საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენის დღიდან 45 დღის განმავლობაში არ განხორციელდა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის ჩაითვლება, რომ საბაჟო დეკლარაცია არ იქნა წარდგენილი.

მუხლი 89. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია

1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით განსაზღვრულ პირობებს, საბაჟო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს რეგისტრირებული, თუ ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი წარდგენილია საბაჟო ორგანოსათვის.

2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

მუხლი 90. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა

1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება. ცვლილება არ შეიძლება ეხებოდეს საქონლის სახეობას, რომელიც თავდაპირველად არ იყო დეკლარირებული ამ დეკლარაციით.

2. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არ შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილება:

ა) თუ საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე;

ბ) მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;

გ) საქონლის გაშვების შემდეგ.

3. საქონლის გაშვების შემდეგ, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია მისცეს დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, თუ დეკლარანტი ასრულებს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

4. საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილება შევიდეს საბაჟო ორგანოს ინიციატივით საქონლის გაშვებამდე თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.

მუხლი 91. საბაჟო დეკლარაციის გაუქმება

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ბათილად უნდა ცნოს რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, თუ დაკმაყოფილდა რომელიმე შემდეგი პირობა:

ა) საბაჟო ორგანო დარწმუნდება, რომ საქონელი დაუყოვნებლივ უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში;

ბ) თუ განსაკუთრებული გარემოებების შედეგად გაუმართლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება.

2. თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ, დეკლარანტის განცხადება საბაჟო დეკლარაციის ბათილობასთან დაკავშირებით არ მიიღება საქონლის შესწავლის დასრულებამდე.

3. დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა საქონლის გაშვების შემდგომ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).

მუხლი 92. საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული შევსება იმპორტის გადასახადის  სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისათვის

1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისათვის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და ამ სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა მოითხოვს იმპორტის გადასახადის ოდენობასთან შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებს და ძალისხმევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს ან/და შეზღუდვებს ან აქციზით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლისათვის.

3. ამ მუხლით დადგენილი საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 93. საქონლის ცენტრალიზებული გაფორმება

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მას მისცეს საბაჟო დეკლარაციის და საქონლის გაფორმების სხვადასხვა ადგილზე წარდგენის უფლება.

2. საქონლის გაფორმების სხვადასხვა ადგილზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის და საქონლის გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 94. მონაცემების ასახვა დეკლარანტის ჩანაწერებში

1. პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანომ შესაძლებელია მისცეს მას საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის, დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაცია, თუ პირი უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაცემებზე საბაჟო ორგანოს ხელმისაწვდომობას.

2. საბაჟო დეკლარაცია რეგისტრირებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან.

3. პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გააუქმოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში საქონელი მიიჩნევა გაშვებულად დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) დეკლარანტი არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი საბაჟო გამარტივებისათვის;

ბ) საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება განპირობებულია საქონლის სახეობიდან და მისი შემოტანის/გატანის მაღალი სიხშირიდან გამომდინარე;

გ) საბაჟო ორგანოს აქვს წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილების განხორციელებისათვის.

დ) დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტში საქონელი აღარ ექვემდებარება შეზღუდვებს და აკრძალვებს, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიუხედავად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს საქონლის წარდგენა.

5. პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც დაიშვება საქონლის გაშვება, დადგენილი უნდა იყოს ავტორიზაციით.

6. დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე ავტორიზაციის გაცემის პირობები და დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 95. იმპორტის გადასახადის გაანგარიშება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ

1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის განცხადების საფუძველზე, რომელსაც გააჩნია ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისათვის, საბაჟო ორგანომ შესაძლებელია მას მისცეს იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარკვეული საბაჟო ფორმალობების და კონტროლის ცალკეულ ღონისძიების განხორციელების უფლება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

2. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურის და საბაჟო კონტროლის ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების მინიჭების პირობები, განსახორციელებელი საბაჟო პროცედურა ან/და საბაჟო კონტროლის ღონისძიება და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი XIV. საბაჟო დეკლარაციის შემოწმება და საქონლის გაშვება

მუხლი 96. საბაჟო დეკლარაციის შემოწმება

1. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეისწავლოს დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები;

ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა;

გ) დაათვალიეროს საქონელი;

დ) აიღოს სინჯი ან/და ნიმუშის ანალიზისათვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.

2. საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 97. საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება

1. საქონლის დათვალიერების და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისათვის განკუთვნილ ადგილზე მიიტანა, მისი დათვალიერების და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისათვის მომზადება უნდა უზრუნველყოს დეკლარანტმა. აღნიშულ ქმედებებთან დაკავშირებული ხარჯი ეკისრება დეკლარანტს.

2. დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს საქონლის დათვალიერებასა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. საქონლის დათვალიერების და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია დაესწროს საქონლის დათვალიერებას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შეუძლია ასევე დეკლარანტს, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირს, მის წარმომადგენელს და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს თანამშრომელს, თუ ეს:

ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლს;

ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებელ ნიშნებს.

4. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხორციელდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სინჯის ან/და ნიმუშის სახით აღებული საქონლის ღირებულება.

5. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.

6. საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის/ექსპერტიზის შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონელთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილ პირს ან მის წარმომადგენელს.

7. გამოკვლევის/ექსპერტიზის დამთავრების შემდეგ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში უბრუნდება მათ მფლობელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სინჯი ან/და ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება განადგურებას ან მათი ნაწილი გახარჯული იქნა გამოკვლევის პროცესში ან როდესაც სინჯის ან/და ნიმუშის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება მათ ღირებულებას.

8. საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 98. საქონლის ნაწილობრივ დათვალიერება ან სინჯის ან/და ნიმუშის აღება

1. ნაწილობრივ დათვალიერების და სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელზე მთლიანად, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერება. ასეთი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საქონელი არ არის გაშვებული ან გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ საქონელს რაიმე სახის ცვლილება არ განუცდია.

3. თუ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიზნისათვის საქონლის თითოეულ სახეობაზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.

მუხლი 99. საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგები

1. საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგები ვრცელდება იმ საბაჟო პროცედურების გამოყენებაზე, რომელშიც საქონელი არის მოქცეული.

2. თუ არ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის შემოწმება ამ მუხლის პირველი ნაწილი გამოიყენება დეკლარაციაში დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე.

მუხლი 100. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება

1. საბაჟო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, თუ არსებობს საქონლის ნიშანდების აუცილებლობა მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ ნიშანდებას საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.

2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების მიზნით, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების ნაცვლად (ან მათთან ერთად), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვიდეო და ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა და საქონლის მონიშვნა ციფრული ან მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრების მარკირებით ან აღწერით.

3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აღიაროს საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალება, რომლითაც ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა საქონლის გამგზავნის, გადამზიდველის, დეკლარანტის ანდა სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საქონლის იდენტიფიკაციის საშუალება ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას.

4. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას.

5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება, ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მისი დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში გააკეთოს აღნიშვნა მის მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ.

6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს დაზიანებული ან დაკარგული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების თაობაზე და ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის დაზიანების კვალის ან სხვა რაიმე დაზიანების აღმოჩენის შესახებ.

7. დაუშვებელია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოშობილი აუცილებლობისას, სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

8. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები, მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 101. საქონლის გაშვება

1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულად არის დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო თუ არ ხორციელდება დეკლარაციის შემოწმება, ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონელი ასევე გაიშვება, თუ ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული შემოწმება ვერ სრულდება გონივრულ ვადებში და შემოწმების მიზნისათვის საქონლის წარდგენის ადგილზე ყოფნა აღარ მოითხოვება.

3. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა იმ შემთხვევისა, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო.

4. თუ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისათვის საქონლის თითოეულ სახეზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.

5. თუ შესაბამის საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევა ითვალისწინებს გარანტიის წარდგენას, ამ საბაჟო პროცედურაში მოსაქცევი საქონლის გაშვება დასაშვებია შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ.

თავი XV. საქონლის განკარგვა

მუხლი 102. საქონლის განადგურება

1. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს წარდგენილი საქონლის განადგურება, რის შესახებაც უნდა აცნობოს საქონლის მფლობელს. საქონლის განადგურებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება საქონლის მფლობელს.

2. საქონლის განადგურების მიზნით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 103. საქონლის განკარგვის ღონისძიებები

1. საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შესაძლებელია განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ) საქონლის განადგურება;

გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

2. საბაჟო ორგანოს ინიციატივით ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები ხორციელდება იმ საქონლის მიმართ:

ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება (საბაჟო პროცედურაში მოქცევა) ან არ იქნა გადახდილი იმპორტის გადასახდელი ან/და არ იქნა წარდგენილი საგარანტიო უზრუნველყოფა;

ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;

გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება;

დ) რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა სასაქონლო ოპერაცია (მათ შორის, დროებით შენახულ საქონელზე) ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებული არ არის;

ე) რომელზეც სასაქონლო ოპერაცია განსაზღვრულია და ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადა ამოწურულია, თუ სასაქონლო ოპერაცია არ დასრულებულა ან სხვა სასაქონლო ოპერაცია განსაზღვრული არ არის, ან რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებული არ არის;

ვ) რომელზეც ამოწურულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში შენახვის ვადა და არ არის განხორციელებული აღნიშნული ვადის გაგრძელება ან არაა განსაზღვრული სხვა სასაქონლო ოპერაცია ან არ არის გამოყენებული ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება.

3. საბაჟო ორგანო წერილობით ატყობინებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვას და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.

4. დეკლარანტის ინიციატივით, საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: 

ა) საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა;

ბ) საქონლის განადგურება.

5. საქონლის განკარგვის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 104. საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემა

1. უცხოური საქონელი და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს, მათ შორის თვითმმართველ ერთეულს, პროცედურის მფლობელის ან საქონლის მფლობელის მიერ.

2. საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წიგნი VI

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები

თავი XVI. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება

მუხლი 105. მოქმედების სფერო და მიზანი

1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში სარეალიზაციოდ ან მოხმარებისთვის ან გამოყენებისათვის უნდა მოექცეს თავისუფალი მიმოქცევის პროცედურაში.

2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;

ბ) ამ საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებისა და აკრძალვების და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე არა იქნა გამოყენებული;

გ) ამ საქონლის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.

3. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.

მუხლი 106. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენება

1. თუ შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტი გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში და იმპორტის გადასახადის ოდენობა გაიანგარიშება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული პროდუქტის მიმართ გამოიყენება შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში გამოსაყენებელი სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არ გამოიყენება გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის მიმართ.

3. როდესაც შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტი გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში და იმპორტის გადასახადის ოდენობა გაიანგარიშება ამ კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის მიმართ გამოიყენება ანალოგიური სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

4. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები არ გამოიყენება გარე გადამუშავების შედეგად გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში, თუ:

ა) გადამუშავებული პროდუქტი ინარჩუნებს ქართულ წარმოშობას ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

ბ) გარე გადამუშავება მოიცავს შეკეთებას, მათ შორის სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებას ამ კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად;

გ) გარე გადამუშავება გამოიყენება ამ კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი გადამუშავებისათვის.

თავი XVII. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები

მუხლი 107. დაბრუნებული საქონელი

1. თუ საქონელი ან მისი ნაწილი, რომელიც ექსპორტირებულია საქართველოდან და მიენიჭა უცხოური საქონლის სტატუსი, 3 წლის ვადაში ბრუნდება საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა გააგრძელოს 1 წლით.

3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი საქართველოში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადახდისაგან თავისუფლდება, თუ დაბრუნებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით. თუ დაბრუნებული საქონელი შემოიტანება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით, გადასახდელი იმპორტის გადასახდელის ოდენობა მცირდება საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად შემოტანისას გადახდილი იმპორტის გადასახდელის ოდენობით, ხოლო თუ ეს უკანასკნელი ოდენობა აღემატება დაბრუნებულ საქონელთან დაკავშირებულ იმპორტის გადასახდელის ოდენობას, სხვაობა დაბრუნება ან/და ჩათვლას არ ექვემდებარება.

4. ამ მუხლის პირველი – მე-3 ნაწილები ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც საქონელი დაკარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს ამ კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად და შემდგომ გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებით სარგებლობისათვის შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომლის შესრულების დადასტურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

6. შიდა გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტზე, რომელიც რეექსპორტირებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, იმპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღე ჩაითვლება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღედ.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება არ გამოიყენება ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოდან ექსპორტირებული გადამუშავებული პროდუქტის მიმართ, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი, რომ ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი ან/და დაბრუნებული საქონელი არ მოექცევა შიდა გადამუშავების პროცედურაში.

მუხლი 108. საზღვაო თევზჭერის პროდუქტებისა და ზღვის სხვა პროდუქტები

1. ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი:

ა) საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს ალმით მცურავი გემის მიერ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის ან ზღვის სხვა პროდუქტი;

ბ) პროდუქტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ და საქართველოს ალმით მცურავ გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე მიიღება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებით სარგებლობისათვის შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომლის შესრულების დადასტურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

მუხლი 109. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირზე, რომლიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, პირადი სარგებლობისათვის, საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:

ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების გადახდისა და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების გარეშე;

ბ) საქართველოს საქონელი.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესაძლებელია ნებისმიერი საქონლის რეალიზაცია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონლისა.

4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

წიგნი VII

სპეციალური პროცედურები

თავი XVIII. ზოგადი დებულებები სპეციალური პროცედურებისათვის

მუხლი 110. სპეციალური პროცედურები

საქონელი შეიძლება მოექცეს ნებისმიერ შემდეგ სპეციალური პროცედურაში:

ა) ტრანზიტი;

ბ) საბაჟო საწყობი;

გ) თავისუფალი ზონა;

დ) დროებით შემოტანა;

ე) მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;

ვ) შიდა გადამუშავება;

ზ) გარე გადამუშავება.

მუხლი 111. ავტორიზაცია

1. საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაცია აუცილებელია შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებით შემოტანის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის გამოყენებისათვის.

2. საბაჟო ორგანომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გასცეს ავტორიზაცია უკუქცევის ძალით, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) დადასტურებულია შესაბამისი საბაჟო პროცედურის ეკონომიკური საჭიროება;

ბ) განცხადება არ უკავშირდება საბაჟო ორგანოს მოტყუების მცდელობას;

გ) დაინტერესებული პირის საბუღალტრო ჩანაწერებით დასტურდება:

გ.ა) შესაბამის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;

გ.ბ) შესაბამის პერიოდში საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობა, როდესაც ეს შესაძლებელია;

გ.გ) ეს ჩანაწერები იძლევა შესაბამისი პროცედურის კონტროლის შესაძლებლობას;

დ) შესაძლებელია განხორციელდეს ყველა საჭირო ფორმალობა საქონელთან დაკავშირებით, მათ შორის დეკლარაციის ბათილად ცნობა, თუ ეს აუცილებელია;

ე) განცხადების მიღებამდე სამი წლის განმავლობაში განმცხადებელზე არ არის გაცემული ავტორიზაცია უკუქცევის ძალით;

ვ) არ მოითხოვება ეკონომიკური პირობების შესწავლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი ითხოვს იმავე სახის ოპერაციაზე და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას;

ზ) იმავე სახის ოპერაციაზე და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადება წარდგენილია პირველადი ავტორიზაციის გაცემიდან 3 წლის ვადაში.

3. საბაჟო ორგანომ შესაძლებელია უკუქცევის ძალით გასცეს ავტორიზაცია საქონელზე, რომელიც იყო მოქცეული საბაჟო პროცედურაში, მაგრამ ამ ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის განცხადების მიღების მომენტში აღნიშნული საქონელი აღარ არის ხელმისაწვდომი.

4. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზაცია გაიცემა პირზე, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) პირი დაფუძნებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ) პირი დაადასტურებს ოპერაციების სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობას. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში;

გ) პირი წარმოადგენს ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ გარანტიას, თუ საქონლის მოქცევა სპეციალურ პროცედურაში იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

დ) დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში პირი საქონელს იყენებს ან ორგანიზებას უწევს მის გამოყენებას ან გადამუშავების ოპერაციებს ახორციელებს ან ორგანიზებას უწევს მის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად.

5. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ავტორიზაცია გაიცემა, თუ ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პირობების გარდა დამატებით სრულდება შემდეგი პირობები:

ა) საბაჟო ორგანოს ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ დროს განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობა ეკონომიკურ საჭიროებასთან შეუსაბამო ადმინისტრაციული ფორმალობის გარეშე;

ბ) შიდა ან გარე გადამუშავების პროცედურებთან დაკავშირებული ავტორიზაციის გაცემა უარყოფითად არ იმოქმედებს ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე.

6. მიიჩნევა, რომ ავტორიზაციის გაცემა არ იმოქმედებს უარყოფითად ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე, თუ არარსებობს მტკიცებულება საწინააღმდეგო გარემოების შესახებ.

7. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ავტორიზაციის გაცემამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე, ეკონომიკური პირობების შესწავლა უნდა განხორციელდეს შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ. შემთხვევები, როდესაც ავტორიზაციის გაცემამდე აუცილებელია ეკონომიკური პირობების შესწავლა, და ასეთ შემთხვევებში შესაბამისი კომპეტენტური უწყება, რომლის დადებითი დასკვნა აუცილებელია ავტორიზაციის გაცემისათვის განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. საბაჟო ორგანოს მიერ ავტორიზაციის გაცემის წესი, პირობები და ამ პირობების შესრულებისაგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 112. აღრიცხვა

1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მქონე პირმა, პროცედურის (გარდა ტრანზიტის) მფლობელმა ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ან თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი ინფორმაციის და მონაცემის შენახვას, რომელიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, მის საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

2. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუ მის მიერ განხორციელებული აღრიცხვა შეესაბამება სპეციალური პროცედურის მიზნებს.

მუხლი 113. სპეციალური პროცედურის დასრულება

1. ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტისა, დასრულდება, თუ სპეციალურ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდება ნარჩენების გარეშე ან გადაცემულია სახელმწიფოსთვის ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად.

2. ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ:

ა) საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარდგენა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე;

ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში;

გ) განხორციელდა საქონლის განკარგვა ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო ტრანზიტის პროცედურას დაასრულებს, თუ საქონლის გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში და დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე არსებული მონაცემების შედარებით დადასტურდება, რომ საბაჟო პროცედურა განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვით.

4. თუ სპეციალური საბაჟო პროცედურა არ სრულდება დადგენილი პირობების შესაბამისად, საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ნებისმიერი საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

5. სპეციალური საბაჟო პროცედურის დასრულების წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 114. უფლებების და მოვალეობების გადაცემა

1. პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალურ პროცედურაში მოქცეულ საქონელთან, გარდა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლისა, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს, რომელიც ასრულებს ამ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პირობებს.

2. პროცედურის მფლობელის უფლებების და მოვალეობების სხვა პირზე გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 115. საქონლის გადაადგილება

1. სპეციალურ პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება ამ კოდექსის
118-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალურ პროცედურაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებულ სხვადასხვა ადგილებს შორის შესაძლებელია გადაადგილდეს ამავე ბრძანებით დადგენილი განსხვავებული პირობებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ ვრცელდება ტრანზიტის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაადგილებაზე.

მუხლი 116. საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები

1. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ან გაყიდვისათვის/ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებელი ქმედებები.

2. საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედებებით.

3. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 117. ეკვივალენტური საქონელი

1. ეკვივალენტური საქონელი არის საქართველოს საქონელი, რომელიც შესაძლებელია შენახული, გამოყენებული ან გადამუშავებულ იქნეს სპეციალურ საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაცვლად.

2. გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში ეკვივალენტური საქონელი არის უცხოური საქონელი, რომელიც შესაძლებელია გადამუშავებულ იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად.

3. ეკვივალენტურ საქონელს უნდა გააჩნდეს იმავე სეს ესნ კოდი რვანიშნა დონეზე, იმავე ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც აქვს საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. საბაჟო ორგანო, პირის განცხადების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საბაჟო ზედამხედველობის მიზნისათვის უზრუნველყოფილი იქნება ოპერაციის სათანადო განხორციელება, გასცემს ავტორიზაციას:

ა) ეკვივალენტური საქონლის საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში, მიზნობრივი დანიშნულებით ან შიდა ან გარე გადამუშავებაში გამოყენებაზე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში, ეკვივალენტური საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში გამოყენებაზე;

გ) შიდა გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის შემოტანამდე გატანაზე;

დ) გარე გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის გატანამდე შემოტანაზე.

5. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი უზრუნველყოფს პროცედურის სათანადო განხორციელებას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები, რომელშიც გამოიყენება ეკვივალენტური საქონელი, მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში.

6. ეკვივალენტური საქონლის გამოყენებაზე ავტორიზაცია არ შეიძლება გაიცეს, თუ:

ა) შიდა გადამუშავების პროცედურაში გამოიყენება მხოლოდ საქონლის მიმართ დასაშვები ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები;

ბ) საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული ისეთი გადამუშავებული პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოს წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელზე, რომლისთვისაც ამავე ხელშეკრულების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) ეს გამოიწვევს გაუმართლებელ იმპორტის გადასახადის შეღავათს ან თუ ეს დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენების წესი და პირობები, ასევე შემთხვევები, როდესაც ეკვივალენტური საქონელი არ გამოიყენება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი XIX. ტრანზიტის პროცედურა

მუხლი 118. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება

1. ტრანზიტის პროცედურა საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება არ იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;

ბ) საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საქონელი უნდა მოექცეს ტრანზიტის პროცედურაში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გადაადგილება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად;

ბ) TIR კარნეტის კონვენციის შესაბამისად, თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;

გ) გადაზიდვა ხორციელდება ATA კარნეტის კონვენციის/სტამბოლის კონვენციის შესაბამისად;

დ) გადაზიდვა წარმოადგენს მსოფლიო საფოსტო კავშირის შესაბამისი აქტების მიხედვით საფოსტო გადაზიდვას.

4. საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

მუხლი 119. ტვირთის უფლებამოსილი მიმღები

დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანოს შეუძლია მისცეს მას TIR კარნეტის კონვენციის შესაბამისად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიღების უფლება, თუ ამ საქონლის გადაზიდვა სრულდება ამავე კონვენციის პირველი მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად. მსგავსი უფლების მიღების შემთხვევაში ასეთი პირი არის ტვირთის უფლებამოსილი მიმღები.

მუხლი 120. პროცედურის მფლობელის, გადამზიდავის და საქონლის მიმღების  ვალდებულებები

1. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ვალდებულია:

ა) საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად;

ბ) თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გადასაზიდ საქონელთან დაკავშირებით;

გ) შეასრულოს ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე.

3. გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი მოძრაობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე, ვალდებულია საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.

მუხლი 121. გამარტივებული ტრანზიტის პროცედურა

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანოს შეუძლია მისცეს მას ტრანზიტის პროცედურაში საქონლის გამარტივებული წესით მოქცევის და ტრანზიტის პროცედურის გამარტივებულად დასრულების უფლება, კერძოდ მისცეს:

ა) ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, რაც აძლევს მას შესაძლებლობას საქონელი ტრანზიტის პროცედურაში მოაქციოს მისი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე;

ბ) ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსი, რაც აძლევს მას შესაძლებლობას ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი მიიღოს საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე, რათა დასრულდეს ტრანზიტის პროცედურა ამ კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად;

გ) საბაჟო იდენტიფიკაციის სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით მოითხოვება ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით ნიშანდება;

დ) შესაძლებლობა საქონელი ტრანზიტის პროცედურაში მოაქციოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;

ე) შესაძლებლობა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად წარადგინოს ტრანსპორტირების ელექტრონული დოკუმენტი, თუ ის შეიცავს საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია გაგზავნის და დანიშნულების საბაჟო ორგანოსთვის, რათა მათ უზრუნველყონ საქონლის საბაჟო ზედამხედველობა და ტრანზიტის პროცედურის დასრულება.

2. ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევის და პროცედურის დასრულების წესი, ასევე ტრანზიტის გამარტივებული პროცედურით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი XX. საბაჟო საწყობის პროცედურა

მუხლი 122. საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენება

1. საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;

ბ) საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, როგორც ეს განხორციელდებოდა ამ სახით არსებული საქონლის შემთხვევაში.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით, საქართველოს საქონელი შესაძლებელია მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების მიზნით.

მუხლი 123. საბაჟო საწყობის პროცედურის ვადა

1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია დაადგინოს საბაჟო საწყობის პროცედურის დასრულების ვადა იმ საქონლისათვის, რომლის ხანგრძლივად დასაწყობებამ, მისი სახეობიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარეს ან გარემოს.

მუხლი 124. საბაჟო საწყობი, საბაჟო ორგანოს საწყობი და შენახვის სხვა ადგილი

1. საბაჟო საწყობში შესაძლებელია:

ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვა;

ბ) საქონლის დროებით შენახვა;

გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვა.

2. საბაჟო საწყობში პროცედურაში მოქცეულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა.

3. საბაჟო ორგანოს საწყობში შესაძლებელია განთავსდეს საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის გარდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა საქონელიც.

4. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის სხვა ადგილებს და საქონლის შენახვის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 125. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა

1. საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო თავად ახორციელებს საბაჟო საწყობის საქმიანობას.

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა საქართველოში დაფუძნებულ პირზე. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა.

3. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად დასაკმაყოფილებელი პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის გარანტია.

5. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 126. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის გარეშე  საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება

1. ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ აღნიშნული უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე:

ა) საბაჟო საწყობში შესაძლებელია შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი;

ბ) შესაძლებელია შიდა გადამუშავების პროცედურაში ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გადამუშავდეს საბაჟო საწყობში ამ პროცედურებით განსაზღვრული პირობებისა და ასეთი შემთხვევებისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების დაცვით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონელი არ განიხილება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.

მუხლი 127. საბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის  პროცედურის მფლობელის ვალდებულებები

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის გატანა საბაჟო ზედამხედველობიდან საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან.

2. საბაჟო საწყობში პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

თავი XXI. თავისუფალი ზონის პროცედურა

მუხლი 128. თავისუფალი ზონის არსი

1. თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 132-ე მუხლით ნებადართული საქმიანობისათვის, სადაც:

ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ განიხილება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;

ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმები, რომელიც გამოიყენება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი).

მუხლი 129. თავისუფალი ზონის შექმნა

1. თავისუფალი ზონის შექმნა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა) წინასწარ განსაზღვრული ვადით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული და შესაბამისად მონიშნული. თავისუფალ ზონაში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის სხვა ადგილებიდან შეტანა ან გატანა, და პერიმეტრის ზღუდე.

4. თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობას, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებს, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.

მუხლი 130. თავისუფალი ზონის პროცედურის ვადა

1. თავისუფალი ზონის საბაჟო პროცედურაში საქონელი შესაძლებელია მოექცეს უვადოდ.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია დაადგინოს თავისუფალი ზონის პროცედურის დასრულების ვადა იმ საქონლისათვის, რომლის ხანგრძლივად დასაწყობებამ, მისი სახეობიდან და ბუნებიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარეს ან გარემოს.

მუხლი 131. თავისუფალი ზონის შექმნა

1. თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი.

2. დაინტერესებული პირის განცხადების და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. თავისუფალ ზონაში ნებისმერი შენობა-ნაგებობის ან კონსტრუქციის მშენებლობა წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული საბაჟო ორგანოსთან.

4. თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული სპეციალური ზღუდით და უნდა განისაზღვროს თავისუფალ ზონაში შესასვლელი ან/და გამოსასვლელი.

5. თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობა, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 132. საბაჟო კონტროლის განხორციელება თავისუფალ ზონაში

1. თავისუფალი ზონის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონის პერიმეტრზე კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალ ზონაში/ზონიდან პირის, საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შესვლისას/გასვლისას;

ბ) აკრძალოს თავისუფალ ზონაში იმ პირის შესვლა და საქმიანობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სათანადოდ შესრულებას;

გ) მოითხოვოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;

დ) საჭიროების შემთხვევაში დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.

მუხლი 133. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა

1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალულია:

ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;

ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;

გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;

დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის და ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

4. თავისუფალ ზონში ნებადართული საქმიანობის სახეზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.

მუხლი 134. თავისუფალ ზონაში საქონლის წარდგენა და დეკლარირება

1. თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თავისუფალ ზონაში შესატანი საქონელი ექვემდებარება წარდგენას და საბაჟო ფორმალობების განხორციელებას, თუ:

ა) იგი მოქცეული იყო საბაჟო პროცედურაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით. ამასთანავე, საქონლის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება;

ბ) იგი მოთავსებულ იქნა თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელების დაბრუნების ან მათი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში მსგავსი საქონლის მოქცევისას გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 135. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანის პირობები და საქონლის საბაჟო სტატუსი

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონელი შეიძლება:

ა) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი;

ბ) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე.

2. თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გატანილ საქონელზე ვრცელდება ამ კოდექსის 70-ე – 78-ე მუხლები.

მუხლი 136. საქონლის საბაჟო სტატუსი

1. თუ საქონელი თავისუფალი ზონიდან შეიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე, ის განიხილება როგორც უცხოური საქონელი, ვიდრე არ დადასტურდება მისი საქართველოს საქონლის სტატუსი.

2. თუ საქონელი თავისუფალი ზონიდან გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიების გატარების მიზნით აღნიშნული საქონელი განიხილება, როგორც საქართველოს საქონელი, თუ არ დადასტურდება, რომ მას არ გააჩნია საქართველოს საქონლის სტატუსი.

თავი XXII. დროებით შემოტანის პროცედურა

მუხლი 137. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება

1. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი უკან გატანის პირობით, შეიძლება იქნეს შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადის გადახდისაგან.

3. იმპორტის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, ასევე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. იმპორტის გადასახადისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით შესაძლებელია დროებითი შემოტანის პროცედურაში მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში.

5. დროებით შემოტანის პროცედურაში მისაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

მუხლი 138. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენების პირობები

1. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისათვის აუცილებელია:

ა) საქონლის საიმედო იდენტიფიცირების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.ა) საქონლის იდენტიფიცირების შეუძლებლობა, მისი მახასიათებლის და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, არ გამოიწვევს პროცედურის პირობების დარღვევას;

ა.ბ) ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმება;

ბ) გარანტიის წარდგენა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელად, გარდა ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) შესრულებულია საქონლის იმპორტის გადასახადისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 139. საქონლის დროებით შემოტანის ვადები

1. დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი ავტორიზაციის მფლობელის მიერ საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში შესაძლებელია მოქცეულ იქნეს არაუმეტეს 3 წლისა. როდესაც ერთი ავტორიზაციის მფლობელის მიერ დროებით შემოტანის პროცედურა სრულდება საქონლის სხვა სპეციალური პროცედურაში მოქცევით და შემდგომ აღნიშნული საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, ჯამური ვადა ასევე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და გაზარდოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადა.

4. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.

მუხლი 140. იმპორტის გადასახადის ოდენობა ნაწილობრივ გათავისუფლებით  შემოტანილ საქონელთან დაკავშირებით

1. იმპორტის გადასახადისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.

თავი XXIII. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა

მუხლი 141. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

1. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან პირობით.

2. თუ საქონელი იმყოფება წარმოების ისეთ ეტაპზე, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ საბოლოო მოხმარების შესაძლებლობას, საბაჟო ორგანოს შეუძლია ავტორიზაციაში მიუთითოს ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებულ იქნა იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რის გამოც გათავისუფლდა იმპორტის გადასახდელისაგან.

3. თუ შესაძლებელია მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის მრავალჯერადი გამოყენება და საბაჟო ორგანო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროდ მიიჩნევს საბაჟო ზედამხედველობის გაგრძელებას, იგი უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლით, საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან. საქონლის ნუსხა, რომელზეც საბაჟო ზედამხედველობა არ სრულდება ამ ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე დაუშვებელია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გასხვისება, დაგირავება, თხოვება სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან სხვაგვარად გამოყენება.

5. თუ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება უკანონოდ განკარგულად.

6. საბაჟო ზედამხედველობა სრულდება, თუ:

ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;

ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტის პროცედურაში;

გ) საბაჟო ორგანოს თანხმობით მოხდება საქონლის სხვა მიზნით გამოყენება და იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის გადახდა;

დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად.

7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გასხვისდა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

8. საჭიროების შემთხვევაში საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული გამოსავლიანობის ნორმა.

9. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გამოყენების ან დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი ან/და ჯართი მიზნობრივი დანიშნულების და ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინებით განიხილება, როგორც იმავე მიზნით გამოსაყენებლად განკუთვნილი საქონელი.

10. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის განადგურების შედეგად მიღებული ნარჩენი ან/და ჯართი განიხილება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.

თავი XXIV. შიდა გადამუშავების პროცედურა

მუხლი 142. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენება

1. ამ კოდექსის 117-ე მუხლის გათვალისწინებით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით შესაძლებელია უცხოური საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, რაც არ იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;

ბ) საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. საქონლის შეკეთების და საქონლის დემონტაჟის გარდა სხვა შემთხვევაში შიდა გადამუშავების პროცედურა გამოიყენება, თუ არსებობს პროცედურაში მოსაქცევი საქონლის (გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჩ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) საიმედო იდენტიფიცირების შესაძლებლობა. ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შიდა გადამუშავების პროცედურა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) ტექნიკურ მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობის დასადგენი ოპერაციის განსახორციელებლად, მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით;

ბ) საქონლის მიმართ, რომელზეც უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.

მუხლი 143. გამოსავლიანობის ნორმა

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის გამოსავლიანობის სტანდარტული ნორმა ცალკეული სფეროებისათვის შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან ათანხმებს გამოსავლიანობის ნორმას ან საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. დეკლარანტთან გადამუშავებული პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას, საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციის (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიის) დასკვნას, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს გამოსავლიანობის სტანდარტული ნორმები, თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რომელშიც მონაწილეობს ძირითადად ერთნაირი მახასიათებლების მქონე საქონელი, რის შედეგადაც იწარმოება ერთი და იგივე ხარისხის გადამუშავებული პროდუქტი.

მუხლი 144. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაცია

1. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

ა) საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;

ბ) საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;

გ) საქონლისა სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მათი შედეგების შემდგომში შედარების მიზნით;

დ) საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;

ე) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;

ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება.

3. შიდა გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით.

მუხლი 145. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები

შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის აუცილებელია:

ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი;

ბ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:

ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;

ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთის და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;

ბ.გ) გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;

ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;

გ) გამოსავლიანობის ნორმის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმება;

დ) დეკლარანტის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარდგენა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევისა.

მუხლი 146. შიდა გადამუშავების პროცედურის ვადა

1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა. აღნიშნული ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა პროცედურის დასასრულებლად.

2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – ამ საბაჟო პროცედურაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

3. წინასწარგანსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

4. ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადამუშავებული პროდუქტის წინასწარი ექსპორტის შემთხვევაში, საბაჟო ორგანომ უნდა დაადგინოს ვადა არაუმეტეს 6 თვისა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს უცხოური საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში დეკლარირება. ვადის დადგენისას გაითვალისწინება უცხოური საქონლის შესყიდვისთვის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი ეკვივალენტური საქონლის მონაწილეობით მიღებულ გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.

5. შიდა გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ვადა შეუძლია გააგრძელოს არაუმეტეს 12 თვისა, თუ განცხადება წარდგენილია ამავე ვადის ამოწურვამდე.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის შესაძლებელია დადგინდეს კონკრეტული ვადები.

მუხლი 147. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება

შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, გადამუშავებული პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 146-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ამ შემთხვევაში გასატან საქონელთან დაკავშირებით მოქმედებს გარე გადამუშავების პროცედურისათვის დადგენილი პირობები და წესები.

თავი XXV. გარე გადამუშავების პროცედურა

მუხლი 148. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება

1. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შესაძლებელია იმპორტის გადასახადისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გარე გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელის ან პირის მიერ, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, თუ მას აქვს შესაბამისი თანხმობა გარე გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელისაგან და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.

2. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის გატანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის გატანისას, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას.

3. ამ თავის მიზნებისათვის გამოსავლიანობის ნორმასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები, ხოლო გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისათვის – ამ კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები.

მუხლი 149. შეზღუდვები გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებაზე

1. გარე გადამუშავების პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:

ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას;

ბ) იგი გატანამდე იმპორტის გადასახადისაგან პირობით მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში და ასეთი შეღავათის გამოყენების პირობა ძალაშია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ საქონელი გაიტანება შეკეთების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნული შეზღუდვებისაგან გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 150. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები

გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის აუცილებელია:

ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა:

ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჩ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება გადამუშავებული პროდუქტის შეცვლა ამ კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებული შემცვლელი საქონლით;

ა.გ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევაში, თუ არსებობს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.

ბ) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი.

გ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:

გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს;

გ.ბ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთის და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;

გ.გ) გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;

გ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;

დ) გამოსავლიანობის ნორმის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმება;

მუხლი 151. გარე გადამუშავების პროცედურის ვადა

1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გასხვისება. აღნიშნული ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა პროცედურის დასრულებისათვის.

2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – ამ საბაჟო პროცედურაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

4. შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგინდეს საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის კონკრეტული ვადები.

მუხლი 152. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება

1. თუ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავება განხორციელდა უსასყიდლოდ (კონტრაქტის ან საგარანტიო ვალდებულებების საფუძველზე, ასევე საწარმოო დეფექტის გამო), გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას იგი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ საქონლის გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცევამდე საწარმოო დეფექტი გათვალისწინებული იყო მისი თავისუფალ მიმოქცევაში თავდაპირველი გაშვებისას.

მუხლი 153. სტანდარტული გაცვლის სისტემა

1. სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა გარე გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომში – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2 – მე-6 ნაწილების შესაბამისად.

2. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ მხოლოდ დეფექტური საქონლის შეკეთებასთან დაკავშირებით.

3. შემცვლელ საქონელს უნდა გააჩნდეს იმავე სეს ესნ კოდი რვანიშნა დონეზე, იმავე ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც აქვს დეფექტურ საქონელს, რომელიც დაექვემდებარა შეკეთებას.

4. თუ დეფექტური საქონელი ექსპორტამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც უნდა იყოს გამოყენებული/მეორადი.

5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან, თუ შემცვლელი პროდუქტი მოწოდებულია უსასყიდლოდ საქონლის საწარმოო დეფექტთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე.

6. გარე გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავით გათვალისწინებული დებულებები, ასევე ვრცელდება შემცვლელ საქონელზე.

მუხლი 154. შემცვლელი საქონლის წინასწარ შემოტანა

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მისცეს დეფექტური საქონლის გატანამდე შემცვლელი საქონლის შემოტანის უფლება დადგენილი პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ოდენობის გარანტია.

2. დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ უნდა იქნეს 2 თვის ვადაში, რომელიც აითვლება შემცვლელი პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დეფექტური საქონლის გატანა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში გარე გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა გონივრულ ვადამდე.

წიგნი VIII

საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან

თავი XXVI. საქონლის გატანასთან დაკავშირებული ფორმალობები

მუხლი 155. საქონლის გატანამდე განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქონელზე, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია. ზოგადი დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე.

2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება:

ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი;

ბ) საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია;

დ) საქონელი, რომელზეც წარდგენილია რეექსპორტის დეკლარაცია;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.

3. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის და ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობის და უსაფრთხოების მიზნისათვის რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.

4. საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდველის მიერ. მიუხედავად გადამზიდველის ვალდებულებებისა, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ექსპორტიორის, ტვირთის გამგზავნის ან სხვა პირის მიერ, რომლის დავალებითაც მოქმედებს გადამზიდველი ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია წარდგენა ან რომელმაც უკვე წარადგინა მოცემული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში.

5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად იმ პირობით, რომ ასეთი სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ პერიოდში.

6. საბაჟო ორგანომ შესაძლებელია საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად დაუშვას შეტყობინების წარდგენა და შესაბამისად წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე იმ პირის კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას.

7. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადები და შემთხვევები, როდესაც ზოგადი დეკლარაცია არ წარედგინება, განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 156. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მისცეს უკვე წარდგენილ საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება.

2. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვა;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. თუ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი არ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 150 დღის შემდეგ.

4. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 157. საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, უნდა დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობას და შესაძლებელია დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი და ვადა, რომლის განმავლობაშიც საქონელი უნდა იქნეს გატანილი.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს:

ა) პირის მიერ, რომლსაც გააქვს ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან მისი დავალებით მოქმედი პირის მიერ;

გ) პირის მიერ, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს:

ა) იმპორტის გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გადასახდელების გადახდასთან დაკავშირებულ ფორმალობებს;

გ) აკრძალვებს და შეზღუდვებს, რომლებიც სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი მორალის დაცვის, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღის და მათი სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნულის სიმდიდრის დაცვის, ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, წამლის პრეკურსორების, გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით, ასევე უნდა დაექვემდებაროს თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის და სხვა ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებს.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს მიერ გაიშვება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იგი იყო რეექსპორტის დეკლარაციის ან გატანის ზოგადი დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

თავი XXVII. ექსპორტის პროცედურა

მუხლი 158. ექსპორტის პროცედურის გამოყენება

1. ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), რა დროსაც ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

2. საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა:

ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში;

გ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ის და აქციზის გადახდისაგან და ასეთ მიწოდებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგება.

3. საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის გარეშე ექსპორტის პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს.

4. შემთხვევები და პირობები, როდესაც საქართველოს საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ წარმოიქმნება ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 159. ექსპორტის პროცედურის დასრულების პირობები

1. ექსპორტის პროცედურა დასრულდება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

2. საქონელი, რომელზეც წარდგენილი ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 დღეში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

თავი XXVIII. რეექსპორტი

მუხლი 160. რეექსპორტის გამოყენება

1. რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2. უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება უცხო ქვეყნების ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით;

ბ) თავისუფალი ზონიდან პირდაპირ რეექსპორტირდება საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;

გ) დროებით შენახული საქონელი დასაწყობების ადგილიდან პირდაპირ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.

3. თუ დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შესაძლებელია იგი დაექვემდებაროს რეექსპორტს. ასეთ შემთხვევაში იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი და მისი რეექსპორტის შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი.

4. ამ მუხლია მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო აძლევს პირს უფლებას საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების (მათ შორის განადგურების მიზნით), ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში.

5. რეექსპორტისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

6. ამ კოდექსის 83-ე – 101-ე მუხლები ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზე.

მუხლი 161. რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა

1. თუ 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და არარსებობს გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის მიერ საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს რეექსპორტის შეტყობინება.

2. რეექსპორტის შეტყობინება უნდა შეიცავდეს თავისუფალი ზონის პროცედურის ან დროებითი შენახვის დასრულებისათვის აუცილებელ მონაცემებს.

3. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება რეექსპორტის შეტყობინების შესავსებად, თუ ასეთი სისტემა შეიცავს ამ შეტყობინებისათვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ პერიოდში.

4. საბაჟო ორგანომ შესაძლებელია რეექსპორტის შეტყობინების ნაცვლად დაუშვას შეტყობინების წარდგენა და შესაბამისად წვდომა რეექსპორტის შეტყობინებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე იმ პირის კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც წარადგენს რეექსპორტის შეტყობინებას.

5. რეექსპორტის შეტყობინების წარდგენის წესი, ვადები და შემთხვევები, როდესაც რეექსპორტის შეტყობინება საბაჟო ორგანოს არ წარედგინება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 162. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მისცეს უკვე წარდგენილ რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების განხორციელების უფლება.

2. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ რეექსპორტის შეტყობინების წარმდგენს აცნობა ამ შეტყობინებით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვა;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა წარდგენილი მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. თუ რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული საქონელი არ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული შეტყობინება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის შემდეგ.

4. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წიგნი IX

საბაჟო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა

თავი XXIX. ზოგადი დებულებები

მუხლი 163. საბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

2. საბაჟო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის.

3. საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.

4. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

5. თუ სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

6. ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა.

7. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.

8. საბაჟო სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირის მიმართ შეიძლება დადგეს, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

9. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იმავე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

10. საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას ან საბაჟო დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ:

ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა ამ სამართალდარღვევისათვის, გამოიყენება მოქმედი კანონი;

ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისათვის გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის მოქმედი კანონი;

გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან, ამ ქმედებისათვის სანქციის შეფარდებამდე/საბაჟო დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პასუხისმგებლობის ზომა ამ სამართალდარღვევისათვის რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა.

11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

12. პირს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

13. საბაჟო დეკლარაციაში შეტანილი არასწორი მონაცემის გამო, პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ:

ა) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის შესაბამისად;

ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული (გარდა მალულად გადაადგილებულისა) საქონლის საბაჟო ღირებულება არ აჭარბებს 15 000 ლარს და, ამასთანავე, არ აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს;

გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა გამოვლინდა საქონლის გაშვებამდე.

14. ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევისას პირს აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა ჩაითვლება აღსრულებულად.

15. ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

16. საბაჟო სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

17. ამ მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

18. შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში სადავო საგადასახადო დავალიანების) უზრუნველყოფის ღონისძიებები.

მუხლი 164. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო.

2. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი აფორმებს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს.

3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების თაობაზე. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

4. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას.

5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ ფორმდება:

ა) ამ კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთანავე, სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით;

ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმების აქტში.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, წყვეტს სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისათვის საბაჟო სანქციის დაკისრების შესახებ, რომელიც მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

7. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.

9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების, აგრეთვე, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი XXX. საბაჟო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა

მუხლი 165. დეკლარირების ვადის დარღვევა

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა –

იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

მუხლი 166. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო  იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, –

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3​. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4​. ამ მუხლის მე-3​ ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ანდა ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ანდა ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.

2. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით იქნა შემოტანილი.

მუხლი 167. იმპორტის გადასახდელის შემცირება

1. საბაჟო დეკლარაციაში იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა, ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 168. საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის (გარდა ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის) გადატანა ან გადმოტანა (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში ამ კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება.

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის) გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

5. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის) გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არ გამოიყენება, თუ საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არ გამოიყენება, თუ საქონლის სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 5 000 ლარს.

მუხლი 169. ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის უკანონო გადატანა და გადმოტანა

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით –

იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით –

იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტია.

მუხლი 170. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან კონტროლის ზონის დატოვება ან საბაჟო მარშრუტის დარღვევა

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა, ან მოძრაობისათვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა, –

იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 171. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა –

იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში დეკლარირების ვადის დარღვევისათვის ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება.

მუხლი 172. საქონლის დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა

1. საბაჟო პროცედურის განხორციელებამდე საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, –

იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის 10 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 173. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების შეცვლა

1. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 174. სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის შეუტყობინებლობა

1. ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა –

იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 175. დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა

საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, თუ მისი საბაჟო ორგანოში წარდგენა სავალდებულო არ არის, –

იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 176. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა –

იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

მუხლი 177. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა

1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება,

– იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

– იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 178. საბაჟო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა

1. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლის ანდა საბაჟო ფორმალობების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, საბაჟო ორგანოსთვის წარუდგენლობა –

იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე იმპორტი

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე იმპორტი −

იწვევს დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

წიგნი X

საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლება

თავი XXXI. ზოგადი დებულებები

მუხლი 180. ტერმინების განმარტება

ამ წიგნის მიზნისათვის:

ა) „პირადი საკუთრება“ არის ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისათვის ან მისი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. პირადი საკუთრება თავისი მახასიათებლებით ან ოდენობით არ უნდა მიანიშნებდეს მისი კომერციული მიზნისათვის შემოტანაზე. „პირად საკუთრებას“ განეკუთვნება:

ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი;

ა.ბ) ველოსიპედი, მოტოციკლი, პირადი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი, დასვენებისათვის გამიზნული ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება, იახტა და პირადი თვითმფრინავი;

ა.გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩვეულებრივი საოჯახო მოთხოვნილებებისათვის, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის განკუთვნილი პორტატული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა შესაბამისი პირისათვის მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ) „საყოფაცხოვრებო ნივთი“ არის პირადი მოხმარების საგანი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, ავეჯი და აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისათვის ან მისი საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;

გ) „ალკოჰოლიანი ნაწარმი“ არის საქონელი (ლუდი, ღვინო, ღვინის ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ბრენდი, ლიქიორი ან სპირტიანი სასმელები და ა.შ.), რომელიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 2203 – 2208 სასაქონლო პოზიციებში;

დ) შეღავათი – ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება.

თავი XXXII. საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლება

მუხლი 181. პირადი საკუთრების შემოტანა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლისას

1. ფიზიკური პირის მიერ პირადი საკუთრების შემოტანა, რომელიც საცხოვრებლად გადმოდის უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება პირის პირად საკუთრებაზე, რომელიც:

ა) იყო მის საკუთრებაში, ხოლო არასამომხმარებლო საქონლის შემთხვევაში – უცხო ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მომენტამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა მის სარგებლობაში;

ბ) ახალ საცხოვრებელ ადგილზე განკუთვნილია იმავე მიზნით მოხმარებისათვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება პირზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.

4. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:

ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე;

ბ) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე;

გ) კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე;

დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი საცხოვრებელი ადგილის დაფუძნებიდან (ცხოვრების უფლების მოპოვებიდან) 12 თვის განმავლობაში.

7. პირადი საკუთრება თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაიშვას რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

8. დაუშვებელია შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს თხოვების, უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე პირადი საკუთრების სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

10. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, იმპორტის გადასახადისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილი პირადი საკუთრება პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საცხოვრებლად შემოსავლამდე (ცხოვრების უფლების მოპოვებამდე), თუ პირი იღებს ვალდებულებას 6 თვის განმავლობაში დაფუძნდეს საცხოვრებლად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და საბაჟო ორგანოს წარუდგენს შესაბამის გარანტიას, რომლის ფორმა და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოტანილი საქონლისათვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა აითვლება ამ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან.

12. თუ, სამსახურებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, პირი ტოვებს უცხო ქვეყანას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი, ამავდროულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის დაფუძნების გარეშე, თუმცა დგინდება ასეთი ქმედების განზრახულობა, საბაჟო ორგანომ შეიძლება გაათავისუფლოს იმპორტის გადასახადისაგან პირადი საკუთრება, რომელიც პირს შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

13. მე-12 ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება ხორციელდება ამ მუხლის პირველი − მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) ამ მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები აითვლება პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან;

ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვადა აითვლება პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოვრების უფლების მინიჭებიდან.

14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გათავისუფლება შესაძლებელია თუ პირი წინასწარ აიღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში საცხოვრებლად დაფუძნების ვალდებულებას (ცხოვრების უფლების მინიჭება). ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტია, რომლის ფორმა და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

15. საბაჟო ორგანოს შეუძლია შეცვალოს (შეამსუბუქოს) ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით, ასევე მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ პირი განსაკუთრებული პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იცვლის საცხოვრებელ ადგილს.

    მუხლი 182. საქონლის შემოტანა ქორწინების შემთხვევაში

1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება პირის კუთვნილი მზითევი და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა, (განურჩევლად იმისა, არის თუ არა ეს საქონელი ახალი), თუ ეს პირი ქორწინების გამო უცხო ქვეყნიდან საცხოვრებლად გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობების შესაბამისად, უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირისაგან მიღებული საქორწინო საჩუქარი, რომელსაც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქორწინების გამო საცხოვრებლად გადმოსული პირი, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან. ამასთანვე, ერთი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება პირზე, რომელიც ასრულებს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა არ მიიღება მხედველობაში, თუ დგინდება, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში;

ბ) წარმოადგენს ქორწინებაში ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა:

ა) არაუადრეს ორი თვისა ქორწინების თარიღამდე (ამ შემთხვევაში სავალდებულოა გარანტიის წარმოდგენა, რომლის ფორმა და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ);

ბ) არაუგვიანეს ოთხი თვისა ქორწინების თარიღიდან.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაიშვას რამდენიმე სასაქონლო პარტიად, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადებში.

7. დაუშვებელია ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

მუხლი 183. მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „პირადი საკუთრება“ არის გარდაცვლილი პირის ნებისმიერი ქონება, რომელიც შეესაბამება ამ კოდექსის 180-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:

ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე;

ბ) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე;

გ) კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე;

დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა, რომელიც გარდაცვლილის მიერ გამოიყენებოდა საკუთარ ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად;

ე) ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმზე ან ნახევარფაბრიკატზე;

ვ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგზე, რომლის რაოდენობა აღემატება ოჯახის ჩვეულებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ოდენობას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება პირად საკუთრებაზე, რომელიც პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2 წლისა იმ მომენტიდან, როდესაც მან მიიღო უფლება ამ საკუთრებაზე (მემკვიდრეობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მომენტი). განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა.

5. პირადი საკუთრება შეიძლება შემოტანილ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში.

6. ამ მუხლის დებულებები შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანისას.

მუხლი 184. სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთების და შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნივთების შემოტანა

1. იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება სასწავლო პერიოდის განმავლობაში პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა, რომელიც წარმოადგენს მოსწავლის/სტუდენტის საცხოვრებლის ჩვეულებრივ ატრიბუტიკას და ეკუთვნის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სწავლის მიზნით დასარჩენად შემომსვლელ მოსწავლეს ან სტუდენტს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის:

ა) „მოსწავლე ან სტუდენტი“ არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ განყოფილებაზე რეგისტრირებული ნებისმიერი პირი;

ბ) „სასწავლო აღჭურვილობა“ არის ტანსაცმელი ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ეს ნივთი ახალი;

გ) „საგანმანათლებლო ნივთები“ არის ნივთი ან ხელსაწყო (კალკულატორის და საბეჭდი მანქანის ჩათვლით), რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება მოსწავლის ან სტუდენტის მიერ სასწავლო მიზნისათვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია სასწავლო წელში ერთხელ მაინც.

მუხლი 185. უმნიშვნელო ღირებულების სასაქონლო პარტიის შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლისაგან შემდგარი ნებისმიერი სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ეგზავნება მიმღებს საქართველოში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „უმნიშვნელო ღირებულების საქონელი“ ნიშნავს 300 ლარამდე ღირებულების სასაქონლო პარტიას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, სუნამოზე, ტუალეტის წყალზე, თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე.

მუხლი 186. ფიზიკური პირის მიერ მეორე ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით, სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფიზიკური პირის მიერ ეგზავნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირს, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან, თუ ეს სასაქონლო პარტია არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის, მიიჩნევა, რომ შემოტანილი სასაქონლო პარტია არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ სრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ა) სასაქონლო პარტია იგზავნება არარეგულარულად;

ბ) სასაქონლო პარტია შეიცავს მხოლოდ მიმღების ან მისი ოჯახის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს, რომელიც თავისი მახასიათებლებით ან ოდენობით არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

გ) გამგზავნის მიერ მიმღებს ეგზავნება კომპენსაციის გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება 100 ლარამდე ღირებულების თითოეულ სასაქონლო პარტიაზე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების ჩათვლით.

4. თუ რამდენიმე საქონლისაგან შემდგარი სასაქონლო პარტიის ღირებულება აღემატება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ლიმიტს, ამ ლიმიტის ფარგლებში იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება ის საქონელი, რომელიც ცალკე შემოტანისას იქნებოდა გათავისუფლებული იმპორტის გადასახადისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სასაქონლო ერთეულის ღირებულება არ შეიძლება დანაწევრდეს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათზე ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლისათვის სასაქონლო პარტიის მიხედვით ასევე ვრცელდება შემდეგი რაოდენობრივი შეზღუდვები:

ა) თამბაქოს ნაწარმი:

ა.ა) 50 ღერი სიგარეტი;

ა.ბ) 25 სიგარილა (სიგარა, რომლის წონა აღმატება 3 გრამს);

ა.გ) 10 სიგარა;

ა.დ) 50 გრამი მოსაწევი თამბაქო;

ა.ე) ან ჩამოთვლილი სხვადასხვა ნაწარმის პროპორციული ასორტიმენტი;

ბ) ალკოჰოლიანი სასმელი:

ბ.ა) ჯამურად ერთ ლიტრამდე მოცულობის დისტილაციის შედეგად მიღებული სასმელი და სპირტიანი ნაყენი, რომელშიც სპირტის შემცველობა აღემატება 22 მოც.%, ეთილის სპირტი არადენატურირებული სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% და მეტი;

ბ.ბ) ჯამურად ერთ ლიტრამდე მოცულობის დისტილაციის შედეგად მიღებული სასმელი, სპირტიანი ნაყენი, ღვინის ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ტაფია, საკე ან მსგავსი სასმელები, რომელშიც სპირტის შემცველობა აღემატება 22 მოც.%, ცქრიალა ღვინო, ლიქიორი;

ბ.გ) ან ჩამოთვლილი სხვადასხვა ნაწარმის პროპორციული ასორტიმენტი;

ბ.დ) ორ ლიტრამდე მოცულობის ღვინო (გარდა ცქრიალა ღვინოსი);

გ) 50 გრამამდე სუნამო ან 0.25 ლიტრამდე ტუალეტის წყალი.

მუხლი 187. უცხო ქვეყნიდან საქართველოში საქმიანობის გადმოტანისას ძირითადი საშუალების და სხვა აღჭურვილობის შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების შეუზღუდავად, საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალების და სხვა აღჭურვილობის შემოტანა, რომელიც წყვეტს საქმიანობას უცხო ქვეყანაში და ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს შემთხვევაში იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება ასევე ამ საწარმოს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივი (გარდა მცენარისა).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „საწარმო“ არის დამოუკიდებლად მოქმედი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს წარმოების ან მომსახურების სფეროში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებაზე და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც:

ა) ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოში, მის მიერ უცხო ქვეყანაში (საიდანაც გადმოიტანა საქმიანობა) საქმიანობის შეწყვეტამდე მინიმუმ 12 თვის განმავლობაში;

ბ) განკუთვნილია საქართველოში იმავე მიზნით გამოყენებისათვის;

გ) შეესაბამება საწარმოს მახასიათებლებს და ზომას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება საწარმოზე, თუ მისი გადმოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსთან შერწყმის ან მიერთების შედეგად ან ემსახურება ამ მიზანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს რეორგანიზაცია ხორციელდება ახალი საქმიანობის დაწყებისათვის.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:

ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არ არის განკუთვნილი მომსახურების გაწევისათვის ან წარმოების საშუალებად გამოყენებისათვის;

ბ) მარაგზე, რომელიც განკუთვნილია (გამოსადეგია) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ან ცხოველების საკვებად;

გ) საწვავზე, ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმზე ან ნახევარფაბრიკატზე;

დ) ცხოველებით მოვაჭრის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებაზე და აღჭურვილობაზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა ამ საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

7. დაუშვებელია ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. თუ არსებობს ამ თავით გათვალისწინებული შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, საბაჟო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 36 თვემდე.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი განათხოვრების, უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

9. ამ მუხლის დებულებები შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არაკომერციულ საქმიანობაში ჩართული იურიდიულ პირის ძირითადი საშუალებების ან სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ მას საქმიანობა გადმოაქვს უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

მუხლი 188. რეზიდენტი ფერმერის მიერ უცხო ქვეყანაში არსებულ საკუთრებაში მიღებული საქონლის შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე მეურნეობაში/ტერიტორიაზე მიღებული სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მებაღეობისა და მეტყევეობის პროდუქტის შემოტანა, თუ ამ მეურნეობის მართვას ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილია საქართველოს საბაჟო ტერიტორია.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მეცხოველეობის პროდუქტი მიღებული უნდა იყოს საქართველოში გაჩენილი და გაზრდილი ან საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ცხოველისაგან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელსაც არ გაუვლია რაიმე სახის დამუშავება, გარდა ისეთი დამუშავებისა, რაც ჩვეულებრივ თან ახლავს მათ მიღებას ან წარმოებას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე, რომელიც შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით.

5. ამ მუხლის დებულებები შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს და უცხო ქვეყნის საზღვარზე მდებარე ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეთევზის მიერ თევზჭერით ან მეთევზეობით მოპოვებულ პროდუქტზე და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მონადირის მიერ ასეთ ტბაში ან წყლის არხში ნადირობის ფარგლებში მოპოვებულ პროდუქტზე.

მუხლი 189. უცხო ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ სათესლე მასალის, სასუქის და სხვა საშუალებების შემოტანა საქართველოში მდებარე მეურნეობაში გამოსაყენებლად

1. ამ მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სათესლე მასალის, ნიადაგის და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქის და სხვა საშუალების შემოტანა საქართველოში მდებარე უცხო ქვეყნის უშუალოდ მომიჯნავე საკუთრებაში გამოსაყენებლად, თუ ამ მეურნეობის მართვას ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი მდებარეობს ამ უცხო ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მიმდებარედ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგის და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქის და სხვა საშუალების იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მეურნეობის საჭიროებისათვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგის და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქის და სხვა საშუალებაზე, რომელიც შემოტანილია პირდაპირ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საქონელი შესაძლებელია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდეს ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით.

მუხლი 190. მგზავრების პირადი ბარგის შემოტანა

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:

ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06− 12, 15− 21 ჯგუფებისა და 0302− 0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტის შემოტანა (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის შემოტანა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის;

გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) შემოტანა, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების შემოტანა, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის შემოტანა, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;

დ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების შემოტანა, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის შემოტანა, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

მუხლი 191. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მასალის, სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს და აპარატურის შემოტანა

1. იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალური წარმომადგენლობის მიერ წარმოებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების ვიზუალური ან აუდიომასალის შემოტანა (კერძოდ, ჰოლოგრამა ლაზერული პროექციისთვის, მულტიმედიური ნაკრები, მასალა პროგრამული ინსტრუქციისთვის, მათ შორის ბეჭდური მასალის შესაბამისი მასალის ნაკრები), მიუხედავად მისი მიმღებისა და ასეთი მასალის გამოყენების მიზნისა.

2. იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც განკუთვნილია საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურის დაწესებულებისათვის/ორგანიზაციისათვის, რომლის საქმიანობას აქვს საზოგადოებრივი ხასიათი;

ბ) საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების საკოლექციო ერთეული ან ხელოვნების ნიმუში, რომლის მიმღებია მუზეუმი, გალერეა ან სხვა მსგავსი დაწესებულება, და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.

3. ამ მუხლის მე-5 – მე-12 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყო და აპარატურა, რომელსაც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილი, თუ ის შემოტანილია არაკომერციული მიზნისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოზე და აპარატურაზე, რომელიც განკუთვნილია:

ა) საჯარო დაწესებულებისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) კერძო დაწესებულებისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება:

ა) კონკრეტულად სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს და აპარატურისათვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ მისი შემოტანა ხორციელდება იმ სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთდ, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი ან თუ მისი შემოტანა ხორციელდება მოგვიანებით და იდენტიფიცირდება, როგორც ამ ხელსაწყოსათვის ან/და აპარატურისათვის განკუთვნილი:

ა.ა) რომელიც მანამდე შემოტანილ იქნა შეღავათით, თუ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში ამ ხელსაწყოს და აპარატურას ისევ აქვს სამეცნიერო დანიშნულება; ან

ა.ბ) რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისაგან;

ბ) სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისათვის, კონტროლისათვის, დაკალიბრებისათვის ან შეკეთებისათვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ მისი შემოტანა ხორციელდება იმ სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი ან თუ მისი შემოტანა ხორციელდება მოგვიანებით და იდენტიფიცირდება, როგორც ამ ხელსაწყოსათვის ან/და აპარატურისათვის განკუთვნილი:

ბ.ა) რომელიც მანამდე შემოტანილ იქნა შეღავათით, თუ ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში ამ ხელსაწყოს და აპარატურას ისევ აქვს სამეცნიერო დანიშნულება; ან

ბ.ბ) რომელიც ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისაგან;

6. ამ მუხლის მე-3 – მე-5 ნაწილების მიზნისათვის:

ა) „სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყო და აპარატურა“ არის ნებისმიერი ხელსაწყო და აპარატურა, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებიდან და მისი ექსპლოატაციით მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ძირითადად განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობისათვის ან განკუთვნილია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობისათვის;

ბ) „არაკომერციული მიზნისათვის შემოტანილი“ ნიშნავს ისეთი სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს და აპარატურის შემოტანას, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო-კვლევისათვის ან საგანმანათლებლო დანიშნულებისათვის და ეს საქმიანობა არ ხორციელდება მოგების მიღების მიზნით.

7. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ცალკეულ ხელსაწყოსთან ან აპარატურასთან მიმართებით არ გაავრცელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თუ დადგინდა, რომ ასეთი ხელსაწყოს ან აპარატურის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება ზიანს მიაყენებს საქართველოს სამრეწველო ინტერესებს წარმოების კონკრეტულ სექტორში.

8. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის და სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს და აპარატურის, რომელიც იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდა ამ მუხლის მე-5 – მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობებით, თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

9. თუ ხორციელდება ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ დაწესებულების ან ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები დაწესებულება ან ორგანიზაცია საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის წინასწარ გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს თხოვების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

10. ამ მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ან რომელსაც განზრახული აქვს შეღავათით შემოტანილი საქონელი გამოიყენოს ზემოაღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს.

11. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

12. დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ამ მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

13. ამ მუხლის მე-7 – მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში ასევე გამოიყენება ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისათვის.

14. უცხო ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, ან მათი დავალებით მოწყობილობის არაკომერციული მიზნისათვის შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.

15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება, თუ მოწყობილობა:

ა) ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულების ან ორგანიზაციის წევრის ან წარმომადგენლის თანხმობით განკუთვნილია სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ იმ შეთანხმების ფარგლებში გამოსაყენებლად, რომლის მიზანია საერთაშორისო კვლევითი პროგრამის განხორციელება საქართველოში დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში.

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში რჩება უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში.

16. ამ მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 – 22-ე ნაწილების მიზნისათვის:

ა) „მოწყობილობა“ არის სამეცნიერო-კვლევისათვის გამოყენებული ინსტრუმენტი, აპარატურა, მანქანა-დანადგარი ან/და მისი აქსესუარი, მათ შორის, სათადარიგო ნაწილი და ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად მისი ტექნიკური მომსახურებისათვის, კონტროლისათვის, დაკალიბრებისათვის ან შეკეთებისათვის;

ბ) „არაკომერციული მიზნისათვის შემოტანილად“ ნიშნავს იმ სამეცნიერო-კვლევების ჩასატარებლად განკუთვნილ მოწყობილობას, რომლის მიზანს არ წარმოადგენს მოგების მიღება.

17. დაუშვებელია ამ მუხლის მე-14 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი მოწყობილობის თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

18. თუ ხორციელდება პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოწყობილობის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ დაწესებულების ან ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლის მე-14 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ ხელსაწყოს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ამ შეღავათით სარგებლობის უფლებას.

19. ამ მუხლის მე-3 – მე-5 ნაწილებით გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ მოწყობილობაზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის წინასწარი გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე მოწყობილობის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

20. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც აღარ ასრულებს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელ პირობებს ან რომელსაც განზრახული აქვს შეღავათით შემოტანილი მოწყობილობა გამოიყენოს ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოს.

21. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მოწყობილობა, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს პირობების შესრულების შეწყვეტის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

22. ამ მუხლის მე-3 – მე-5 ნაწილებით გათვალისწინებით დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ამ მუხლის მე-14 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული მოწყობილობა ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, გამომდინარე მოწყობილობის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

მუხლი 192. კვლევისათვის განკუთვნილი ლაბორატორიული ცხოველების, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებების შემოტანა

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ლაბორატორიაში გამოყენებისათვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხით გათვალისწინებული ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერება, რომლის შემოტანა ხორციელდება არაკომერციული მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულების იმ ხელსაწყოზე და აპარატურაზე, რომელიც განკუთვნილია:

ა) საჯარო დაწესებულებისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) კერძო დაწესებულებისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

3. პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხა შეიძლება ასევე მოიცავდეს იმ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ეკვივალენტური პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის და რომელიც, მისი განსაკუთრებული მახასიათებლებიდან ან ხარისხიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეცნიერო-კვლევისათვის.

მუხლი 193. ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერებების და სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი და ქსოვილების ტიპირების რეაგენტების შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების შემოტანა;

ბ) სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტის შემოტანა;

გ) ქსოვილის ტიპირების რეაგენტის შემოტანა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის:

ა) „ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება“ არის ადამიანის სისხლი და მის დერივატები (ადამიანის მთლიანი სისხლი, ადამიანის მშრალი პლაზმა, ადამიანის ალბუმინი, ადამიანის პლაზმის ცილების სტაბილიზირებული ხსნარი, ადამიანის იმუნოგლობულინი და ადამიანის ფიბრინოგენი);

ბ) „სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური მცენარეული ან სხვა წარმოშობის ნებისმიერ რეაგენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის ჯგუფის და სისხლის შეუთავსებლობის დასადგენად;

გ) „ქსოვილის ტიპირების რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური მცენარეული ან სხვა წარმოშობის ნებისმიერი რეაგენტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ქსოვილის ტიპირებისათვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე:

ა) რომელიც განკუთვნილია შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ინსტიტუტის და ლაბორატორიისათვის, მხოლოდ არაკომერციული სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რომელსაც თან ახლავს გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

გ) განთავსებულია სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ეტიკეტით მარკირებულ კონტეინერებში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების, სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტის, ქსოვილის ტიპირების რეაგენტის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელ შესაფუთ მასალაზე და ასევე მისი გამოყენებისათვის საჭირო ნებისმიერ გამხსნელზე და აქსესუარზე, რომელიც შეიძლება იყოს სასაქონლო პარტიის ნაწილი.

მუხლი 194. სამედიცინო კვლევისათვის, სამედიცინო დიაგნოსტირების

ან სამედიცინო მკურნალობისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების და აპარატურის შემოტანა

1. იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო კვლევისათვის, სამედიცინო დიაგნოსტირების ან სამედიცინო მკურნალობისათვის განკუთვნილი ხელსაწყოს და აპარატურის შემოტანა, რომელიც შეწირულია ფიზიკური პირის, საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ, საავადმყოფოსათვის, ჯანდაცვის ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებისათვის. იმპორტის გადასახადისაგან ასევე გათავისუფლებულია ხელსაწყო და აპარატურა, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს, ჯანდაცვის ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ შეწირული თანხით ან ნებაყოფლობითი შენატანებით, თუ სრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ა) ხელსაწყოს და აპარატურის შეწირვა არ შეიცავს შემომწირველისათვის რაიმე კომერციულ მიზანს;

ბ) შემომწირველს არ აქვს რაიმე სახის კავშირი იმ ხელსაწყოს და აპარატურის მწარმოებელთან, რომელზეც უნდა გავრცელდეს შეღავათი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოს და აპარატურისათვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ მისი შემოტანა ხორციელდება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი, ან თუ მისი შემოტანა ხორციელდება მოგვიანებით და იდენტიფიცირდება როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსათვის ან/და აპარატურისათვის განკუთვნილი;

ბ) ხელსაწყოს და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისათვის, კონტროლისათვის, დაკალიბრებისათვის ან შეკეთებისათვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ მისი შემოტანა ხორციელდება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი ან თუ მისი შემოტანა ხორციელდება მოგვიანებით და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსათვის ან/და აპარატურისათვის განკუთვნილი.

3. ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-7 – მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში ასევე გამოიყენება ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან და შეწირულობის მიმღებთან მიმართებით.

მუხლი 195. სამედიცინო პროდუქციის ხარისხის კონტროლისათვის განკუთვნილი ეტალონური პრეპარატების შემოტანა

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც შეიცავს სამედიცინო პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული მასალის ხარისხის კონტროლისათვის საჭირო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ეტალონური პრეპარატის ნიმუშს.

მუხლი 196. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე გამოყენებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფარმაცევტული პროდუქტი, განკუთვნილი ადამიანის ან/და ცხოველის სამედიცინო მოხმარებისათვის, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ყოფნის განმავლობაში მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 197. საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციების და სახელმწიფო ორგანოების მიერ საქონლის შემოტანა

1. ამ მუხლის მე-3 – მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და თუ ეს არ გამოიწვევს კონკურენციის წესების ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) პირველადი დანიშნულების საგანი, რომელიც შემოტანილია სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად;

ბ) სახელმწიფო ორგანოსათვის, საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ, გამომგზავნის რაიმე კომერციული მიზნის გარეშე გამოგზავნილი ნებისმერი საქონელი, არარეგულარული საქველმოქმედო ღონისძიებისათვის, რომლის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე პირისათვის სახსრების შეგროვება;

გ) საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ, გამომგზავნის რაიმე კომერციული მიზნის გარეშე გამოგზავნილი მოწყობილობა და საკანცელარიო ნივთი, რომელიც საჭიროა საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის ფუნქციის შესასრულებლად ან მისი საქველმოქმედო ან ფილანთროპიული მიზნისათვის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „პირველადი დანიშნულების საგანი“ არის საქონელი, რომელიც აუცილებელია ადამიანის გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, საკვები, მედიკამენტი, ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:

ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე;

ბ) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე;

გ) ყავაზე და ჩაიზე;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანისა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო ან ფილანთროპიულ საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს შეღავათით დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის, იმავე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

6. თუ ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს შეღავათით ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები ორგანიზაცია საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის წინასწარ გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ან რომელსაც განზრახული აქვს შეღავათით შემოტანილი საქონელი გამოიყენოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოს.

8. იმ ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შესრულებას, ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

9. იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, გამომდინარე მოწყობილობის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

მუხლი 198. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა

1. მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შემდგომში – უსინათლო პირი) განათლებისათვის, სამეცნიერო ან კულტურულ განვითარებისათვის სპეციალურად დამზადებული საქონლის შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, თუ ის შემოტანილია:

ა) უსინათლო პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის;

ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც ახორციელებს უსინათლო პირისათვის განათლების მიცემას ან დახმარების გაწევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლისათვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, ასევე მისი ტექნიკური მომსახურებისათვის, კონტროლისათვის, დაკალიბრებისათვის ან შეკეთებისათვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ მისი შემოტანა ხორციელდება იმ საქონელთან ერთად რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი ან თუ მისი შემოტანა ხორციელდება მოგვიანებით და იდენტიფიცირდება როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისათვის განკუთვნილი ან განკუთვნილი იმ საქონლისათვის, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე, აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისაგან.

3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, გარდა უსინათლო პირისა, განათლებისათვის, სამუშაო პირობების შექმნისათვის ან სოციალური ადაპტაციისათვის სპეციალურად დამზადებული საქონელი იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, თუ ის შემოტანილია:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის;

ბ) დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის განათლების მიცემა ან დახმარების გაწევა.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება ამავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისათვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, ასევე მათი ტექნიკური მომსახურებისათვის, კონტროლისათვის, დაკალიბრებისათვის ან შეკეთებისათვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ მისი შემოტანა ხორციელდება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი ან თუ მისი შემოტანა ხორციელდება მოგვიანებით და იდენტიფიცირდება როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისათვის განკუთვნილი ან განკუთვნილი იმ საქონლისათვის, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე, აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისაგან.

5. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ცალკეულ საქონელთან მიმართებით არ გაავრცელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თუ დადგინდა, რომ ასეთი საქონლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება ზიანს მიაყენებს საქართველოს სამრეწველო ინტერესებს წარმოების კონკრეტულ სექტორში.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი უსინათლო ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადი სარგებლობის ნივთზე ვრცელდება, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული პირი ჩაითვლება ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე უსინათლო ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად.

7. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირის მიერ შეღავათით შემოტანილი საქონლის, თხოვება ან გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

8. თუ ხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ პირისათვის, დაწესებულებისათვის ან ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლის პირველი – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის წინასწარ გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი განათხოვრების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტში საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

9. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი, რომელსაც ამ მუხლის პირველი – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად უფლება აქვს ისარგებლოს შეღავათით, შესაძლებელია ამ დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ არაკომერციული მიზნით შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე ათხოვოს ან გააქირაოს ან სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადასცეს იმ უსინათლო ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელთანაც დაკავშირებულია მათი საქმიანობა.

10. დაუშვებელია პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით თხოვება, გაქირავება ან გადაცემა საბაჟო ორგანოსათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

11. თუ ხორციელდება პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ პირისათვის, დაწესებულებისათვის ან ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის წინასწარ გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი განათხოვრების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

12. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ან რომელსაც განზრახული აქვს შეღავათით შემოტანილი საქონელი გამოიყენოს აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს.

13. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

14. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ამ მუხლის პირველი – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

მუხლი 199. კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირების დასახმარებლად საქონლის შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი, რომელიც განკუთვნილია:

ა) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად;

ბ) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისათვის უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადასაცემად, თუ სარგებლობის პერიოდში საქონელი რჩება აღნიშნული ორგანიზაციის ან სახელმწიფოს საკუთრებაში.

2. კატასტროფის ან სტიქიური უბედურების დროს დახმარების უზრუნველმყოფი სამსახურის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ მათივე აქტივობების განსახორციელებლად საჭირო საქონელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ამავე ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად განკუთვნილ მასალებზე ან/და აღჭურვილობაზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი, ამავე მუხლით დადგენილ საქონელზე მოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის და პირობების შესაბამისად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო ან ფილანთროპიულ საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს შეღავათით, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის, ამავე მუხლით დადგენილი პირობებისაგან განსხვავებული პირობებით თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

7. თუ ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომლებიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა ხორციელდება შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის შემდგომ იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

8. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის, რომელიც აღარ გამოიყენება კატასტროფის შედეგად დაზარალებული პირის მიერ, თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

9. თუ ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით, ან საჭიროების შემთხვევაში იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა ხორციელდება შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის შემდგომ იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

10. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ორგანიზაცია ან სამსახური, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ან რომელსაც განზრახული აქვს შეღავათით შემოტანილი საქონელი გამოიყენოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოს.

11. თუ ხორციელდება იმ ორგანიზაციის ან სამსახურის მფლობელობაში დარჩენილი საქონლის, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შესრულებას, გადაცემა ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით, ან საჭიროების შემთხვევაში იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას.

12. იმ ორგანიზაციის ან სამსახურის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

მუხლი 200. ორდენის ან ჯილდოს შემოტანა

შესაბამისი პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის სათანადო მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში და თუ საქონლის შემოტანას არ გააჩნია კომერციული მიზანი, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირისათვის უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გადაცემული ორდენი;

ბ) სიმბოლური დატვირთვის მქონე თასი, მედალი და მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჯილდოს სახით გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს მის მიერ ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის სფეროში ან საჯარო სამსახურში გაწეული საქმიანობისათვის ან კონკრეტული დამსახურების აღიარების ნიშნად და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია თვით ამ პირის მიერ;

გ) სიმბოლური დატვირთვის მქონე თასი, მედალი და მსგავსი ნივთები, რომელიც უცხო სახელმწიფოს მიერ ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებული პირის მიერ უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო;

დ) სიმბოლური დატვირთვისა და მცირე ღირებულების მქონე ჯილდო, პრიზი ან სუვენირი, რომელიც განკუთვნილია კონფერენციის ან ანალოგიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, თუ მისი საცალო ღირებულება და სხვა მახასიათებლები არ მიუთითებს მისი შემოტანის კომერციულ მიზანზე.

მუხლი 201. საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა

1. ამ მუხლის და სათანადო შემთხვევაში ამ კოდექსის 190-ე მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქონელი, რომელიც:

ა) შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმ პირის მიერ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში და რომელმაც ეს საქონელი აღნიშნულ ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებისაგან მიიღო საჩუქრის სახით;

ბ) შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმ პირის მიერ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და რომელსაც ეს საქონელი შემოაქვს აღნიშნულ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისათვის საჩუქრის სახით გადასაცემად;

გ) გამოგზავნილია საჩუქრის სახით მეგობრობის და კეთილი ნების ნიშნად, უცხო ქვეყნის ოფიციალური ორგანოს, საჯარო დაწესებულების ან ჯგუფის მიერ, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივ ინტერესებს და რომელიც განკუთვნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ ოფიციალურ ორგანოსათვის, საჯარო დაწესებულებისათვის ან ჯგუფისათვის, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივ ინტერესებს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება, თუ სრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ა) საჩუქრად განკუთვნილი საქონლის შემოტანა ხორციელდება არასისტემატიურად;

ბ) საქონელი თავისი მახასიათებლებით, ღირებულებით ან ოდენობით არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

გ) საქონელი არ გამოიყენება კომერციული მიზნისათვის.

მუხლი 202. სახელმწიფოს მეთაურთა სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა

1. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით და ოდენობის ფარგლებში იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურისათვის განკუთვნილი საჩუქრის შემოტანა;

ბ) საქონლის შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურის, ან მათი ოფიციალური წარმომადგენლის სარგებლობისათვის ან მოხმარებისათვის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში. აღნიშნული შეღავათი მოქმედებს ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება პირზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე სარგებლობს მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივებით.

მუხლი 203. საქონლის შემოტანა ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით

1. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქონლის ნიმუშის შემოტანა, რომელიც უმნიშვნელო ღირებულებისაა და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის წასახალისებლად, რომლის საჩვენებლადაც არის შემოტანილი აღნიშნული ნიმუში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დანაწევრებით, გახვრეტით, თვალსაჩინო და წაუშლელი ნიშანდებით ან სხვა საშუალებით ნიმუშის სამუდამოდ უსარგებლო მდგომარეობაში მოყვანა, თუ აღნიშნული ქმედება არ გამოიწვევს ნიმუშის სადემონსტრაციო მახასიათებლების მოსპობას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „საქონლის ნიმუში“ არის ნებისმიერი ნივთი, რომელიც წარმოადგენს იმავე ხარისხის და მახასიათებლების მქონე საქონლის ერთეულს და რომლის დემონსტრირების მეთოდი და ოდენობა გამორიცხავს მათ გამოყენებას სხვა მიზნით, გარდა შეკვეთის მიღებისა.

4. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ბეჭდური სარეკლამო მასალა, როგორიცაა კატალოგი, ფასების ჩამონათვალი, გამოყენების ინსტრუქცია ან ბროშურა, თუ შემოსატანი მასალა დაკავშირებულია:

ა) გასაყიდ ან გასაქირავებელ საქონელთან;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირის მიერ შემოთავაზებულ ტრანსპორტირების, დაზღვევის ან საბანკო მომსახურებასთან;

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ბეჭდურ სარეკლამო მასალაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბეჭდურ მასალაზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს გამოსახული იმ კომპანიის სახელწოდება, რომელიც აწარმოებს, ყიდის ან აქირავებს იმ საქონელს ან ახდენს იმ მომსახურების შეთავაზებას, რომელთა რეკლამირება ხორციელდება ამ მასალებით;

ბ) ბეჭდური მასალა არ შეიძლება გაიგზავნოს ერთი გამომგზავნის მიერ ერთი მიმღებისათვის რამდენიმე პარტიად.

6. იმპორტის გადასახადისაგან ასევე გათავისუფლებულია მიმწოდებლის მიერ თავისი მომხმარებლისათვის უსასყიდლოდ გაგზავნილი რეალური კომერციული ღირებულების არმქონე სარეკლამო დანიშნულების ნივთი, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული სხვა დანიშნულებით, გარდა სარეკლამო დანიშნულებისა.

7. ამ მუხლის მე-10 – მე-13 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წარმოებული საქონლის მცირე ზომის სადემონსტრაციო ნიმუში, რომელიც განკუთვნილია გამოფენა-გაყიდვაზე ან მსგავს ღონისძიებაზე გამოყენებისათვის ან მოხმარებისათვის;

ბ) მხოლოდ ჩვენების მიზნით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წარმოებული მანაქანა-დანადგარის და აპარატურის დემონსტრირებისათვის შემოტანილი საქონელი, რომელიც წარდგენილია გამოფენა-გაყიდვის ან მსგავსი ღონისძიების ფარგლებში;

გ) მცირე ღირებულების სხვადასხვა მასალა, როგორიცაა საღებავი, ლაქი, და სხვა, გამოყენებული უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ გამოფენა-გაყიდვაზე ან მსგავს ღონისძიებაზე, იმ დროებითი სტენდის ასაშენებლად, დასამონტაჟებლად ან გასაფორმებლად, რომელიც ექვემდებარება გამოყენების შემდგომ განადგურებას;

დ) უსასყიდლოდ მიწოდებული ბეჭდური მასალა, კატალოგი, სარეკლამო პროსპექტი, ფასების ჩამონათვალი, სარეკლამო პლაკატი, კალენდარი, ფოტოსურათები ჩარჩოს გარეშე და სხვა სახის საქონელი, რომელიც რეკლამას უწევს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წარმოებულ და გამოფენა-გაყიდვის ან მსგავსი ღონისძიების ფარგლებში წარდგენილ საქონელს.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის მიზნისათვის „გამოფენა-გაყიდვა ან მსგავსი ღონისძიება“ ნიშნავს:

ა) გამოფენას, ბაზრობას, ჩვენებას და მსგავს ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, წარმოებასთან, სოფლის მეურნეობასთან ან კუსტარულ ხელოსნობასთან;

ბ) უმთავრესად საქველმოქმედო მიზნით ჩატარებულ გამოფენას ან ღონისძიებას;

გ) უმთავრესად მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან, განათლებასთან, კულტურასთან, სპორტთან, რელიგიასთან, ღვთისმსახურებასთან, ტექნიკასთან, კუსტარულ ხელოსნობასთან, ტურიზმთან, პროფესიული კავშირების საქმიანობასთან დაკავშირებულ ან საერთაშორისო ურთიერთგაგების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ გამოფენას ან ღონისძიებას;

 დ) საერთაშორისო ორგანიზაციების ან სხვა ტიპის გაერთიანებების წარმომადგენლების შეხვედრას;

ე) ოფიციალურ ან ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას და შეკრებას.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჩამონათვალი არ მოიცავს სავაჭრო მოედანზე ან შენობა-ნაგებობაში უცხოური საქონლის გასაყიდად კერძო მიზნით გამართულ გამოფენას.

10. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ ნიმუშზე, რომელიც:

ა) შემოტანილია უსასყიდლოდ, ასევე მსგავსი საქონელი, რომელიც შემოტანილია ან მიღებულია გამოფენაზე უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საბითუმო პარტიიდან;

ბ) უსასყიდლოდ დარიგებულია გამოფენაზე დამსწრე იმ პირისათვის გამოსაყენებლად ან მოსახმარებლად, რომელსაც ის შესთავაზეს;

გ) სარეკლამო დანიშნულებისაა და აქვს დაბალი ღირებულება;

დ) არ ექვემდებარება მარტივად რეალიზაციას და საჭიროების შემთხვევაში შეფუთულია იმგვარად, რომ მოცემული ნიმუშში საქონლის ოდენობა უფრო ნაკლებია ვიდრე ბაზარზე გასაყიდი ანალოგიური საქონლის უმცირესი შეფუთვა;

ე) კვების პროდუქტი და სასმელი, რომელიც არ არის შეფუთული ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და რომელიც განკუთვნილია გამოფენაზე მოხმარებისათვის;

ვ) თავისი ჯამური ღირებულებით და ოდენობით შეესაბამება გამოფენის ხასიათს, დამთვალიერებლების რაოდენობასა და ექსპონენტის (გამომფენის) მონაწილეობის მასშტაბს.

11. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენება, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) საქონელი მოიხმარება და ნადგურდება გამოფენაზე;

ბ) საქონელი ჯამური ღირებულებით და ოდენობით შეესაბამება გამოფენის ხასიათს, დამთვალიერებლების რაოდენობასა და ექსპონენტის (გამომფენის) მონაწილეობის მასშტაბს.

12. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის რეკლამირებისათვის განკუთვნილ იმ ბეჭდურ მასალაზე და ნივთზე, რომელიც:

ა) გავრცელებულია უსასყიდლოდ დამსწრე პირებისათვის გამოფენის ჩატარების ადგილზე;

ბ) ჯამური ღირებულებით და ოდენობით შეესაბამება გამოფენის ხასიათს, დამთვალიერებლების რაოდენობასა და ექსპონენტის (გამომფენის) მონაწილეობის მასშტაბს.

13. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:

ა) ალკოჰოლიან სასმელზე;

ბ) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე;

გ) საწვავზე მყარ, თხევად ან აირის მდგომარეობაში.

მუხლი 204. ცდის, ანალიზისა ან ტესტირების მიზნებისათვის საქონლის შემოტანა

1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქონელი, რომელიც ექვემდებარება გამოცდას, ანალიზს ან ტესტირებას, მისი შემადგენლობის, ხარისხის ან სხვა ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად, თუ აღნიშნული ოპერაციები ხორციელდება ინფორმაციის მიღების მიზნით ან სამრეწველო ან სავაჭრო კვლევის მიზნისათვის.

2. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება საქონელი, თუ ცდას, ანალიზს ან ტესტირებას დაქვემდებარებული საქონელი მთლიანად იქნება გამოყენებული ან განადგურებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესი თავის თავში მოიცავს ამ საქონლის გაყიდვების ხელშეწყობის ოპერაციებს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის მხოლოდ იმ ოდენობაზე, რაც საჭიროა იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც ხორციელდება მისი შემოტანა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელიც სრულად არ გამოიყენება ან არ ნადგურდება ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში, თუ დარჩენილი პროდუქტი:

ა) სრულად განადგურდება ან დაკარგავს კომერციულ ღირებულებას ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ;

ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში;

გ) განსაკუთრებული გარემოებების გამო გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნისათვის, „დარჩენილი პროდუქტი“ არის ცდის, ანალიზის ან ტესტირების შედეგად მიღებული პროდუქტი ან საქონელი, რომელიც ფაქტობრივად არ იქნა გამოყენებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების დროს.

7. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, დარჩენილი პროდუქტი აქციოს ნარჩენად ან/და ჯართად. ამ შემთხვევაში, დაბეგვრა მოხდება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთ ნარჩენზე ან/და ჯართზე, ნარჩენად ან/და ჯართად ქცევის მომენტში.

8. კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს ცდა, ანალიზი ან ტესტირება, ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ფორმალობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საქონლის წინასწარ განსაზღვრული მიზნით გამოყენება.

მუხლი 205. საავტორო უფლებების ან სამრეწველო და სავაჭრო პატენტის დამცველი ორგანიზაციისათვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სავაჭრო ნიშანი, ნიმუში და დიზაინის პროექტი და მათი თანმხლები დოკუმენტი, ისევე როგორც განაცხადი გამოგონების პატენტის გასაცემად და მსგავსი დოკუმენტი, რომელიც წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიული პირს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (საქპატენტი).

მუხლი 206. საცნობარო ლიტერატურა ტურიზმის შესახებ

191-ე მუხლის პირველი – მე-13 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) დოკუმენტის (სარეკლამო ფურცელი, ბროშურა, წიგნი, ჟურნალი, გზამკვლევი, პლაკატი ჩარჩოთი ან მის გარეშე, ფოტოსურათი ჩარჩოს გარეშე და გადიდებული ფოტოსურათი, რუკა ილუსტრირებული ან მის გარეშე, მინაზე გასაკრავი გამჭირვალე პლაკატი და ილუსტრირებული კალენდარი) შემოტანა, განკუთვნილი უსასყიდლოდ გასავრცელებლად, რომლის ძირითადი მიზანია წაახალისოს საზოგადოების უცხო ქვეყანაში ვიზიტი, კერძოდ, კულტურულ, ტურისტულ, სპორტულ, რელიგიურ, სავაჭრო ან პროფესიულ შეხვედრაზე ან ღონისძიებაზე დასწრება, თუ თვალსაჩინოა ასეთი ლიტერატურის სარეკლამო ხასიათი და ის შეიცავს არაუმეტეს 25%-ისა (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციულ სარეკლამო მასალას;

ბ) ოფიციალური ტურისტული სააგენტოების მიერ ან მათი ეგიდით გამოცემული უცხოური სასტუმროების ჩამონათვალი და ყოველწლიური ცნობარი, და უცხოეთში სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის განრიგი, თუ ასეთი ლიტერატურა განკუთვნილია უსასყიდლოდ გასავრცელებლად და ის შეიცავს არაუმეტეს 25%-ისა (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციულ სარეკლამო მასალას;

გ) ოფიციალური ეროვნული ტურისტული სააგენტოს მიერ აკრედიტებული წარმომადგენლისათვის ან დანიშნული აგენტებისათვის მიწოდებული საცნობარო მასალა, რომელიც განკუთვნილი არ არის გასავრცელებლად, სახელდობრ, ყოველწლიური ცნობარი, ტელეფონის ან ტელექსის ნომრების ჩამონათვალი, სასტუმროების ჩამონათვალი, გამოფენა-გაყიდვების კატალოგი, უმნიშვნელო ღირებულების ხელნაკეთი ნივთის ნიმუში და მუზეუმების, უნივერსიტეტების, გამაჯანსაღებელი და მსგავსი დაწესებულებების შესახებ ლიტერატურა.

მუხლი 207. სხვადასხვა დოკუმენტები და ნივთები

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) საჯარო დაწესებულებისათვის უსასყიდლოდ გამოგზავნილი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მთავრობის ან ოფიციალური საერთაშორისო ორგანოს პუბლიკაციის შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უსასყიდლოდ გავრცელებისათვის;

გ) ბიულეტენის შემოტანა არჩევნებისათვის, რომელიც ორგანიზებულია უცხო ქვეყნის დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ;

დ) მტკიცებულების სახით ან მსგავსი მიზნით სასამართლოსათვის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებისათვის წარსადგენი ნივთის შემოტანა;

ე) ხელმოწერის ნიმუშის ან ხელმოწერასთან დაკავშირებული ნაბეჭდი ცირკულარის შემოტანა, გამოგზავნილი ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში სახელმწიფო ან საბანკო დაწესებულებებს შორის;

ვ) ეროვნული ბანკისათვის გამოგზავნილი ოფიციალური ბეჭდური მასალის შემოტანა;

ზ) უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ მომზადებული მოხსენების, ანგარიშის, შენიშვნის, პროსპექტის, განაცხადის ფორმის ან სხვა დოკუმენტის შემოტანა, რომელიც გამოგზავნილია ამავე კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელების ან ხელმომწერებისათვის;

თ) ინფორმაციის მატარებლის (პერფორირებული ბარათი, ხმის ჩანაწერი, მიკროფირი ა.შ.) შემოტანა, რომელიც გამოიყენება ადრესატისათვის უსასყიდლოდ გაგზავნილი ინფორმაციის გადასაცემად, თუ ეს შეღავათი არ იქნება ბოროტად გამოყენებული ან ამ შეღავათით არ დაირღვევა კონკურენციის წესები;

ი) ფაილის, არქივის, ნაბეჭდი ბლანკის და სხვა დოკუმენტის შემოტანა საერთაშორისო შეხვედრაზე, კონფერენციაზე ან კონგრესზე გამოსაყენებლად, ასევე ასეთი შეკრებების შესახებ მომზადებული ანგარიშის შემოტანა;

კ) გეგმის, ტექნიკური ნახაზის, სქემის, აღწერილობის და სხვა მსგავსი დოკუმენტის შემოტანა, რომელიც შემოტანილია უცხო ქვეყანაში შეკვეთის მისაღებად ან შესასრულებლად ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

ლ) უცხო ქვეყანაში დაფუძნებული დაწესებულების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოცდებში გამოსაყენებელი დოკუმენტის შემოტანა;

მ) ნაბეჭდი ბლანკის შემოტანა, რომელიც გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტად საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან საქონლის საერთაშორისო გადაადგილებისას;

ნ) უცხო ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიის ან სასტუმრო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული ტურისტული სააგენტოსათვის გამოგზავნილი ნაბეჭდი ბლანკის, ეტიკეტის, ბილეთის და მსგავსი დოკუმენტის შემოტანა;

ო) გამოყენებული ნაბეჭდი ბლანკის და ბილეთის, კონოსამენტის, ზედნადების და სხვა კომერციული ან ოფისისათვის განკუთვნილი დოკუმენტის შემოტანა;

პ) უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ნაბეჭდი ბლანკის და უცხო ქვეყნის ასოციაციის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე შესაბამისი ასოციაციისათვის გასავრცელებლად გაგზავნილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბეჭდური მასალის შემოტანა;

ჟ) საინფორმაციო სააგენტოსათვის, გაზეთისათვის ან ჟურნალების გამომცემლობისათვის გამოგზავნილი ფოტოსურათის, დიაპოზიტივის ან ფოტოსურათებისათვის სტანდარტული პასპარტუს (წარწერით ან მის გარეშე) შემოტანა;

რ) საგადასახადო და მსგავსი დანიშნულების მარკის შემოტანა, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყანაში გადასახდელების გადახდის ფაქტს.

მუხლი 208. დამხმარე მასალები ტრანსპორტირებისას საქონლის შესაფუთად ან დასაცავად

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სხვადასხვა სახის მასალის (როგორიცაა თოკი, თივა, ტილო, ქაღალდი, მუყაო, ხე ან პლასტმასი) შემოტანა, რომელიც ერთჯერადად გამოიყენება საქონლის შესაფუთად ან დასაცავად, მათ შორის, სითბური დაცვისათვის, მისი უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისას.

მუხლი 209. ცხოველების ტრანსპორტირებისას გამოყენებული ქვეშსაგები, ფურაჟი და საკვები

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ნებისმიერი სახის ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველთა სხვა სახის საკვების შემოტანა, განთავსებული უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველის გადამყვანი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე, თუ ეს საქონელი გამოიყენება მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირებისას.

მუხლი 210. სახმელეთო ტრანსპორტსა და სპეციალურ კონტეინერში არსებული საწვავი და საპოხი საშუალება

1. ამ მუხლის მე-2 – მე-7 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) საწვავის შემოტანა, რომელიც განთავსებულია:

ა.ა) კერძო ან კომერციული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან მოტოციკლის სტანდარტულ ავზში;

ა.ბ) სპეციალური კონტეინერის სტანდარტულ ავზში;.

ბ) პორტატულ ავზში განთავსებული საწვავის შემოტანა, რომელიც შემოიტანება კერძო მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ან მოტოციკლით, არაუმეტეს 10 ლიტრი საწვავისა თითოეულ ტრანსპორტზე, საწვავის შენახვისა და ტრანსპორტირების კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის:

ა) „კომერციული სატრანსპორტო საშუალება“ არის:

ა.ა) ნებისმიერი ძრავიანი საგზაო ტრანსპორტი (მათ შორის, ტრაქტორი, მისაბმელით ან მის გარეშე), რომელსაც მისი კონსტრუქციის ტიპიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, შექმნილია და შეუძლია ანაზღაურებით ან მის გარეშე გადაიყვანოს ცხრა ადამიანზე მეტი მძღოლის ჩათვლით ან გადაზიდოს საქონელი;

ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი სპეციალური დანიშნულების საგზაო ტრანსპორტი;

ბ) „კერძო სატრანსპორტო საშუალება“ არის ნებისმიერი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, გარდა „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა;

გ) „სტანდარტული ავზი“ არის:

გ.ა) ავზი, რომელიც დამონტაჟებულია დამამზადებლის მიერ მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას, როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ასევე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან სხვა მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისათვის;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირის ავზი, რომელიც საშუალებას იძლევა მასში განთავსებული აირი გამოყენებულ იქნეს როგორც საწვავი ან სატრანსპორტო საშუალების სხვა იმ სისტემაზე დამონტაჟებული ავზი, რომლითაც აღჭურვილია ეს სატრანსპორტო საშუალება;

გ.გ) ავზი, რომელიც დამონტაჟებულია დამამზადებლის მიერ მოცემული ტიპის ყველა კონტეინერზე, რაც იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას ტრანსპორტირებისას სამაცივრე ან სხვა მსგავსი იმ სისტემის ფუნქციონირებისათვის, რომლითაც აღჭურვილია სპეციალური კონტეინერი;

დ) „სპეციალური კონტეინერი“ არის ნებისმიერი კონტეინერი, რომელზეც დამონტაჟებულია სპეციალური აპარატურა სამაცივრე, ჟანგბადის, თბოიზოლაციის ან სხვა სისტემებისათვის.

კომერციული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სტანდარტულ ავზებსა და სპეციალურ კონტეინერებში არსებულ საწვავთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება აქვს საგადასახადო შეღავათის გამოყენება შეზღუდოს ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ერთ სპეციალურ კონტეინერსა ან ერთ მგზავრობაზე 200 ლიტრის ოდენობით.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია შემცირდეს ამ მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული საწვავის ოდენობა:

ა) იმ კომერციული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვას ქვეყნის სასაზღვრო ზონაში არაუმეტეს 25 კმ. სიღრმეზე, თუ ასეთ გადაზიდვას ახორციელებს სასაზღვრო ზონაში მცხოვრები პირი;

ბ) იმ კერძო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომელიც ეკუთვნის სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ პირს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის „სასაზღვრო ზონა“ ნიშნავს, შესაბამისი მოქმედი კონვენციებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ზონას საზღვრიდან არაუმეტეს 15 კმ. სიღრმეზე. ადგილობრივი ადმინისტრაციული ოლქები, რომელთა ტერიტორიის ნაწილი ზონის ფარგლებში მდებარეობს, ასევე განიხილება სასაზღვრო ზონის შემადგენელ ნაწილად. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გადასახადისაგან გათავისუფლების მინიჭება ამ საფუძველზე.

6. ამ მუხლის პირველი – მე-5 ნაწილების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საწვავი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სატრანსპორტო საშუალებისათვის, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც იქნა შემოტანილი, ასევე არ შეიძლება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებიდან მისი ამოღება და შენახვა, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევისა, ასევე აკრძალულია საწვავის გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, იმ პირის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საქონელი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.

8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საპოხ საშუალებაზე, რომელიც საჭიროა მოცემული ტრანსპორტირების პერიოდში მისი ნორმალური ექსპლოატაციისათვის.

მუხლი 211. მასალები ომის მსხვერპლთა მემორიალის ან სასაფლაოს ასაგებად, მოვლა-შენახვისათვის ან შესამკობად

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქონლის შემოტანა, რომელიც გამოიყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაკრძალული უცხო ქვეყნის ომის მსხვერპლთა სასაფლაოს, სამარხის ან მემორიალის ასაგებად, შესაკეთებლად ან შესამკობად.

მუხლი 212. სასახლეები, ფერფლის ურნები და დეკორატიული სამგლოვიარო ნივთები

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) სასახლე ცხედრით და ურნა გარდაცვლილი პირის ფერფლით, ასევე, ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი და სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც, ჩვეულებრივ, ახლავს მათ;

ბ) ყვავილი, გვირგვინი და სხვა დეკორატიული საგანი, ჩამოტანილი უცხო ქვეყნებში მცხოვრები პირის მიერ, რომელიც ესწრებიან დაკრძალვას ან მიდიან საფლავის შესამკობად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ასეთი საქონლის შემოტანა, თავისი მახასიათებლებით ან ოდენობით, არ ასახავს არანაირ კომერციულ განზრახვას.

წიგნი XI

 დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

თავი XXXIII. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

მუხლი 213. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გარე გადამუშავების პროცედურა და შიდა გადამუშავების პროცედურა, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუდირების) და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.

2. ნამუშევარი ნავთობპროდუქტებისათვის (ლიალური წყლისათვის (ნავთობით დაბინძურებული წყლისათვის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხისათვის) არ გამოიყენება გარე გადამუშავების პროცედურა და შიდა გადამუშავების პროცედურა (გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა) გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.

3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

4. ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო პროცედურებზე.

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებები, რომლებიც მოქმედებდა ამ კოდექსის ამოქმედებამდე და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

6. 2021 წლის პირველ იანვრამდე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.

7. „ოქროს სიაში“ შეყვანით პირს 2021 წლის პირველ იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით.

8. საბაჟო ორგანოს მიერ დაინტერესებული პირისათვის ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის გაცემად მიიჩნევა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭება.

მუხლი 214. დასკვნითი დებულებები

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-10 წიგნისა, ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.

2. ამ კოდექსის მე-10 წიგნი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                   გიორგი მარგველაშვილი

 

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოების და საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი დებულებების გამიჯვნის აუცილებლობა,

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც გაამარტივებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირის მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს აქვს ვალდებულება შიდა კანონმდებლობაში ასახოს საბაჟო სფეროს მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც მისი შინაარსიდან, მოცულობიდან და რეგულირების სფეროდან გამომდინარე აისახება ცალკე ნორმატიულ აქტში.

ამასთანავე, საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი ის მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება უფრო მაღალი იერარქიის მქონე ნორმატიული აქტით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო ბიზნეს გარემოს. აღსანიშნავია, რომ შენარჩუნდება ყველა პროცედურული გამარტივება, რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება.

კანონპროექტი შედგება 11 წიგნისაგან, 33 თავისაგან და 214 მუხლისგან – პირველი თავი განსაზღვრავს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფეროს, კოდექსის მიზანს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, საბაჟო საზღვარს, ადგენს ვადების ათვლის წესს და პირის მიერ დოკუმენტების შენახვის ვადებს, აგრეთვე მოიცავს საბაჟო კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტებებს.

- მე-2 თავი განსაზღვრავს საბაჟო ორგანოს უფლებებს და მოვალეობებს, კერძოდ, საბაჟო ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის წესს, დოკუმენტის წარდგენის წესს, ადგენს საბაჟო გადაწყვეტილების გამოცემის, მასში ცვლილების განხორციელების, გაუქმების და ბათილად ცნობის, აგრეთვე საბაჟო ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით ურთიერთობის წესს. აღნიშნული თავი ასევე მოიცავს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) სისტემის მარეგულირებელ დებულებებს.

საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება, პირს წინასწარ ეცნობება, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედებს პირის საქმიანობაზე, რითაც იქმნება შესაძლებლობა დეკლარანტის მიერ შესაბამისი არგუმენტის წარდგენის შემთხვევაში შეიცვალოს საბაჟო გადაწყვეტილება.

ამასთანავე, კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისათვის ზიანის მიყენების შემთხვევების გამორიცხვის მიზნით. საბაჟო ორგანოს ეძლევა უფლება შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება, თუ მისი აღსრულება ზიანს აყენებს დაინტერესებულ პირს.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) ახალი სისტემა, ითვალისწინებს დეკლარანტის მიერ გამარტივებული საბაჟო პროცედურების გამოყენების უფრო მეტ შესაძლებლობას, აგრეთვე საქართველოის მიერ აღიარებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საერთაშორისო აღიარების შესაძლებლობას;

აეო-ს სისტემა დანერგილ იქნა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ. იგი ეფუძნება საბაჟოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობას. საგარეო ვაჭრობაში ჩართული ეკონომიკურ აგენტი, რომელიც ნებაყოფლობით ასრულებს საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებს, საბაჟო ორგანოსთან ერთად უზრუნველყოფს საგარეო ვაჭრობაში საქონლის მიწოდების ერთიანი ჯაჭვის უსაფრთხოებას და ამავდროულად სარგებლობს უპირატესობებით საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით.

- მე-3 თავი განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის სახეებს, რისკის მართვის წესებს და საბაჟო კონტროლის ზონებს. ეს თავის ასევე ადგენს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების წესს და პირის მიერ საბაჟო დოკუმენტების და სხვა ინფორმაციის შენახვის წესებს.

- მე-4 თავი განსაზღვრავს საბაჟო დავის წარმოების წესს. კერძოდ დავის წარმოება განხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარის შესაბამისად.

- მე-5 თავით დგინდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, საქონლის პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის გამოყენების შესაძლებლობები, ასევე საქონლის კლასიფიკაცია.

- მე-6 თავი ადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესებს, რომელიც შესაბამისობაშია საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესებთან.

- მე-7 თავი ადგენს საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევებს. ცალკეული მუხლების მიხედვით დგინდება, თუ რა შემთხვევაში წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება. აქვე დგინდება იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც დეკლარანტს ეძლევა შესაძლებლობა გადამუშავებული პროდუქტის გაიმპორტების შემთხვევაში მისი სურვილისამებრ იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების საფუძველზე ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების საფუძველზე.

მოქმედი წესებით შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის გაიმპორტებისას, იმპორტის თანხა გაანგარიშდება მხოლოდ ამ საქონლის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად.

- მე-8 თავით განისაზღვრება საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია, მისი სახეები, წარდგენის, შესრულებისა და გარანტიის გაუქმების წესები. შესაძლებელი ხდება გამოყენებული იქნეს გარანტიის ახალი სახე – თავდებობა,

ისეთი სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, რომლისთვისაც აუცილებელია შესაბამისი გარანტიის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა, მეწარმეები აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს, რაც დაკავშირებული საბანკო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების გარანტიების ხელმისაწვდომობასთან. თავდებობა იქნება იმპორტის გადასახდელების უზრუნველყოფის გარანტიის ერთ-ერთი სახე, რაც არ იქნება დაკავშირებული დიდი ფინანსურ დანახარჯებთან.

- მე-9 თავი განსაზღვრავს საბაჟო ვალდებულების შესრულების წესებს. კერძოდ ამ თავით დადგენილია საბაჟო ვალდებულების გაანგარიშებისა და იმპორტის გადასახადის გადახდის წესი. ასევე იმპორტის გადასახადის გადახდის ვადები.

- მე-10 თავით დადგენილია საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილებისა და მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევები. დგინდება საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა.

მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანამდე ზოგადი დეკლარირების წინასწარ განხორციელება, რაც იწვევს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირების განხორციელების აუცილებლობას, რითაც იზრდება სასაზღვრო საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული დროის და ადმინისტრაციულ დანახარჯები. კანონპროექტით წარმოდგენილი სიახლით ჩნდება ზოგადი დეკლარაციის (აღრიცხვის მოწმობა) წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა (შემოტანისას 200/გატანისას 150 დღით ადრე). ზოგადი დეკლარირებით განხორციელდება ტვირთთან დაკავშირებული მინიმალურად აუცილებელი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა საქონლის სეს ესნ კოდი 4 ნიშნა დონეზე, საქონლის გამომგზავნი და მიმღები, გადამზიდავი, სატრანსპორტო საშუალების სახე და სხვა. ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისათვის საჭირო დროის დაზოგვას. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოსთვის მნიშვნელოვანია წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე რისკის ეფექტური მართვის უფრო მაღალი დონის მიღწევა.

- მე-11 თავი განსაზღვრავს უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის წესებს, მისი საზღვრიდან საბაჟო ორგანომდე ან საბაჟოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე გადაზიდვის წესებს. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვისას ფორს-მაჟორული სიტუაციის შემთხვევაში გადამზიდავის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს და საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის წესებს. ამასთანავე, ამ თავით დადგენილია საქონლის დროებით შენახვის წესები პირობები, საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენისა და მასში ცვლილებების განხორციელების წესი და შესაბამისი პირის ვალდებულებები, საქონლის დროებით შენახვის დასრულების წესები და მისი დასრულების ვადა.

- მე-12 თავი განსაზღვრავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს და ამ სტატუსის ცვლილების შემთხვევებსა და პირობებს.

- მე-13 თავი განსაზღვრავს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის წესებს და პირობებს, ასევე დეკლარაციის თანხმლებ აუცილებელ დოკუმენტებს. დეკლარაციის წინასწარ წარდგენის წესებს და წარდგენილი დეკლარაციის ბათილად ცნობის მისი ძალადაკარგულად გამოცხადების, ასევე მასში ცვლილების შეტანის წესებს. შესაძლებელი ხდება გამოყენებული იქნეს დეკლარირების ახალი ფორმა – მონაცემების ასახვა დეკლარანტის ჩანაწერებში. კერძოდ, პირმა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში, შესაძლებელია დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით. აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი დეკლარანტებთან მიმართებაში, რომელთა მიერ წარდგენილი დეკლარაციები და დეკლარირებულ საქონელთა სახეობა აღწევს ისეთ ოდენობებს, რომ დეკლარაციების შევსება და წარდგენა დაკავშირებულია დიდ შრომით და ფინანსურ დანახარჯებთან.

- მე-14 თავი ადგენს საბაჟო დეკლარაციის შემოწმების, საქონლის შერჩევით დათვალიერების და დათვალიერების შედეგების გავრცელების წესს. ასევე ამ თავით დგინდება საქონელზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებისა და მოხსნის წესი და საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის გაშვების წესი.

- მე-15 თავით განსაზღვრულია საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის წესი, რომელიც მოიცავს საქონლის განადგურებას ან საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას. დეტალურად არის გაწერილი შემთხვევები და გარემოებები, როდესაც საბაჟო ორგანოს აქვს უფლება განკარგოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი.

- მე-16 თავით დადგენილია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენების წესები და პირობები, ასევე საქონლის გაიმპორტებისას გამოსაყენებელი სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

- მე-17 თავით განსაზღვრულია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევები, რომლისთვისაც გამოიყენება იმპორტის გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები, როგორიცაა დაბრუნებული საქონელი, საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და საქონელი, რომელიც შეიტანება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციოდ.

- მე-18 თავით განისაზღვრება სპეციალური პროცედურები, რომელიც მოიცავს საქონლის ტრანზიტს, შენახვის, სპეციალური გამოყენების და გადამუშავების სპეციალური პროცედურებს. ამასთანავე, დგინდება დებულებები, რომლებიც საერთოა სპეციალური პროცედურებისთვის, კერძოდ ავტორიზაციის გაცემის წესი, სპეციალურ პროცედურაში მოქცეული საქონლის აღრიცხვის, მისი გადაადგილებისა და მის მიმართ დასაშვები ქმედებების განხორციელების წესი. ამ თავით ასევე, განისაზღვრება ექვივალენტური საქონლის გამოყენების წესი და პირობები და სპეციალური პროცედურების დასრულების წესი. გათვალისწინებულია საბაჟო პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს. შესაძლებელი ხდება სპეციალურ საბაჟო პროცედურებში მოქცეულ საქონელზე საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განხორციელდეს საკუთრების უფლების გადაცემა, რაც მეწარმეებს მისცემს საშუალებას შეუფერხებლად აწარმოონ მათთვის სასურველი გარიგება საბაჟო ზედამხედველობაში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით, ისე რომ ხელი არ შეეშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

- მე-19 თავით დადგენილია ტრანზიტის საბაჟო პროცედურის გამოყენების წესები და პირობები, ასევე, პროცედურის მფლობელის, გადამზიდავის და საქონლის მიმღების ვალდებულებები და ტრანზიტის პროცედურის გამარტივებულად გამოყენების შემთხვევები.

- მე-20 თავით ჩამოყალიბებულია საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენების წესები. ამ თავით განსაზღვრულია საბაჟო საწყობის მოწყობის წესები და პირობები, ასევე, საბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის

- 21-ე თავით განსაზღვრულია თავისუფალი ზონის პროცედურის გამოყენების წესები. ამ თავით განსაზღვრულია თავისუფალი ზონის მოწყობის წესები და პირობები. აღნიშნული თავი ადგენს თავისუფალ ზონაში უცხოური და ქართული საქონლის შეტანისა და ზონიდან გამოტანის წესებს და პირობებს, აგრეთვე თავისუფალ ზონაში საბაჟო კონტროლის განხორციელების წესებს და თავისუფალ ზონაში ნებადართულ საქმიანობებს, საქმიანობების შეზღუდვისა და აკრძალვის შესაძლებლობებს.

- 22-ე თავით განსაზღვრულია საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენების წესები, პირობები და ვადები. აგრეთვე, იმპორტის გადასახადისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანა შემოტანის წესები.

- 23-ე თავით განსაზღვრულია საქონლის მიზნობრივი გამოყენების პროცედურაში საქონლის მოქცევის წესები. აგრეთვე, საქონლის მიზნობრივ გამოყენების პროცედურის პირობები, კონკრეტული მიზნით შემოტანილი საქონლის საბაჟო ზედამხედველობის განხორციელების წესები და ზედამხედველობის დასრულების პირობები.

- 24-ე თავით დადგენილია შიდა გადამუშავების პროცედურის დებულებები. ამ თავით დადგენილია შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის გამოსავლიანობის ნორმის გამოთვლის წესი და გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის წესი. ასევე, პროცედურის გამოყენების პირობები, ვადები და შეზღუდვები.

- 25-ე თავით დადგენილია გარე გადამუშავების პროცედურის დებულებები. ამ თავით დადგენილია გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის გამოსავლიანობის ნორმის გამოთვლის წესი და გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის წესი. ასევე, პროცედურის გამოყენების პირობები, ვადები და შეზღუდვები. აღნიშნული თავი ასევე ადგენს სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესაძლებლობებს და პირობებს გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას.

- 26-ე თავი ადგენს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ ფორმალობებს, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის წესს.

- 27-ე თავი ადგენს საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევის წესებს პირობებს და პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ვადებს.

- 28-ე თავი ადგენს უცხოური საქონლის საქართველოდან რეექსპორტით გატანის წესებს და პირობებს, რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის წესსა და რეექსპორტის შეტყობინების შემთხვევებს.

- 29-ე თავით დგინდება საბაჟო სამართალდარღვევების დეფინიცია და პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები. ასევე საბაჟო სანქციის სახეები და შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სამართალდარღვევისას პირს არ დაეკისრება ამ თავით დადგენილი პასუხისმგებლობა.

- 30-ე თავით განსაზღვრულია საბაჟო სამართალდარღვევების სახეები და მათთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

- 31-ე თავით დადგენილია ტერმინთა განმარტება მე-10 წიგნის მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევებს.

- 32-ე თავით დადგენილია საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლების კონკრეტული შემთხვევები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკაშირის 2009 წლის 16 ნოემბრის №1186/2009 რეგულაციასთან.

- 33-ე თავით დადგენილია დასკვნითი და გარდამავალი დებულებები. აღნიშნული თავით დგინდება, რომ ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებები, რომლებიც მოქმედებდა წინამდებარე კანონპროექტის ამოქმედებამდე და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი არ მოახდენს არსებით გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.

ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ იცვლება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ასეთი არარსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არარსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.