„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017589
32/ნ
07/09/2018
ვებგვერდი, 10/09/2018
430210000.22.022.017589
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №32/ნ

2018 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,18/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112)  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) II კარის 49-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები;“;

 ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) II კარის 49-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან და მოქმედებს 6 წლის განმავლობაში.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

3. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტები ქართულენოვანი სკოლებისთვის ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

4. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ე“, „ვ“ და „გ1“ პუნქტები არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ამოქმედდეს 2019 წლის 15 სექტემბრიდან.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-8 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 ბ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ენობრივი განათლება არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე

1. იმ სკოლებში, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები სწავლობენ, პრიორიტეტია სახელმწიფო ენაზე წიგნური მეტყველების განვითარება, რომლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ორენოვანი (ბილინგვური) განათლება. ბილინგვური განათლება გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესში ორი ენის გამოყენებას, რაც საფუძველს უქმნის ორენოვან წიგნიერებას.

2.    სკოლამ ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვისას მოზარდს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე დაეუფლოს წიგნურ მეტყველებას ასაკის შესაბამისად. ბილინგვური განათლების დანერგვის ყოველი მომდევნო ეტაპის საგანმანათლებლო შინაარსი უნდა ეფუძნებოდეს და ავითარებდეს წინა ეტაპზე შეძენილ ცოდნასა და უნარებს.

3. თუ ქართულენოვან სკოლაში/სექტორზე სწავლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, სკოლა უფლებამოსილია მათ შესთავაზოს მშობლიური ენის საგნის სწავლება იმავე ან განსხვავებული საათობრივი დატვირთვით, ვიდრე მოცემულია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საათობრივ ბადეში საგნისთვის „ეროვნული უმცირესობების ენა“. ამ საგნისთვის მოსწავლეთა ჯგუფი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ერთი ან რამდენიმე კლასიდან და მათი რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 10. აღნიშნული საგნის შემოტანის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. საგანში შეფასება უნდა განხორციელდეს ამ გეგმის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

გ) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით. ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია III-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად), თუკი სკოლას მოსწავლეები ჩართული ჰყავს არაფორმალურ აქტივობებში შესაბამისი მიმართულებებით. ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) გაკვეთილების ხანგრძლივობა.“.

დ) მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე) და უცხოური ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენაში – 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით  ან ჯგუფები და განაყოფები დაკომპლექტდეს მეორე და მესამე ენების არჩევანის შესაბამისად.“.

ე) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სკოლა მომდევნო წლის სასკოლო სასწავლო გეგმისათვის მუშაობას იწყებს სასწავლო წლის დასრულებისთანავე განვლილი სასწავლო წლის შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, გარდა 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

ვ) 23-ე მუხლის:

ვ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლაში გაძლიერებული სწავლების საგნები, ხოლო კერძო სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საგანი შესაძლებელია ისწავლებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილისაგან განსხვავებული სქემით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სკოლას უფლება არა აქვს საფეხურის ფარგლებში საერთოდ ამოიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი. შესაბამისად, ეს საგანი უნდა ისწავლებოდეს საფეხურის რომელიმე კლასში იმგვარად, რომ სრულად დაიფაროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები. გამონაკლისი კერძო სკოლებისთვის დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნის სტანდარტით განსაზღვრული შედეგები ინტეგრირებულია სხვა საგნის/საგნების სასწავლო გეგმაში.“.

ვ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე, ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო), ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილ რესურსსკოლებს, გამონაკლისის სახით,  უფლება ეძლევათ შეიმუშაონ ეროვნული სასწავლო გეგმისაგან  განსხვავებული საათობრივი ბადე და სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებამდე შეათანხმონ სამინისტროსთან.“.

 ვ.გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მოსწავლის სკოლაში მობილობის შემთხვევაში, მიმღები სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის შედგენილი საგნის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საშუალებით უზრუნველყოს მოსწავლის მიერ იმ სავალდებულო საგნის სტანდარტის შედეგების დაფარვა, რომელი საგანიც მას ჯერ არ ჰქონდა გავლილი სკოლაში, საიდანაც გადმოვიდა, და/ან  მიმღებ სკოლაში ამ საგნის სწავლება უკვე დაწყებულია ან დასრულებული.“.

ზ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია, მათ შორის 24-ე მუხლით განსაზღვრულ სკოლებში.“.

თ) „თავი VIII. ინკლუზიური განათლება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII. ინკლუზიური განათლება

მუხლი 40. ინკლუზიური განათლება

თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.

 მუხლი 41. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.

2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სწავლის უნარის დარღევა;

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;

ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.

4. სსსმ მოსწავლისთვის სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სასწავლო გარემოს აკომოდაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება.

5. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

6. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:

ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;

ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;

გ) შეფასების აკომოდაცია;

დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.

7. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის აუცილებელია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, როგორიცაა ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მუხლი 42. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

2. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის გადამისამართება დეტალური შეფასებისთვის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან, ხოლო მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად განისაზღვრება რეკომენდაცია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შესახებ.

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

5. სკოლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან  ერთი თვის ვადაში, ხოლო მანამდე უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

7. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები,  მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.

8. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

მუხლი 421.  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი

1. სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ის ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

2. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სსსმ მოსწავლის  კლასის დამრიგებელი;

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;

დ) სსსმ მოსწავლის  მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

3. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.

4. ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.

5. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

6. სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს  დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

მუხლი 43. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ამ გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად.

3.    მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება  ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

4. სსსმ მოსწავლის მიმართ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შესაბამისად.

5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

 მუხლი 44.  სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების განრიგს, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.

2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.

4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

5. შინ სწავლების პროცესში დასაშვებია დისტანციური (ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების) სწავლების ფორმის გამოყენება.

6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი