საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020768
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
452
05/09/2018
ვებგვერდი, 06/09/2018
040030000.10.003.020768
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2018 - 29/01/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №452

2018 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. სააგენტო თავისი საქმიანობისას ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ­-მინისტრის წინაშე.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2.  სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტო ახორციელებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს:

ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზებას; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში;

ბ) აფასებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, მას უწევს დახმარებას საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტთან დაკავშირებით   ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევას, დაქირავებასა და ზედამხედველობას;

ვ) ახდენს შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას;

ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით,  საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს  ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

თ) ქმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზას;

ი) შეიმუშავებს სტანდარტული დოკუმენტების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების ფორმებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში;

ლ) წარმომადგენლის მეშვეობით, უზრუნველყოფს მონაწილეობის მიღებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის მუშაობაში;

მ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებებს და წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოებს განსახილველად;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებისა და მომზადების, კერძო პარტნიორის შერჩევის, პროექტის განხორციელების, მონიტორინგისა და შემდგომი შეფასების ეფექტიანობის ხელშესაწყობად;  

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის,  „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში − თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსის გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, საკონკურსო თემატიკის განსაზღვრისა და საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხებს.     

2. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

3. თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ე) უფლებამოსილია, კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღოს თანამშრომლები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;

თ) უფლებამოსილია, თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

კ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის  იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2.  სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სესხის აღება;

ბ) თავდებობა.

5. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 6. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც ასევე წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

 

მუხლი 7. სააგენტოს  რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.