მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №2 დადგენილება - საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №2 დადგენილება - საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები მოქალაქეობის საკითხთა კომისია
მიღების თარიღი 04/09/2018
დოკუმენტის ტიპი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110000.69.081.016002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
04/09/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
010110000.69.081.016002
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №2 დადგენილება - საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მოქალაქეობის საკითხთა კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/09/2018 - 15/10/2019)

 

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის

დადგენილება №2

2018 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს:

ა) მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ თანდართული დებულება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №1);

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №2);

დ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №3);

ე) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №4);

ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №5);

ზ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №6);

თ) საქართველოს მოქალაქის ფიცის თანდართული ტექსტი (დანართი №7);

ი) საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის განსაზღვრის თაობაზე განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №8);

კ) რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №9);

ლ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №10);

მ) საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განცხადების თანდართული ფორმა (დანართი №11);

ნ) მოქალაქეობის საკითხებზე სამახსოვრო ბარათის თანდართული ფორმა (დანართი №12).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეეკატერინე ოდიშარია



საქართველოს  მოქალაქეობის  საკითხთა  განხილვისა  და  გადაწყვეტის  შესახებ  დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება“ (შემდეგში – დებულება) ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს.

მუხლი 2

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო), სააგენტოს ტერიტორიული სამსახური (შემდეგში – ტერიტორიული სამსახური), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ან მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია (შემდეგში – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება);

ბ) ერთიანი რეესტრი – სააგენტოს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიანი რეესტრი;

გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომლის ინტერესების დასაცავად ხორციელდება ადმინისტრაციული წარმოება;

დ) განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან პირი, რომელიც მოქმედებს მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე;

ე) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და-ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი;

ვ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობის წარმომადგენელი.

მუხლი 3

1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს.

მუხლი 4

1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.

2. ნატურალიზაციის სახეებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება – მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ან სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება – საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირისათვის ან რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;

გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება – საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს;

დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება – საქართველოს მოქალაქეობაშეწყვეტილი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით აღდგენა.

მუხლი 5

1. საქართველოს მოქალაქეს, გარდა საქართველოს იმ მოქალაქისა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში.

2. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა – პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა:

ბ.ა) საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შესვლის საფუძველზე;

ბ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე;

ბ.გ) საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს საგამონაკლისო წესით ან ფლობს საქართველოს  სახელმწიფოს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

თავი II

საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენის წესი

მუხლი 6

1. დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებით უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ამ დებულებით დადგენილი ფორმის განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები განმცხადებელს შეაქვს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირს – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

3. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება მოქალაქეობის საკითხზე წარდგენილ განცხადებასა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს წარდგენიდან 3 დღეში ელექტრონული ფორმით უგზავნის უშუალოდ სააგენტოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობა, წერილობითი ფორმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

4. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განცხადებისა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტების სააგენტოში ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია, ყოველი კვარტალის ბოლოს უზრუნველყოს განცხადებისა და დოკუმენტების ასევე წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

5. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობაზე.

მუხლი 7

1. მოქალაქეობის საკითხზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, დადგენილი წესით.

2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.

3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის, რომელიც გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები.

4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.

მუხლი 8

1. განმცხადებელი მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებას წარადგენს პირადად ან ამ დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით.

2. ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის სახელით, მისივე დავალებით, განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტებს ხელს აწერს სხვა პირი, რაც დასტურდება სანოტარო წესით ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.

3. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე შეიძლება დადასტურდეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ.

4. ამ დებულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის უფლებამოსილი პირის თანხმობის გამოხატვა და განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 9

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განმცხადებელი წარადგენს:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადებას;

ბ) ფოტოსურათს – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს.

2. მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით, ხოლო საზღვარგარეთ საფასურის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

3. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

4. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადება მიღებულად ითვლება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის ელექტრონული მართვის სისტემაში რეგისტრაციის დღიდან.

5. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფილ უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს განმცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი.

მუხლი 10

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებულ ან საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც.

2. უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების ლათინურ ტრანსლიტერაციას.

4. წარდგინების საფუძველზე ან საქართველოს მოქალაქეობის საკუთარი ინიციატივით დაკარგვის საკითხის განხილვის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტები სააგენტოს მიერ განსახილველად მიღებულ იქნეს ქართულენოვანი თარგმანის, ასევე ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.

მუხლი 11

1. არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

2. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, მხარდაჭერის მიმღები პირია.

3. არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს:

ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, წერილობითი ფორმით;

გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების თანდასწრებით გამოხატული თანხმობა უნდა დადასტურდეს ამ პირების ხელმოწერით.

მუხლი 12

1. თუ მოქალაქეობის საკითხთა განხილვისას სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი ან, ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან პირის იდენტურობა ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან იდენტურობა განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ (ფოტოიდენტურობის დადასტურება).

2. თუ არასრულწლოვან პირს არ აქვს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, განცხადებაზე დართულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის ამავე განცხადებაში მითითებული არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან იდენტურობა წერილობით შეიძლება დადასტურდეს განმცხადებლის მიერ.

მუხლი 13

1. განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. განმცხადებელმა ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს ერთიან რეესტრში. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღეში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

2. თუ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე.

4. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოსადგენად სააგენტოს მიერ განმცხადებლისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

მუხლი 14

განმცხადებელი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს მისი განცხადების განუხილველად დატოვება.

მუხლი 15

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს.

2. საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს შესაბამის ორგანოში განცხადების რეგისტრაციის დღიდან, ხოლო საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების შემთხვევაში – 5 კალენდარულ დღეს.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის დინება შეიძლება შეჩერდეს დოკუმენტაციის წარდგენიდან სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს მასთან პირადად გასაუბრებას.

4. თუ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია საჯარო ან/და სხვა დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოძიება ან დადასტურება, საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.

მუხლი 16

1. ელექტრონული ფორმით განცხადება მიიღება ამ დებულებით დადგენილი წესით, ამ მუხლში განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ განცხადება დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.

3. ელექტრონული ფორმით მომართვა, განმცხადებლის ხელმოწერის გარეშე, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებისათვის უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

4. მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის აუცილებელი დოკუმენტები მატერიალური ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციიდან 20 დღეში.

5. უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

6. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით განცხადების მიღებაზე ან წარდგენილი განცხადების განხილვაზე. განმცხადებლის ხელმოწერის გარეშე ელექტრონული ფორმით მომართვისას, მომსახურების გაწევაზე უარის თქმა შესაძლებელია ზეპირი ფორმით, რაც უნდა დასტურდებოდეს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერით.

7. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

თავი III

საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცედურა

მუხლი 17

1. განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული და საქართველოში 5 წლის განმავლობაში მცხოვრები ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირისათვის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას არ მოწმდება ნატურალიზაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოები ვალდებულნი არიან, წარუდგინონ სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 8 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დამაბრკოლებელი გარემოებები.

მუხლი 18

1. მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან.

2. მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია:

ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.

მუხლი 19

1. კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს  ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად; ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისა და კანონის 322  მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი – ქართული ან აფხაზური ენის ცოდნის შესაფასებლად. დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნას აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია (შემდეგში – კომისია).

2. ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისას, მიუთითებს ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს. გასაუბრება, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა, რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

3. ტესტირება ტარდება განცხადების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში სათანადოდ მოწყობილ საგამოცდო ოთახში ან საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების საქართველოს ფარგლებს გარეთ წარდგენის შემთხვევაში. კომისიის მიერ შეიძლება დადგინდეს ტესტირების ჩატარების სხვა ადგილიც.

4. ტესტირებაზე განმცხადებელი დაიშვება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, რომლის თაობაზეც განმცხადებელს ეცნობება შეტყობინების გაგზავნით ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.  ტესტირებაზე შეიძლება მიღებულ იქნეს ერთდროულად რამდენიმე განმცხადებელი. განმცხადებელთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ოთახის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე განმცხადებლის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

5. ტესტირება, როგორც წესი, ტარდება ელექტრონულად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ობიექტური გარემოების გამო ტესტირების ელექტრონულად ჩატარება შეუძლებელია, ის შეიძლება ჩატარდეს მატერიალური ფორმით. თითოეული კატეგორიის ტესტირებისათვის დადგენილია 20 წუთი. ტესტების რაოდენობა შეადგენს 10-ს. დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა.

6. ტესტირების გავლას არ ექვემდებარება არასრულწლოვანი პირი, ასევე მხარდაჭერის მიმღები ან ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ფიზიკური ნაკლის გამო ტესტირების გავლისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ან/და სხვა უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე.

7. გასაუბრების გზით ცოდნის დონის შემოწმებისას, კომისია წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით არკვევს განმცხადებლის ცოდნის დონეს.

8. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, აღდგენის წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე  და სპეციალური წესით მინიჭების საკითხების განხილვისას, შესაბამისად, სახელმწიფო ენის და/ან საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შეფასებისას, კომისია იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.

9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები;

ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონეს და ამის საფუძველზე იღებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

11. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ.

12. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე.

13. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის  განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

14. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე.

მუხლი 20

1. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად.

2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიმართ არსებობს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნატურალიზაციაზე უარის თქმის საფუძვლები, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას.

3. თუ  მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას.

4. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

მუხლი 21

1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

2. შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.

3. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს იმ ყოფილი მოქალაქისთვის დროებითი უფლების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მოპოვებაზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა.

4. საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;

ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

5. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობონ პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედების ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის თაობაზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან 5 დღეში უზრუნველყონ მისი გადაგზავნა სააგენტოში.

მუხლი 22

პირი, რომელიც ნატურალიზაციით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას, გარდა კანონის მე-12 მუხლის 21 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას ხელს აწერს საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტს. სააგენტო უზრუნველყოფს ხელმოწერილი ფიცის ტექსტის შენახვას შესაბამისი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმის მასალებთან ერთად.

მუხლი 23

საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 24

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

თავი IV

დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

მუხლი 25

1. საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:

ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;

გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის მიერ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ პირის მშობლ(ებ)ის მოქალაქეობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული უარი ამ პირის საკუთარ მოქალაქედ მიჩნევის თაობაზე.

თავი V

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხთა განხილვის წესი

მუხლი 26

1. პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ:

ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

დ) მუშაობს ან/და აქვს უძრავი ქონება საქართველოში, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

2. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);

გ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ბინადრობის მოწმობა.

მუხლი 27

 სხვა ქვეყნის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ);

გ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);

დ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 28

1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც 5 წელია ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება ჩვეულებრივი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისათვის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მშვილებლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაინტერესებული პირის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) არასრულწლოვნის ლტოლვილის სტატუსის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ვადა აითვლება ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციის დღიდან.

მუხლი 29

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისას სააგენტო ერთიან რეესტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის ბაზაში ამოწმებს დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილ ვადაში უწყვეტად ცხოვრების ფაქტს.

თავი VI

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხთა განხილვის წესი

მუხლი 30

1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

2. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ);

გ) საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;

დ) მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).

3. მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისას განმცხადებელი ვალდებულია, თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი).

მუხლი 31

1. საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს ამ სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი არასრულწლოვანია ან/და იგი დაბადებულია საზღვარგარეთ);

ბ) რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან 5 წლის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. ამ ვადაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ითვლება ძალადაკარგულად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებს.

თავი VII

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის წესი

მუხლი 32

1. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

2. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განსახილველად სხვა ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

დ) კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის უფლება არა აქვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ან/და უშუალო კავშირი აქვს ამ წარმოებასთან.

მუხლი 33

1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

2. საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმწიფო ინტერესის საკითხის შეფასების მიზნით, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:

ა)  სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი:

ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია;

ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა; 

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

3. საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ, სხვებს შორის, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული:

ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას;

ბ) კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, ან/და სხვა ისეთი გარემოება ან ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის განსაკუთრებული დამსახურების და/ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო ინტერესის არსებობის დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად.

4. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის ან ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, კომისია უფლებამოსილია, გასაუბრებაზე მოიწვიოს სხვა პირი, გამოითხოვოს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან, ასევე მოსთხოვოს მათი წარმოდგენა მოქალაქეობის მსურველ პირს.

5. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის დამსახურების დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად ან/და ამავე პირის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის სახელმწიფო ინტერესის არსებობის დასასაბუთებლად;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებებისა და ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დაერთვება ამავე ოქმს);

გ) კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შეფასების შედეგები.

მუხლი 34

1. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, სააგენტო იწყებს წარმოებას და ამზადებს ერთიან დასკვნას სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ.

2. სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას, სხვა ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ.

თავი IX

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხთა განხილვის წესი

მუხლი 35

1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით ენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

ა) არამართლზომიერად;

ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;

გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

2. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას სავალდებულოა:

ა) პირმა დადგენილ ფარგლებში იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) პირის მიმართ არ არსებობდეს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

3. აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ, ასევე, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებიდან ერთ-ერთის ან ერთდროულად რამდენიმეს დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

4. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

5. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე არ ვრცელდება კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

6. კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, თუ პირის ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.

7. თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დოკუმენტის გარდა სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თავი X

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხთა განხილვის წესი

მუხლი 36

1. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება:

ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;

გ) კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, საქართველოში სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;

გ) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

3. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს სახელის ან/და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

მუხლი 37

1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა დაინტერესებული პირი ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ხომ არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას, აგრეთვე, არსებობს თუ არა სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობა.

2. სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა მიმართაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველ პირს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები, უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს და წარუდგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და სხვ.).

3. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრამდე. საკითხის განხილვის შეჩერების შემთხვევაში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე საქმისწარმოება წყდება.

მუხლი 38

1. პირი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, პოლიციასა ან უშიშროების სამსახურში;

ბ) მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით;

გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა კანონის 211 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით. წარდგინებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) ასლი, ამ დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციისა და უშიშროების სამსახურებში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი).

მუხლი 39

1. კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით მოქალაქეობის დაკარგვის საქმისწარმოებისას, სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, პოლიციასა ან უშიშროების სამსახურში საქართველოს მოქალაქის შესვლის ნებართვის არსებობის თაობაზე.

2. თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

თავი XI

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის წესი

მუხლი 40

1. საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს  სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:

ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას;

ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა;

გ) საქართველოში საქმიანობა;

დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

3. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის მიღების საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) არასრულწლოვანი პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაბადების მოწმობა;

გ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის თანხმობა;

დ) მშობლის თანხმობა.

5. განცხადების ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

თავი XII

მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესი

მუხლი 41

მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში აღსასრულებლად ეგზავნება სააგენტოს.

მუხლი 42

მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირებს ეცნობებათ ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.

თავი XIII

უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი

მუხლი 43

1. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მისივე თანხმობით მიანიჭოს იმ უცხოელს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

2. საპატიო მოქალაქეზე არ გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი. საპატიო მოქალაქეობა ნიშნავს საქართველოსთან სიმბოლურ და არა სამართლებრივ კავშირს. საპატიო მოქალაქეობა არ წარმოშობს საქართველოს მოქალაქისათვის კანონმდებლობით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს.

მუხლი 44

1. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს განცხადებით უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად ამ დებულების 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დასაბუთებას.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად წარდგენილი პირის:

ა) პირადობის ან სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეობის (მოქალაქეობის არქონის) დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

ბ) წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

მუხლი 45

1. საქართველოს პრეზიდენტის დავალების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) იხილავს ამ დებულების 44-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მასალას.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის არსებობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, დეპარტამენტი უფლებამოსილია, სააგენტოს მიმართოს პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის მოთხოვნით.

3. სააგენტო შესაბამის დასკვნას წარმოადგენს მიმართვიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, რის შემდგომაც დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს ბრძანებულების პროექტს უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

მუხლი 46

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს პირისათვის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მედალიონის გადასაცემად მომზადებას.

2. საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მედალიონის დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მუხლი 47

1. პირს შეიძლება შეუწყდეს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა იმ შემთხვევაში, თუ მან ჩაიდინა:

ა) საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;   

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შეწყვეტის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს.

მუხლი 48

საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საპატიო მოქალაქეებისათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა პრივილეგია.

მუხლი 49

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, უცხოელს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭოს 44-ე და/ან 45-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.

 

თავი XIIII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 50

1. საქართველოს მოქალაქეებად, იმ პირების გარდა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:

ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის ) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა  ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც სააგენტოს მოეპოვება ინფორმაცია, რომ ანალოგიურ ცნობებს ეს სახელმწიფოები არ გასცემენ.

6. სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია დაინტერესებული პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დაინტერესებული პირი არ ფლობს ამ ქვეყნის მოქალაქეობას და იგი მიიჩნევა საქართველოს მოქალაქედ, საწინააღმდეგოს დადგენამდე.

მუხლი 51

1. საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც დადგენილი წესით ეცნობება განმცხადებელს.

2. დასკვნას ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

3. თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე და მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, სააგენტო ამ დებულების შესაბამისად განიხილავს ასეთი პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გასცემს პირადობის მოწმობას.

4. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის განხორციელების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისათვის პირის მიმართვისას, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხს, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ამ დებულების შესაბამისად, განიხილავს სააგენტო, ხოლო ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში – ტერიტორიული სამსახური.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა ხორციელდება დასკვნის გამოცემის გარეშე.

მუხლი 52

1. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა ამ დებულების 50-ე მუხლის საფუძველზე, კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და მის მიმართ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.

2. მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი სააგენტოში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

ა) დაბადების მოწმობის ასლს, თუ ასეთი არ მოიპოვება სააგენტოს ერთიან რეესტრში;

ბ) ვინაობის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

მუხლი 53

1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით ენიჭება პირს, თუ:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) მის მიმართ არ არსებობს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:  

ა)  იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

ბ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა ენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს: 

ა) დაბადების მოწმობა;

ბ) იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

გ) არასრულწლოვანის მშობლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მშობლის თანხმობა;

ზ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მისი თანხმობა.

მუხლი 54

1. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მშობლის თანხმობა;

დ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.