დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 442 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020758 |
|
რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურები“.
|
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის №605 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურები შემუშავებულია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებთან დაკავშირებული რისკის ანალიზის ფარგლებში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღის უზრუნველყოფის მიზნით. 2. რისკის ანალიზი წარმოადგენს სამ განცალკევებულ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: რისკის შეფასებას, რისკის მართვასა და რისკის კომუნიკაციას. 3. რისკის ანალიზი ხორციელდება თანმიმდევრულად, რისკის ანალიზის სამივე კომპონენტის გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე, სრულად და სისტემატურად დოკუმენტირებული, რომელიც საჭიროებს განახლებული სამეცნიერო მონაცემების გათვალისწინებით შეფასებასა და გადახედვას. დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. რისკის ანალიზისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტიანი კომუნიკაცია და კონსულტაცია. 5. რისკის ანალიზის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, ცხოველის ჯანმრთელობასა და მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები, ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც შემუშავებულია EFSA, Codex Alimentarius, WHO, FAO, OIE, EPPO, IPPC და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 6. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად, რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია: ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის რისკის შეფასების ანგარიშის საჭიროებისამებრ წარდგენა; ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი; დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა; ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებისას; ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. 7. გადაწყვეტილება რისკის მართვის განხორციელების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს რისკის შეფასებას და უნდა იყოს შეფასებული რისკის პროპორციული. 8. ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, ცხოველის ჯანმრთელობასა და მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის მართვისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს რისკის ანალიზის სამივე კომპონენტი. 9. რისკის ანალიზი წარიმართება რისკის შეფასებასთან დაკავშირებული პრინციპების შესაბამისად, განახლებული მეცნიერული მონაცემების, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებით. 10. ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღისათვის რისკის არსებობისას, როდესაც არასაკმარისი და არასრულია მეცნიერული მონაცემები, რისკის ანალიზისათვის საჭიროა „პრაქტიკაში არსებული მონაცემების“ სათანადო მეცნიერული დასაბუთების გონივრული გამოყენება. 11. აკრძალულია რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 12. რისკის შეფასება და რისკის მართვა ფუნქციურად უნდა იქნეს გამიჯნული პრაქტიკულად მიღწევად დონემდე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რისკის სრულფასოვანი მეცნიერული შეფასება და თავიდან იქნეს აცილებული რისკის შემფასებლებისა და რისკის მმართველების ფუნქციების აღრევა, შემცირდეს ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი. 13. რისკის ანალიზის ორგანიზებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს; ბ) რისკი – საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობა და სიმძიმე; გ) რისკის შეფასება − რისკის ანალიზის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებს და მოიცავს საფრთხის იდენტიფიცირებას, საფრთხის აღწერა-დახასიათებას, საფრთხის ზემოქმედებას, რისკის დახასიათებასა და სხვა; დ) რისკის შეფასების ანგარიში − რისკის შეფასების სამეცნიერო დასკვნა და სათანადო რეკომენდაციები. რეკომენდაციები შემუშავებული უნდა იქნეს რისკის მართვის ორგანოებთან კომუნიკაციის/კონსულტაციების საფუძველზე; ე) რისკის მართვა − რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის მიზანია, რისკის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ვარიანტ(ებ)ის შერჩევის საშუალებით, რისკის პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი ზომების შერჩევა; ვ) რისკის კომუნიკაცია − რისკის ანალიზის პროცესში საფრთხის, რისკის, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციისა და დასკვნების დროული და შეუფერხებელი გაცვლა რისკის შემფასებლებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, მომხმარებლებსა და ბიზნესოპერატორებს შორის; ზ) რისკის გამოთვლა − რისკის რაოდენობრივი ან/და თვისობრივი განსაზღვრა; თ) რისკის რაოდენობრივი შეფასება – რისკის შეფასება, რომლის შედეგადაც მიიღება რისკის რიცხობრივი გამოსახულება; ი) რისკის თვისობრივი შეფასება – რისკის შეფასება, რომელიც არსებული ცოდნისა და თანმდევი განუსაზღვრელობის საფუძველზე იძლევა რისკის რანჟირებისას აღწერილობით კატეგორიებად დაყოფის საშუალებას; კ) რისკის პროფილი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობასთან, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, ცხოველის ჯანმრთელობასა და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემისა და მისი შინაარსის აღწერა; ლ) განუსაზღვრელობათა ანალიზი – მეთოდი, რომელიც გამოიყენება მოდელის მონაცემების, ცდომილებისა და სტრუქტურასთან/ფორმასთან დაკავშირებულ განუსაზღვრელობათა შეფასებისათვის; მ) გამჭვირვალობა – პროცესის დახასიათება, როდესაც მიღებული შედეგები, განვითარების ლოგიკა, დაბრკოლება, დაშვება, ღირებულებათა შეფასება, გადაწყვეტილება, ხელისშემშლელი ფაქტორი და განუსაზღვრელობა სრულად და სისტემატურად ფიქსირდება, დოკუმენტურად ფორმდება და ხელმისაწვდომია განხილვისათვის; ნ) რისკის შეფასების პოლიტიკა − პროცესი, რომელიც მოიცავს კონკრეტული პოტენციური საფრთხის განხილვასთან დაკავშირებულ აუცილებელ დოკუმენტურ ინფორმაციას, მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების გათვალისწინებით. მუხლი 3. რისკის შეფასების პოლიტიკა 1. რისკის შეფასების პოლიტიკის შემუშავება განხილულ უნდა იქნეს როგორც რისკის მართვის ერთ-ერთი კომპონენტი. 2. რისკის შეფასების პოლიტიკა შემუშავებული უნდა იქნეს რისკის მმართველების მიერ რისკის შეფასებამდე, რისკის შემფასებლებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების საფუძველზე, რომლის მიზანია სისტემატური, სრული, ობიექტური და გამჭვირვალე რისკის შეფასების უზრუნველყოფა. 3. რისკის მმართველის მიერ რისკის შემფასებლებისათვის დასახული ამოცანა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მკაფიო და გასაგები. 4. საჭიროების შემთხვევაში, რისკის მმართველმა უნდა მიმართოს რისკის შემფასებელს თხოვნით, შეაფასოს რისკის პოტენციური ცვლილება, რომელიც წარმოიქმნება რისკის მართვის ვარიანტ(ებ)ის შერჩევის დროს. მუხლი 4. რისკის შეფასება 1. ყოველი რისკის შეფასება უნდა შეესაბამებოდეს წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ მიზანს. 2. რისკის შეფასება ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ. 3. რისკის შეფასების ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო დასკვნის ჩამოყალიბება. 4. რისკის შეფასებისას გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და არსებული თვისობრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია. 5. რისკის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, შენახვისა და გადამუშავების, ასევე ტრადიციული წარმოების პრაქტიკა, გამოკვლევის მეთოდი, სახელმწიფო კონტროლის შედეგ(ებ)ი, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ცხოველის ჯანმრთელობასა და მცენარის სიჯანსაღეზე შესაძლო უარყოფითი მავნე ზეგავლენა და ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს რისკის შეფასებაზე. 6. განუსაზღვრელობა, ხელის შემშლელი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს რისკის შეფასების თითოეულ ეტაპზე, უნდა დაფიქსირდეს დოკუმენტურად. 7. რისკის შეფასებისას განუსაზღვრელობა და ვარაუდი შეიძლება გამოსახული იყოს როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად. 8. რისკის შეფასება ასახული უნდა იყოს რისკის შეფასების ანგარიშში, სადაც მიეთითება ნებისმიერი ხელის შემშლელი ფაქტორი, განუსაზღვრელობა, ვარაუდი, მათი ზეგავლენა რისკის შეფასებაზე, ასევე უნდა აისახოს რისკის შეფასებაში ყველა მონაწილის განსხვავებული აზრი/პოზიცია. 9. პასუხისმგებლობა რისკის მართვის გადაწყვეტილების განუსაზღვრელობის ზეგავლენის აღმოფხვრაზე ეკისრება რისკის მმართველს. 10. რისკის შეფასების ანგარიში − სამეცნიერო დასკვნა და სათანადო რეკომენდაციები უნდა იყოს მაქსიმალურად გასაგები და გამოსაყენებელი ფორმით წარდგენილი რისკის მმართველებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. 11. რისკის შეფასებისას განხილული უნდა იქნეს არსებულ საფრთხეებსა და ადამიანს, ცხოველსა და მცენარეს შორის ურთიერთქმედება (მოსალოდნელი ან სავარაუდო შედეგის ჩათვლით). 12. რისკის დახასიათებისას აღწერილი უნდა იყოს მოცემული რისკის სავარაუდო უარყოფითი ეფექტისა და სიმძიმის რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასება, მათ შორის, იმ განუსაზღვრელობის აღწერა, რომელიც ამ შეფასებებს უკავშირდება, რისკის თვისობრივი შეფასებისას რისკი შესაძლოა, აღწერილი იყოს კონცეპტუალური მოდელის სახით. რისკის რაოდენობრივი შეფასებისას შესაძლოა, ნაწილობრივ ან სრულად გამოყენებულ იქნეს ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასების, სკრინინგშეფასების, ანალიზური ეკოლოგიურ-ეპიდემიოლოგიური, ეპიზოოტიური, ეპიდემიოლოგიური, ფიტოსანიტარიული კვლევის, მეტა-ანალიზისა და სხვა მეთოდები, ასევე სტატისტიკური და სხვა სარწმუნო მონაცემები. რისკის შედარებითი შეფასება ხორციელდება, თუ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღის მიმართ არასასურველი შესაძლო ეფექტების შესახებ არსებობს სამეცნიერო-კვლევითი მონაცემები, რომლებიც წინ უსწრებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღისთვის უფრო სიღრმისეული კვლევების განხორციელებას. მუხლი 5. რისკის შეფასების ორგანო 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში − ცენტრი). 2. ცენტრი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის შეფასებისათვის უფლებამოსილია, შექმნას პროფილურ მეცნიერთა ჯგუფი (შემდგომში − მეცნიერთა ჯგუფი) ან/და შეარჩიოს შესაბამისი პროფილის იურიდიული პირი. 3. მეცნიერთა ჯგუფის წევრები ან/და იურიდიული პირი რისკის შეფასების სამეცნიერო დასკვნის მომზადებისას გადაწყვეტილებას იღებენ დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ. 4. მეცნიერთა ჯგუფის წევრები და შესაბამისი პროფილის იურიდიული პირები შერჩეული უნდა იქნენ გამჭვირვალედ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ უნდა გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს რისკის შეფასებაზე. მუხლი 6. რისკის მართვა1. რისკის მართვის გადაწყვეტილების, მათ შორის, გატარებული ღონისძიებების უპირველესი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა. 2. რისკის მართვის გადაწყვეტილების მიღებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვადასხვა შემთხვევაში ანალოგიურ რისკებთან მიმართებაში გაუმართლებელი განსხვავებული ღონისძიებების გატარება. 3. რისკის მართვის პროცესი უნდა წარიმართოს თანმიმდევრულად, რომელიც მოიცავს რისკის მართვის წინასწარ ღონისძიებებს (პრობლემის იდენტიფიცირება, რისკის პროფილის დადგენა, რისკის მართვისა და რისკის შეფასების პრიორიტეტების განსაზღვრისათვის საფრთხის რანჟირება, რისკის შეფასების პოლიტიკის განსაზღვრა რისკის შეფასებისათვის, რისკის შეფასებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინება), რისკის მართვის ალტერნატივების არჩევას, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებას, მონიტორინგსა და გადახედვას. 4. რისკის მართვის ორგანო მიმართავს ცენტრს პოტენციური საფრთხის განხილვის დაწყების თაობაზე. განსახილველ მოთხოვნაში აღწერილი უნდა იყოს რისკის პროფილი. 5. გადაწყვეტილება რისკის მართვის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს რისკის შეფასების ანგარიშს და უნდა იყოს შეფასებული რისკის პროპორციული, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა სამართლებრივი ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასა და ვაჭრობაში სამართლიანი პრაქტიკის ხელშეწყობასთან. 6. მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად რისკების მართვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, შენახვისა და გადამუშავების, ასევე ტრადიციული წარმოების პრაქტიკა, გამოკვლევის მეთოდები, ნიმუშის აღებისა და ინსპექტირების პროცედურები, მავნე ზეგავლენის არსებობა. 7. რისკის მართვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკური შედეგები და რისკის მართვის ალტერნატივების განხორციელების შესაძლებლობა. 8. რისკის მართვის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სრულად დოკუმენტირებული. გადაწყვეტილება რისკის მართვის შესახებ უნდა იყოს დოკუმენტირებული, რათა რისკების მართვის პროცესი გახდეს ადვილად გასაგები ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 9. რისკის მართვის სხვადასხვა ვარიანტი უნდა შეფასდეს რისკის ანალიზის სფეროსა და მიზნის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ცხოველის ჯანმრთელობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვისთვის მიღწეული დონის მიხედვით. განხილული უნდა იქნეს ისეთი ალტერნატივებიც, რომლებიც არ ითვალისწინებს რაიმე ღონისძიების განხორციელებას. 10. რისკის მართვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალობა და თანმიმდევრულობა. რისკის მართვის სხვადასხვა ვარიანტის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი პოტენციური უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შეფასება. რისკის მართვის ვარიანტ(ებ)ის შერჩევისას, რომლებიც თანაბრად ეფექტიანია, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვისათვის უნდა შეირჩეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ზღუდავს ვაჭრობას. 11. რისკის მართვა უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ყველა უახლეს მონაცემს, რომელიც მიიღება რისკის მართვის გადაწყვეტილებების შეფასებისას და განხილვისას. რისკის მართვის გადაწყვეტილებების შედეგებზე, აღსრულებაზე, ზემოქმედებასა და ეფექტიანობაზე რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი, რისკის მართვის გადაწყვეტილებები ან/და მათი აღსრულება უნდა გადაიხედოს საჭიროებისამებრ. მუხლი 7. რისკის მართვის ორგანო 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის სფეროში, რისკის შეფასების საფუძველზე, რისკის მართვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას (შემდგომში − რისკის მართვის ორგანოები). 2. რისკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასა და ღონისძიებების განხორციელებაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საჭიროების მიხედვით, ჩართულნი იქნებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სხვა უწყებები, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 8. ცენტრისა და რისკის მართვის ორგანოების თანამშრომლობა 1. რისკის მართვის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ცენტრი რისკის შეფასების ანგარიშს აწვდის რისკის მართვის ორგანოებს. 2. რისკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისა და ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილე ორგანოები ცენტრს, ცენტრის მოთხოვნით, რისკის შეფასების მიზნისათვის აწვდიან ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში, საქართველოს ტერიტორიასა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას სახელმწიფო კონტროლის შედეგების, ასევე სურსათთან, მათ შორის, სასმელ წყალთან დაკავშირებული ინფექციური/არაინფექციური, ზოონოზური დაავადებების, ეპიდზედამხედველობის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფაქტობრივი კვების კვლევის შესახებ. 3. რისკის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული პოტენციური საფრთხის შესახებ მონაცემებით ცენტრის ინფორმირებას. 4. ცენტრისა და რისკის მართვის ორგანოების თანამშრომლობა ხორციელდება კონსულტაციების საფუძველზე. მუხლი 9. რისკის კომუნიკაციარისკის კომუნიკაციამ უნდა უზრუნველყოს: ა) რისკის მართვის ვარიანტ(ებ)ის/რეკომენდაციების ფორმულირებისას თანმიმდევრობა და გამჭვირვალობა; ბ) რისკის ანალიზის პროცესის სპეციფიკურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ამ საკითხების ადვილად აღქმა; გ) მყარი საფუძველი, რათა შეთავაზებული რისკის მართვის გადაწყვეტილებები იყოს ადვილად გასაგები; დ) რისკის ანალიზის საერთო ეფექტიანობისა და ქმედითობის გაუმჯობესება; ე) რისკის ანალიზის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; ვ) რისკის ანალიზის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა ისე, რომ ამაღლდეს სასურსათო ჯაჭვის უვნებლობასთან, ცხოველის ჯანმრთელობასა და მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებით მომხმარებელთა ნდობა; ზ) რისკის ანალიზის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის სათანადო ჩართვა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა; თ) შესაბამის შემთხვევაში, კონფიდენციალურობის დაცვა. |
დოკუმენტის კომენტარები