საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 193/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016332
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
193/04
27/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
220020000.18.011.016332
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/08/2018 - 13/09/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №193/04

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 521 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  ამ წესის მიზანია ფინანსური სტაბილურობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

2. ეს წესი განსაზღვრავს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს (შემდგომში – ბიურო) საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების პრინციპებს. ასევე ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების პირობებს, რაც უზრუნველყოფს ბიუროს საქმიანობის უწყვეტობას.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.    ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;

ბ) ადმინისტრატორი – ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბიუროს სახელით აიღოს ვალდებულებები;

გ) მნიშვნელოვანი წილი პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ბიუროს განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბიუროზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;

დ) მნიშვნელოვანი გავლენა – განიმარტება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ე)  საკრედიტო ინფორმაცია – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ინფორმაცია სესხის/კრედიტის და გარესაბალანსო ვალდებულებების (საბანკო გარანტია, აკრედიტივი და სხვა) შესახებ;

ვ) არასაკრედიტო ინფორმაცია ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი)  ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი;

ზ) განაღდებული საწესდებო კაპიტალი – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

თ) საოპერაციო აქტივები ბიუროს ნებადართული საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისათვის საჭირო ნებისმიერი ტიპის აქტივი;

ი) რისკის აპეტიტი რისკის ის რაოდენობა და მოვლენა, რომელიც შეუძლია ბიუროს აიღოს თავისი ზომიდან ან/და  სტრატეგიული შესაძლებლობიდან გამომდინარე;

კ) მსხვილი საოპერაციო რისკი მთლიანი დანაკარგი, რომლის დაფიქსირებული, ან მოსალოდნელი ჯამური თანხა უდრის ან აღემატება 50 000 ლარს;

ლ) მონაცემთა სუბიექტი (პირი/მომხმარებელი) ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომლის შესახებ ბიუროში გროვდება, ინახება, მუშავდება საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი (მათ შორის, მსესხებელი, თანამსესხებელი და თავდები);

მ) გადამხდელუნარიანობის ანალიზი პირის ვალდებულებების მომსახურების შესაძლებლობის ანალიზი;

ნ) მონაცემთა დამუშავება განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
ეროვნული ბანკი ბიუროების რეგულირების კუთხით:

ა) ზედამხედველობას უწევს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვას;

ბ) ახდენს ბიუროების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას წინამდებარე წესის მიხედვით;

გ) უფლებამოსილია ბიუროს, წინამდებარე წესის მიზნებიდან გამომდინარე, დაუწესოს ნებისმიერი მოთხოვნა ან/და გასცეს წერილობითი მითითებები;

დ) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს, ხოლო ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს სავალდებულო გეგმური და არაგეგმური ტექნიკური და ფინანსური აუდიტის ჩატარება იმ აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია ბიუროს მოცულობისა და რისკის პროფილის შესაფერისი პროფესიული გამოცდილება.  არაგეგმური აუდიტის ჩატარების დროს, ბიურო ვალდებულია აუდიტორის ვინაობა წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს;

ე) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შესაბამისი პროცედურების შემუშავება, ტექნიკური უზრუნველყოფის დანერგვა, ადამიანური რესურსის გამოყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს ბიუროს როგორც ადგილზე, ისე დისტანციური, გეგმური და არაგეგმური შემოწმება (მათ შორის, ბიუროსთან დაკავშირებული პროცესების შემოწმება);

ზ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მათ შორის, ამ წესის მე-6 მუხლში მითითებული დოკუმენტებისაგან დამოუკიდებლად/დამატებით);

თ) იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს ადმინისტრატორი არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვან ან სისტემატიურ დარღვევას, ეროვნულ ბანკს შეუძლია ბიუროს მოსთხოვოს ადმინისტრატორის თანამდებობიდან გადაყენება;

ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ფიზიკური პირი) უფლებების შეზღუდვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად;

კ) იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს მონაცემთა სერვერი განთავსებულია იმ ქვეყანაში, რომელიც არ აკმაყოფილებს მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნებს (მათ შორის, კანონმდებლობის დონეზე), ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბიუროს მონაცემთა სერვერის ადგილმდებარეობის ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში;

ლ) ეროვნულ ბანკსა და ბიუროს შორის მიმოწერა/ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.


მუხლი 4. ბიურო
1. ბიურო არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ნებადართულ საქმიანობას.

2. ბიურო ვალდებულია თავის საფირმო სახელწოდებაში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, შეიტანოს ტერმინი „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო“.

3. მეწარმე სუბიექტს ბიუროს სტატუსით საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

4. ბიუროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის პროცესში, ასევე, რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს აქტივების არანაკლებ 50% უნდა შეადგენდეს საკუთარ სახსრებს.

5. ბიუროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის პროცესში, ასევე, რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,000,000 (სამი მილიონი) ლარს. ამ პუნქტის მიზნებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა გამომდინარეობდეს საოპერაციო აქტივებისა და ბიუროს ჯამური ვალდებულებების (მათ შორის გარებალანსური ვალდებულებები) სხვაობიდან.

6. ბიურო  ვალდებულია მის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა არანაკლებ 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან.

7.  სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და კომპენსაციის გადახდის შემდეგ, 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში ბიურომ უნდა უზრუნველყოს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მინიმალური ლიმიტის განახლება.

8. ბიუროს ადმინისტრატორთა კვალიფიკაცია და პროფესიული უნარები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

  9. ბიურო ვალდებულია განახორციელოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივი ინფორმირება, თუ საქმიანობის განხორციელების პროცესში მისთვის ცნობილი გახდა სესხის გამცემი ორგანიზაციების ან ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რაც უკავშირდება პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ან/და სხვა რელევანტური ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას და გაცემას.

10. ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის საკრედიტო, არასაკრედიტო ან/და სხვა რელევანტური ინფორმაციის შესახებ პრეტენზიების მიღებასა და განხილვაზე (მათ შორის, მონაცემთა შესაბამის მიმღებთან/მიმწოდებელთან ერთად) პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და პირების არსებობა.

11. ბიუროს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, პოლიტიკა/პროცედურები და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს ფინანსური, საოპერაციო, იურიდიული და სხვა რისკების ადეკვატური მართვა, მონიტორინგი და კონტროლი.


მუხლი 5. ბიუროს საქმიანობა
1.    ბიუროსათვის ნებადართულია მხოლოდ შემდეგი საქმიანობის სახეობები:

ა) პირის (მონაცემთა სუბიექტი) შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაციის ან/და სხვა რელევანტური მონაცემის შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და სხვაგვარად დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ბ) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაცია, რომელიც აუცილებელია საკრედიტო საინფორმაციო სისტემის მონაწილეთა (სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) საქმიანობის ავტომატიზაციისათვის;

გ)  მონაცემთა სუბიექტების  გადამხდელუნარიანობის შეფასება (მათ შორის, სტატისტიკური, ქცევითი და სხვა შეფასების მოდელების შემუშავება);

დ) ანალიტიკური, საგანმანათლებლო საქმიანობა და კონსულტაციების გაწევა შესაბამის სფეროში. აღნიშნულის მიზნებისთვის ბიურომ წინასწარ უნდა შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს მესამე მხარისთვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/სერვისი (მათ შორის, ბიუროში დაცული მონაცემების ნებისმიერი სახით დამუშავება);

ე) ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით განხორციელებული სხვა რელევანტური საქმიანობა.

2. ბიუროს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობების განხორციელება ნებადართულია ამ წესის და „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საქმიანობის განხორციელებამდე, ბიურო ვალდებულია აღნიშნული აცნობოს ეროვნულ ბანკს.


მუხლი 6. ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია
1. მეწარმე სუბიექტმა, ბიუროს რეგისტრაციის მიზნით, ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) საფირმო სახელწოდების შესახებ;

ბ) სამართლებრივი ფორმის შესახებ;

გ) იურიდიული მისამართის შესახებ;

დ) განაღდებული კაპიტალის ოდენობის შესახებ.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) რეგისტრირებული წესდების დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) ბიზნეს გეგმა და მომდევნო სამი წლის ფინანსური პროგნოზი;

დ) მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის მიერ მომზადებული ტექნიკური აუდიტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელის ტექნიკური/პროგრამული შესაძლებლობები სრულად პასუხობს ამ წესის მოთხოვნებს; 

ე) დოკუმენტები ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე;

ვ) ადმინისტრატორების პირადი რეზიუმე (CV);

ზ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ფინანსური სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება);

თ) ინფორმაცია ბიუროსა და ადმინისტრატორთა ვალების შესახებ;

ი) ცნობა ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს;

კ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა/ადმინისტრატორთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი). იურიდიული პირის შემთხვევაში, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია;

ლ) ადმინისტრატორთა ხელწერილი ამ წესით დადგენილი შესაფერისობის კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

მ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის, ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება ბიურო (ადმინისტრაციული ოფისი, საოპერაციო აქტივების განთავსების ადგილი და სხვა);

ნ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია ადმინისტრატორთა განათლებისა ან/და გამოცდილების შესახებ;

ო) განმცხადებლის ბოლო 3 წლის საგადასახადო დეკლარაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

პ) ბოლო სამი წლის ფინანსური ანგარიშგება და აუდიტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ჟ) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც დასტურდება ბიუროს მიერ ამ წესის მე-11, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლებთან შესაბამისობა.

4. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.


მუხლი 7. ბიუროს მნიშვნელოვანი წილის მფლობელის და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
1. პირს ეკრძალება, იყოს ბიუროს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.  

2. ბიუროს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი უნდა სარგებლობდეს სათანადო რეპუტაციით.

3. პირი შეიძლება იყოს ბიუროს ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო;

ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) მას აქვს სათანადო განათლება ან/და საკრედიტო-საინფორმაციო საქმიანობის, ან მსგავსი საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ადმინისტრატორის განათლებისა და გამოცდილების დონე შესაბამისობაში უნდა იყოს ბიუროს და უშუალოდ მისი ფუნქციების მასშტაბებთან და კომპლექსურობასთან;

დ) არ მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებელ ორგანიზაციას ან/და გამოიწვია ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად არ გამოიყენა თავისი უფლებები;

ვ) ნებისმიერი გამსესხებლის მიმართ შესრულებული აქვს ან/და ასრულებს სასესხო/საკრედიტო ვალდებულებებს;

ზ) არ არის გამოცხადებული გადახდისუუნაროდ/გაკოტრებულად.


მუხლი 8. რეგისტრაციის შესახებ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება
1. მეწარმე სუბიექტის მიერ ბიუროდ რეგისტრაციის შესახებ წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღებიდან  60 (სამოცი) სამუშაო დღის განმავლობაში ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს.  საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 30 (ოცდაათი) დღემდე და ამის შესახებ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

2. თუ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით  განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული მეწარმე სუბიექტისათვის ბიუროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

3.   ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტები არ იქნა მოწოდებული ან/და მოწოდებული დოკუმენტაცია არ არის სრული;

ბ) დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და/ან დოკუმენტები არის ყალბი, არასრული, და/ან შეუსაბამო საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, ან არ არის მოწოდებული წინამდებარე წესით განსაზღვრულ ვადებში;

გ) ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ მეწარმე სუბიექტი, მისი ადმინისტრატორი/მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ან/და არღვევს, არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც დადგენილია  ბიუროებისთვის წინამდებარე წესით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.


მუხლი 9. ცვლილებების რეგისტრაცია
1. ბიურო, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის და იურიდიული  მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე ხუთი სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.

2. ადმინისტრატორების ცვლილების შემთხვევაში, ბიურომ ეროვნულ ბანკს 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უნდა წარუდგინოს ბიუროს რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ადმინისტრატორის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრატორი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით, მათ შორის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბიუროს მისი თანამდებობიდან გადაყენება.


მუხლი 10. ბიუროს რეგისტრაციის გაუქმება
1. ბიუროს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

2. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ბიუროს წამომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ბიუროს შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად;

ბ) აქციონერთა და/ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება,  როდესაც ბიურო ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

გ) ეროვნული ბანკის შეფასებით ან/და შემოწმების საფუძველზე, ბიურო ვერ უზრუნველყოფს მისთვის მინდობილი მონაცემების და/ან ინფორმაციის უსაფრთხოებას;

დ) ეროვნული ბანკის შეფასებით ან/და შემოწმების საფუძველზე, ბიურო ეწევა ან ეწეოდა არაჯანსაღ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს;

ე) ბიუროს სხვა ბიუროსთან შერწყმის, მიერთების, გაერთიანების ან გაყოფის შემთხვევა;

ვ) თუ ბიუროს საკუთარი სახსრები შეადგენს მისი აქტივების 50%-ზე ნაკლებს;

ზ) ბიუროს მიერ დაირღვა ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

თ) ბიუროს სასამართლოს მიერ ჩამოერთვა საქმიანობის განხორციელების უფლება;

ი) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე ან/და არაზუსტი ინფორმაცია;

კ) ბიუროს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღება/რეგისტრაციის გაუქმება;

ლ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის დასკვნის წარუდგენლობა;

მ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ბიუროსათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან/და ლიკვიდაციის თაობაზე;

ნ) ბიურო არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს ან/და შემოწმებაზე არ დაუშვა ეროვნული ბანკის თანამშრომლები.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბიუროს (ასევე მის ფილიალს და შვილობილ კომპანიას) გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ ეროვნული ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიუროს სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.

4. ბიურო ვალდებულია რეგისტრაციის გაუქმებისას, გადახდისუუნარობის ან/და ლიკვიდაციის შემთხვევაში, ბიუროში დაცული მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების პერსონალური ინფორმაცია) სრულად გადასცეს ეროვნულ ბანკს, რომელიც მონაცემთა ბაზის შემდგომი გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან შეთანხმებით.


მუხლი 11. მნიშვნელოვანი წილის შეძენა
1. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს ბიუროს მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბიუროს კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესახებ.

2. ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი  დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

3. ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

4. განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად დაინტერესებულ პირს განუსაზღვროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის ბიუროს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს.

6. ბიუროს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესახებ ან ეროვნული ბანკისგან მიღებული დასაბუთებული უარის მიუხედავად, მაინც შეიძინა მნიშვნელოვანი წილი.


მუხლი 12. ბიუროს ადმინისტრატორთა ვალდებულებები
1. ბიუროს ადმინისტრატორი ვალდებულია ბიუროს საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, უზრუნველყოს ბიუროს წინაშე მდგარი ფინანსური, საოპერაციო, იურიდიული თუ სხვა რისკების ადეკვატური მართვა. 

2. ბიუროს ადმინისტრატორი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ორგანიზაციის მასშტაბით პოლიტიკის, პროცედურებისა და შესაბამისი სისტემების არსებობა ფინანსური, იურიდიული, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის ჭრილში, რომელიც მოიცავს ყველა პროდუქტს, მომსახურებას და ოპერაციებს და რომელიც თანხვედრაშია ბიუროს რისკის პროფილთან.

3. ბიუროს ადმინისტრატორმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის სათანადო და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება, იზრუნოს კომპეტენტურობის და პატიოსნების პრინციპების ამაღლებასა და განვითარებაზე.

4. ბიუროს ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობაა, რომ რისკების მიმართულებით ამაღლდეს ცნობიერების დონე მთელი ორგანიზაციის მასშტაბით. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ ბიუროს ყველა თანამშრომელი სათანადოდ ინფორმირებული უნდა იყოს, თუ რისგან შედგება და რას მოიცავს ბიუროს წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის რისკი.

5. ადმინისტრატორი პასუხისმგებელია, რომ ბიურომ შეიმუშაოს მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის შესახებ ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების მექანიზმი.


მუხლი 13. ბიუროს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო
1. საქართველოში მოქმედ ყველა ბიუროს უნდა გააჩნდეს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო (შემდგომში   ჩარჩო).

2. ბიურო ვალდებულია რეგულარულად შეაფასოს ჩარჩოს ადეკვატურობა და  განაახლოს ის მოსალოდნელი საოპერაციო რისკებისა და რისკის პროფილის ცვლილების შესაბამისად.

3. ჩარჩოში შემავალი ყველა პოლიტიკა/პროცედურა სრულიად უნდა იყოს ფორმალიზებული და წერილობით დოკუმენტირებული. საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო უნდა შეიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

ა) საოპერაციო რისკების მართვის მიზნებსა და რისკის აპეტიტს;

ბ) ბიზნეს უწყვეტობის მართვას/გეგმას, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ინციდენტის შემთხვევაში აღდგენის კომპონენტსაც;

გ) საინფორმაციო სისტემების მართვას;

დ) საინფორმაციო უსაფრთხოებას;

ე) თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და  კონტროლის მექანიზმს;

ვ) რისკების შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ინსტრუმენტებით:

ვ.ა) საოპერაციო რისკების დანაკარგის განმარტებას;

ვ.ბ) საოპერაციო რისკების დანაკარგების მონაცემთა ბაზას;

ვ.გ) ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებას და განსაზღვრას;

ვ.დ) ძირითადი რისკების ინდიკატორებს;

ვ.ე) რისკების მართვის პროცესის სასიცოცხლო ციკლს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ვ.ე.ა) რისკების იდენტიფიცირებას, კონტროლის მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას;

ვ.ე.ბ) რისკების მონიტორინგს და ანგარიშგებას;

ვ.ე.გ) რისკების შერბილებას (მიტიგაციას) და ნარჩენი რისკების შეფასებას.


მუხლი 14. მოთხოვნები საინფორმაციო სისტემების მიმართ
1. ბიუროს უნდა გააჩნდეს პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც მოიცავს ორგანიზაციის არსებული საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების ადეკვატურობის და უსაფრთხოების საკითხებს.

2. საინფორმაციო სისტემებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ სტანდარტს და მეთოდოლოგიას.

3. ბიურომ უნდა დანერგოს ისეთი საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, რომელიც შესაფერისია და შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ და სამომავლო ოპერაციების მოცულობასა და კომპლექსურობას.

4. ბიურომ რეგულარულად უნდა შეაფასოს და გადახედოს საინფორმაციო სისტემების შესაბამისობას და შესაფერისობას ბიუროს ზომის, კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით.

5. ბიურო ვალდებულია შეიმუშაოს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც  უნდა ითვალისწინებდეს საინფორმაციო უსაფრთხოების მიზნებს და სტრატეგიას. აღნიშნული გულისხმობს ორგანიზაციაში არსებული მონაცემების სათანადო დაცვას.

6. საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკამ უნდა მოიცვას ბიუროში არსებული ყველა მონაცემის კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხი.

7. ბიურომ, არანაკლებ წელიწადში ორჯერ, უნდა ჩაატაროს შეღწევადობის ტესტირება, რომელიც განხორციელდება გარე აუდიტორული კომპანიის ან სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლის ვინაობაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. შეღწევადობის ტესტირებამ უნდა მოიცვას ორგანიზაციის ყველა საინფორმაციო სისტემა და დაკავშირებული პროცესები.

8. ბიურომ, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, უნდა განახორციელოს საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც განხორციელდება გარე აუდიტორული კომპანიის ან სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, რომლის ვინაობაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან.

9. საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების აუდიტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის ბიზნეს უწყვეტობის მართვის, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მონაცემთა ხარისხის მართვის გარემოს. საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის გარემოს ფარგლებში ჩატარებულმა აუდიტმა მთლიანად უნდა მოიცვას ბიუროს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა და დაკავშირებული პროცესები.

10. ბიურო ვალდებულია ინფორმაციის უსაფრთხოების და დაცულობის ნებისმიერი ხარვეზი დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.


მუხლი 15. მოთხოვნები ბიზნესის უწყვეტობის მართვის შესახებ
1. ბიურო ვალდებულია გააანალიზოს და შეიმუშაოს ადეკვატური კონტროლის ღონისძიებები იმ არსებითი საფრთხეების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბიუროს გამართულ და უწყვეტ ფუნქციონირებას.

 2. ბიუროს უნდა გააჩნდეს ნათელი და საფუძვლიანად დოკუმენტირებული ბიზნესის უწყვეტობის გეგმა. აღნიშნული ემსახურება ბიზნესის უწყვეტობის მაღალი დონის მიღწევას, რაც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს საკუთარი მომსახურება მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ მხარეებს და ინციდენტის შემთხვევაში დროულად აღადგინოს ოპერაციები.

3. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა შეიცავდეს წერილობით პოლიტიკას და პროცედურებს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას და დეტალურად ასახავს ბიუროს გეგმებს და რეაგირების მექანიზმებს მოულოდნელი სიტუაციის/მოვლენებისა ან/და ორგანიზაციის ოპერაციებში მსხვილი წყვეტის დაფიქსირებისას.

4. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა შედგებოდეს შემდეგი საფეხურებისგან:

ა) ბიზნესზე ზეგავლენის ანალიზი (ორიენტირებული კრიტიკულ ბიზნეს პროცესებზე);

ბ) რისკების შეფასება;

გ) რისკების მართვა;

დ) რისკების მონიტორინგი;

ე) რეგულარული ტესტირება.

5. ბიუროს უნდა გააჩნდეს როგორც ძირითადი, ასევე ალტერნატიული მონაცემთა ცენტრი, რომელიც იქნება ძირითადი მონაცემთა ცენტრისგან გეოგრაფიულად დივერსიფიცირებული.

6. ბიუროს მონაცემთა მინიმუმ ერთი ცენტრი (მათ შორის, ყველა საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა), უნდა მდებარეობდეს საქართველოში.

7. ბიუროს ალტერნატიული მონაცემთა ცენტრი არ უნდა იყოს გამჟღავნებული იგივე რისკების მიმართ, რომლის მიმართაც გამჟღავნებულია ბიუროს ძირითადი მონაცემთა ცენტრი.

8. ბიურომ უნდა განახორციელოს ბიზნეს უწყვეტობის გეგმის სრული ტესტირება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

9. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა შეფასდეს და განახლდეს რეგულარულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება ან/და ახალი პროდუქტების შემოღება იგეგმება.

10. ბიურო ვალდებულია ტესტირების შედეგები აღრიცხოს დეტალურად, როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით და მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.


მუხლი 16. მოთხოვნები აუთსორსინგულ ოპერაციებთან დაკავშირებით
1. ბიურო ვალდებულია ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების მიზნით, აუთსორსინგული ურთიერთობის, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიუროს ძირითად საქმიანობას და ძირითადი საქმიანობის საინფორმაციო სისტემებს, დამყარებამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე აცნობოს ეროვნულ ბანკს.

2. აუთსორსინგული ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს იმ პირობის დაცვით, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხელი არ შეეშალოს ან შეფერხდეს ეროვნული ბანკის მიერ ბიუროს საქმიანობის დროული და შეუფერხებელი აღდგენა, ასევე ბიუროს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება.

3. მესამე მხარეთა არსებული აუთსორსინგული სახელშეკრულებო ურთიერთობები და ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები/ვალდებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესის და „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის მოთხოვნებს.

4. აუთსორსინგული ხელშეკრულების გაფორმებისას, ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს პირობა იმის შესახებ, რომ ეროვნულ ბანკს, როგორც ბიუროს ზედამხედველ ორგანოს, მიენიჭოს უფლება ბიუროსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაუყოვნებელი და უპირობო გამოთხოვის შესახებ.

5. ბიუროსათვის უცხოური კომპანიის აუთსორსინგულმა მომსახურების გაწევამ და საქართველოს ფარგლებს გარეთ კრიტიკული მონაცემების და პროცესების გატანამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეროვნული ბანკის მიერ ბიუროს სრულყოფილი ზედამხედველობის  განხორციელების, მათ შორის, შემოწმების, ასევე ბიუროს ლიკვიდაციის შემთხვევაში ბიუროში დაცული მონაცემთა ბაზის ეროვნული ბანკისათვის გადაცემის შესაძლებლობას. 

6. ბიურო ვალდებულია ჩაატაროს რისკების ადეკვატური და კომპეტენტური შეფასება აუთსორსინგულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ მოიცავს ბიუროს მიერ კომპანიის  შესახებ  ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის სრულყოფილ ანალიზს, რომელიც გულისხმობს არანაკლებ ბოლო (ყველაზე ახალი) დამოუკიდებელი ფინანსური/ტექნოლოგიური აუდიტის დასკვნის შეფასებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ აუთსორსინგული მომსახურება ხორციელდება ისეთ კომპანიასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბიურო ვალდებულია აუთსორსინგული კომპანიის აუდიტის დასკვნის ასლი იქონიოს და შეინახოს საქართველოს ტერიტორიაზე. საჭიროების შემთხვევაში და ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბიურო ვალდებულია რისკების შეფასება, ისევე როგორც კომპანიის აუდიტის დასკვნა დაუყოვნებლივ მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.

7. ბიუროს ბიზნესის უწყვეტობის გეგმა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ბიუროს აუთსორსინგულ ოპერაციებს, რაც გულისხმობს ბიუროს კრიტიკულ ინფორმაციაზე დროულ წვდომასა და მომსახურების განახლებას მოულოდნელი ეროვნული ან გეოგრაფიული შეზღუდვების ან შეფერხებების პირობებში, რომელიც ზეგავლენას ახდენს კომპანიის მიერ აუთსორსინგული მომსახურების ადეკვატურად მიწოდებაზე.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები არ სრულდება მესამე მხარის (კომპანიის) მიერ, რომელიც ბიუროს აწვდის აუთსორსინგულ მომსახურებას, ბიუროს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 521 მუხლის შესაბამისად.


მუხლი 17. ეროვნული ბანკის მიერ აუთსორსინგის შეტყობინების განხილვა
1. ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი განიხილავს დაგეგმილ აუთსორსინგულ ურთიერთობას და ბიუროს აძლევს თანხმობას ან ეუბნება უარს ასეთი ურთიერთობის დამყარების შესახებ. აუთსორსინგული ურთიერთობის სირთულიდან გამომდინარე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება დამატებით გაგრძელდეს 45 სამუშაო დღემდე და ამის შესახებ უნდა ეცნობოს ბიუროს.

2. ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი აუთსორსინგული ურთიერთობის დამყარებაზე თანხმობის მიცემას.

3. აუთსორსინგული ხელშეკრულება ბათილია, თუ ბიურომ ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა დაგეგმილი აუთსორსინგული ურთიერთობის თაობაზე, თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარუდგინა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც დადო აუთსორსინგული ხელშეკრულება.


მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1. პირი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის განხორციელების მიზნით ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ამ წესისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს საქმიანობის განხორციელების მსურველი პირი ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას ვერ აკმაყოფილებს ამ წესითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია რეგისტრაციისათვის წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, წარადგინოს წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გონივრული გეგმა. ეროვნული ბანკი განიხილავს შესაბამისობაში მოყვანის გეგმას და თანხმობას უცხადებს ან უარს ეუბნება პირს ბიუროდ რეგისტრაციაზე. შესაბამისობაში მოყვანის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს.