საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 194-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016547
194-3
19/09/2016
ვებგვერდი, 18/09/2018
480610000.03.030.016547
საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
შეთანხმება

 

საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

 საქართველოს მთავრობა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

სურთ რა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას,

აცნობიერებენ რა აუცილებლობას, ხელი შეუწყონ დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეთა მიმოსვლას ორივე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, დატოვონ, ტრანზიტით გაიარონ, დარჩნენ ტრანზიტით ან იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს  ოთხმოცდაათი (90) დღისა. 

 

მუხლი 2

1. თითოეული მხარის მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის არ მოეთხოვებათ ვიზა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4.  თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 

მუხლი 3

თითოეული მხარის მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე  მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

                                                   

მუხლი 4

თითოეული  მხარის სახელმწიფოთა მოქალაქეების დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის დღეს, მოქმედი უნდა იყოს სულ მცირე 6 (ექვსი) თვის მანძილზე.

 

მუხლი 5

1. მხარეთა მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ        პასპორტებს, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

2. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს თითოეული მხარის უფლებას, უარი განუცხადოს შესვლაზე ან ყოფნაზე მოქალაქეებს, რომლებსაც იგი მიიჩნევს არასასურველად ან persona non grata-დ.

     

მუხლი 6

1. თითოეულ მხარეს შეუძლია, ნაწილობრივ ან მთლიანად, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან  გამომდინარე.

2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების ან ამგვარი შეჩერების გაუქმების შესახებ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს წერილობითი სახით დიპლომატიური არხების საშუალებით.

 

მუხლი 7

1. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. მხარეები  დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.


მუხლი 8

მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება პირდაპირი დიპლომატიური  კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ ამ მიზნისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების გზით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია მეორე მხარეს წერილობით აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.

3. შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2016 წლის 19 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის                                    პარაგვაის რესპუბლიკის

                        სახელით                                                        მთავრობის სახელით

                (ხელმოწერილია)                                                  (ხელმოწერილია)