„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.020753
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
437
24/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
240080010.10.003.020753
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/08/2018 - 31/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2018 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 4 მაისის №2275-IIს საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის აღსრულების უზრუნველსაყოფად, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, არაუგვიანეს 2018 წლის პირველი დეკემბრისა განახორციელოს შესაბამისი ელექტრონული პროცედურის შემუშავება.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი დეკემბრიდან.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



 

 

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესი“ (შემდგომში – წესი)  შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომში – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი) და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონი) საფუძველზე და მოქმედების სფერო ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებზე.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობები.

3. შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვისას  გამოიყენება ამ წესისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-ით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ დებულებანი.

მუხლი 2. დავის განმხილველი ორგანო

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონით  გათვალისწინებული შერჩევის პროცესიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებს განიხილავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის საქმიანობის წესი, პრინციპები, შემადგენლობა და სტრუქტურა განისაზღვრება, მათ შორის, ამ წესითა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. შერჩევის პროცესიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებს განიხილავს საბჭოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა.

მუხლი 3. გასაჩივრების უფლება და ფორმა

1. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან მონაწილეს შეუძლია გაასაჩივროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის (მათ შორის, მასში შეტანილი ცვლილების) გასაჩივრების უფლება აქვს შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესში მონაწილეს;

ბ) შერჩევის პროცესში მონაწილეთა კვალიფიკაციის ან დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს შერჩევის პროცესში მონაწილეს, რომელსაც მიაჩნია, რომ შერჩევის  პროცესში დაირღვა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები;

გ) შერჩევის პროცესის საკვალიფიკაციო შეფასების დასრულებიდან ხელშეკრულების დადებამდე უფლებამოსილი ორგანოს ან/და შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს შერჩევის პროცესში მონაწილეს, რომელმაც წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი (გაიარა კვალიფიკაცია) და რომელსაც მიაჩნია, რომ შერჩევის  პროცესში დაირღვა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.

3. უფლებამოსილი ორგანოს ან/და შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება საბჭოში, თუ პრეტენზია შეეხება:

ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში კონცესიონერის შერჩევის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას;

გ) შერჩევის პროცედურის შეჩერებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

დ) შერჩევის პროცესის საჯაროდ ან დახურული წესით ჩატარების საკითხს;

ე) დახურული შერჩევის პროცესს;

ვ) პირდაპირი მოლაპარაკების გზით წარმართულ შერჩევის პროცესს;

ზ) გადაწყვეტილების/ქმედების მიზანშეწონილობას;

თ) განსაზღვრული კრიტერიუმების თანაფარდობის მიზანშეწონილობას, მათ შორის, ხარისხის თანაფარდობის განსაზღვრის მიზანშეწონილობას, ასევე შესარჩევი კომისიის შეფასებას ხარისხის არათვლად კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

4. საჩივარი საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდულის (შემდგომში – ელექტრონული მოდული) მეშვეობით, ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით („საჩივრის ელექტრონული ფორმა“).

მუხლი 4. გასაჩივრების ვადები

საბჭოში გასაჩივრებისთვის დგინდება შემდეგი ვადები:

ა) შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის (მათ შორის, დოკუმენტაციაში ცვლილების) გასაჩივრება შესაძლებელია შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენამდე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასებასა და წინადადებების წარსადგენად მიწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია წინადადების წარსადგენად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასებასთან, მოკლე სიის შერჩევასთან ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოების დაწყებამდე;

დ) ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვიდან/ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულების დადებამდე.

მუხლი 5. საჩივრის წარდგენის საფასური

1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%-ს, მაგრამ არანაკლებ 22 000 და არაუმეტეს 150 000 ლარისა.

2. საჩივრის წარდგენის საფასური გადაიხდება საჩივრის წარდგენის მომენტში, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რა დროსაც სისტემა უზრუნველყოფს საჩივრის წარდგენის საფასურის შესაბამისი ოდენობის თანხის დაბლოკვას. აღნიშნული თანხა განიბლოკება საჩივრის წარდგენის საფასურის წარდგენიდან 40 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. ასეთ შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის საფასური მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 6. საჩივრის დასაშვებად ცნობა

1. საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხს იხილავს და, შესაბამისად, საჩივარს დასაშვებად/დაუშვებლად ცნობს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული საბჭოს აპარატი (შემდგომში – საბჭოს აპარატი), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საბჭოს აპარატი, საჩივრის დასაშვებობის დადგენის მიზნით, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, იხილავს საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრის შესაბამისობას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 231 მუხლსა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

3. თუ საჩივარი შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 231 მუხლითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საბჭოს აპარატი დასაშვებად ცნობს მას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ასახავს შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულ მოდულში.

4. თუ საჩივარი წარდგენილია ამ წესის დანართის დაუცველად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა, საბჭოს აპარატი არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მომჩივანს ელექტრონული მოდულისა და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს მას ვადას, მაგრამ არაუმეტეს მომდევნო სამუშაო დღისა. თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი. საჩივრის დაზუსტების შემთხვევაში, საბჭოს აპარატი საჩივრის დასაშვებობის საკითხს იხილავს არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა.

5. საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, თუ:

ა) იგი არ ეხება უფლებამოსილი ორგანოს ან/და შესარჩევი კომისიის არასათანადო გადაწყვეტილებას/ქმედებას;

ბ) არ არსებობს დავის საგანი;

გ) გასულია მისი წარდგენის ვადა;

დ) იგი ეხება საკითხს, რომელზეც არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ე) იგი ეხება საკითხს, რომელსაც განიხილავს საბჭო იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ვ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ზ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს მიერ განსჯადია;

თ) იგი ეხება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს;

ი) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მომჩივანი არ დააზუსტებს ან არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატი დაუშვებლად ცნობს საჩივარს და აღნიშნულის შესახებ ასახავს შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულ მოდულში არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

7. თუ საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ გამოირკვა მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭოს აპარატი, ამ მუხლით დადგენილი წესით, დაუშვებლად ცნობს საჩივარს. თუ დაუშვებლად ცნობის საფუძველი გამოირკვა საბჭოს სხდომაზე ან მის შემდეგ, საჩივარს დაუშვებლად ცნობს საბჭო.

8. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ, საბჭოს სხდომის გამართვამდე, გონივრულ ვადაში, საბჭოს აპარატი აღნიშნულის შესახებ აცნობებს საბჭოს წევრებს (საბჭოს შესაბამის შემადგენლობას) და მიუთითებს საჩივრის, ასევე მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) გაცნობის შესაძლებლობის შესახებ.

მუხლი 7. შერჩევის პროცედურების შეჩერება

1. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე გასაჩივრებული შერჩევის პროცედურა ჩერდება ავტომატურად.

2. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში.

3. უფლებამოსილი ორგანო აგრეთვე ვალდებულია, იმავე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი შერჩევის პროცესი (არსებობის შემთხვევაში).

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შერჩევის პროცედურები აგრეთვე ჩერდება შერჩევის პროცესში მონაწილე პირთათვის.

მუხლი 8. საჩივრის გამოხმობა

1. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს გამოიხმოს საჩივარი.

2. მომჩივანმა საჩივრის გამოხმობის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საბჭოს აპარატს.

3. საჩივრის გამოხმობის შემთხვევაში საჩივარი აღარ განიხილება.

4. საჩივრის გამოხმობის შესახებ საბჭოს აპარატი ასახავს შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულ მოდულში არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

მუხლი 9. გადაწყვეტილების გამოქვეყნება

საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და ითვლება მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად.

მუხლი 10. გადაწყვეტილების აღსრულება

საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა.

მუხლი 11. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი

საჩივრის ელექტრონული ფორმა

საჩივარი წარედგინება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოს

A Complaint to be submitted to the Dispute Resolution Council, set by PPL

შერჩევის პროცესის ნომერი

 Processing/Dossier №

...

მომჩივნის სახელი და გვარი

Name, Last Name of the Complainant

...

მომჩივნის პირადი ნომერი

Personal/Identification code (ID)

...

მისამართი

Address

...

ტელეფონის ნომერი

Telephone

...

მობილურის ნომერი

Mobile Telephone

...

ელექტრონული ფოსტა

E-mail

...

უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

Full name of a PPP procuring entity , to which action a complaint relates

...

საჩივრის შინაარსი

Substance of the complaint

...

საჩივრის სამართლებრივი საფუძველი

Legal grounds of the Complaint

...

თანდართული დოკუმენტაციის (მიმაგრებული ფაილების) ჩამონათვალი, გვერდების რაოდენობის მითითებით

The listing of the documentation attached to the Complaint, by indicating the number of pages

...

საჩივრის წარმომდგენი პირის სახელი და გვარი

Name and last name of the person lodging the Complaint

...

საჩივრის წარმომდგენი პირის პირადი ნომერი

Personal number of the person lodging the

Complaint

...

საჩივრის წარმომდგენი პირის ტელეფონის ნომერი

Telephone number of the person lodging the

Complaint

...

თარიღი

Date of filling out

...