წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.020747
431
20/08/2018
ვებგვერდი, 21/08/2018
400000000.10.003.020747
წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №431

2018 წლის 20 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის „ჰ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ტექნიკური რეგლამენტი

წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა  და მიღების პირობები და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი – „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა  და მიღების პირობები და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურასა და კონტროლის მექანიზმებს.

2. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვებ ჩამდინარე წყლებში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს (კონცენტრაციებს).

3.  ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ურთიერთობებს სისტემის ოპერატორებსა და სისტემის მომხმარებლებს შორის, რომლებიც ახორციელებენ  სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას.

4.    ტექნიკური რეგლამენტის მიღების მიზანია:

ა) სისტემისა და მასთან დაკავშირებული გამწმენდი ნაგებობების გამართული, უსაფრთხო, სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

ბ) სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების მიზნით, ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების დასაშვები კონცენტრაციებისა და მათი ზღვრული ოდენობების დადგენა;

გ) სისტემაში ჩამდინარე წყალთან ერთად ისეთი დამაბინძურებლების ჩაშვების აკრძალვა (შეზღუდვა), რომლებიც ადეკვატური გაწმენდის გარეშე მოხვდებოდნენ გარემოში;

დ) სისტემაში მომუშავე პერსონალის შრომის უსაფრთხოების დაცვა, კერძოდ, მათი დაცვა ისეთი დამაბინძურებლებისგან, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე.

5. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს იმ ტექნიკურ პირობებს, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს:

ა) მომხმარებლების მიერ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვება;

ბ) სისტემის ოპერატორის მიერ სისტემაში ჩამდინარე წყლის მიღება.

6. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ჩამდინარე წყლების სისტემაში ჩაშვებისა და მიღების ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურას.

7. რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც წარმოქმნის ჩამდინარე წყალს, რომელიც ჩაედინება წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

ა) სისტემა – წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა, რომელიც წარმოადგენს ინფრასტრუქტურულ ობიექტს და  რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლების გატარებისა და გაწმენდისათვის;

ბ) სისტემის ოპერატორი – წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის ოპერირებაზე პასუხისმგებელი პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

გ)  სისტემის მომხმარებელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელიც სისტემაში ახორციელებს ჩამდინარე წყლის ჩაშვებას;

დ) ჩამდინარე წყალი – საწარმოო ჩამდინარე წყალი და არასაწარმოო ჩამდინარე წყალი; 

ე)  საწარმოო ჩამდინარე წყალი – წარმოების პროცესში გამოყენებული ან/და საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყალი, რომელიც თავისი შემადგენლობით განსხვავდება არასაწარმოო ჩამდინარე წყლისგან; საწარმოო ჩამდინარე წყლები წარმოიქმნება, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობების შედეგად:  ფოლადისა და მეტალების, ქიმიური ნივთიერებების, ლაქ-საღებავების, ცემენტის, რეზინის, პოლიმერული მასალების შუშისა და მინანქრის წარმოება; გალვანიზაცია, ზეთისა და ნავთობის დამუშავება, საწვავ-საპოხი მასალების მიღება, შენახვა და რეალიზაცია (ბენზინგასამართი სადგურები), სამღებრო სამუშაოები; ცვილის, სანთლის, საპნის, სარეცხი საშუალებების, პერსონალური ჰიგიენის საშუალების წარმოება, ხის გადამამუშავებელი, ქაღალდისა და მუყაოს დამზადება ან/და გადამუშავება, ავტოტექმომსახურება, ტყავის, ბუმბულისა და სხვა ცხოველური წარმოშობის მასალების დამუშავება, ღვინის წარმოება, დამუშავება და/ან შენახვა, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება/კონსერვაცია, შაქრისა და ტკბილეულის წარმოება და სხვა;

ვ)  არასაწარმოო ჩამდინარე წყალი – გამოყენებული (მოხმარებული) წყალი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის მეტაბოლიზმისა და საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად;

ზ) ზედაპირული წყლის ობიექტები – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხები, ტბორები, ჭაობები და საქართველოს ტერიტორიული წყლები;

თ) ჩაშვების წერტილი – მიერთება ან მიმღები სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჩამდინარე წყლის ჩაშვება წყალარინების სისტემაში;

ი)  ზალპური ჩაშვება – სისტემაში დროის მოკლე მონაკვეთში ისეთი ჩამდინარე წყლის ჩაშვება, რომლის მოცულობაც მნიშვნელოვნად აღემატება მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების საშუალო დღეღამურ მოცულობას და/ან რომელშიც  დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები არანაკლებ 20-ჯერ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს;

კ)  ზენორმატიული ჩამდინარე წყალი – ჩამდინარე წყალი, რომელშიც დამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს;

ლ) წყალარინება – ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ჩაშვებული ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებასა და გამწმენდი ნაგებობისთვის მიწოდებას.

მუხლი 3. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვებული წყლების რეგლამენტირება

1. მომხმარებლებს ეკრძალებათ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ისეთი ნივთიერებების ჩაშვება, რომლებიც თვითონ ან სისტემაში არსებულ სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შედეგად გამოიწვევენ:

ა) სისტემასთან დაკავშირებული გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტიანობის შემცირებას და დაბინძურებული, არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლების მოხვედრას ზედაპირული წყლის ობიექტებში, სადაც საერთოდ ხდება გამწმენდი ნაგებობიდან გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება;

ბ) სისტემის დაზიანებას ქიმიური ან მექანიკური ზემოქმედების სახით;

გ) სისტემისა და მასთან დაკავშირებული გამწმენდი ნაგებობის საექსპლუატაციო ვადის შემცირებას. 

2. აკრძალულია წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში შემდეგი ნივთიერებებისა და მასალების ჩაშვება:

ა) ნივთიერებები, რომლებმაც თავისი თვისებებიდან, კონცენტრაციიდან ან რაოდენობიდან გამომდინარე თვითონ ან ჩამდინარე წყლების სისტემაში არსებულ სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედებით შეიძლება გამოიწვიონ ხანძარი ან აფეთქება, პირდაპირ ან აქროლების შედეგად დაგროვილი აირების გამო. აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ნივთიერებებით, რომელთა აალების ტემპერატურა 600 C-ზე ნაკლებია;

ბ)      ნებისმიერი რადიოაქტიური ნარჩენების შემცველი მოხმარებული წყლები;

გ) მყარი ან წებოვანი მასალები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალარინების  სისტემების (მილების, ჭების, ცხაურების) ნორმალური ოპერირების შეფერხება ან გაბიდვნა, მაგალითად: მყარი ნარჩენები, პოლიმერული ან/და  ფისისებური კონსისტენციის მასალები, მეტალის ნახერხი (ბურბუშელა), კერამიკა, გრუნტი, ქვიშა, ცემენტი, საბურღი ხსნარები (პულპები), სამშენებლო მასალები და სხვა მსხვილი დისპერსიული შეწონილი ნაწილაკები, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები, საღებავები და სხვა; ასევე სისტემაში მოხვედრილი მყარი ან ლაბილური კონსისტენციის მასალები, რომლებსაც ვერ გაატარებს 35 მმ-იანი ცხაური;

დ)  კოროზიის გამომწვევი ან აგრესიული ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სისტემის ან მისი ელემენტების ფუნქციონირებას;

ე) ჩამდინარე წყლები ისეთი შეფერილობით, რომელთა ინტენსიური შეფერილობა ქრება მხოლოდ 16-ჯერადზე მეტი განზავებისას;

ვ)  წყალი ან ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ცხიმებს, ცვილებს, საცხებს ან ზეთებს, ან ამ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ცხოველურ ან მცენარეულ მასას, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით არიან ისინი წარმოდგენილი (ემულსიები), გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში (სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები) მოცემული დასაშვები კონცენტრაციებისა;

ზ) ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება სისტემაში გამყარდეს  5-დან 650C ტემპერატურულ დიაპაზონში;

თ)     ცხიმდამჭერებში და ნავთობდამჭერებში დაგროვილი მასა (აკრძალულია აღნიშნული მასის სისტემაში ჩაშვება ნებისმიერი გზით, მათ შორის, გათბობით, გახსნით ან განზავებით);

ი) აქროლადი ნივთიერებები, რომლებმაც თვითონ ან სისტემაში არსებულ სხვა ნივთიერებებთან ერთად (გოგირდწყალბადი, ნახშირბადის სულფიდი, ნახშირჟანგი, ციანიდის ნაერთები, ადვილად აქროლადი ნახშირწყალბადები და სხვა ტოქსიკური, წვადი და ფეთქებადსაშიში ნივთიერებები და სხვ.) შეიძლება გამოიწვიოს აირების დაგროვება, რაც საფრთხეს შეუქმნის სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებასა და მომსახურე პერსონალს, გარდა დანართ №1-ში მოცემული დასაშვები კონცენტრაციებისა;

კ) მკვეთრი არასასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებები (ქიმიკატები, ოდორანტები, აქროლადი გამხსნელები და ა.შ.), რომლებიც იწვევენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და ხელს შეუშლიან სატუმბი სადგურებისა და წყლის გამწმენდი ნაგებობების ნორმალურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნიან გამწმენდ ნაგებობებში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობას;

ლ) საფუარები, ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენი შლამები, ელექტროლიტები, წყლის ფილტრაციის, დარბილების ნარჩენები, უკუოსმოსის და სხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობების ნარჩენები – პერმიატები, ჩამდინარე წყლის პირველადი დამუშავების წერტილებში დაგროვილი ნარჩენები;

მ)  ქიმიური რეაგენტები, მათ შორის, ნივთიერებები, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები წყალსატევების წყლებისთვის დადგენილი არ არის ან ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურ გაწმენდას, აგრეთვე ნივთიერებები, რომელთა ანალიტიკური კონტროლის მეთოდები შემუშავებული არ არის;

ნ) ხორცისა და თევზის, ზღვის პროდუქტების, ცხოველთა საკვებისა და სხვა სახის საკვები პროდუქტების  დამამზადებელი საწარმოების მყარი და თხევადი ნარჩენები;

ო) მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ასევე მეფრინველეობის ფერმების ნარჩენები, წუნწუხის, ნაკელისა და სხვა სახის ფეკალური ნარჩენების ჩათვლით;

პ) პარკებისა და ბაღების დალაგებისა და დასუფთავებისას დაგროვილი ნარჩენები, როგორებიცაა: მცენარეული მასა, ფოთლები, ტოტები (მათ შორის, დაქუცმაცებული), ნახერხი, ყვავილებისა  და სხვა სახის მცენარეული ნარჩენები;

ჟ) ბოჭკოვანი მასალები, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ბუნებრივი და სინთეტური ბოჭკოებით (მათ შორის, თმები, ბეწვი, ნართები და ბუმბული), რომლის ბოჭკოების სიგრძე აღემატება 3 სმ-ს. ასევე ბოჭკოს შემცველი ნივთიერებები, ხელოვნური ნაჭრები, შესაფუთი მასალები და ა.შ.;

რ) ფარმაცევტული და სხვა სახის ბიოტექნოლოგიური პროცესების მასალები ან ნარჩენები;

ს) პესტიციდები, ჰერბიციდები, ინსექტიციდები, როდენტიციდები ან ფუმიგანტები;

ტ)     საშიში ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ინფექციური დაავადებების  გამომწვევები.

3. კატეგორიულად იკრძალება სისტემაში ინფექციური საავადმყოფოებისა და განყოფილებების ჩამდინარე წყლების ჩაშვება წინასწარი გაწმენდისა და გაუსნებოვნების გარეშე.

4. გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, აკრძალულია ჩამდინარე წყლების განზავება ზედაპირული, მიწისქვეშა ან ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის წყლის გამოყენებით, მათში დამაბინძურებლების კონცენტრაციების შემცირების მიზნით.

5. სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები მოცემულია დანართ №1-ში.

6. ინფორმაცია იმ პარამეტრების შესახებ, რომლებიც არ არის შეტანილი დანართ №1-ში და წარმოადგენს გარემოსათვის საშიშ ნივთიერებებს და მათი წარმოქმნა ხდება სპეციფიკური ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, წინასწარ უნდა იქნეს მიწოდებული სისტემის ოპერატორისთვის შესათანხმებლად.  

7. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო ჩამდინარე წყლების რაოდენობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება დღე-ღამის განმავლობაში და აჭარბებს დაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს,  საწარმოებს უფლება აქვთ, დაამონტაჟონ სპეციალური რეზერვუარები და შემრევი მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთგვაროვანი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას მთელი დღის განმავლობაში.

მუხლი 4. ჩამდინარე წყლების ჩაშვების პროცესის მართვა

1. სისტემის ოპერატორი სისტემაში ჩამდინარე წყლის მიღებას ახორციელებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

2. მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყალი უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

3. სისტემის ოპერატორი არ არის ვალდებული, მიიღოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ზენორმატიული ჩამდინარე წყალი.

4. სისტემის ოპერატორი, თავისი შეხედულებით, სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის სპეციფიკაციების, დატვირთვის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, უფლებამოსილია, მომხმარებელს გარკვეული ვადით მისცეს თანხმობა ზენორმატიული ჩამდინარე წყლის სისტემაში ჩაშვების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც, მასთან გააფორმებს ხელშეკრულებას ზენორმატიული წყლის მიღებაზე. სისტემის ოპერატორი თავად განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და სახელშეკრულებო მომსახურების საფასურს, რომელიც დადგინდება წინამდებარე რეგლამენტის მე-6 მუხლის გათვალისწინებით.

5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებლისგან, რომელიც, საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს საწარმოო ჩამდინარე წყლის ჩაშვებას სისტემაში, მოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ სისტემაში ჩაშვებული საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხის (ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობა) შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, სისტემის ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია (ჩამდინარე წყლის სინჯის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის შედეგი) მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში.

6. ყველა ახალი მომხმარებელი ან/და მომხმარებელი, რომელიც ცვლის საწარმოო პროცესს და აპირებს საწარმოო ჩამდინარე წყლის ჩაშვებას სისტემაში, ვალდებულია, წყალჩაშვების დაწყებამდე წარუდგინოს სისტემის ოპერატორს ინფორმაცია გამოყენებული ტექნოლოგიის, ნივთიერებების ან/და ჩაშვებული საწარმოო ჩამდინარე წყლის მოცულობისა და ხარისხის შესახებ, ხოლო წყალჩაშვების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში სისტემის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხის შესახებ (ქიმიური და მიკრობიოლოგიური  შედგენილობა).

7. სისტემის ოპერატორი წარდგენილ ინფორმაციას განიხილავს 3 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას ზენორმატიული ჩამდინარე წყლის მიღების ან არმიღების შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, თუ, მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სისტემის ოპერატორი დაასკვნის, რომ სისტემაში ჩაშვებული/ჩასაშვები საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხი (ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობა) არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მიიღებს გადაწყვეტილებას საწარმოო ჩამდინარე წყლის არმიღების შესახებ, მომხმარებელს ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 12 თვისა), რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს საწარმოო ჩამდინარე წყლის გაწმენდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამის ან სისტემის ოპერატორისათვის მისაღებ დონემდე. მომხმარებელს, რომელიც ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე ახორციელებდა საწარმოო წყლის ჩაშვებას სისტემაში, სისტემის ოპერატორისგან ამ პერიოდში ეძლევა საწარმოო ჩამდინარე წყლის ჩაშვების დროებითი ნებართვა (ტექნიკური პირობა), რომლის მიხედვითაც მოხდება სისტემაში წყლის ჩაშვება.

9. აკრძალულია სისტემაში ჩამდინარე წყლის ზალპური ჩაშვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ავარიული ზალპური ჩაშვების ფაქტს, მომხმარებელი ვალდებულია, სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ზალპური ჩაშვების დაახლოებითი მოცულობისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების სავარაუდო კონცენტრაციის თაობაზე. სისტემის ოპერატორის ინფორმირება მომხმარებელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

მუხლი 5. ზედამხედველობა და კონტროლი

1. სისტემის ოპერატორი ახორციელებს ჩამდინარე წყლების მიღების ზედამხედველობასა  და კონტროლს.

2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გამართული ოპერირების მიზნით, ნებისმიერ დროს გააკონტროლოს მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის რაოდენობა და დაბინძურების ხარისხის მაჩვენებელი.

3. მომხმარებელი ვალდებულია, არ შეაფერხოს სისტემის ოპერატორი, რომ მან განახორციელოს ჩამდინარე წყლების მონიტორინგი, მათ შორის, ნებისმიერ დროს უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაშვება ჩამდინარე წყლის რაოდენობის გასაზომად ან/და სინჯის (ნიმუშის) ასაღებად წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლის ჩაშვების წერტილი ექცევა მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ ჩაშვების წერტილი მდებარეობს მომხმარებლის საკუთრების/მფლობელობის გარეთ, მაშინ სინჯის აღება ხორციელდება არსებული სისტემის უახლოესი საკანალიზაციო ჭიდან.

5. სისტემის ოპერატორი, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს წერტილოვანი სინჯის (დროის მოცემულ მონაკვეთში გამდინარე წყლის ნიმუში) აღებას ან ადგილზე ამონტაჟებს შედგენილი (საშუალო) სინჯის ასაღებ ხელსაწყოს, რომელიც უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში გასაშუალოებული სინჯის აღებას.

6. სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს მომხმარებელს ჩამდინარე წყლის სინჯის აღების შესახებ და მომხმარებელი უფლებამოსილია, დაესწროს სინჯის აღებას. თუმცა, თუ მომხმარებელი არ დაესწრება სინჯის აღების პროცესს, სინჯის აღება განხორციელდება მომხმარებლის დასწრების გარეშე.

7. ჩამდინარე წყლის სინჯის ანალიზი ტარდება ნებისმიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი ტიპის სინჯების აღებისა და კვლევის უფლება.

8. იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლის სინჯის აღების დროს მომხმარებელს სურს ანალიზის ჩატარება ალტერნატიულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აღებული იქნება ორი პარალელური სინჯი, რომელთაგან სათანადო წესითა და პირობებით დალუქული ერთი სინჯი გადაეცემა მომხმარებელს.

9. სისტემის ოპერატორის მიერ ნებისმიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ჩამდინარე წყლის სინჯის კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული იქნა ამ რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყალი, ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის საფასური ეკისრება მომხმარებელს.

10. სინჯის აღება და კონტროლი უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №26 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესებისა“ და ჩამდინარე წყლების ანალიზის სტანდარტული მეთოდების შესაბამისად. სინჯის აღებისა და პარამეტრების კონტროლის სარეკომენდაციო მეთოდების ჩამონათვალი მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში.

მუხლი 6. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ზენორმატიული წყლის ჩაშვება

1. იმ შემთხვევაში, თუ ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სისტემის ოპერატორი გადაწყვეტს მიიღოს ზენორმატიული ჩამდინარე წყალი, ზენორმატიული საწარმოო ჩამდინარე წყლის მიღებაზე დამატებითი მომსახურების ყოველთვიური  ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება თითოეული ნორმირებული პარამეტრის გადაჭარბების დონისა და დამაბინძურებლის კატეგორიის ჯგუფის შესაბამისად. ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

A= F * (0.1  * (k1+k2+... +ki) + 0.2  * ( m1+m2+... +mi) + 0.4  * (n1+n2+... +ni))

A – ასანაზღაურებელი თანხა;

F – მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში წყალარინების მომსახურებისთვის გადახდილი   საფასურის საშუალო მაჩვენებელი;

k – დანართ №1-ში მოცემული, პირველი  ჯგუფის თითოეული პარამეტრისათვის გადაჭარბების კოეფიციენტები;

m – დანართ №1-ში მოცემული, მე-2 ჯგუფის თითოეული პარამეტრისათვის გადაჭარბების კოეფიციენტები;

n – დანართ №1-ში  მოცემული, მე-3 ჯგუფის თითოეული პარამეტრისათვის გადაჭარბების კოეფიციენტები.

2. გადაჭარბების კოეფიციენტი  გამოითვლება გაზომილი კონცენტრაციის შეფარდებით ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე

1. სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისთვის სისტემის ოპერატორისთვის  მომსახურების საფასურის გამოთვლა, იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები სრულად შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირობებს, ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი აკრძალული ნივთიერებების ჩაშვება, დანართ №1-ში განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება, ზალპური ჩაშვება) დარღვევით, სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობა და დაკისრების წესი რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმების გარდა, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ჩამდინარე წყლის სისტემაში ჩაშვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება სისტემის ოპერატორის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.