ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი
დოკუმენტის ნომერი 02102013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.016543
02102013
19/06/2014
ვებგვერდი, 09/08/2018
480150000.03.030.016543
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №16

ოქმი


სტრასბურგი, 2013 წლის 2 ოქტომბერი

 

პრეამბულა

ქვემორე ხელმომწერმა ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა და 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) სხვა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა,

მხედველობაში მიიღეს კონვენციის დებულებები, კერძოდ მე-19 მუხლი, რომლითაც დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (შემდგომში „სასამართლო“),

ჩათვალეს, რომ საკონსულტაციო დასკვნების გაცემის თვალსაზრისით სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთქმედებას სასამართლოსა და ეროვნულ ორგანოებს შორის და, ამგვარად, გაამყარებს კონვენციის განხორციელებას სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად,

მხედველობაში მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2013 წლის 28 ივნისის №285 (2013) დასკვნა,

და თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებსა და ტრიბუნალებს, რომლებიც განისაზღვრება მე-10 მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას.

2. მოთხოვნის წარმდგენ სასამართლოს ან ტრიბუნალს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით.

3. მოთხოვნის წარმდგენმა სასამართლომ ან ტრიბუნალმა უნდა დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა და წარადგინოს მის წარმოებაში არსებული საქმის სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.

მუხლი 2

1. დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით, პირველი მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის მიღებაზე თანხმობის საკითხს. კოლეგიის უარი მოთხოვნის მიღებაზე უნდა დასაბუთდეს.

2. თუ კოლეგია დაეთანხმება მოთხოვნის მიღებას, დიდი პალატა გასცემს საკონსულტაციო დასკვნას.

3. წინა პუნქტებში მითითებულ კოლეგიასა და დიდ პალატაში ex officio შედის მოსამართლე, არჩეული იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარისაგან, რომელსაც განეკუთვნება მოთხოვნის წარმდგენი სასამართლო ან ტრიბუნალი. ამ მოსამართლის არყოფნის ან მის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამართლის უფლებამოსილებით განხილვაში მონაწილეობს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ამ მხარის მიერ წინასწარ წარდგენილი კანდიდატების სიიდან შერჩეული პირი.

მუხლი 3

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარსა და მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც განეკუთვნება მოთხოვნის წარმდგენი სასამართლო ან ტრიბუნალი, უფლება აქვთ წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ ზეპირ განხილვაში. სასამართლოს თავმჯდომარეს, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ან პირს, ასევე წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრებები ან მონაწილეობა მიიღონ ზეპირ განხილვაში.

მუხლი 4

1. საკონსულტაციო დასკვნა უნდა დასაბუთდეს.

2. თუ საკონსულტაციო დასკვნა, მთლიანად ან ნაწილობრივ, არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთხმივ აზრს, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია, მას დაურთოს ცალკე აზრი.

3. საკონსულტაციო დასკვნა გადაეცემა სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელმაც წარადგინა მოთხოვნა და მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც ეს სასამართლო ან ტრიბუნალი განეკუთვნება.

4. საკონსულტაციო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.

მუხლი 5

საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს სავალდებულო ხასიათი.

მუხლი 6

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე ოქმის პირველ - მე-5 მუხლებს კონვენციის დამატებით მუხლებად მიიჩნევენ და კონვენციის ყველა დებულება შესაბამისად გამოიყენება.

მუხლი 7

1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომლებიც სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავენ:

  1. ხელმოწერით დათქმის გარეშე, რომ დამატებით საჭიროა რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება; ან
  2. ხელმოწერით შემდგომი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების პირობით, რასაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება.

2. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 8

1. ეს ოქმი ძალაში შედის კონვენციის ათი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ მე-7 მუხლის შესაბამისად მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ნებისმიერი სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელიც შემდგომ გამოხატავს თანხმობას ამ ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის მე-7 მუხლის შესაბამისად მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი 9

ამ ოქმის დებულებების მიმართ დაუშვებელია რაიმე სახის დათქმა კონვენციის 57-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 10

კონვენციის თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წარდგენილი განცხადებით, მიუთითებს, რომელ სასამართლოებს ან ტრიბუნალებს დაასახელებს იგი ამ ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის. აღნიშნული განცხადება შეიძლება მოგვიანებით ნებისმიერ დროს შეიცვალოს იმავე წესით.

მუხლი 11

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს წევრებსა და კონვენციის სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს აცნობებს:

  1. ყოველი ხელმოწერის;
  1. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ყოველი სიგელის დეპონირების;
  1. მე-8 მუხლის შესაბამისად ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;
  1. მე-10 მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადების;
  1. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტის, შეტყობინებისა თუ მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია სტრასბურგში, 2013 წლის 2 ოქტომბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.