ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020714
398
03/08/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
240110000.10.003.020714
ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №398

2018 წლის 3 აგვისტო 

ქ. თბილისი

 

ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებები და განმარტებები


მუხლი 1

1. ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული  სპეციალური წესი (შემდეგში – წესი) ადგენს:

ა) ბლუთანგის კონტროლის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის წესებსა და ზომებს მის საწინააღმდეგოდ ბრძოლისა და აღმოფხვრისათვის;

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველების გადაადგილების შეზღუდვის წესებს ბლუთანგის დროს შეზღუდული ზონიდან და ზონაში.

2. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში  სააგენტო).

მუხლი 2

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სადგომი – სასოფლო-სამეურნეო ან სხვა საწარმო, სადაც ხორციელდება ბლუთანგის ამთვისებელი სახეოებების ცხოველების მოშენება ან შენახვა მუდმივად ან დროებით;

ბ) ამთვისებელი სახეობები – ყველა მცოხნავი ცხოველი;

გ) ცხოველი – ამთვისებელ სახეობებს მიკუთვნებული ცხოველ(ებ)ი, გარდა გარეული ცხოველებისა, რომლებთან დაკავშირებითაც შესაძლებელია სააგენტოს მიერ მიღებულ იქნეს სპეციალური მოთხოვნები;

დ) მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლიც ფლობს ან პასუხისმგებელია ცხოველების შენახვაზე სასყიდლით ან უსასყიდლოდ;

ე) ვექტორი – Culicoides imicola-ს სახეობის მწერი ან Culicoides გვარის ნებისმიერი სხვა მწერი, რომელსაც შეუძლია ბლუთანგის გადაცემა;

ვ) ეჭვი – ამთვისებელ სახეობებში ნებისმიერი კლინიკური ნიშნის გამოვლენა, რომელიც მთელ რიგ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებთან ერთად მიანიშნებს ბლუთანგზე;

ზ) დადასტურება – ლაბორატორიულ შედეგებზე დაყრდნობით სააგენტოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ბლუთანგის გამომწვევი ვირუსი გავრცელებულია მოცემულ ტერიტორიაზე, თუმცა, ეპიდემიის შემთხვევაში სააგენტომ შესაძლოა ასევე დაადასტუროს დაავადების არსებობა კლინიკური და/ან ეპიდემიოლოგიური შედეგების საფუძველზე;

თ) სახელმწიფო ვეტერინარი – სააგენტოს მიერ დანიშნული ვეტერინარი;

ი) ატენიურებული (შესუსტებული) ცოცხალი ვაქცინა – ვაქცინები, რომლებიც შექმნილია ბლუთანგის გამომწვევი ვირუსის საველე შტამების ადაპტირებით ქსოვილოვან კულტურაში ან ემბრიონირებულ ქათმის კვერცხში სერიული პასაჟირებით;

კ) ბლუთანგის შემთხვევა – შემთხვევად მიიჩნევა, როდესაც დაკმაყოფილებულია ამ პუნქტის „კ.ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა და ცხოველი, პასუხობს ამ პუნქტის „კ.ა-კ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

კ.ა) ავლენს ბლუთანგის შესაბამის კლინიკურ ნიშნებს;

კ.ბ) არის ინდიკატორი ცხოველი, რომელმაც წინა სეროლოგიური გამოკვლევისას უარყოფითი შედეგები აჩვენა და მოხდა მისი ანტისხეულების სეროკონვერტაცია უარყოფითიდან დადებითისკენ, რის შედეგადაც წინა გამოკვლევის თარიღიდან მიმდინარე დრომდე ბლუთანგის სეროტიპები სულ მცირე ერთამდე შემცირდა;

კ.გ) არის ცხოველი, რომლისგანაც მოხდა ბლუთანგის ვირუსის გამოყოფა და იდენტიფიცირება;

კ.დ) არის ცხოველი, რომელმაც სეროლოგიურ გამოკვლევაზე დადებითი შედეგები გამოავლინა ან რომელშიც ბლუთანგის ერთი ან მეტი სეროტიპისთვის დამახასიათებელი ვირუსული ანტიგენი ან ვირუსული რიბონუკლეინის მჟავა (RNA) გამოვლინდა;

კ.ე) თუ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებში აღინიშნულია, რომ ბლუთანგის ინფექციის მიმანიშნებელი კლინიკური ნიშნები ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები გამოწვეულია სადგომში ვირუსის ცირკულაციით და არა ვაქცინირებული ან სეროდადებითი ცხოველების შეზღუდული ზონებიდან შემოყვანით;

ლ) ბლუთანგის აფეთქება – სადგომში ან ცხოველების თავშეყრის ადგილზე, ერთი ან მეტი ბლუთანგის შემთხვევის  ოფიციალურად დადასტურება;

მ) ბლუთანგის პირველადი აფეთქება – აფეთქება, რომელიც ეპიზოოტოლოგიურად არ არის დაკავშირებული წინა აფეთქებასთან იმავე რეგიონში ან პირველადი აფეთქება სხვა რეგიონში, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებული ბლუთანგის შემთხვევა პირველად აფეთქებად ითვლება ერთ-ერთ შემთხვევაში:

მ.ა) თუ ის ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული არ არის წინა აფეთქებასთან;

მ.ბ) დაავადების გავრცელება გულისხმობს შეზღუდული ზონის დემარკაციას ან ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად არსებულ შეზღუდულ ზონაში ცვლილებას;

ნ) შეზღუდული ზონა – დამცავი და საკონტროლო ზონებისგან შემდგარი ზონა, რომელიც შეიქმნა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ო) ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალი ზონა – ქვეყნის ეპიდემიოლოგიურად შესაბამისი გეოგრაფიული არეალი, სადაც წლის გარკვეულ დროს ზედამხედველობის შედეგად არ დაფიქსირებულა ბლუთანგის ვირუსის გადაცემის ან ზრდასრული Culicoides-ის არსებობა, რომლებიც ბლუთანგის ვექტორებად ითვლებიან;

პ) ტრანზიტი – ცხოველთა გადაადგილება:

პ.ა) შეზღუდული ზონიდან ან შეზღუდული ზონის გავლით;

პ.ბ) შეზღუდული ზონიდან არაშეზღუდული ზონის გავლით იგივე შეზღუდული ზონის მიმართულებით ან შეზღუდული ზონიდან არაშეზღუდული ზონის გავლით სხვა შეზღუდული ზონის მიმართულებით.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

თავი II

შეტყობინება, მონიტორინგი და ზედამხედველობა

მუხლი 3

1. სავალდებულოა დაუყოვნებლივ ეცნობოს სააგენტოს, თუ ბლუთანგის გამომწვევი ვირუსის ცირკულირება საეჭვოა ან დადასტურებული.

2. სააგენტო ვალდებულია:

ა) დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით;

ბ) დანერგოს ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამები ამ წესის V თავით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ზრუნველყოს ყველა საჭირო ზომის მიღება, რათა დამცავ და საკონტროლო ზონებში ყველა პირი სრულად იყოს ინფორმირებული ძალაში შესული შეზღუდვების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული ზომების სათანადოდ განსახორციელება.

3. ამ წესით განსაზღვრულ ლაბორატორიულ გამოკვლევებს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც ვალდებულია თანამშრომლობდეს რეფერენს ლაბორატორიასთან.

თავი III

ზომები ბლუთანგზე ეჭვის არსებობისას და დადასტურებისას

მუხლი 4

1. თუ სადგომი მდებარეობს რეგიონში, რომელზეც არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდვები და არის ბლუთანგით დაინფიცირებაზე საეჭვო ერთი ან მეტი ცხოველი, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ მოკვლევის დაუყოვნებლივ განხორციელება ბლუთანგის დაადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

2. ბლუთანგის ეჭვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია:

ა) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სადგომ(ებ)ში;

ბ) ორგანიზება გაუკეთოს ცხოველების აღრიცხვას, სადაც მიუთითებენ უკვე მკვდარი, დაინფიცირებული ან დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების რაოდენობას, ამასთან, განაახლოს აღრიცხვა იმ ცხოველების გათვალისწინებით, რომლებიც დაავადების საეჭვო მიმდინარეობის პერიოდში დაიბადნენ ან მოკვდნენ; მონაცემები აღნიშნული აღრიცხვიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი უნდა იყოს მათი შემოწმება თითოეული ვიზიტის დროს;

გ) აღრიცხოს ის ადგილები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ვექტორის გადარჩენას ან თავშესაფრად გამოყენებას, განსაკუთრებით ეს ეხება ადგილებს, რომლებმაც შესაძლოა განაპირობოს მისი გამრავლება;

დ) ჩაატაროს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ე) განახორციელოს რეგულარული ვიზიტები სადგომ(ებ)ში და თითოეულ შემთხვევაში ჩაატაროს იმ ცხოველების დეტალური კლინიკური გამოკვლევა ან გაკვეთა, რომლებიც მოკვდნენ ან დაინფიცირებაზე საეჭვონი არიან და საჭიროების შემთხვევაში, დაადასტუროს დაავადება ლაბორატორიული გამოკვლევებით;

ვ) დარწმუნდეს, რომ:

ვ.ა) აკრძალულია ცხოველების ნებისმიერი გადაადგილება სადგომიდან/სადგომში ან თვით სადგომში;

ვ.ბ) როდესაც ვექტორი გააქტიურებულია, ცხოველები მოთავსებულნი არიან შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული ზომის განხორციელება;

ვ.გ) ცხოველები, მათ განსათავსებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები და მიმდებარე ტერიტორია (განსაკუთრებით ჰაბიტატები, სადაც Culicoides პოპულაცია კარგად მრავლდება) რეგულარულად მუშავდება რეგისტრირებული ინსექტიციდებით.

ვექტორებით დაინვაზირების პრევენციისათვის, რამდენადაც შესაძლებელია, დამუშავების სიხშირე უნდა განისაზღვროს სააგენტოს მიერ, გამოყენებული ინსექტიციდის გამძლეობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

ვ.დ) მკვდარი ცხოველები სადგომში ნადგურდება, ინსენირდება ან იმარხება „ტექნიკური რეგლამენტის-ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომების განხორციელების მიზნით, ბლუთანგით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველის მფლობელმა უნდა გაატაროს ყველა სიფრთხილის ზომა, რათა დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ და ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები სხვა სადგომ(ებ)ში, თუ მათი მდებარეობა, გეოგრაფიული განლაგება ან ბლუთანგზე საეჭვო სადგომთან კონტაქტი, იძლევა შესაძლო დაბინძურებაზე ეჭვის საფუძველს.

5. ამ მუხლით განსაზღვრული ზომები არ უნდა შეწყდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ვიდრე სააგენტოს მიერ არ გამოირიცხება ბლუთანგზე ეჭვი.

მუხლი 5

1. სააგენტოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ბლუთანგის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შესახებ, თუ ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებულ სპეციფიკური რისკის შეფასების შედეგებს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ატენიურებული (შესუსტებული) ცოცხალი ვაქცინები გამოიყენება, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) დამცავი ზონის დემარკაცია, რომელიც სულ მცირე ვაქცინაციის ზონას მოიცავს;

ბ) საკონტროლო ზონის დემარკაცია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს მოიცავს და რომლის რადიუსი სულ მცირე 50 კილომეტრით აღემატება დამცავი ზონის საზღვრებს.

მუხლი 6

1. ბლუთანგის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ბლუთანგის გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და მის გატარებაში ხელშეწყობას;

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბლუთანგის საწინააღმდეგო ზომების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

3. ბლუთანგის ოფიციალურად დადასტურებისას:

ა) შესაბამისი კომპენსაციის პიროებებით, აუცილებელი მასშტაბებით ხდება ცხოველების დაკვლა ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველების ტანხორცის განადგურება, ინსენერაცია ან დამარხვა ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის-ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების შესაბამისად;

გ) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ზომები ვრცელდება სადგომ(ებ)ზე, რომლებიც დაინფიცირებული სადგომის ან სადგომების გარშემო 20 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს (მათ შორის, ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული დამცავი ზონა);

დ) მუშავდება ღონისძიებები, კერძოდ, ვაქცინაციის პროგრამის დანერგვის ან სხვა ალტერნატიული ზომების შესახებ;

ე) ხორციელდება ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ზონაში ცხოველების გადაადგილების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზონა შეიძლება განივრცოს ან შემცირდეს სააგენტოს მიერ ეპიდემიოლოგიური, გეოგრაფიული, ეკოლოგიური ან მეტეოროლოგიური გარემოებების საფუძველზე.

მუხლი 7

1. ეპიდემიოლოგიური მოკვლევით დგინდება:

ა) სადგომში ბლუთანგის შესაძლო არსებობის პერიოდის ხანგრძლივობა;

ბ) ბლუთანგის შესაძლო წარმომავლობა სადგომში და ხდება სხვა სადგომების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირებული ან დაბინძურებულია იმავე წყაროდან;

გ) ვექტორების არსებობა და გავრცელება;

დ) ცხოველების გადაადგილება მოცემული სადგომიდან ან პირიქით, ან ცხოველის ტანხორცის გატანა ამ სადგომიდან.

2. უნდა შეიქმნას კრიზისების მართვის ერთეული ყველა საჭირო ზომების კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბლუთანგის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა და ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება.

მუხლი 8

1. სააგენტომ ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ზომების გარდა, განისაზღვროს დამცავი და საკონტროლო ზონა. ზონების დემარკაცია უნდა ითვალისწინებდეს გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ, ეკოლოგიურ და ეპიზოოტოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია ბლუთანგთან და მის კონტროლის მექანიზმებთან.

2. დამცავი ზონა უნდა მოიცავდეს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს, რომლის რადიუსი დაინფიცირებული სადგომის გარშემო სულ მცირე 100 კილომეტრს შეადგენს.

3. საკონტროლო ზონა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს, რომლის რადიუსი სულ მცირე 50 კილომეტრით აღემატება დამცავი ზონის საზღვრებს და რომელშიც ბლუთანგის საწინააღმდეგო ატენიურებული (შესუსტებული) ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია არ ჩატარებულა წინა 12 თვის განმავლობაში.

4. თუ ზონა მოიცავს სხვა ქვეყნ(ებ)ის ტერიტორიის ნაწილსაც, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან ზონის დადგენის საკითხზე და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზონების დემარკაცია შეიძლება შეიცვალოს შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

ა) მათი გეოგრაფიული მდებარეობა და ეკოლოგიური ფაქტორები;

ბ) მეტეოროლოგიური პირობები;

გ) ვექტორის არსებობა და განაწილება;

დ) ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად ჩატარებული ეპიზოოტოლოგიური მოკვლევების შედეგები;

ე) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები;

ვ) სხვა ზომების გამოყენება, განსაკუთრებით დეზინსექცია.

მუხლი 9

1. სააგენტო უზრუნველყოფს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენებას:

ა) ყველა სადგომის იდენტიფიცირებას, სადაც ცხოველები არიან;

ბ) ეპიდზედამხედველობის პროგრამის განხორციელებას, რომელიც ეფუძნება ინდიკატორი მსხვილფეხა საქონლის ჯგუფის (ან, მათი არარსებობისას, სხვა სახეობის მცოხნავი ცხოველების) და ვექტორის პოპულაციების მონიტორინგს;

გ) ცხოველთა მიერ ზონის დატოვების აკრძალვას. თუმცა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ზონის დატოვებასთან დაკავშირებული აკრძალვის გამოყენების გაუთვალისწინებლობაზე, კერძოდ ზონის იმ ნაწილში მობინადრე ცხოველებზე, სადაც დადასტურებულია ვირუსის ცირკულაციის ან ვექტორების არარსებობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზომების გარდა, შეიძლება გადაწყდეს ცხოველების ვაქცინაცია ბლუთანგის საწინააღმდეგო ვაქცინით და მათი იდენტიფიკაცია დამცავ ზონაში.

მუხლი 10

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში.

2. საკონტროლო ზონაში ბლუთანგის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ატენიურებული (შესუსტებული) ცოცხალი ვაქცინის გამოყენებით აკრძალულია.

თავი IV

ცხოველების, მათი სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის გადაადგილების შეზღუდვა

მუხლი 11

1. შეზღუდული ზონიდან ეპიდემიოლოგიურად შესაბამისი გეოგრაფიული არეალის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უნდა ფლობდეს დასაბუთებულ ინფორმაციას იმ არეალში ორი წლის განმავლობაში (რომელიც მოიცავს ვექტორების აქტივობის ორ სრულ სეზონს) ბლუთანგის ვირუსის ცირკულაციის არარსებობის შესახებ, რის შემდეგაც დანერგავს ბლუთანგზე ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამას.

2. სააგენტომ უნდა შექმნას და მუდმივად განაახლოს თავის ტერიტორიაზე მდებარე შეზღუდული ზონების ჩამონათვალი და ეს ჩამონათვალი უნდა იყოს საჯარო. ამ ჩამონათვალში უნდა მიეთითოს ინფორმაცია თითოეულ შეზღუდულ ზონაში გავრცელებული ბლუთანგის ვირუსის სეროტიპების შესახებ.

მუხლი 12

1. ცხოველთა გადაადგილება ერთსა და იმავე შეზღუდულ ზონაში, რომელშიც ბლუთანგის ვირუსის ერთი და იგივე სეროტიპი ან სეროტიპები ცირკულირებს, დასაშვებია სააგენტოს ნებართვით, იმ პირობით, თუ გადასაადგილებელი ცხოველები ტრანსპორტირების დღეს ბლუთანგის კლინიკურ ნიშნებს არ ავლენენ.

2. დამცავი ზონიდან საკონტროლო ზონამდე ცხოველთა გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ან „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს:

ა) შეესაბამება ამ წესის VII თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) პასუხობს ცხოველთა ჯანმრთელობის სხვა შესაბამის გარანტიებს, რომლებიც ეფუძნება ბლუთანგის ვირუსის გავრცელებისგან და ვექტორების თავდასხმებისგან დამცავი ზომების რისკის შეფასების დადებით შედეგს. ასეთ შეფასებას ითხოვს წარმოშობის ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ხოლო ამტკიცებს დანიშნულების ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ცხოველების გადაადგილების განხორციელებამდე;

გ) განკუთვნილია დაუყოვნებლივ დასაკლავად.

3. სააგენტოს უფლება აქვს შეზღუდულ ზონაში გამიჯნოს ეპიდემიოლოგიურად შესაბამისი გეოგრაფიული არეალი, როგორც „დროებით თავისუფალი არეალი“, იმ პირობით, თუ ერთი წლის განმავლობაში, (ვექტორის არსებობის ერთი სრული სეზონის ჩათვლით), ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგისა და ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდება, რომ ბლუთანგის ვირუსის (იგულისხმება ბლუთანგის კონკრეტული სეროტიპი ან სეროტიპების კომბინაცია) ცირკულაციას ადგილი არ ჰქონია შეზღუდული ზონის ამ ნაწილში.

4. ერთსა და იმავე შეზღუდულ ზონაში ცხოველთა გადაადგილება იმ ადგილიდან, სადაც ბლუთანგის ვირუსის ერთი და იგივე სეროტიპი ან სეროტიპები ცირკულირებს, იმავე შეზღუდული ზონის იმ ნაწილამდე, რომელიც გამიჯნულია როგორც „დროებით თავისუფალი არეალი“, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას:

ა) ცხოველები აკმაყოფილებენ ამ წესის VII თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) ცხოველები აკმაყოფილებენ ცხოველთა ჯანმრთელობის სხვა შესაბამის გარანტიებს, რომლებიც ეფუძნება ბლუთანგის ვირუსის გავრცელებისგან და ვექტორების თავდასხმებისგან დამცავი ზომების რისკის შეფასების დადებით შედეგს. ასეთ შეფასებას ითხოვს წარმოშობის ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ხოლო ამტკიცებს დანიშნულების ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ცხოველების გადაადგილების განხორციელებამდე;

გ) ცხოველები განკუთვნილია დაუყოვნებლივ დასაკლავად.

მუხლი 13

1. ცხოველების, მათი სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონების გადაადგილება შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებიდან ან სპერმის შემგროვებელი ან სპერმის შემნახველი ცენტრიდან სხვა სადგომის ან სპერმის შემგროვებელი ან სპერმის შემნახველი ცენტრის მიმართულებით, თავისუფალია ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გასვლაზე დაწესებული აკრძალვისგან, იმ პირობით, თუ ცხოველები, მათი სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონები აკმაყოფილებს ერთ-ერთ ქვემოთ განსაზღვრულს:

ა) ამ წესის VII თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) ცხოველთა ჯანმრთელობის სხვა შესაბამის გარანტიებს, რომლებიც ეფუძნება ბლუთანგის ვირუსის გავრცელებისგან და ვექტორების თავდასხმებისგან დამცავი ზომების რისკის შეფასების დადებით შედეგს. ასეთ შეფასებას ითხოვს წარმოშობის ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ხოლო ამტკიცებს დანიშნულების ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ცხოველების გადაადგილების განხორციელებამდე.

2. შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომიდან ცხოველების გადაადგილება გადაუდებელი დაკლვის მიზნით თავისუფალია ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გასვლაზე დაწესებული აკრძალვისგან, იმ პირობით, რომ:

ა) ბლუთანგის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა წარმოშობის სადგომში გაგზავნამდე სულ მცირე 30 დღის განმავლობაში;

ბ) ცხოველების ტრანსპორტირება ხდება:

ბ.ა) ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ, დანიშნულების სასაკლაოზე, სადაც ცხოველები უნდა დაიკლას მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ.ბ) პირდაპირ, საქარათველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესვენების გარეშე იმავე შეზღუდულ ზონაში განთავსებულ საკონტროლო პუნქტში;

გ) გაგზავნის ადგილზე მოქმედი სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დანიშნულების ადგილზე მოქმედ სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ატყობინებს ცხოველების გადაადგილების შესახებ, ცხოველების დატვირთვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიუხედავად, სააგენტომ შეიძლება რისკების შეფასებაზე დაყრდნობით, შეიმუშაოს ცხოველების გადაადგილებისათვის მარშუტი, წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაო(ება)მდე ტრანსპორტირებისთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი სასაკლაო განისაზღვრება რისკების შეფასებაზე დაყრდნობით, რაც ითვალისწინებს ამ წესის VIII თავით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

5. წინასწარ განსაზღვრული სასაკლაოების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.

6. ექსპორტის მიზნით, იმ ცხოველების, რომლებიც შემოწმებულები არ არიან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გასვლაზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, გადაადგილება შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომიდან პირდაპირ გამსვლელ პუნქტამდე დასაშვებია, იმ პირობით, თუ:

ა) ბლუთანგის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა წარმოშობის სადგომში გაგზავნამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში;

ბ) ცხოველების ტრანსპორტირება ხდება:

ბ.ა) ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ;

ბ.ბ) პირდაპირ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესვენებისა, იმავე შეზღუდულ ზონზში განთავსებულ საკონტროლო პუნქტში.

მუხლი 14

1. ცხოველთა ტრანზიტი დაშვებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ, იმ პირობით, თუ:

ა) დატვირთვის ადგილის ადეკვატურად დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ, ცხოველების გადამყვანი სატრანსპორტო საშუალება დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინსექტიციდებით ან/და რეპელანტებით. ეს დამუშავება, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შეზღუდული ზონის დატოვებამდე ან შეზღუდულ ზონაში შესვლამდე;

ბ) შეზღუდული ზონის გავლით გადაადგილებისას ერთ დღეზე მეტი დროა გათვალისწინებული საკონტროლო პუნქტზე შესასვენებლად, ცხოველები დაცულია ვექტორების თავდასხმებისგან ვექტორებისგან დაცულ სადგომში ამ წესის VI თავით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტი ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში:

ა) მხოლოდ შეზღუდული ზონის ეპიდემიოლოგიურად შესაბამისი გეოგრაფიული არეალიდან ან ამ გეოგრაფიული არეალის გავლით, ბლუთანგის ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში ამ წესის IX თავის შესაბამისად;

ბ) შეზღუდული ზონიდან ან შეზღუდული ზონის გავლით, რომელიც გამიჯნულია ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც „დროებით თავისუფალი არეალი“.

თავი V

ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 15 სახელმწიფო კონტროლის პროგრამა

1. ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამების მიზანია:

ა) ბლუთანგის ვირუსის ნებისმიერი შესაძლო შემოჭრა-შემოტანის გამოვლენა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში ან ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში ამ ვირუსის ზოგიერთი სეროტიპის არარსებობის დემონსტრირება ან ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის განსაზღვრა (ენტომოლოგიური ზედამხედველობა).

2. ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიზნებისათვის, ქვეყნის ტერიტორია უნდა დაიყოს გეოგრაფიული მინიშნების ერთეულებად, სადაც გეოგრაფიული მინიშნების თითოეული ერთეული უნდა განისაზღვრებოს 45 X 45 კმ ფართობით (დაახლოებით 2 000 კმ2) , თუ კონკრეტული გარემო პირობებით სხვა ზომა არ განისაზღვრება.

3. ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ბლუთანგის ვირუსის ნებისმიერ შესაძლო შემოჭრის გამოვლენას, მოიცავს სულ მცირე პასიურ კლინიკურ და აქტიურ ლაბორატორიულ ზედამხედველობას.

4. პასიური კლინიკური ზედამხედველობა მოიცავს ფორმალურ და სათანადოდ დოკუმენტირებულ მოქმედ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი ეჭვის გამოვლენას და მოკვლევას, მათ შორის ადრე გაფრთიხლების სისტემას ეჭვის შესახებ ანგარიშგებისთვის. მფლობელებმა და ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სააგენტოს ეჭვის შესახებ.

5. აქტიური ლაბორატორიული ზედამხედველობა მოიცავს ყოველწლიურ პროგრამას სულ მცირე ინდიკატორ ცხოველებზე სეროლოგიური/ვირუსოლოგიური მონიტორინგით ან სეროლოგიურ/ვირუსოლოგიური მოკვლევით ან მიზნობრივი მონიტორინგით და რისკების შეფასებაზე დაფუძნებულ ზედამხედველობას ან მათი კომბინაციით, რა დროსაც:

ა) ნიმუშების აღება შეიძლება მიმდინარეობდეს მთელი წლის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალებით, მაგრამ უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ მაინც, წლის იმ მონაკვეთში, როდესაც ყველაზე დიდი ალბათობით ვლინდება ინფექცია ან სეროკონვერსია;

ბ) ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამები ისე უნდა შეიქმნას, რომ ნიმუშების აღება მოხდეს ამთვისებელი ცხოველებიდან (ცხოველებიდან, რომლებსაც არ ჩაუტარდათ ვაქცინაცია და რომლებიც შესაბამისი ვექტორის ზემოქმედების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ), რომლებიც ამთვისებელი სახეობების პოპულაციის წარმომადგენელია ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში;

გ) საჭიროა შესარჩევ ცხოველთა რაოდენობის გამოთვლა, რათა გამოვლინდეს სამიზნე პოპულაციის შესაბამისი პრევალენტობის დონე 95%-იანი სარწმუნოობით, ცნობილ რისკებზე დაყრდობით ამთვისებელი სახეობების პოპულაციაში ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში. სამიზნე პოპულაციაში მოსალოდნელი პრევალენტობის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, შესარჩევ ცხოველთა რაოდენობა უნდა გამოითვალოს 20%-იანი პრევალენტობის გამოსავლენად;

დ) თუ ნიმუშები არ არის წარმოდგენილი ცალკეული ცხოველებიდან, ნიმუშების რაოდენობა უნდა დაკორექტირდეს გამოყენებული დიაგნოსტიკუმის მგრძნობელობის მიხედვით;

ე) ლაბორატორიული ზედამხედველობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ დადებითი შედეგების სკრინინგ ტესტების შემდეგ ჩატარდეს სეროტიპსპეციფიური სეროლოგიური/ვირუსოლოგიური გამოკვლევა ბლუთანგის იმ სეროტიპზე ან სეროტიპებზე, რომელთა არსებობა მოსალოდნელია ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში. ასეთი ტესტირება აუცილებელია კონკრეტული სეროტიპის ცირკულაციის დასადასტურებლად.

6. ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამები, რომელთა მიზანია ბლუთანგის ვირუსის ცირკულაციის არარსებობის დადასტურება ქცეყანაში ან ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში, უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს. აქტიურ ლაბორატორიულ ზედამხედველობისათვის გამოსაყენებელი შესარჩევ ცხოველთა რაოდენობა უნდა გამოითვალოს 5%-იანი პრევალენტობის გამოსავლენად, 95%-იანი სანდოობით. გარდა ამისა:

ა) შეზღუდული ზონიდან ეპიდემიოლოგიურად შესაბამისი გეოგრაფიული არეალის გამოყოფისათვის  თანახმად ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა, სააგენტომ უნდა დაასაბუთოს, რომ ბლუთანგის ვირუსი არ გავრცელებულა სულ მცირე ორი წლის განმავლობაში, მათ შორის ვექტორების აქტივობის ორ სეზონზე;

ბ) სააგენტო უნდა ფლობდეს შესაბამის ისტორიულ ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციას მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამის შესახებ და ამ პროგრამების ყოველწლიურ შედეგებს ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათ შორის სულ მცირე:

ბ.ა) მიმდინარე მოკვლევების აღწერილობასა და ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესტირების ტიპებს (ELISA, შრატის ნეიტრალიზაცია, PCR, ვირუსის გამოყოფა);

ბ.ბ) თითოეული ამთვისებელი ცხოველის სახეობიდან აღებული ნიმუშების რაოდენობასა და სახეს; თუ შრატი წარმოდგენილია გაერთიანებულ ნიმუშად, აუცილებელია ტესტირებული შრატის შესაბამისი რაოდენობის ცხოველების შეფასების შესახებ ანგარიშგება;

ბ.გ) შერჩეული ნიმუშებით გეოგრაფიული არეალის დაფარვას;

ბ.დ) ნიმუშების აღების სიხშირესა და დროს;

ბ.ე) დადებითი შედეგების რაოდენობას ცხოველთა სახეობებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით;

გ) ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „დროებით თავისუფალი არეალის“ დემარკაციის მიზნით, სააგენტომ უნდა დაასაბუთოს, რომ ბლუთანგის ვირუსი არ ცირკულირებს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის ვექტორების აქტივობის ერთ სეზონზე;

დ) სააგენტო უნდა ფლობდეს შესაბამის ისტორიულ ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციას მონიტორინგისა და საზედამხედველო პროგრამის შესახებ, ასევე ამ პროგრამების ბოლო ორი წლის შედეგებს, მათ შორის, სულ მცირე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.

7. ბლუთანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამები, რომელთა მიზანია ამ წესის IX თავის შესაბამისად ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის განსაზღვრა (ენტომოლოგიური დაკვირვება) უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა მოიცავდეს მუდმივად ლოკალიზებული ასპირაციული ხაფანგებით ვექტორების დაჭერის წლიურ აქტიურ პროგრამას ვექტორების პოპულაციის დინამიკის განსაზღვრისათვის;

ბ) ულტრაიისფერი გამოსხივებით აღჭურვილი ასპირაციული ხაფანგების გამოყენება უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად; ხაფანგები უნდა ფუნქციონირებდეს მთელი ღამის განმავლობაში არანაკლებ შემდეგი ინტენსივობით:

ბ.ა) ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის მოსალოდნელ დაწყებამდე და მოსალოდნელ დასრულებამდე თვის განმავლობაში ყოველ კვირაში ერთი ღამე;

ბ.ბ) ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში ყოველ თვეში ერთი ღამე;

გ) სულ მცირე ერთი ასპირაციული ხაფანგი უნდა განთავსდეს თითოეულ ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალ ზონაში. ასპირაციულ ხაფანგებში შეგროვებული ქინქლების პროპორციული მაჩვენებელი უნდა გაიგზავნოს სპეციალიზებულ ლაბორატორიაში, სადაც ხდება ვექტორის საეჭვო სახეობების დათვლა და იდენტიფიკაცია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ასპირაციული ხაფანგების მოქმედების პირველ სამ წელიწადში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, ამ ხაფანგების გამოყენების სიხშირე შეიძლება დაკორექტირდეს.

თავი VI

კრიტერიუმები ვექტორისგან დაცული სადგომისთვის

მუხლი 16

1. ვექტორისგან დაცული სადგომი უნდა პასუხობდეს სულ მცირე შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს შესაბამისი ფიზიკური ბარიერები შესვლის და გასვლის პუნქტებში;

ბ) ღიობები შესაბამისი ზომის ვექტორისგან დასაცავად დაფარული უნდა იქნეს დამცავი ბადით, რომელიც რეგულარულად უნდა გაიჟღინთოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინსექტიციდით, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად;

გ) ვექტორზე ზედამხედველობა და კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ვექტორისგან დაცულ სადგომში და მის ირგვლივ;

დ) უნდა ტარდებოდეს შესაბამისი ზომები ვექტორისგან დაცული სადგომის სიახლოვეს ვექტორების გამრავლების ადგილების შეზღუდვის ან აღმოფხვრის მიზნით;

ე) უნდა ჰქონდეთ სტანდარტული სამუშაო პროცედურები, მათ შორის სარეზერვო და სიგნალიზაციის (ავარიული) სისტემების აღწერილობა, ვექტორისგან დაცული სადგომის ფუნქციონირებისა და ცხოველთა ჩატვირთვის ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის.

2. სააგენტომ უნდა მიიჩნიოს სადგომი ვექტორისგან დაცულად და გასცეს ავტორიზაცია თუ ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია. სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს შესაბამისი სიხშირით ვექტორისგან დაცულ სადგომში ვექტორების ხაფანგის გამოყენებით განხორციელებული ზომების ეფექტურობა, მაგრამ დაცვისთვის გათვალისწინებულ პერიოდში მინიმუმ სამჯერ (ამ პერიოდის დასაწყისში, განმავლობაში და ბოლოს).

თავი VII

ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გასვლაზე დაწესებული აკრძალვისგან გათავისუფლების პირობები

მუხლი 17

1. დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების დროს, ცხოველები დაცულები უნდა იყვნენ ვექტორი Culicoides-ის თავდასხმისგან და უნდა შესრულდეს ქვემოთ განსაზღვრული მოთხოვნებიდან ერთი-ერთი მაინც:

ა) გაყვანამდე, არანაკლებ 60 დღის განმავლობაში, ცხოველები დაცულნი უნდა იყვნენ ვექტორების თავდასხმისგან ვექტორისგან დაცულ სადგომში, ამ წესის VI თავის შესაბამისად;

ბ) ამ წესის IX თავით გათვალისწინებულ ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში, ცხოველები გაყვანამდე ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალ ზონაში ჰყავდათ ან დაცულები იყვნენ ვექტორების თავდასხმისგან ვექტორისგან დაცულ სადგომში ამ წესის VI თავით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, სულ მცირე 28 დღე. აღნიშნულ პერიოდში ეს ცხოველები დაექვემდებარნენ სეროლოგიურ ტესტირებას, OIE-ის ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით. ტესტირება ჩატარდა ბლუთანგის ვირუსის ჯგუფის ანტისხეულების გამოსავლენად, ვექტორების თავდასხმისგან დამცავი პერიოდის ან ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის დაწყებიდან არანაკლებ 28 დღის შემდეგ ცხოველიდან აღებულ ნიმუშებზე;

გ) ამ წესის IX თავით გათვალისწინებულ ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში, ცხოველები გაყვანამდე ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალ ზონაში ჰყავდათ ან დაცულები იყვნენ ვექტორების თავდასხმისგან ვექტორისგან დაცულ სადგომში ამ წესის VI თავით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად არანაკლებ 14 დღის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში ეს ცხოველები დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას, OIE-ის ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით. ტესტირება ჩატარდა ბლუთანგის ვირუსის ჯგუფის ანტისხეულების გამოსავლენად, ვექტორების თავდასხმისგან დამცავი პერიოდის ან ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის დაწყებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ ცხოველიდან აღებულ ნიმუშებზე;

დ) ცხოველებს ჩაუტარდათ, ეპიდემიოლოგიურად შესაბამის წარმოშობის გეოგრაფიულ არეალში, არსებული ან სავარაუდოდ არსებული სეროტიპ(ებ)ის წინააღმდეგ ვაქცინაცია. ცხოველებს კვლავ იმუნიზაციის პერიოდი აქვთ, როგორც ვაქცინის სპეციფიკაციებშია მითითებული და აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან სულ მცირე ერთ მოთხოვნას:

დ.ა) ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ გადაადგილების დაწყებამდე არაუადრეს 60 დღისა;

დ.ბ) ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ ინაქტივირებული ვაქცინით სულ მცირე იმდენი დღით ადრე, რაც აუცილებელია იმუნიზაციის დაწყებისთვის, ვაქცინის სპეციფიკაციების შესაბამისად. ეს ცხოველები დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას, OIE ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით. ტესტირება განხორციელდა ვაქცინის სპეციფიკაციებით გათვალისწინებული იმუნიზაციის დაწყებიდან არაუადრეს 14 დღისა;

დ.გ) ცხოველებს ადრე ჩაუტარდათ ვაქცინაცია, ხოლო ხელახალი ვაქცინაცია განხორციელდა ინაქტივირებული ვაქცინით, ვაქცინის სპეციფიკაციებში იმუნიზაციისთვის განსაზღვრულ ვადაში;

დ.დ) ამ წესის IX თავით გათვალისწინებულ ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში, ცხოველები ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალ ზონაში ჰყავდათ დაბადებიდან ან ვაქცინაციის განხორციელებამდე არანაკლებ 60 დღის განმავლობაში. ცხოველების ვაქცინაცია განხორციელდა არააქტივირებული ვაქცინით სულ მცირე იმდენი დღით ადრე, რაც აუცილებელია იმუნიზაციის დაწყებისთვის, ვაქცინის სპეციფიკაციების შესაბამისად.

ე) ცხოველები ყოველთვის ჰყავდათ ეპიდემიოლოგიურად შესაბამის წარმოშობის გეოგრაფიულ არეალში, სადაც ერთზე მეტი სეროტიპი არ იყო ან არის წარმოდგენილი ან სავარაუდოდ არის წარმოდგენილი და ეს ცხოველები დაექვემდებარნენ ერთ-ერთს:

ე.ა) ორ სეროლოგიურ ტესტირებას, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, ბლუთანგის ვირუსის სეროტიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად, დადებითი შედეგებით; პირველი ტესტირება უნდა ჩატარდეს გადაადგილების დაწყებამდე 60-დან 360-მდე დღის განმავლობაში აღებულ ნიმუშებზე, ხოლო მეორე ტესტირება უნდა ჩატარდეს გადაადგილებამდე არაუადრეს შვიდი დღით ადრე აღებულ ნიმუშებზე;

ე.ბ) სეროლოგიურ ტესტირებას, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, ბლუთანგის ვირუსის სეროტიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად, დადებითი შედეგებით; პირველი ტესტირება უნდა ჩატარდეს გადაადგილებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე აღებულ ნიმუშებზე. ცხოველები ასევე დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით, რომელიც უნდა ჩატარდეს გადაადგილებამდე არაუადრეს შვიდი დღისა.

ვ) ცხოველები დაექვემდებარნენ დადებითი შედეგებით ორ ადეკვატურ სეროლოგიურ ტესტირებას, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, ეპიდემიოლოგიურად შესაბამის წარმოშობის გეოგრაფიულ არეალში არსებული ან სავარაუდოდ არსებული ბლუთანგის ვირუსის ყველა სეროტიპის საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულების გამოსავლენად, და:

ვ.ა) პირველი ტესტირება უნდა ჩატარებულიყო გადაადგილებამდე 60-დან 360-მდე დღის განმავლობაში აღებულ ნიმუშებზე, ხოლო მეორე ტესტირება უნდა ჩატარებულიყო გადაადგილებამდე არაუადრეს შვიდი დღით ადრე აღებულ ნიმუშებზე;

ვ.ბ) ან სეროტიპსპეციფიური სეროლოგიური ტესტირება უნდა ჩატარებულიყო გადაადგილებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე და ცხოველები დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით, რომელიც ჩატარდა გადაადგილებამდე არაუადრეს შვიდი დღისა.

ზ) ბლუთანგის ვირუსის მე-8 სეროტიპის გამო შეზღუდული ზონიდან გადაადგილებული მაკე ცხოველების შემთხვევაში, ამ პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობებიდან სულ მცირე ერთი უნდა დაკმაყოფილდეს განაყოფიერებამდე ან შეჯვარებამდე, ან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. იმ შემთხვევაში, თუ ტარდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სეროლოგიური ტესტირება, ეს ტესტირება უნდა ჩატარდეს გადაადგილებამდე არაუადრეს შვიდი დღისა.

2. ამ წესის IX თავით გათვალისწინებულ ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში, ცხოველები ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალ ზონაში უნდა იმყოფებოდნენ სულ მცირე 60 დღე, გადაადგილების დაწყებამდე. ეს ცხოველები უნდა დაექვემდებარონ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთის ცხოველების დიაგნოსტიკური ტესტირებისა და ვაქცინაციის სახელმძღვანელოს (OIE-ის ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელო) შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით. ტესტირება ჩატარდა გადაადგილების დაწყებამდე არაუადრეს შვიდი დღისა.

3. აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირება აუცილებელი არ არის ქვეყანაში ან რეგიონებისთვის, თუ არანაკლებ სამი წლის განმავლობაში მონიტორინგის პროგრამის განხორციელების შედეგად მოპოვებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაასაბუთებს ამ წესის IX თავის შესაბამისად განსაზღვრულ ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდს.

4. ცხოველების სპერმის მიღება უნდა მოხდეს დონორი ცხოველებიდან, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულიდან სულ მცირე ერთ-ერთ პირობას:

ა) ცხოველები ინახებოდა შეზღუდული ზონის გარეთ სპერმის მიღებამდე სულ მცირე 60 დღე და სპერმის შეგროვებისას;

ბ) ცხოველები დაცულები იყვნენ ვექტორების თავდასხმისგან ვექტორისგან დაცულ სადგომში, ამ წესის VI თავით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, სპერმის შეგროვებამდე სულ მცირე 60 დღის განმავლობაში და სპერმის შეგროვებისას;

გ) ამ წესის IX თავით გათვალისწინებულ ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდში, ცხოველები ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალ ზონაში ჰყავდათ სპერმის შეგროვებამდე სულ მცირე 60 დღის განმავლობაში და სპერმის შეგროვებისას. ეს ცხოველები დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას OIE-ის ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, უარყოფითი შედეგებით. ტესტირება ჩატარდა სპერმის შეგროვების დაწყებამდე არაუადრეს შვიდი დღისა. თუმცა, აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირება აუცილებელი არ არის ქვეყნისთვის ან რეგიონებისთვის, თუ არანაკლებ სამი წლის განმავლობაში მონიტორინგის პროგრამის განხორციელების შედეგად მოპოვებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაასაბუთებს ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის განსაზღვრას, ამ წესის IX თავის შესაბამისად;

დ) ცხოველები დაექვემდებარნენ სეროლოგიურ გამოკვლევას, OIE-ის ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, ბლუთანგის გამომწვევი ვირუსის ჯგუფის ანტისხეულების აღმოსაჩენად, უარყოფითი შედეგებით, სპერმის შეგროვების დროს სულ მცირე ყოველ 60 დღეში და გაგზავნას დაქვემდებარებული სპერმის საბოლოო შეგროვებიდან – 21-დან 60-მდე დღის განმავლობაში;

ე) ცხოველები დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე გამოკვლევას, უარყოფითი შედეგებით, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც ჩატარდა აღებული სისხლის ნიმუშებზე:

ე.ა) გაგზავნას დაქვემდებარებული სპერმის შეგროვების დაწყებისას და დასრულებისას;

ე.ბ) სპერმის შეგროვების დროს:

ე.ბ.ა) სულ მცირე ყოველ შვიდ დღეში ერთხელ, ვირუსის გამოყოფის შემთხვევაში;

ე.ბ.ბ) ან სულ მცირე ყოველ 28 დღეში ერთხელ, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე გამოკვლევის შემთხვევაში.

5. მსხვილფეხა საქონელის in vivo განაყოფიერებული ცხოველთა ემბრიონები და კვერცხუჯრედი მიღებული უნდა იქნეს დონორი ცხოველებიდან, რომლებსაც შეგროვების დღეს არ აღენიშნებათ ბლუთანგის კლინიკური ნიშნები.

6. ემბრიონები და კვერცხუჯრედი, გარდა მსხვილფეხა საქონლიდან მიღებულისა, ასევე მხსვილფეხა საქონლის in vitro განაყოფიერებული ემბრიონები მიღებული უნდა იქნეს დონორი ცხოველებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან სულ მცირე ერთ-ერთ პირობას:

ა) ცხოველები შეზღუდული ზონის გარეთ ჰყავდათ ემბრიონის/კვერცხუჯრედის შეგროვების დაწყებამდე სულ მცირე 60 დღე და ემბრიონის/კვერცხუჯრედის შეგროვებისას;

ბ) ცხოველები დაცულები იყვნენ ვექტორების თავდასხმისგან ვექტორისგან დაცულ სადგომში, ამ წესის VI თავით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ემბრიონის/კვერცხუჯრედის შეგროვების დაწყებამდე სულ მცირე 60 დღის განმავლობაში და ემბრიონის/კვერცხუჯრედის შეგროვების დროს;

გ) ცხოველები დაექვემდებარნენ სეროლოგიურ გამოკვლევას, OIE-ს ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, ბლუთანგის გამომწვევი ვირუსის ჯგუფის ანტისხეულების გამოსავლენად, უარყოფითი შედეგებით, ემბრიონის/კვერცხუჯრედის ამოღებიდან 21-დან 60-მდე დღის განმავლობაში;

დ) ცხოველები დაექვემდებარნენ აგენტის იდენტიფიკაციაზე ტესტირებას, უარყოფითი შედეგებით, OIE-ის ხმელეთის ცხოველთა სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც ჩატარდა აღებული სისხლის ნიმუშებზე ემბრიონის/კვერცხუჯრედის შეგროვების დღეს.

თავი VIII

ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გასვლაზე დაწესებული აკრძალვისგან სასაკლაოების გათავისუფლების კრიტერიუმები

მუხლი 18

ცხოველთა დაუყოვნებელი დაკვლისათვის, შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომიდან წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაომდე გადაადგილების მარშრუტის შემუშავებისას, დანიშნულების ადგილზე რისკის შეფასებისათვის, სააგენტომ სულ მცირე შემდეგი კრიტერიუმები უნდა გამოიყენოს:

ა) მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამების საშუალებით ხელმისაწვდომი მონაცემები, განსაკუთრებით ვექტორის აქტივობის შესახებ;

ბ) შეუზღუდავ ზონაში შესვლის პუნქტიდან სასაკლაომდე მანძილი;

გ) მარშრუტის შესახებ ენტომოლოგიური მონაცემები;

დ) დღის განმავლობაში პერიოდი, როდესაც ტრანსპორტირება ხდება ვექტორების აქტივობის დროს;

ე) ინსექტიციდების და რეპელენტების შესაძლო გამოყენება „ტექნიკური რეგლამენტის – ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის N22 დადგენილების შესაბამისად შესაბამისად;

ვ) სასაკლაოს ადგილმდებარეობა მსხვილფეხა საქონლის სადგომებთან დაკავშირებით;

ზ) ბიოუსაფრთხოების ზომები სასაკლაოზე.

თავი IX

ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის განსაზღვრის კრიტერიუმები

მუხლი 19

1. ბლუთანგისგან სეზონურად თავისუფალი ზონის განსაზღვრისათვის, ვექტორისგან სეზონურად თავისუფალ პერიოდს, ეპიდემიოლოგიურად შესაბამისი გეოგრაფიული არეალისთვის, განსაზღვრავს სააგენტო სულ მცირე ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ზოგადი, სპეციალური და დამატებითი კრიტერიუმების გამოყენებით.

2. ზოგადი კრიტერიუმებია:

ა) ბლუტანგზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროგრამების ქონა;

ბ) ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის დასადგენად სპეციალური კრიტერიუმებისა და ზღვარის განსაზღვრა Culicoides-ის გათვალისწინებით, რომელიც ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში დადასტურებული ან პოტენციური (საეჭვო) ძირითადი ვექტორია;

3. ვექტორისგან სეზონურად თავისუფალი პერიოდის დადგენის კრიტერიუმების გამოყენება უნდა მოხდეს მიმდინარე და წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია ზედამხედველობის მონაცემების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული ასპექტები.

4. სპეციალური კრიტერიუმებია:

ა) ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში ბლუთანგის ვირუსის ცირკულირების არარსებობა, რაც ვლინდება ბლუთანგზე ზედამხედველობის პროგრამებით ან სხვა მტკიცებულებით, რომელიც მიანიშნებს ბლუთანგის ვირუსის შეჩერებაზე;

ბ) ვექტორის და სავარაუდო ვექტორის მოქმედების შეწყვეტა, რაც ვლინდება ენტომოლოგიური ზედამხედველობით, როგორც ბლუთანგზე მონიტორინგის ან/და ზედამხედველობის პროგრამების ნაწილი;

გ) Culicoides-ის, რომელიც ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებული სეროტიპის დადასტურებული ან პოტენციური (საეჭვო) ვექტორია, ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობით დაჭერა. მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის განმსაზღვრელი მყარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, Culicoides imicola-ს ნიმუშების გამოუყენებლობა და ხუთზე ნაკლები ზრდასრული მდედრი Culicoides-ის გამოყენება თითოეულ ხაფანგზე (ფერომონიან სქესმჭერზე).

5. დამატებითი კრიტერიუმია ტემპერატურა, რომელიც ვექტორების ქცევაზე გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში. ტემპერატურის ზღვრები განისაზღვრება Culicoides ეკოლოგიური ქცევის გათვალისწინებით, Culicoides ეპიდემიოლოგიურად შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებული სეროტიპის დადასტურებული ან პოტენციური (საეჭვო) ვექტორით.

თავი X

საგანგებო გეგმები და მინიმალური  კრიტერიუმები

მუხლი 20

1. სააგენტო შეიმუშავებს საგანგებო გეგმას იმ საშუალებების მითითებით, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესით განსაზღვრული ზომების განსახორციელებლად და უნდა ითვალისწინებდეს საწარმოებზე, აღჭურვილობაზე, პერსონალსა და დაავადების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისთვის საჭირო ნებისმიერ სხვა შესაბამის საშუალებაზე წვდომას.

2. საგანგებო გეგმის შედგენისას, სულ მცირე, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

ა) ყველა საგანგებო ზომის კოორდინირებისათვის კრიზისების მართვის ერთეულის შექმნა ეროვნულ დონეზე;

ბ) ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციის მიზნით ადეკვატურად აღჭურვილი ადგილობრივი საგანგებო ცენტრების ჩამონათვალი;

გ) დეტალური ინფორმაცია საგანგებო ზომებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პერსონალის შესახებ, მათი კვალიფიკაცია და მათი პასუხისმგებლობა;

დ) შესაძლებლობა, თითოეული ადგილობრივი ცენტრისათვის, შეუფერხებლად დაუკავშირდნენ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც აფეთქების შედეგად იმყოფებიან პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედების ქვეშ;

ე) საგანგებო ზომების სათანადოდ განხორციელებისათვის აუცილებელი მოწყობილობა/აღჭურვილობისა და მასალების ხელმისაწვდომობა;

ვ) დეტალური მითითებები განსახორციელებელი ზომების, მათ შორის კომპენსაციის, ცხოველის ტანხორცის განადგურების შესახებ, როდესაც ინფექციის შემთხვევები ან დაბინძურება საეჭვო ან დადასტურებულია;

ზ) სწავლების პროგრამები ადმინისტრაციული და სხვა პროცედურების შესახებ ცოდნის განახლებისა და გაღრმავების მიზნით;

თ) დიაგნოსტიკური ლაბორატორიებისათვის გაკვეთის (ავტოფსიის) ფუნქციის განხორციელება, სეროლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების და სხვ. ჩასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და სწრაფი დიაგნოსტიკური ტექნიკის განახლება (მოთხოვნები ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების შესახებ განსაზღვრული უნდა იქნეს ამ მიზნით);

ი) ინფორმაცია ბლუთანგის საწინააღმდეგო ვაქცინების რაოდენობის შესახებ, რომელიც საჭიროა გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროების შემთხვევაში;

კ) საგანგებო გეგმების განხორციელების მარეგულირებელი დოკუმენტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმით შედგენილი გეგმები წარედგინება სამინისტროს შესათანხმებლად, ამ წესის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. გეგმები შეიძლება შემდგომში დაემატოს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების შესაბამისად.