დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/3/1282 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 30/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016325 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება №1/3/1282
2018 წლის 30 ივლისი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი და მათი წარმომადგენელი – იაგო ხვიჩია; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – გიორგი გიგუაშვილი და ნინო ქოჩიაშვილი; მოწმეები
– შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი №8 განყოფილების უფროსი, ექიმ-ნარკოლოგი – გვანცა ფირალიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) უფროსის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის პირველი განყოფილების მთავარი ექსპერტი, ექიმ-ნარკოლოგი – ინგა ფანჩულიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1282) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ზურაბ ჯაფარიძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს. 2018 წლის 27 აპრილის №1/5/1282 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2018 წლის 30 მაისს.
2. №1282 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39- ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა _ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და ადგენს შესაბამის სანქციას აღნიშნული ქმედებისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პირის უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები, ისევე როგორც საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით. დასახელებული უფლების ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სასიკეთოა.
6. მოსარჩელეთა განცხადებით, თავისუფლების ავტონომიურ სფეროში ჩარევის გასამართლებლად სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს ქმედებიდან მომდინარე სახიფათო საზოგადოებრივ შედეგებს და არა ამ ქმედების ღირებულებით შეფასებას. მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ამასთან, მარიხუანის მოხმარება არ უქმნის მნიშვნელოვან რისკს ადამიანის ჯანმრთელობას. ეთიკური ავტონომიის საფუძველზე, ადამიანი ვალდებული არ არის, ამტკიცოს საკუთარი თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული რომელიმე ქმედების ობიექტური ღირებულება. სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი ადამიანს აუკრძალოს მისი ჯანმრთელობისთვის სარისკო საქმიანობა. მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელეებმა დამატებით აღნიშნეს, რომ ისინი უკვე მრავალი წელია მოიხმარენ მარიხუანას, თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში. ამასთან, მათ არ გასჩენიათ სხვა ნარკოტიკული საშუალების მიღების სურვილი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
8. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
9. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შეზღუდვებს. დაუშვებელია აღნიშნული ნორმის განმარტება მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების კონტექსტში და მისი აღქმა იმგვარად, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება უსაზღვროა.
10. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა – როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნარკოტიკული საშუალებებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბების პრევენცია. დასახელებული მიზნების მისაღწევად კანონმდებელი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ისეთი ქმედებისთვის, რომელიც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა არ ხასიათდება ისეთი საშიშროებით, რომელიც გაამართლებდა მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას.
11. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ ისეთ თანმდევ ეფექტებზე, როგორიცაა: ქცევისა და ფსიქიკის ადეკვატურობის დაკარგვა, პიროვნების დეპერსონალიზაცია და ჰალუცინაციები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ქრონიკული მომხმარებელი თავის დროზე მიდის იმ ფაზამდე, როდესაც კარგავს ენერგეტიკის პოტენციალს. მარიხუანის ქრონიკულმა მოხმარებამ ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს პიროვნების დეგრადაცია, ჭკუასუსტობა, პარანოიები და ქრონიკული შიზოფრენიის მდგომარეობა. მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ ქცევით ეფექტებში შედის რელაქსაცია, ფსიქომატური აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, მანძილისა და დაშორების აღქმის დარღვევა, რაც განსაკუთრებით სარისკოა ავტომობილის მართვის დროს.
12. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
13. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის პირველი განყოფილების მთავარი ექსპერტი, ექიმ-ნარკოლოგი – ინგა ფანჩულიძე. მოწმის თქმით, მარიხუანის მოხმარების შედეგად, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. შესაძლებელია ადამიანი წლობით მოიხმარდეს მარიხუანას ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ფიზიკური ცვლილებები მის ორგანიზმში არ განვითარდეს მაშინ, როდესაც ზოგიერთი პიროვნების ჯანმრთელობაზე მარიხუანის ერთჯერადმა მოხმარებამაც კი შეიძლება იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა და გამოიწვიოს ფსიქოზი. ამასთან, ჰაშიშური ფსიქოზები, ძირითადად, ვითარდება ისეთ პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადების მიმართ.
14. მოწმის განცხადებით, მარიხუანის ქრონიკული მოხმარება იწვევს მის მიმართ ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ხოლო იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ფიზიკური დამოკიდებულებაც. ამასთან, შესაძლებელია, პირი წლების განმავლობაში მოიხმარდეს მარიხუანას ისე, რომ არ გახდეს მასზე დამოკიდებული. მარიხუანის გადაჭარბებული დოზით მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ინტოქსიკაციის ატიპიური ფორმები – ჰაშიშური პარანოიები, რა დროსაც პაციენტს აღენიშნება დევნის და ბოდვითი იდეები. ასეთ შემთხვევებში იგი შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, თუმცა აღნიშნული მიეკუთვნება გამონაკლის შემთხვევებს. ამასთან, გარკვეული დოზით ალკოჰოლის მიღებამაც შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს იგივე ზიანი, რაც მარიხუანის მოხმარებამ.
15. მოწმის თქმით, მარიხუანის მოხმარება მიიჩნევა ერთგვარ „კარიბჭედ“ სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების თითქმის 93%-მა პირველ ნარკოტიკულ საშუალებად მოიხმარა მარიხუანა.
16. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის მოადგილემ – გიორგი ყაველაშვილმა წარმოადგინა კვლევა, რომლის თანახმადაც 2017 წლის ივლისიდან დღემდე ექსპერტიზით ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარება დაუდგინდა 2951 პირს, რომელთა დაახლოებით 40%-ს ბრალი წარედგინა სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც, ხოლო 31%-ს უშუალოდ ნარკოტიკული დანაშაულისთვის. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ დასახელებული კვლევით არ არის დადგენილი აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის მომენტში მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული თრობის მდგომარეობაში პირის ყოფნის ფაქტი.
17. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი №8 განყოფილების უფროსი, ექიმ-ნარკოლოგი – გვანცა ფირალიშვილი. მისი თქმით, მარიხუანის მოხმარება, ჩვეულებრივ, არ იწვევს მისი მომხმარებლის მიერ აგრესიულ ქცევას. იშვიათ შემთხვევებში, მარიხუანის მოხმარების ატიპიური ფორმების დროს ხდება ჰაშიშური ფსიქოზის განვითარება. ასეთ დროს პირს აღენიშნება ჰალუცინაციები, ბოდვა, მსჯელობისა და გარემოს აღქმის პათოლოგიები. 2017 წელს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ სულ დაფიქსირდა ჰაშიშური ფსიქოზის 30 შემთხვევა, საიდანაც ნახევარი გამოწვეული იყო უშუალოდ ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებით, ხოლო მეორე ნახევარი – სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებით. 2018 წელს ამავე ცენტრში დაფიქსირებულია ჰაშიშური ფსიქოზის 6 შემთხვევა, საიდანაც 5 გამოწვეულია სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებით. ამასთან, ამავე ცენტრში თვეში დაახლოებით ფიქსირდება ალკოჰოლური ფსიქოზის 20 შემთხვევა.
18. მოწმის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მის მიერ მოხმარებულ პირველ ნარკოტიკულ საშუალებად ასახელებს მარიხუანას, თუმცა იგივე პირები ამბობენ იმასაც, რომ მათ მარიხუანამდე ჯერ თამბაქო და ალკოჰოლი მოიხმარეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
ა. უფლების დაცული სფერო / არის თუ არა სახეზე ჩარევა
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54). „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „“შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით „...დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის ნებისა და ქმედების თავისუფლება როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9).
3. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, აფასებს სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს და იმ ფარგლებში, რაც უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიერ იქნა გასაჩივრებული. კერძოდ, მოსარჩელის პრობლემა შეეხება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის, ექიმის დანიშნულების გარეშე, მოხმარების დასჯადობას. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში არ ფასდება როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, ასევე სადავო ნორმით აკრძალული სხვა ქმედებების (შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის) დასჯადობის კონსტიტუციურობა.
4. მარიხუანის, ექიმის დანიშნულების გარეშე, მოხმარება, ძირითადად, ხორციელდება დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ დასახელებული მიზნებით მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ნებას რთავს ადამიანს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გადაწყვიტოს, თუ რომელი ტიპის გასართობი თუ რეკრეაციული აქტივობით დაკავდება იგი. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის გასართობი აქტივობები მიეკუთვნება მისი პირადი ავტონომიის სფეროს. შესაბამისად, პიროვნების ზემოქმედება საკუთარ თავზე და ამგვარად გართობის ან სიამოვნების მიღება თავისთავად ხვდება მისი თავისუფალი განვითარების სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი განტვირთვის სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ვინაიდან სადავო ნორმა სამართალდარღვევად აცხადებს მარიხუანის მოხმარებას, აშკარაა, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა.
ბ. ჩარევის გამართლება
ბ.ა. საერთო პრინციპები
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ზიანს აყენებს სხვათა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულია, შექმნას თავისუფალი სივრცე პიროვნების განვითარებისთვის და უზრუნველყოს ამ უფლების ეფექტური რეალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, იზრუნოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).
6. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შეზღუდვებს.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64).
8. მაშასადამე, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ემსახურება თუ არა მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება ლეგიტიმურ მიზნებს და, თუ ემსახურება, წარმოადგენს თუ არა იგი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების პროპორციულ შეზღუდვას შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში. ეს შეფასება იმავდროულად გულისხმობს იმის განსაზღვრას, მიღწეულია თუ არა სადავო ნორმით სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
ბ. ბ. ლეგიტიმური საჯარო მიზანი
9. ზოგადად, მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების, მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციას. 1988 წლის „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, ავალდებულებს იბრძოლონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სისხლისსამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქციონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი, მასთან დაკავშირებული ქმედებები. კონვენციაში გაცხადებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას მოაქვს დიდი ფინანსური მოგება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციებისთვის, რაც ძირს უთხრის ლეგალურ ეკონომიკას, სახელმწიფოთა სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
10. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან ამოღება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თავისთავად, თვითკმარ მიზანს. „ამა თუ იმ ნივთიერების/საშუალების თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია კონსტიტუციით დაცული სიკეთის – ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა უკავშირდებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ „ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). სასამართლომ განმარტა, რომ „ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ... ემსახურება ნარკოდანაშაულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67).
12. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვიდან მომდინარე ისეთი საფრთხეების პრევენციას, როგორიცაა: ა) ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ცალკეული ინდივიდის, ასევე მთელი საზოგადოებისა, და, ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ „სახელმწიფოს, ზოგადად გააჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი. მოპასუხის მიერ დასახელებული მიზნები – ჯანმრთელობის დაცვა, დანაშაულისა და სხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლება შეიძლება შეიზღუდოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
13. ამგვარად, სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებით მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის შექმნილი რისკების პრევენციის მიზნით.
ბ. გ. გამოსადეგობა
14. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისას მოპასუხე მხარე მიუთითებს ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ისეთ ლეგიტიმურ მიზანზე, როგორიცაა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, მოწმეთა თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ მარიხუანის მოხმარება ასრულებს ერთგვარი კარიბჭის როლს სხვა, უფრო მძიმე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმის მეშვეობით კანონმდებელი ცდილობს შეამციროს როგორც უშუალოდ მარიხუანის, ასევე სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა გაზარდოს სხვა სამართალდარღვევის ჩადენის რისკი.
ბ. გ. ა. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არაერთ საქმეზე მოუწია სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოეკვლია ის ზიანი, რომელიც მარიხუანის მოხმარებამ შეიძლება მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დადგინდა, რომ მარიხუანის მოხმარება პოტენციურად ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელია. „მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბება, ისე კონკრეტული ზიანის დადგომა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია როგორც ყოველი მომხმარებლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ისე მოხმარების ხანგრძლივობაზე, თავისთავად, ასეთი საფრთხეების გამორიცხვა, უგულებელყოფა არ შეიძლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-76). ანალოგიური რამ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის პროდუქტების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „...კანაფის პროდუქტის მოხმარება შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, საფრთხე, რომელიც კანაფის მოხმარებამ შესაძლოა შეუქმნას მომხმარებელს, არის უფრო მსუბუქი სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). არსებითად იგივე დადგინდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
16. №1282 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დროს არ წარმოჩენილა რაიმე ახალი, ხელშესახები, უტყუარი მონაცემები და მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ ზემოაღნიშნულ შეფასებებს იმ მოსალოდნელ ზიანთან დაკავშირებით, რაც მარიხუანის მოხმარებით შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას. ყველა მოწმე და სპეციალისტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მარიხუანის მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ნაკლებია სხვა, მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანთან შედარებით. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება შეიძლება მარიხუანის მოხმარებაზე მეტი საფრთხის შემცველიც კი იყოს. როგორც ექსპერტმა დ. ანდღულაძემ აღნიშნა, „მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას ... ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-79). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მარიხუანის ბრუნვის რეგულირება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება.
17. ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მარიხუანის ბრუნვის რეგულირება ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. თუმცა, ამავე დროს, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება – მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება – რამდენად და რა ასპექტში წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ზოგადად, ამა თუ იმ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება მიმართულია ამ ქმედების ჩადენის პრევენციისკენ. შესაბამისად, ნათელია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა ემსახურება თავად მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას. თუმცა, სადავო ნორმის ეფექტი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე არ ამოიწურება მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვით.
18. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა სახის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები. ამ ბრუნვის მონაწილეა როგორც ნარკოტიკული საშუალებების დამამზადებელი, ასევე მისი გამსაღებელი და შემძენი. ნარკოტიკული საშუალებების შეძენით მისი მომხმარებლები ქმნიან „საბაზრო მოთხოვნას“, რაც წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის მამოძრავებელ ძალას. მომხმარებელი, მართალია, გამსაღებელთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას, რომლის პრევენციაც სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს და ვალდებულებას წარმოადგენს.
19. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის აუცილებელია იგი რაიმე გზით მოხვდეს მომხმარებელთან. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, ასეთ შემთხვევებში, ყოველთვის წინ უძღვის მისი უკანონო შეძენა ან დამზადება (მოყვანა). ამდენად, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სამართლებრივი რეგულირება ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და დამზადების პრევენციული მიზნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, ცალკე აღებული, მისი გავრცელების შეუძლებლობის თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ ყველა სხვა უკანონო ქმედებაზე ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესებისათვის, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს იმას, რომ ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარების აკრძალვა შეფასდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებად და აღნიშნული მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
ბ. გ. ბ. საზოგადოების უსაფრთხოება
20. საზოგადოების უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით სასამართლომ უნდა შეაფასოს ორი საკითხი: ა) რამდენად ქმნის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს; ბ) რამდენად რეალურია ის, რომ მარიხუანის მოხმარების მოთხოვნილებამ ბიძგი მისცეს მომხმარებლის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
21. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სათანადო ინფორმაცია, სარწმუნო კვლევები, რომლებიც დამაჯერებლად მიუთითებდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობაზე მარიხუანის მოხმარებასა და სხვა სამართალდარღვევათა ზრდას შორის. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა ექიმ-ნარკოლოგებმა – ინგა ფანჩულიძემ და გვანცა ფირალიშვილმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარება, ჩვეულებრივ არ იწვევს მისი მომხმარებლის აგრესიულ ქცევას. იშვიათ შემთხვევებში, მარიხუანის მოხმარების ატიპური ფორმების დროს, შეიძლება მოხდეს ჰაშიშური ფსიქოზის განვითარება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მარიხუანის მოხმარების თანმდევ ტიპურ ეფექტს. სხდომაზე ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ მარიხუანის მოხმარება ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვს. ცხადია, ნარკოტიკული, ისევე როგორც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მნიშვნელოვნად ზრდის ავტოავარიის საფრთხეს, თუმცა, მისი პრევენცია, ამგვარი ქმედების ცალკე სამართალდარღვევად გამოცხადებით არის სამართლებრივად უზრუნველყოფილი და განსახილველი დავის ფარგლებში ამ ქმედების საშიშროება ვერ იქნება გამოყენებული ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის საკუთრივ მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადების გამამართლებელ არგუმენტად.
22. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის მოადგილემ გიორგი ყაველაშვილმა წარმოადგინა კვლევა, რომლის თანახმადაც 2017 წლის ივლისიდან დღემდე 2951 პირს ექსპერტიზით დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარება, რომელთა დაახლოებით 40%-ს ასევე ბრალი წარედგინა სხვა დანაშაულისთვის, 31%-ს კი უშუალოდ სხვა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. ამასთან მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული კვლევით არ არის დადგენილი, რომ დასახელებულმა პირებმა სხვა დანაშაული ჩაიდინეს უშუალოდ მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული თრობის მდგომარეობაში. შესაბამისად, არ დგინდება ის ფაქტი, რომ დასახელებულ დანაშაულთა განხორციელების მაპროვოცირებელ გარემოებას უშუალოდ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენდა. საბოლოოდ, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ უშუალოდ მარიხუანის მოხმარება იწვევს მომხმარებელთა მხრიდან სხვა დანაშაულის ჩადენას. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ასეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უფრო ხშირი და გამოკვეთილია, ვიდრე, თუნდაც ალკოჰოლით თრობის პირობებში.
23. №1282 კონსტიტუციური სარჩელის, ისევე, როგორც №592, №701, №722, №725 და №732 კონსტიტუციური სარჩელების განხილვაზე მოწვეულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარებამ მასზე შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭარბი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის პერიოდული, შედარებით ნაკლებად ინტენსიური გამოყენება, როგორც წესი, შეჩვევას, მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ იწვევს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უკვე აღნიშნა, „ხანგრძლივი პერიოდით და დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც. თუმცა ალკოჰოლის მოხმარების პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მოიხმარს კულტურული ან/და გასართობი მიზნებისათვის, ხოლო მასზე დამოკიდებულება კი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვითარდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამდენად, ალკოჰოლის მსგავსად, მარიხუანის შემთხვევაშიც ჰიპოთეტურია დასკვნა იმისა, რომ მარიხუანის მოხმარების შეწყვეტა აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს. მით უფრო ჰიპოთეტურია მარიხუანის მოხმარების შეწყვეტისგან ჩამოყალიბებული აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარების აკრძალვა არ ემსახურება მარიხუანის მომხმარებლის მიერ სხვა სამართალდარღვევის, მათ შორის, დანაშაულის, ჩადენის პრევენციას.
ბ. გ. გ. კარიბჭე სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის
24. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ კანაფის პროდუქტის მოხმარება წარმოადგენს სხვა, უფრო მძიმე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ერთგვარ კარიბჭეს.
25. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი მეცნიერული კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას. დასახელებული მოსაზრების ავტორები იშველიებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებმა პირველ ნარკოტიკულ საშუალებად მარიხუანა მოიხმარეს. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ექიმ-ნარკოლოგებმა – ინგა ფანჩულიძემ და გვანცა ფირალიშვილმა აღნიშნულის საილუსტრაციოდ დაასახელეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების 93% მის მიერ პირველად მოხმარებულ ნარკოტიკულ საშუალებად ასახელებს მარიხუანას, თუმცა, იგივე პირები აღნიშნავენ იმასაც, რომ მარიხუანის მოხმარების დაწყებამდე ისინი თამბაქოსა და ალკოჰოლსაც მოიხმარდნენ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ მარიხუანის ზოგიერთმა მომხმარებელმა შემდგომში სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალება მოიხმაროს, თუმცა აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება უშუალოდ მარიხუანა და მისი დამახასიათებელი თვისებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39).
26. ამრიგად, წარმოდგენილი კვლევებით არ დასტურდება პირდაპირი კავშირი მარიხუანისა და სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შორის. მეორე მხრივ, სასამართლო არ გამორიცხავს იმის ალბათობასაც, რომ მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება, შესაძლოა, პირიქით, ხელს უწყობდეს მარიხუანის მომხმარებლის მიერ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე გადასვლას, ხოლო აღნიშნული ქმედების ლეგალიზებამ კი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეამციროს დასახელებული ტენდენცია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადებით ხდება სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მარიხუანის მოხმარების აკრძალვა არ წარმოადგენს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის გამოსადეგ საშუალებას.
ბ. დ. ჩარევის აუცილებლობა
27. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება წარმოადგენს მხოლოდ მისი მომხმარებლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს იმის შეფასება, თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიების გამოყენება იქნებოდა საუკეთესო ან უფრო მეტად მიზანშეწონილი დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სასამართლომ უნდა შეაფასოს სახელმწიფოს მიერ არჩეული ღონისძიების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან.
28. როგორც ზემოთ აღინიშნა, მარიხუანის მოხმარების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებით სახელმწიფო იცავს როგორც მომხმარებლის, ისევე საზოგადოების ჯანმრთელობას. ამდენად, სასამართლოს შესაფასებელია ორი საკითხი: (1) რამდენად აუცილებელია მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება საკუთრივ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებისათვის და, (2) რამდენად აუცილებელია იგი საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.
ბ.დ.ა. ჩარევის აუცილებლობა მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესთან მიმართებით
29. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისაკენ გადადგმულ ყოველ რაციონალურ ნაბიჯს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, „მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებისათვის. თუმცა ხსენებული შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის სფეროს, ისევე როგორც, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 341 მუხლი მიუთითებს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის ხელშეწყობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
30. ჩვეულებრივ, სახელმწიფოს ეკისრება ძლიერი პოზიტიური ვალდებულება, გაატაროს ქმედითი საკანონმდებლო თუ სხვა ღონისძიებები ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ვალდებულებები მაშინაც წარმოიშობა, როდესაც საქმე შეეხება ადამიანის დაცვას თვით საკუთარი თავისგან მომდინარე საფრთხისაგანაც, მაგრამ ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებათა ფარგლები შეზღუდულია. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანის ავტონომიურობას, მის ნებაყოფლობით არჩევანს, მისი ცხოვრების წესს და არ ჩაერიოს მასში, თუკი იმავდროულად არ არსებობს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების თუ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების რეალური ხელყოფის რისკი. მით უფრო გაუმართლებელი და ექსცესიური შეიძლება იყოს ჩარევა, როდესაც საქმე შეეხება საკუთარი თავისათვის ზიანის მიმყენებელი ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადებას.
31. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50). იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მიერ ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაწესებაზე. „ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მარუხუანის მოხმარება არ არის დაკავშირებული მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენებასთან, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოცემულ შემთხვევაში არ წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება პირი საკუთარი თავისათვის ასეთი ზიანის მიყენებისგან დაიცვას საკუთრივ ზიანის მიმყენებელი ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადებით. ეს წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ისეთ ექსცესიურ ჩარევას, რომელიც არ არის გამართლებული დასახული კანონიერი ინტერესით. გასაჩივრებული ნორმა ვერ აყალიბებს სამართლიან ბალანსს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და მისი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს შორის. შესაბამისად, მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება არ არის გამართლებული მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით.
ბ.დ.ბ. ჩარევის აუცილებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესთან მიმართებით
33. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა ასევე ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მარიხუანის მოხმარება მართლაც ქმნის მასზე საბაზრო მოთხოვნას. ყველა მომხმარებლის ქმედება, ერთად აღებული, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, იგი უთუოდ ხელს უწყობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას და ამ გზით ზრდის რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. თუმცა, მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური ფაქტის მიმართ გამოყენებული რეაგირების ღონისძიების რაობა, მისი სახე თუ სიმკაცრის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს თავად მოხმარების ამ ერთ კონკრეტულ ფაქტთან უშუალოდ დაკავშირებულ საფრთხეს და არა იმ საფრთხეებს, რომლებიც წარმოიშობა ერთად აღებული ყველა მომხმარებლის ქმედებიდან. „...იმისათვის, რათა კონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული მოხმარების დასჯადობა, საჭიროა შეფასდეს თავად მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-51).
34. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება, შეძენა, დამზადება თუ გასაღება სრულიად განსხვავებული შინაარსისა და ხარისხის საფრთხეებს შეიცავს. სწორედ ამიტომ განსხვავდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლის, მისი შემძენისა და შემნახველის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მის როლს, ბრალის ხარისხს, ხოლო როდესაც ეს როლი უმნიშვნელოა, უმნიშვნელოა ის საფრთხეებიც, რომლებსაც ესა თუ ის ქმედება ქმნის, მათ შორის, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის. ნარკოტიკული საშუალების, განსახილველ კონტექსტში - მარიხუანის _ მოხმარება, სადავო ნორმით გათვალისწინებული სხვა დასჯადი ქმედებებისგან განსხვავებით (შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა) არ წარმოშობს მისი გასაღების ჰიპოთეტურ რისკსაც კი და, შესაბამისად, უშუალო საფრთხეს სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის. ქმედება, რომლის სამართალდარღვევად მიჩნევის კონსტიტუციურობაც უნდა შეაფასოს სასამართლომ, ობიექტური მხრივ გამოიხატება მხოლოდ მარიხუანის მოხმარებით და სრულად ამოიწურება ამ გარემოებით. შესაბამისად, ასეთი ფაქტობრივი მოცემულობა თეორიულადაც გამორიცხავს სხვათა ჯანმრთელობის უშუალო საფრთხის ქვეშ დაყენებას, და, თუკი რაიმეა რეალური და უშუალო საფრთხის ქვეშ, ეს მხოლოდ იმ პირის ჯანმრთელობაა, რომელმაც ეს საშუალება მოიხმარა.
35. თუმცა, სასამართლო არ გამორიცხავს სხვათა მიმართ გარკვეულ საფრთხეს მარიხუანის განსაზღვრულ გარემოებებში მოხმარების დროს, მაგალითად, სკოლებში მარიხუანის მოხმარებისას ან სხვა ვითარებაში, კერძოდ, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში და/ან მათი თანდასწრებით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოზარდზე, გააღვიძოს მასში მარიხუანის მიმართ ინტერესი და მოახდინოს მარიხუანის მოხმარების ერთგვარი პროვოცირება. შესაბამისად, გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა მისი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა სხვა სასწავლო, სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ ადგილას (მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საჯარო წესრიგის ინტერესების დასაცავად. მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებისას, შესაძლოა, რელევანტური (სამაგალითო) იყოს ალკოჰოლურ სასმელებთან და თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული, ისევე როგორც, მათგან განსხვავებული, სპეციფიკური, მათ შორის, უფრო მკაცრი რეგულაციებიც მოხმარების ადგილისა თუ ვითარების გათვალისწინებით, რომელთა განსაზღვრაც კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო, პრივატულ სივრცეში ან სხვაგან, დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით, როდესაც მარიხუანის მოხმარება არ არის ჩადენილი ამ პუნქტში მითითებულ ადგილებსა და ვითარებაში, მის დასჯადობას და ამისათვის სასჯელის (სახდელის) დაკისრებას არ გააჩნია არავითარი კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება.
36. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, პრინციპულად, მარიხუანის მოხმარების ნებისმიერ გარემოებაში სრული და ბლანკეტური აკრძალვა, არ არის აუცილებელი არც სხვა პირთა უფლებებისა თუ საჯარო წესრიგის დასაცავად. არ არსებობს პროპორციულობის გონივრული ურთიერთკავშირი მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადებასა და იმ საფრთხის აცილებას შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ზემოთ მითითებული კანონიერი ინტერესებისათვის. იგი არ აყალიბებს სამართლიან ბალანსს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და მასთან ღირებულებათა კონფლიქტში მყოფ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული შესაბამისი რეგულაციები, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს. როგორც სასამართლომ მანამდე უკვე აღნიშნა, „დამატებით სპეციალურ რეგულირებას შეიძლება დაექვემდებაროს მარიხუანის პროდუქციის რეკლამირება, არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ინფორმირება მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით და სხვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა უნდა შეიმუშავოს სათანადო რეგულაციები, რათა ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში დასახელებული ლეგიტიმური ინტერესები დაიცვას მარიხუანის მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან.
ბ. დ. გ. საერთაშორისო პრინციპები და ტენდენციები
38. წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების სფეროში თანამედროვე სამედიცინო კვლევებსა და შეფასებებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ მარიხუანის მოხმარებას არ გააჩნია იმდენად მავნე საზიანო ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც ეს წლების წინ აღიქმებოდა საზოგადოების მიერ და რომ ჯერ კიდევ არსებობს მცდარი და გადაჭარბებული სტერეოტიპული წარმოდგენები მის შესახებ. სასამართლო მხედველობაში იღებს ბოლოდროინდელ მზარდ საერთაშორისო ტენდენციას, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას, სადაც საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებების მხრიდან განხორციელდა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ლეგალიზება. ამ გამოცდილებამ ნათლად წარმოაჩინა ის გარემოება, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მეშვეობით მარიხუანის თვით ლეგალურ ბრუნვაში მოქცევასაც კი არ მოჰყოლია რაიმე ხელშესახები ნეგატიური, მით უფრო, დრამატული შედეგები მარუხუანის მოხმარების შემთხვევების გაზრდის ან საზოგადოების ჯანმრთელობასა თუ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან მიმართებაში ვითარების გაუარესების თვალსაზრისით.
39. ადამიანის უფლებათა სფეროში კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციასა და დანიშნულებას წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესრულება განუყოფლადაა დაკავშირებული მყარი და მუდმივი კონსტიტუციური ფასეულობების - დემოკრატიის, ადამიანის ღირსების, სამართლიანობის, შემწყნარებლობისა და ჰუმანურობის ხელშეწყობასთან. „... არ შეიძლება სამართლის ჰუმანურობის ფუნქციის უგულებელყოფა, რადგან ის ხელს უწყობს არა მხოლოდ თავად სამართლის, არამედ საზოგადოების პროგრესულ განვითარებას. შესაბამისად, სამართლის ჰუმანურობის მიღწევა და ამ გზით მისი განვითარება მუდმივი მიზანია, რომლის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ზღვრამდე, ვიდრე ეს არ დაუპირისპირდება სამართლისა და კანონის სხვა მიზნებსა და ძირითად ფუნქციას. ... ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ საზოგადოების და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/6/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები _ ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64).
40. დაბოლოს, კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც აფუძნებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ცოცხალი ორგანიზმია, ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელიც მუდამ ვითარდება ქვეყანაში არსებული რეალიებისა და გამოწვევების, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებისა და ტენდენციების შესაბამისად. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დებულებების განმარტებისას უფლებათა შინაარსობრივი ფარგლები უნდა განიმარტოს ფართოდ, ხოლო შემზღუდველი დებულებები კი ვიწროდ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სახელმწიფოს მხრიდან მათში თვითნებური და გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა. ამავე იდეას გამოხატავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სხვა უმნიშვნელოვანესი პრინციპი - in dubio pro libertate (ყოველგვარი ეჭვი თავისუფლების სასარგებლოდ). ამგვარია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ნაკარნახევია დროთა განმავლობაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაღრმავებით, სამართლებრივი კულტურის განვითარებით, ადამიანთა მიერ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის კულტურის ამაღლებით. თანამედროვე ეპოქა აღბეჭდილია ინდივიდუალიზმის კულტურის განსაკუთრებული ზრდით, რომლის ქვაკუთხედიცაა პიროვნების ავტონომიურობა, საკუთარი ნებით გადაწყვეტილების მიღების უნარი და შესაძლებლობა, მისი თავისუფალი განვითარება და პირადი ცხოვრების დაცულობა. ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დროის მოთხოვნების შესატყვისად უნდა განმარტოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა მარეგულირებელი დებულებები, მათი შინაარსობრივი ფარგლები და გამოიყენოს არა სტატიკური, არამედ დინამიკური განმარტების მეთოდი, ასახოს მუდმივად ცვლადი სამართლებრივი თუ კულტურული რეალიები, ადამიანთა მიერ უფლებრივი განცდები და მათი აღქმა. შესაბამისად, ამა თუ იმ უფლების ესა თუ ის ნორმატიული რეგულირება, რაც წლების წინ შესაძლოა არ ყოფილიყო მიჩნეული კონსტიტუციური უფლების დარღვევად, დროთა განმავლობაში შეიძლება სწორედ ასეთად იქნეს განხილული, რა თქმა უნდა, ყველა ლეგიტიმური ინტერესის სათანადო გათვალისწინებისა და მათ შორის სამართლიანი ბალანსის განუხრელი დაცვის პირობით.
41. ზემოთ მითითებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარების ზოგადი, ბლანკეტური ხასიათის აკრძალვა წარმოადგენს ადამიანის პიროვნული ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას, და, ამდენად, არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში რაიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის,
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1282 (საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-
16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები