საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 06/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.020703
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
387
31/07/2018
ვებგვერდი, 31/07/2018
140070000.10.003.020703
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2018 - 01/05/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №387

2018 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილება.  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულება

 


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას, სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამსახური, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

5. სამსახურს აქვს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

6. სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი.

7. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2

1. სამსახური არის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთიანი სისტემა, სადაც დასაქმებულნი არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტები.

თავი II

სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 3

1. სამსახურის საქმიანობის სფეროა სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის კოორდინირება, რეფორმირებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;

ბ)  საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მისთვის მზადყოფნის ორგანიზება;

გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და  აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისათვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა;

ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა;

ზ) ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისათვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

მუხლი 4

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ამ მიზნით,  შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალო განხორციელება;

გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

დ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების შესახებ დოკუმენტისა და მისი არასაიდუმლო ადაპტირებული ნაწილის შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების მიზნით, რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაცია, რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება, ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა და ორგანიზაციული, ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა;

თ) ეროვნული სიტუაციური ოთახის მუდმივი მზადყოფნისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება და განვითარება, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

კ)  კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის გეგმითა და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება;

ლ) საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის,  ხანძრის ჩაქრობაში ან/და სამაშველო სამუშაოებში/საავარიო-სამაშველო  სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციის ზონებში აღდგენით სამუშაოებსა და ადამიანთა ძებნის სამუშაოებში მონაწილეობის მიღებისა და დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენისათვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

მ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

ნ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერად მყოფი პირების ნებაყოფლობით ჩართვის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი და სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზება;

პ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში იმ ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის;

ჟ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან, საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან კავშირის უზრუნველყოფა;

ს) საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მისი ქონების დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და ამ მიზნით სამსახურის ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გაცემა;

ტ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვის მიზნით, საქართველოში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა;

უ) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფის ან/და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით, შესაბამის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

ფ) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების  გამოცემა, აგრეთვე სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ქ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა და გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირება;

ღ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერად მყოფი პირების მომზადებისა და ამ მიზნით სასწავლო პროგრამების შემუშავების ორგანიზება;

ყ)  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების პერიოდული ინფორმირება ვითარების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება;

შ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მოხდის ორგანიზება;

ჩ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება;

ც) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი  აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება;

ძ)  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

წ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება;

ჭ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნებისათვის, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით,  შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების აღრიცხვა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

ხ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების  განხორციელება.

2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო მომსახურების გაწევას სამსახური ახორციელებს  მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა

მუხლი 5

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამსახურს ან უფლებას ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობაზე; კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და  მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

დ) კომპენტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე;

ვ) წყვეტს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის დანამატის დაწესების საკითხებს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს სამსახურის სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამსახურის სისტემის რეორგანიზაციას;

ლ) საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს  უზრუნველყოფს სამსახურის პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების, აგრეთვე კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;

ნ) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – სამსახურის უფროსის ბრძანებას;

ო) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

პ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;

ჟ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა ფულად სარგოს;

რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამსახურის მოსამსახურეთათვის;

ს) ძალადაკარგულად აცხადებს სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

უ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი მომსახურების თაობაზე;

ფ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6

1. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

2. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში − სამსახურის უფროსის მოადგილე.

თავი IV

სამსახურის სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები

მუხლი 7

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი  (დეპარტამენტი);

ბ) სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი;

გ) სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი;

დ) ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

ზ) სასწავლო ცენტრი (სამმართველო);

თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

კ) იურიდიული სამმართველო;             

ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

მ) საორგანიზაციო სამმართველო.

2. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის  (დეპარტამენტის) ფუნქციებია:  სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და გამომწვევი მიზეზების  იდენტიფიცირების, ანალიზის, პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის/შემუშავების კოორდინაცია და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; საგანგებო მართვის უწყებათაშორისი გეგმების შემუშავების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციის დაძლევისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი; შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების მიზნით, ინფორმაციის შეკრება და დამუშავება; საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება; ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევის თაობაზე წინადადებების წარდგენა; საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული და რეგიონული მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავების კოორდინირება; სასწავლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება; ეროვნული სიტუაციური ოთახის მზადყოფნის უზრუნველყოფა; სტრატეგიულ (პოლიტიკურ) და ოპერაციულ დონეებზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული კავშირების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

3. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარება; საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო  დანაყოფების ჩაბმა; ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმის გეგმის შემუშავება და ამ ღონისძიებებში მათი ჩაბმა; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმა; სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით,  შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების აღრიცხვა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა; სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა ორგანიზება; სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მოხდის ორგანიზება; საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისა და ამ ღონისძიებებში ჩაბმული სხვა ძალების/პირების მართვა; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა; სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით, წინადადებების შემუშავება; ბირთვულ, რადიაციულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით, ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება; სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში  მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში,  ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის საფრთხის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში შესაბამისი შტაბის ან/და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების დროულად მომზადება; ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი შეკრება; სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან თანამშრომლობით; ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების კონტროლი და მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა; ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის ინფორმირება; სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადების ორგანიზება.

4. სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი ფუნქციებია: სამსახურის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება; სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებული  უწყებრივი დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა; საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვება, მონაცემთა დამუშავება, სისტემატიზაცია, ანალიზი  და რისკების შეფასება; სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა,  განვითარება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამსახურის სისტემის ერთიანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის ფორმირება, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა; ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის პროცესში შესაბამისი სტუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა; სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტის უზრუნველყოფა.

5. ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და კონტროლის შედეგების შესაბამისად სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში შემოწმების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებების განხორციელება; დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა; სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო მიწერილობის გაცემა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება; სახელმწიფო ხელისუფლებისთვის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის მიზეზების შესწავლა; სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესსა (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება; საჭიროების შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და სათანადო აქტის გაფორმება; კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი  აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; სასამართლოსათვის მიმართვა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დეპარტამენტის,  როგორც ზედამხედველობის ორგანოს, სხვა ფუნქციების განხორციელება.

6. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: სამსახურის სისტემაში გამოვლენილი, მოსამსახურეთა მიერ ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შემოწმება, სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სამსახურის სისტემის დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში ფინანსური ხარჯების შემოწმების ჩატარება; სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება; სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოპოვებული მასალების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პროკურატურისთვის გადაგზავნა; სამსახურის სისტემაში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა; „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება, აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

7. საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია: სამსახურში  ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამსახურის ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვასა და მიზნობრივად გამოყენების კონტროლი, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფა; სამსახურის მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგება  (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა; სამსახურში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის,  სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების  განსაზღვრა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამსახურის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამსახურში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივად გამოყენების კონტროლი; სამსახურისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამსახურის სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, მათი გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა,  გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვის უზრუნველყოფა, ასევე მათი სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სამსახურის საჭირო ინვენტარით, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, საწვავით, სხვა მატერიალური საშუალებებითა და საოფისე მომსახურებით უზრუნველყოფა; სამსახურის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის ექსპლუატაციაში მიღება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  მათი საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი სპეციალური საშუალებებით (მათ შორის, ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები და სხვა) მომარაგების უზრუნველყოფა;  სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; წლის მანძილზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება; სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად აუცილებელი ბაზრის კვლევის ჩატარება; სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;  ბიუჯეტის პროექტისა  და ხარჯთა ნუსხის პროექტის შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და წარდგენა; სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

8. სასწავლო ცენტრი (სამმართველო) ფუნქციებია: სამსახურის სისტემისათვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება, სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

9. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია: დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, კოორდინაცია, განვითარება და, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და ანალიზი; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელშეკრულებების დადება, სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის რეკომენდაციების შემუშავება; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პროექტების მართვის კუთხით; აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ფუნქციებია: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების  მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად, ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;  სამსახურის ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება.

11. იურიდიული სამმართველოს ფუნქციებია: სამსახურის  სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, სამსახურში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან  სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ  საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების  ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამსახურის ორგანიზაციული  საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა; სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამსახურის სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;  სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამსახურსა და ადმინისტრაციულ  ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, სამსახურის დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამსახურის სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და საქმიანობის საერთო კოორდინაცია.

12. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; სამსახურის თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის ან/და სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება; სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში სამუშაოდ მისაღები კონკურსის ორგანიზება; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე ბრძანების პროექტის მომზადება; სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის ორგანიზება; სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო  უზრუნველყოფის  მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; სამსახურის მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების  აღრიცხვა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა; თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და პერიოდული განახლება; ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.

13. საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციებია: სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სხვა ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინებისა და ვიზიტების ორგანიზება, სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა.

მუხლი 8

1. სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე.

3. სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.