საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მიღების თარიღი 31/07/2018
დოკუმენტის ტიპი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016021
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
31/07/2018
ვებგვერდი, 01/08/2018
140070000.67.079.016021
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2018 - 19/09/2018)

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №20

2018 წლის 31 ივლისი

. თბილისი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი



დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულება

 


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

1. დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.

2. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით დაб აგრეთვე, ბლანკები და შტამპები დეპარტამენტის სახელწოდებით.

მუხლი 3

დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის მუდმივი მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას სამოქლაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას კოორდინაციაში მონაწილეობა;

გ)   არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზება;

დ) მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისეთა კოორდინაცია;

ე) სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების განხორციელებაში მხარდაჭერა.

მუხლი 6

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარება, ქიმიური, ბირთვული, რადიაცული და ბიოლოგიური საფრთხეების შემცველ ინციდენტებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;

გ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმა;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმის გეგმის შემუშავება და მათი ჩაბმა;

ე)  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმა;

ვ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების აღრიცხვა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა ორგანიზება, მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეთა მომზადებისა და გადამზადების მიზნით პროგრამების განხორციელება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩაბმული მოხალისეების მართვა;

თ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მოხდის ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის და ამ ღონისძიებებში ჩაბმული სხვა ძალების/პირების მართვა;

კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით წინადადებების შემუშავება;

ლ)  სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გეგმითა და ეროვნული თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

მ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

ნ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;  

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში  მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;

პ)  სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის საფრთხის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში შესაბამისი შტაბის ან/და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების და რეკომენდაციების დროულად მომზადება;

რ)  ხანძრების შესახებ  ინფორმაციის უწყვეტი შეკრება;

ს) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევაში მონაწილეობა სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან თანამშრომლობით;

ტ) ტერიტორიული და კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა;

უ) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის ინფორმირება;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები და მათი ფუნქციები

მუხლი 7

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრირების სამართველო:

ა.ა) ცენტრალური კოორდინაციის განყოფილება;

ა.ბ) ოპერატიული მართვის განყოფილება;

ა.გ) მოხალისეთა მართვის განყოფილება;

ბ) განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო:

ბ.ა) სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ბ.ბ) ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიაციულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილება;

ბ.გ) მცხეთა-მთიანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილება;

ბ.დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილება;        

გ) არასამხედრო ალტერნატიული  შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველო.

2. დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულებია:

ა) თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

გ) იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ე) გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ზ) ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

თ) შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ი) კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

კ) სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ლ) მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო.

მუხლი 8

ადმინისტრირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმის გეგმის შემუშავება და მათი ჩაბმა;

ბ)  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმა;

გ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების აღრიცხვა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

დ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის და ამ ღონისძიებებში ჩაბმული სხვა ძალების/პირების მართვა;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით წინადადებების შემუშავება;

ვ)  სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის საფრთხის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში შესაბამისი შტაბის ან/და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების და რეკომენდაციების დროულად მომზადება;

თ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმა;

ი)  ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი შეკრება;

კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას დეპარტამენტის დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

ლ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა ორგანიზების ხელშეწყობა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პირის მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის ორგანიზება;

მ)  მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული მოხალისეების მომზადება/გადამზადების ორგანიზება მათთვის საბაზისო უნარების ჩამოყალიბების მიზნით;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 9

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;

ბ) ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული სამაშველო რეაგირება;

გ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის რეჟიმის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

დ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;

ე) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სამაშველო-საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად ძაღლების გაწვრთნა და გამოყენება;

ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევაში მონაწილეობა;

თ) ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფებისათვის მეთოდური დახმარება;

ი) ბირთვული, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების შემცველ ინციდენტებზე/საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;

კ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

ლ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;

ნ) მაღალმთიან რეგიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 10

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოხდის დაგეგმვა და განხორციელება;

ბ)  მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 11

დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩართული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების კოორდინაცია;

ბ) ხანძრის პროფილაქტიკა, ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე ხანძრის დროს ადამიანების და ქონების გადარჩენა და დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენა;

გ) ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმისათვის გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;

დ) მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებზე მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში ლიკვიდაციის, ასევე აღდგენით ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევაში მონაწილეობა სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან თანამშრომლობით;

ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადების ორგანიზება;

ზ)  საგანგებო სიტუაციების, მათ შორის, ხანძრების და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მიზნით, მონაცემების სამსახურის შესაბამისი დანაყოფებისადმი მიწოდება;

თ) ხანძრების ჩასაქრობად შესაბამისი პირობების შექმნისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის ინფორმირება;

კ) მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული მოხალისეების ტერიტორიული პრინციპით    ორგანიზების ხელშეწყობა სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩართული მოხალისეების მართვა;

ლ) არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებაში მონაწილეობა   კომპეტენციის ფარგლებში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი IV

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

მუხლი 12

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის  მოადგილის (არსებობის შემთხვევაში)  წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა)   ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) ხელმძღვანელობს და ითანხმებს დეპარტამენტში მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს, ანაწილებს საკითხებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და მოსამსახურეებს შორის;

ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ი) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ)  ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; 

ლ) ასრულებს სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეეები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს და განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;

გ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;

დ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ე) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; 

ვ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში)  და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთ მოადგილე.

 

მუხლი 13

1. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს შესაბამის სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას შესაბამისი სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) საჭიროებისამებრ ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.