საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 12/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
  • Word
580
11/11/2004
სსმ, 141, 12/03/2004
00000000.00(0).000.000000
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტი

ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლს;

მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის ისტორიულ სურვილს, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ერების ოჯახში;

მიესალმება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსს, მიმართულს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებისკენ;

მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ინტენსიფიკაციას;

აუცილებლად მიიჩნევს ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების გაგრძელებასა და გაღრმავებას;

აღნიშნავს ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების დიდ მნიშვნელობას;

ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების, მათ შორის, 2004 წლის საქართველოს პრეზიდენტის რუმინეთსა (მაისი) და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში (ოქტომბერი) ვიზიტების, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთში ვიზიტის (ოქტომბერი) შედეგებს

და ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (ს. ზურაბიშვილი) და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში (თ. ბერუჩაშვილი):

ა) შექმნან სპეციალური სამუშაო ჯგუფი რუმინეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში უმაღლესი დონის ვიზიტების დროს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებების რეალიზებისათვის. აღნიშნულმა ჯგუფმა, კერძოდ, მოამზადოს სამუშაო გეგმა, რომელშიც მითითებული იქნება პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული კონკრეტული სფეროები, რომლებშიც ეს სახელმწიფოები საქართველოს დახმარებას გაუწევენ, ასევე ჩამოყალიბებული იქნება მათ მიერ ევროკავშირსა და ნატოს სტრუქტურებში საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებები;

ბ) ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან დაიწყონ კონსულტაციები საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე ასაყვანად, კერძოდ, სტაბილიზაციისა და ასოციაციის შეთანხმების მოსამზადებლად;

გ) ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და წევრ სახელმწიფოებთან დაიწყონ კონსულტაციები საქართველოს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე.

2. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობისათვის ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ჩამოაყალიბოს შეთანხმებული სამუშაო გეგმა აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ინტერესების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.

3. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და წევრ სახელმწიფოებთან დაიწყონ კონსულტაციები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად და აღნიშნულ გეგმაში საქართველოს პრიორიტეტების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.

4. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ზ. ნოღაიდელი), საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში განლაგებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დაფინანსების პრიორიტეტულობის, აგრეთვე აღნიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით მივლინებულ მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინებების ევროში ანაზღაურების საკითხები.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის აპარატს (გ. მარტინენკო), გაითვალისწინონ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები, ლობირების ხარჯები, დელეგაციების ვიზიტები და ა.შ.) დაფინანსების პრიორიტეტულობა.

6. დაევალოს საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების 2004-2006 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოოდ შეთანხმება და დამტკიცება, ასევე აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამის ვადებში შემოტანა განსახილველად საქართველოს პარლამენტში.

7. დაევალოს საქართველოს მთავრობას, მოამზადოს სამუშაო გეგმა, რომელშიც ასახული იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 2006 წლიდან ფინანსური დახმარების გაწევის კონკრეტული წინადა-დებები. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა (დ. ბაქრაძე) და საგარეო ურთიერთობათა (კ. გაბაშვილი) კომიტეტებს, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და წევრ სახელმწიფოებთან დაიწყონ კონსულტაციები აღნიშნული გეგმის რეალიზებისათვის ფინანსური სახსრების მოძიების თაობაზე.

8. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დაევალოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, დაიწყონ მუშაობა საერთაშორისო ინსტიტუტებში ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერისათვის „საქართველოს პარლამენტის მეგობარი პარლამენტების ჯგუფის“ შესაქმნელად. დაევალოს პარლამენტის აპარატს, უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის ორგანიზაციული, ტექნიკური და მატერიალური ხელშეწყობა.

9. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში და საქართველოს საგა-რეო საქმეთა სამინისტროს, ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებში აღნიშნული გეგმების საფუძველზე მოამზადონ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთიანი სამუშაო გეგმა.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 11 ნოემბერი.

№580–IIს