ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის

ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის
დოკუმენტის ნომერი 154/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016324
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
154/04
09/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
220010000.18.011.016324
ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2018 - 27/04/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №154/04

2018 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების თანდართული კოდექსი კომერციული ბანკებისთვის.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკის საქმიანობა, მისი, როგორც ფინანსური შუამავლის როლიდან გამომდინარე, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. თავის მხრივ, საბანკო სისტემის მიმართ მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის დამყარებასა და შენარჩუნებას მნიშვნელოვნად განაპირობებს საბანკო საქმიანობაში ჩართული თითოეული პირის ეთიკური ქცევა, რაც ხელს უწყობს საბანკო სისტემის რეპუტაციის ამაღლებას და ზრდის მომხმარებელთა ნდობას, რაც დადებითად აისახება სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე, კომერციული ბანკების მდგრადობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.

2. ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. კოდექსის მიზნები შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მანდატთან და ამოცანებთან.

3. საქართველოში მოქმედი  კომერციული ბანკები, კომერციული ბანკის აქციონერები, ადმინისტრატორები და დასაქმებული პირები (შემდგომში – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები) უნდა ხელმძღვანელობდნენ წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპებითა და სტანდარტებით.

4. წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები ეფუძნება სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე კოდექსი არ შეიცავს ჩანაწერს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და არ არსებობს ეროვნული ბანკის მხრიდან საკითხის დამატებითი განმარტება, კომერციულმა ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა საკითხის განხილვისას უნდა იხელმძღვანელონ სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის განმარტებებითა და ამავე ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პრაქტიკული სტანდარტების სახელმძღვანელოთი. ამასთან, თუ კოდექსში განსაზღვრული რომელიმე ცნების განმარტებასთან თუ სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდება კომერციულ ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად.


მუხლი 2. ეთიკის ზოგადი პრინციპები
კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ვალდებულნი არიან, საქმიანობისას იმოქმედონ ეთიკის, მინიმუმ, შემდეგ პრინციპთა დაცვით:

ა) იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მომხმარებლების (საბანკო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი,  შემდგომში – მომხმარებელი), დამსაქმებლების, დასაქმებულების, საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ;

ბ) პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ საბანკო პროფესიისა და მომხმარებლის ინტერესები;

გ) პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით;

დ) იმოქმედონ და მოუწოდონ სხვებსაც, იმოქმედონ პროფესიონალურად და ეთიკურად, რაც დადებითად აისახება მათზე და ზოგადად, საბანკო პროფესიაზე;

ე) ხელი შეუწყონ საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის კეთილსინდისიერებასა და მდგრადობას საერთო საზოგადოებრივი სარგებლისთვის;

ვ) იზრუნონ საკუთარი და სხვების პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.


მუხლი 3. პროფესიული ქცევის სტანდარტები
წინამდებარე კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული ეთიკის ზოგადი პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები საქმიანობისას მუდმივად უნდა იცავდნენ მისაღები ქცევების მინიმალურ ნორმებს პროფესიული ქცევის, მინიმუმ, შემდეგი სტანდარტების სახით:

ა) პროფესიონალიზმი:

ა.ა) კანონმდებლობის ცოდნა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები სრულად უნდა იცნობდნენ და შეესაბამებოდნენ არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე სტანდარტზე ჩანაწერს შეიცავს როგორც წინამდებარე კოდექსი, ასევე სხვა სამართლებრივი აქტი, პირმა უნდა დაიცვას უფრო მკაცრი სტანდარტი. ამასთან, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები შეგნებულად არ უნდა არღვევდნენ, არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ კანონმდებლობის დარღვევას, მათ შორის, საზედამხედველო არბიტრაჟს (კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას) და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერი მსგავსი სახის პრაქტიკას;

ა.ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას პროფესიულ საქმიანობაში. დაუშვებელია ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მისი ან სხვების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას;

ა.გ) შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირებს განზრახ შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეთ სხვა პირები თავიანთი პროფესიული საქმიანობისას და ინფორმაციის მიწოდებისას;

ა.დ) დაუშვებელი ქცევა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერ, თაღლითურ ქმედებას, განზრახ შეცდომაში შეყვანას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე;

ბ) კეთილსინდისიერება ფინანსურ ბაზარზე:

ბ.ა) მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც ფლობენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ახდენს ან შესაძლოა, მოახდინოს გავლენა ფინანსური ბაზრის და მათ შორის, საბანკო სექტორის შიდა პროცესებზე, ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებზე (მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია), არ უნდა გასცემდნენ/იყენებდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ ასეთი ინფორმაციის არასათანადო გადადინებას სხვა პირებზე ან/და გამოყენებას სხვა პირების მიერ. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ე.წ. „ინფორმაციული მიჯნის“ შენარჩუნება კომერციულ ბანკებსა და სხვა პირებს, მათ შორის, კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ მხარეებს შორის. კერძოდ, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა  არ უნდა დაუშვან ბანკის შიდა ინფორმაციის (მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია, რომელზეც კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირს ხელი მიუწვდება კომერციული ბანკის კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ან კომერციულ ბანკთან სხვა კავშირის გამო ან როდესაც ასეთ ინფორმაციას კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირი სხვა გზით მიიღებს) არასათანადო გადადინება სხვა პირებთან, მათ შორის, კომერციული ბანკის დაკავშირებულ მხარეებთან;

ბ.ბ) ბაზრის მანიპულაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომელიც უსამართლოდ ცვლის ფასებს (პროცენტი, საკომისიო და სხვ.) ან ხელოვნურად ზრდის ტრანზაქციის მოცულობას ბაზრის მონაწილეების შეცდომაში შეყვანის მიზნით;

გ) კეთილსინდისიერება საბანკო სექტორში – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ეროვნული ბანკი ახორციელებს კონკურენციის პოლიტიკას საბანკო სფეროში და ამ მიმართულებით განსაზღვრავს დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს. ეროვნული ბანკი მოქმედებს როგორც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო, რის ფარგლებშიც ის შეისწავლის კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევებს და იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომლის მიზანი ან შედეგია კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა ან/და რომელიც აფერხებს/შესაძლოა, შეაფერხოს თავისუფალი საფინანსო საქმიანობა ან ფინანსური პროდუქტების თავისუფალი შეთავაზება ან/და არასათანადო უპირატესობას ანიჭებს/შესაძლოა, მიანიჭოს მათ ფინანსურ ბაზარზე, მათ შორის, საბანკო სექტორის სხვა მონაწილეებთან მიმართებით, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, გულისხმობს შემდეგი სახის პრაქტიკას:

გ.ა) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან/და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს შემდეგი სახის ქმედებებს:

გ.ა.ა)  შესყიდვის ან გაყიდვის ფასების (მათ შორის, არასამართლიანი ფასების) ან სხვა სავაჭრო პირობების (მათ შორის, არასამართლიანი სავაჭრო პირობების) პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;

გ.ა.ბ) განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების დაწესება ერთი და იმავე ან მსგავს ტრანზაქციებზე ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების დაწესებისა ან არსებული მონაწილეების ბაზრიდან გაშვების მიზნით. ასევე, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ექსკლუზიური შეთანხმება ან უარის თქმა გარიგებაზე, მათ შორის, ბანკთან დაკავშირებული მხარის სასარგებლოდ;

გ.ა.გ) საფინანსო სექტორში მონოპოლიური ბერკეტების მოპოვება და შენარჩუნება, რომლის შედეგი ან მიზანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვაა;

გ.ბ) სექტორში კონცენტრაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომელიც ხელს უწყობს სექტორში კონცენტრაციის ზრდას კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის მიზნით. ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონცენტრაციის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საბანკო სექტორში და რომლის შედეგი დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერებაა;

დ) ვალდებულებები მომხმარებლების მიმართ:

დ.ა) ერთგულება, წინდახედულება და მზრუნველობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა გამოიჩინონ ერთგულება, მზრუნველობა და გონივრული განსჯა თავიანთი მომხმარებლების მიმართ;

დ.ბ) სამართლიანი მოპყრობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ვალდებულნი არიან, პროფესიული საქმიანობისა და კონსულტაციის გაწევის პროცესში მუდმივად ინარჩუნებდნენ სამართლიანობასა და ობიექტურობას;

დ.გ) შესაბამისობა:

დ.გ.ა) კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები მომხმარებელთან საკონსულტაციო ურთიერთობისას ან შეთავაზების განხორციელებისას ვალდებული არიან:

დ.გ.ა.ა) განახორციელონ გონივრული და სრულყოფილი კვლევა მომხმარებლის ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციისა, რაც აუცილებელია გონივრული და მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული ინფორმაცია მუდმივ გადამოწმებასა და განახლებას უნდა ექვემდებარებოდეს;

დ.გ.ა.ბ) შეთავაზების განხორციელებამდე შეაფასონ, რამდენად მორგებულია ის მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და არის თუ არა შესაბამისობაში მის მიზნებთან, საჭიროებებთან, შეზღუდვებთან, აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურასთან და ფინანსურ შესაძლებლობებთან;

დ.გ.ბ) კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები ფიდუციარული ოპერაციების შესრულებისას როგორც საკონსულტაციო, ისე კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელებისას და გადაწყვეტილებების მიღებისას შესაბამისობაში უნდა იყვნენ მომხმარებლის აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის შეზღუდვებთან და გაცხადებულ მიზნებთან;

დ.დ) ინფორმაციის წარდგენა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა საბანკო პროდუქტისა და თავიანთი საქმიანობის პრეზენტაციისას უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა წარადგინონ სრული, ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია;

დ.ე) კონფიდენციალურობის დაცვა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა დაიცვან მომხმარებლებისა და ყოფილი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

დ.ე.ა) ინფორმაცია ეხება მომხმარებლის არალეგალურ საქმიანობას;

დ.ე.ბ) ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულოა კანონით;              

დ.ე.გ) მომხმარებელი ნებართვას გასცემს ინფორმაციის გამჟღავნებაზე;

ე) ვალდებულებები დამსაქმებლის მიმართ:

ე.ა) ერთგულება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა იმოქმედონ თავიანთი დამსაქმებლის სასარგებლოდ, რაც მოიცავს მათი უნარებისა და კომპეტენციების გამოყენებას, კონფიდენციალურობის დაცვასა და დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

ე.ბ.) შეთანხმებები დამატებით კომპენსაციაზე – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა არ უნდა მიიღონ საჩუქრები, სარგებელი, კომპენსაცია, რომელიც დამსაქმებლის ინტერესებს ეწინააღმდეგება ან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან შექმნას ინტერესთა კონფლიქტი დამსაქმებელთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა;

ე.გ.) ხელმძღვანელთა ვალდებულება – ხელმძღვანელნი მუდმივად უნდა ამოწმებდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ თითოეული პირი, რომელიც მათი დაქვემდებარების ქვეშ არის, ასრულებს და სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან, წესებთან, რეგულაციებთან, წინამდებარე კოდექსთან და ბანკის შიდა სტანდარტებთან;

ვ) პროფესიული საქმიანობის პრინციპები:

ვ.ა) კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები შესაბამისი მზრუნველობით, დამოუკიდებლად და საფუძვლიანად უნდა ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას;

ვ.ბ) კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა ემყარებოდნენ გონივრულ და ადეკვატურ საფუძვლებს, რომლებიც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევებითა და ანალიზით;

ვ.გ) კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მინიმუმ, შემდეგ სტანდარტთა დაცვით უნდა წარმართონ:

ვ.გ.ა) მომხმარებლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საქმიანობის ძირითადი ფორმატისა და საბანკო პროდუქტის ზოგადი პრინციპების/ძირითადი მახასიათებლების შესახებ. მომხმარებლებს ასევე უნდა მიეწოდებოდეთ ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული მატერიალური ცვლილებების შესახებ;

ვ.გ.ბ) მომხმარებლებს სრულყოფილად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პროდუქტთან ან ტრანზაქციასთან დაკავშირებული ძირითადი რისკების, შეზღუდვებისა და ლიმიტების თაობაზე;

ვ.გ.გ) გამოიყენონ გონივრული განსჯა იმ ფაქტორების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შესაძლოა, მნიშნელოვანი იყოს მათი პროფესიული საქმიანობის ან მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები გაუმჟღავნონ მომხმარებელსაც;

ვ.გ.დ) მომხმარებელთან კომუნიკაციისას, საბანკო პროდუქტის შეთავაზებისას  და თავიანთი საქმიანობის პრეზენტაციისას და ზოგადად, პროფესიული საქმიანობისას ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნონ პირადი მოსაზრება და დადგენილი ფაქტი;

ვ.დ) ჩანაწერების წარმოება – აწარმოონ შესაბამისი ჩანაწერები მომხმარებლებთან კომუნიკაციისას;

ზ) ინტერესთა კონფლიქტი:

ზ.ა) ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა სრულად, სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა გაამჟღავნონ ყველა ის საკითხი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას ან ხელი შეუშალოს მათი მოვალეობების შესრულებას მომხმარებლებისა და დამსაქმებლის მიმართ. ასეთი გამჟღავნება უნდა განხორციელდეს ცხადად, გასაგებ ენაზე და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით;

ზ.ბ) ტრანზაქციების პრიორიტეტი – პირად ტრანზაქციებთან მიმართებით, უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს მომხმარებლებისა და დამსაქმებლებისთვის შესასრულებელ ტრანზაქციებს;

ზ.გ) მესამე მხარის მოსაკრებლები და ბონუსები – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები დამსაქმებელსა და პროდუქტის შეთავაზებისას მომხმარებლებს უნდა აწვდიდნენ ინფორმაციას კონკრეტული საქმიანობის/მომსახურების გაწევის შედეგად მესამე მხარისგან მისაღები ან/და მისთვის გასაცემი ნებისმიერი სახის კომპენსაციის ან სარგებლის შესახებ;  

თ) კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირთა პასუხისმგებლობა:

თ.ა) ქცევის ზოგადი სტანდარტი კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისათვის – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირმა არ უნდა შელახოს კომერციული ბანკის (რომელშიც დასაქმებულია/რომლის აქციონერიცაა) და ამასთან, სხვა კომერციული ბანკების, საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის რეპუტაცია და კეთილსინდისიერება. ამასთან, საფრთხე არ უნდა შეუქმნას საფინანსო სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას;

თ.ბ) კომერციული ბანკის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა კომერციული ბანკის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენებისას არ უნდა მოახდინონ პირთა შეცდომაში შეყვანა ან/და აღნიშნული სტატუსის გადაჭარბებულად, არასათანადოდ გამოყენება.


მუხლი 4. კომერციული ბანკის ვალდებულებები
1. კომერციული ბანკი ვალდებულია, შექმნას წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების ეფექტური შესრულებისთვის საჭირო გარემო, მათ შორის, შეიმუშავოს (ან არსებული შიდა დოკუმენტები შეუსაბამოს) წინამდებარე კოდექსთან შესაბამისობაში მყოფი შიდა სტანდარტის დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ეთიკისა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს, მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის, შესაბამისი ანგარიშგების, დარღვევის ფაქტების გამოძიების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი ზომების, საჩივრების განხილვის საკითხებს. ამასთან, კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს ეთიკის პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის თაობაზე განცხადების/საჩივრების მიღების ეფექტური სისტემა და მექანიზმები, რომელიც მათ შორის, უზრუნველყოფს განცხადების/საჩივრის ავტორის ანონიმურობას (განცხადების/საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში).

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზიას/განცხადებას/საჩივარს ბანკში მომხმარებელი წარადგენს, აღნიშნული პრეტენზიის/განცხადების/საჩივრის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი წესებითა და მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთება ამ კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირის მხრიდან წინამდებარე კოდექსის რომელიმე მოთხოვნის შესაძლო დარღვევა, საქმის ამ მიმართულების პარალელური მოკვლევა და დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში - შესაბამისი ზომების მიღება, უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა სტრუქტურულმა ერთეულმა.

3. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პრინციპებისა და სტანდარტების, მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურული საკითხებისა და პასუხისმგებლობის/ზომების შესახებ, ასევე, შიდა სტანდარტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისთვის, მათ შორის, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აქციონერების სათანადო ინფორმირება, მათ შორის, კოდექსის/ინფორმაციის/ცვლილებების ვებგვერდზე გამოქვეყნების ან/და მათთვის ელექტრონული/მატერიალური ფორმით გაგზავნის გზით. ამასთან, კომერციული ბანკი ხელს უნდა უწყობდეს ამ უკანასკნელთა მუდმივ შესაბამისობას შესაბამის პრინციპებთან და სტანდარტებთან, რაც მინიმუმ მოიცავს შესაბამის სწავლებებსა და გადამზადებას, ასევე, პოტენციური დარღვევების ეფექტური აღმოფხვრის მექანიზმის შემუშავებას.

4. წინამდებარე კოდექსის/ბანკის შიდა დოკუმენტის ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, კომერციულმა ბანკმა უნდა შექმნას (ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ფუნქციურად შეუთავსოს) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიმუშავებს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ბანკის შიდა დოკუმენტ(ებ)ს, მუდმივ მონიტორინგს გაუწევს წინამდებარე კოდექსისა და ბანკის შიდა სტანდარტების შესრულებას, მიიღებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მიღებულ საჩივრებსა და დარღვევის ფაქტებზე, ამასთან, დარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას.

5. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (აღნიშნულში არ მოიაზრება მომხმარებლების საჩივრების/პრეტენზიების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა განხილვის პროცედურულ საკითხებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ განსაზღვრავს), საჩივარს განიხილავს კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო/სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის განმეორებითი მოკვლევის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული ზომების შეცვლის/პირველადი გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვების/პირველადი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შიდა სტანდარტის დოკუმენტებს და იღებს პერიოდულ ანგარიშგებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შეფასების შედეგების, საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. წინამდებარე ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, სისტემურად მნიშვნელოვანი ან/და იმ კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დაექვემდებარებიან აღნიშნულ მოთხოვნას მათი ზომის, ტიპის, კომპლექსურობისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა შეიქმნას ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი, რომელიც წინამდებარე პუნქტში მოცემული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის თაობაზე განახორციელებს პერიოდულ ანგარიშგებას სამეთვალყურეო საბჭოსთან. 

6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან წინამდებარე კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან, დარღვევებთან, საჩივრებთან და გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.


მუხლი 5. ეთიკის პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის ფაქტების გამოძიების, გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების პროცედურული საკითხები
1. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ვალდებულია, სხვადასხვა წყაროდან უზრუნველყოფდეს შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტებისა და ინციდენტების მოძიებასა და მიღებას, მათ შორის, მოიაზრება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ინციდენტები და დარღვევები, თვითგამჟღავნება, წერილობითი საჩივრები ან სხვა საჯარო წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კონკრეტული შემთხვევის მოკვლევის პროცესი სხვა მექანიზმებთან ერთად უნდა მოიცავდეს ახსნა-განმარტების მიღებას, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვებასა და გამოკითხვების წარმოებას. მოკვლევის შედეგების საფუძველზე სტრუქტურული ერთეული იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ვალდებულია, შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტების მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განახორციელოს წინამდებარე კოდექსის, მის საფუძველზე შემუშავებული ბანკის შიდა სტანდარტებისა და სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის სტანდარტების, ასევე, ზოგადი ეთიკური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, არადისკრიმინაციულობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთა დაცვით.

3. სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით გასაჩივრებულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოსთან/სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებულ ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტთან, რომელიც განიხილავს საჩივარს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საკითხის განმეორებითი მოკვლევის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული ზომების შეცვლის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვების/შეცვლის/გაუქმების თაობაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე წევრს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი განსახილველ საქმესთან ან მასთან კავშირში მყოფ პირ(ებ)თან, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საბჭოს/კომიტეტის წევრის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას ან წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულმა წევრმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში და ის კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში უნდა გამოირიცხოს საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობიდან.

4. ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით შესაბამისი განცხადება შესაძლოა, წარედგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები, მათ შორის, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან და დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე კომერციულ ბანკთან ერთად ან დამოუკიდებლად განახორციელოს შესაბამისი მოკვლევა და მიიღოს  შესაბამისი ზომები.


მუხლი 6. საზედამხედველო ქმედებები და სანქციები
1. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირების მიერ წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იქნება გათვალისწინებული კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში კორპორაციული მართვის რისკისა და ადმინისტრატორთა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას.

2. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით ან/და კომერციული ბანკის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები. ამასთან, წინამდებარე კოდექსის ფარგლებში, ეროვნული ბანკი, გარდა სანქციის დაწესებისა, უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი მითითება/გაფრთხილება, დააწესოს შეზღუდვები და ინდივიდუალური მოთხოვნები.

3. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის აცნობიერებდა,  შეეძლო ან უნდა გაეცნობიერებინა, რომ კოდექსით ან/და კომერციული ბანკის შიდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არღვევდა.

4.  იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარღვევისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვა უფრო მკაცრი სანქცია, პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ უფრო მკაცრი სანქციის/პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში (გარდა ეროვნული ბანკის წარმოებაში არსებული საქმეებისა) განხორციელდება, ეს არ გამორიცხავს პირისთვის წინამდებარე კოდექსიდან გამომდინარე სანქციის დაკისრებასაც.


მუხლი 7. გარდამავალი დებულება
კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირთა მიერ წინამდებარე კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დაკმაყოფილდეს კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.