დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 279 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230040.22.033.017115 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/07/2018 - 19/03/2019)
|
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 91-ე მუხლის პირველი ნაწილის, 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 954 მუხლის მე-3 ნაწილისა და 955 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინსტრუქცია „მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ“ (დანართი №3) თანდართულ დანართთან ერთად.“. 3. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ინსტრუქცია „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ (დანართი №5) თანდართულ დანართთან ერთად.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1): ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მაგალითი 4“: „მაგალითი 4 პირობა: გიორგი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, ახორციელებს მთარგმნელობით საქმიანობას. გიორგიმ გადაწყვიტა დაიწყოს დაქირავებულ პირთა შრომის გამოყენება. შესაბამისად, მან საგადასახადო ორგანოს მიმართა მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მოთხოვნით. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს არ ეკრძალება დაქირავებულ პირთა შრომის გამოყენება, გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს, შესაბამისად მას უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი. შედეგი: გიორგის მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი და გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შესაბამისად, მის მიერ წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავლები დაიბეგრება მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად, რის თაობაზეც გიორგი წარადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თვიდან განახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშგებას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი წესით.“. გ) მე-11-მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მცირე ბიზნესის სტატუსი 1. მცირე ბიზნესის სტატუსი (შემდგომში – მცირე ბიზნესი) შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს), რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. 2. მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, თუ იგი ახორციელებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში – მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მცირე ბიზნესის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას. მაგალითი 1: პირობა: გიორგიმ, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას (კერძოდ, ვაჭრობას, ფართის იჯარით გაცემას, ასევე ეწევა საქმიანობას სათამაშო აპარატებით, რაზედაც მას მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა), გადაწყვიტა მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ანალიზი: „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის თანახმად, სათამაშო აპარატებით საქმიანობა განეკუთვნება იმ საქმიანობიდან ერთ-ერთს, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. შედეგი: გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება. 3. მცირე ბიზნესისთვის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში და მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა, მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება. მუხლი 12. ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება 1. ფიზიკური პირი: ა) თუ იგი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს; ბ) თუ იგი ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს; გ) სხვა შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და აღნიშნული რეგისტრაციის შემდეგ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს. 2. ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და სურს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი, მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის საგადასახადო ორგანოს მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1) სტატუსის მინიჭების თაობაზე და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №3). 4. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან. მაგალითი 1: პირობა: ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ 2018 და 2019 წლების განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თითოეული წლის მიხედვით შეადგინა 600 000 ლარი. პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2020 წლის 10 მარტს. ანალიზი: მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერ 2018 და 2019 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის შემზღუდავი პირობა. ამასთან, ვაჭრობა არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი. შედეგი: საგადასახადო ორგანო გიორგის ანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს და გადასცემს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გიორგი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ჩაითვლება 2020 წლის 1 აპრილიდან. მის მიერ 1 აპრილიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. 5. მცირე ბიზნესის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და ძალაშია თუ ფიზიკურ პირს არ გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. 6. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი. 7. მცირე ბიზნესის სტატუსის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში ფიზიკურ პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით (ამ ინსტრუქციის დანართი №3). 8. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე მეწარმე ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია შეიტანება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. მუხლი 13. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა, გადასახადის განაკვეთი და დაბეგვრის წესი 1. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება: ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა; ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს; გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა. 2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შედგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან და იბეგრება: ა) 1 პროცენტით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) 3 პროცენტით, თუ მისმა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი 3%-იანი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვე) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. მაგალითი 1: პირობა: გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ეწევა სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2019 წლის 20 ოქტომბერს გადააჭარბა 500 000 ლარს. ანალიზი: მცირე ბიზნესის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას. შედეგი: 2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით, ხოლო 1 ოქტომბრიდან კალენდარული წლის დასრულებამდე მიღებული შემოსავალი – 3%-იანი განაკვეთით. 3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას: ა) გაიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლების გათვალისწინებით; ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში. მაგალითი 2: პირობა: გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობის ნაწილში 2019 წლის განმავლობაში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 200 000 ლარი. გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2019 წლის განმავლობაში შეადგინა 50 000 ლარი. ამასთან, ამავე წელს მან: – ფიზიკური პირისგან პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი 6000 ლარის ოდენობით; – გაყიდა საცხოვრებელი სახლი 62000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 50000 ლარად; – უცხოური საწარმოდან დივიდენდის სახით მიიღო 13000 ლარი; – რეზიდენტი საწარმოსგან ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი 15000 ლარი. ანალიზი: ამ შემთხვევაში გიორგის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ტიპის შემოსავალი არ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც შემოსავალი, რომელიც არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, იგი გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას. ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას. შედეგი: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას, შეადგენს 250 000 ლარს (200 000+50 000). პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი 6000 ლარი, ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი 12000 ლარი (62000-50000) და მიღებული დივიდენდი 13000 ლარი არ მიიღება მხედველობაში წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები ასევე იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: – მცირე ბიზნესის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით ყოველთვიურად, რის თაობაზეც პირი შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას; – პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი ჩაირთვება გიორგის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით. საქმიანობის ამ ნაწილში გიორგი 2020 წლის 1 აპრილამდე წარადგენს საშემოსავლო გადასახადის 2019 წლის წლიურ დეკლარაციას; – სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, ვინაიდან 2019 წელს ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; – დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან; – ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. მაგალითი 3: პირობა: გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. 2019 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს. კერძოდ, ვაჭრობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა 300 000 ლარი. ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა – 250 000 ლარი. ანალიზი: ამ შემთხვევაში გიორგის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც შემოსავალი, რომელიც არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, იგი გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას. შედეგი: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ 2019 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას, შეადგენს 550 000 ლარს (300 000+250 000). იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, ხოლო ჯამურმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, მცირე ბიზნესის მიერ როგორც ვაჭრობიდან, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით ყოველთვიურად ოქტომბრის თვემდე, ხოლო ოქტომბრის თვის დასაწყისიდან წლის ბოლომდე მიღებული შემოსავალი – 3%-იანი განაკვეთით. პირი შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ორგანოში წარადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას. მუხლი 14. საგადასახადო ვალდებულების შესრულება მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას და გაუქმებისას 1. თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. 2. თუ ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან. აღნიშნულ კალენდარულ წელს გადამხდელი ვალდებულია მიღებული შემოსავალი დაბეგროს მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. მაგალითი 1: პირობა: გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2017 წელს. მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის 5 ოქტომბერს გადააჭარბა 500 000 ლარს, ხოლო 2020 წელს მიღებულმა შემოსავალმა 500 000-ს გადააჭარბა 25 სექტემბერს. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2019 და 2020 წლის მიხედვით, თითოეული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა, მას გაუუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2021 წლის დასაწყისიდან. შედეგი: გიორგის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით, ხოლო 1 ოქტომბრიდან 2019 წლის დასრულებამდე მიღებული შემოსავალი - 3%-იანი განაკვეთით. ამასთან, იგი 2020 წლის დასაწყისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიღებულ შემოსავლებს დაბეგრავს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით, ხოლო 1 სექტემბრიდან 2020 წლის დასრულებამდე მიღებულ შემოსავლებს - 3%-იანი განაკვეთით. 2021 წლიდან მიღებული შემოსავლები დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით. მაგალითი 2: პირობა: გიორგიმ 2019 წლის 15 სექტემბერს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება 2020 წლის დასაწყისიდან. შედეგი: 2019 წლის ბოლომდე გიორგის მიერ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. ხოლო 2020 წლიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით. 3. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში (კალენდარული წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე) მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით. 4. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მოთხოვნით მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, მას უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან. მაგალითი 3: პირობა: 2021 წელს საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ გიორგიმ, რომელსაც ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით 2020 წლის მარტში მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, დგინდება, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მას საგადასახადო ორგანოსთვის არ მოუმართავს. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის გაუქმებული აქვს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, იგი აღარ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შედეგი: გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან. მუხლი 15. მცირე ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები, დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის წყაროსთან დაკავება 1. მცირე ბიზნესი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში. 2. მცირე ბიზნესი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) შესაბამისად. 3. დაქირავებული პირებისთვის მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6000 ლარამდე ხელფასი, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში; ბ) მის მიერ, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს. 4. მცირე ბიზნესი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია ხელფასის გაცემისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი. მაგალითი 1: პირობა: გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2017 წლიდან. მის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 30 000 ლარს. გიორგიმ 2020 წლის 25 აპრილს დაქირავებულ თანამშრომლებზე გასცა ხელფასი 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, ამავე თარიღში ფიზიკურ პირს აუნაზღაურა მომსახურების ღირებულება, რომელზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით წარმოეშვა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 50 000 ლარს, ხოლო 2020 წლის 25 აპრილს დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი – 6000 ლარს, კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. შედეგი: გიორგის მიერ გაცემული ხელფასი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, რომელიც გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, შესაბამისი პირების მიერ, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება. ამასთან, გიორგი ვალდებულია მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთანავე გადაიხადოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი და არაუგვიანეს 2020 წლის 15 მაისისა წარადგინოს „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ დეკლარაცია და „საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ ინფორმაცია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-06 და №II-07 დანართების მიხედვით. მაგალითი 2: პირობა: გიორგი 2019 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, ამავე წლის 5 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. გიორგის მიერ 3 დაქირავებულისათვის 2019 წლის აპრილის და მაისის თვეებში გაცემულმა ხელფასმა თითოეულ თვეში თითოეულ თანამშრომელზე შეადგინა 1600-1600 ლარი, ანუ ჯამურმა განაცემმა 2 თვეში შეადგინა 9600 ლარი. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებულებზე ჯამურად გაცემულმა ხელფასმა 6000 ლარს გადააჭარბა, 2019 წლის მაისის თვიდან არ კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. შედეგი: გიორგის მაისის თვეში გაცემული ხელფასის ნაწილზე, კერძოდ 3600 ლარზე წარმოეშობა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისა და საანგარიშო თვის მიხედვით შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ამასთან, იგი ვალდებულია შემდეგ პერიოდებში გაცემული ხელფასი სრულად დაბეგროს გადახდის წყაროსთან. 5. მცირე ბიზნესი არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ დეკლარაციას და „საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საერთო წესით. მაგალითი 3: პირობა: გიორგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2019 წლის იანვარში, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა ამავე წლის 1 ოქტომბრიდან. სტატუსის მინიჭებამდე მას დაქირავებულებზე გაცემული აქვს ხელფასი 7 000 ლარის ოდენობით, რომელიც დადგენილი წესით დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. ანალიზი: მიუხედავად იმისა, რომ გიორგის სტატუსის მინიჭებამდე უკვე აქვს გაცემული 7000 ლარის ოდენობით ხელფასი, იგი უფლებამოსილია სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდებში (2019 წელს) 6000 ლარამდე გაცემული ხელფასი არ დაბეგროს გადახდის წყაროსთან. შედეგი: გიორგის მიერ სტატუსის მინიჭებამდე გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ხელფასი გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. იგი უფლებამოსილია სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდებში (2019 წელს) 6000 ლარამდე გაცემული ხელფასი არ დაბეგროს გადახდის წყაროსთან. 6. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა დამატებით იღებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრულ შემოსავლებს, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, ამ შემოსავლებზე საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. მუხლი 16. მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. 3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები. 4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. მაგალითი 1: პირობა: გიორგი, რომელიც არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, ეწევა ვაჭრობას. საგადასახადო ორგანოს მიერ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც დადგენილი წესით არ ჰქონდა აღრიცხული აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. ამასთან, მცირე ბიზნესს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ანალიზი: მცირე ბიზნესი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, სადაც მან ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა. შედეგი: გიორგის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაეთვლება აღურიცხველად და დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. მცირე ბიზნესი ვალდებულია უზრუნველყოს 3 წლის ვადით საგადასახადო დოკუმენტების შენახვა. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 6. მცირე ბიზნესის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო საგადასახადო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან მისი გამოსვლა. მუხლი 17. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისას სასაქონლო მარაგების აღრიცხვა მცირე ბიზნესს სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უფლება აქვს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო ნაშთები აღრიცხოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, იგი უფლებამოსილია სტატუსის გაუქმების მომენტისთვის არსებულ სასაქონლო მარაგების ნაშთებზე გაწეული ხარჯი, რომელზედაც გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. მაგალითი 1: პირობა: გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ეწევა ვაჭრობას. 2020 წლის 15 სექტემბერს მან მიმართა საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. გიორგის 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შესყიდვების მიხედვით მარაგების სახით აქვს 120 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთი. პირს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი გააჩნია მხოლოდ 30 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთზე. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2021 წლის დასაწყისიდან. გიორგი უფლებამოსილია განახორციელოს სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრებში. შედეგი: მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მომენტში არსებული 120 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთი აღურიცხველად არ ჩაითვლება. ამასთან, გიორგი უფლებამოსილია მხოლოდ 30 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთზე გაწეული ხარჯი გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. მუხლი 18. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება 1. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ: ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით კალენდარული წლის დასრულებამდე; ბ) თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს გადააჭარბა. მაგალითი 1: პირობა: ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ 2018 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 600 000 ლარი. პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2019 წლის იანვარში და მოითხოვა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. მის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს. ანალიზი: მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერ 2018 და 2019 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან 2018 წელს მას არ ჰქონდა მცირე ბიზნესის სტაუსი. შედეგი: გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი 2020 წლიდან არ უუქმდება. 2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან, თუ: ა) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა; ბ) ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის. 3. მცირე ბიზნესი ვალდებულია მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა პირის მიერ მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, იგი რეჟიმიდან გამოსულად ჩაითვლება ამ წლის დასაწყისიდან. 4. თუ მცირე ბიზნესი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაეკისრება ჯარიმა, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მცირე ბიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. მაგალითი 2: პირობა: გიორგი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2015 წლიდან. მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2020 წლის 1 იანვრიდან. 2020 წლის 15 სექტემბერს გიორგის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაეკისრა მესამე ჯარიმა. მას საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2020 წლის დასაწყისიდან. შედეგი: გაუქმდება ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები. ამასთან, გიორგის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების მიხედვით დაერიცხება მიმდინარე გადასახდელები 2019 წლის წლიური გადასახადის მიხედვით. მუხლი 19. მცირე ბიზნესის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად და დადგენილ ვადაში. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი, რომელზეც უფლება აქვს ჩაითვალოს დღგ დადგენილი წესის შესაბამისად, თუ გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. მუხლი 20. მცირე ბიზნესის საგადასახადო კონტროლი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა; ბ) დათვალიერება; გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა; დ) ქრონომეტრაჟი; ე) ინვენტარიზაცია.“; დ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ე) დანართი №4 ამოღებულ იქნეს. 5. ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. ბრძანებას დაემატოს თანდართული რედაქციის ინსტრუქცია „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ (დანართი №5). |
მუხლი 2 |
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საგადასახადო პერიოდზე წარმოადგინოს ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) დანართი №5-ის შესაბამისად.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები