არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3033-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.018979
3033-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
080060000.05.001.018979
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური).

7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

2. 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა დაცვის და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს:

ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს;

ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;

გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესს;

დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმების და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს;

ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების წესს;

ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს;

ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზების წესს;

თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს;

ი) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმეების წარმოების წესს.“.

4. 84-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

5. 87-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის არასრულწლოვანს უფლება აქვს, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირების გარდა, მისი კანონიერი წარმომადგენლის და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით შეხვდეს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს.“.

6. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის.“.

7. 90-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.“.

8. 91-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების სახეობები და რაოდენობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.“.

9. 95-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. პრობაციის ეროვნული სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს პრობაციის ეროვნული სააგენტო უგზავნის პენიტენციურ სამსახურს.

4. პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს. შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ნაწილია.“;

ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის და მისი გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას, აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აგრეთვე პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს.“.

10. 98-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური:

ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ატყობინებს მისი გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;

ბ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის ფორმასა და წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3033-რს