საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 145/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 350090000.18.011.016321
145/04
05/07/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
350090000.18.011.016321
საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №145/04

2018 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის, 52-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 32-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანება.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით შემოსული მიმართვები განიხილება „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4
ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის მოქმედმა და ამ ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესის მე-12 მუხლით  გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში. ამასთან, აღნიშნულ საბროკერო კომპანიებს  წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება მოეთხოვებათ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებისათვის. გარდა ამისა, აღნიშნულმა საბროკერო კომპანიებმა ეროვნულ ბანკთან უნდა შეათანხმონ სავაჭრო პლატფორმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროვაიდერის პოტენციური ან არსებული კანდიდატურა.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.    საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ:

ა) საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების საკითხებს, მათ შორის:

ა.ა) ეროვნულ ბანკში საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და ლიცენზიის გაუქმების პირობებსა და პროცესს;

ა.ბ) საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ მოთხოვნებს;

ა.გ) საბროკერო კომპანიის მიერ ჩანაწერების წარმოების წესს, ანგარიშგების სახეებსა და მათი ეროვნულ ბანკში წარმოდგენის პერიოდულობასა და პროცედურებს;

ა.დ) დამატებით მოთხოვნებს სავაჭრო პლატფორმის მქონე საბროკერო კომპანიის მიმართ;

ბ) უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის რეგულირების საკითხებს.

2. ამ  წესით  განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეკლარაცია – საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს (ორგანოების) წევრის შესაბამისობას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

გ) სავაჭრო პლატფორმა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგებების დადება;

დ) უცხოური საბროკერო კომპანია – განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საბროკერო საქმიანობის განხორციელების უფლება;

ე) რეკონსილაცია – ერთსა და იმავე ტრანზაქციებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების ან მონაცემების დადარება საბროკერო კომპანიის შიდა ჩანაწერებსა (სააღრიცხვო პროგრამა, სავაჭრო პლატფორმა) და მესამე მხარეების ჩანაწერებს შორის, რომელიმე ან ორივე მათგანში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. საბროკერო კომპანიის ლიცენზირება
1. ლიცენზიის მაძიებელმა საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, კერძოდ:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება);

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შეტანილი ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

გ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი პირის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მათ შორის ინფორმაციას მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების/პარტნიორების და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, შუალედური მფლობელების შესახებ. კერძოდ, ასეთ ინფორმაციას თანდართული უნდა ჰქონდეს აღნიშნული პირების შესახებ შემდეგი დოკუმენტები: 

გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

გ.ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლი;

გ.ა.ბ) ინფორმაცია მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ;

გ.ა.გ) დეტალური ავტობიოგრაფია;

გ.ა.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

გ.ა.ე) მონაცემები ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ;

გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

გ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტები;

გ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; იმ შემთხვევაში თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისათვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებული);

გ.ბ.გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი საბროკერო საქმიანობის სახეების ჩამონათვალი (დანართი №3-ის შესაბამისად);

ე) არსებობის შემთხვევაში, სავაჭრო პლატფორმის პროვაიდერის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლების აღწერა;

ვ) ლიცენზიის მაძიებელი პირის მიმდინარე ბალანსი და შესაბამისი შენიშვნები უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული);

ზ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის განცხადების წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მხოლოდ მიმდინარე ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს (არააუდიტირებულს);

თ)  ლიცენზიის მაძიებლის კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების შესახებ;

ი) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის ამ წესის მე-4 მუხლით  განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ი.ა) წერილობით დასტურს, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ შემოწმებულია დასანიშნი/ასარჩევი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ი.ბ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ  კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ი.გ) ინფორმაციას ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განათლების და გამოცდილების შესახებ (მათ შორის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს, პირად რეზიუმესა და ორ სარეკომენდაციო წერილს);

ი.დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირის მმართველი ორგანოს წევრს ჩამორთმეული არ აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება;

ი.ე) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. ამისათვის ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა ნასამართლობის შესახებ; ამასთან, ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. 

ი.ვ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებულ დეკლარაციის ფორმას (დანართი № 2-ის შესაბამისად);

ი.ზ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, დასანიშნი წევრის სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;

კ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ლ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ბიზნეს მოდელის შესახებ და მისი სტრატეგიული გეგმა;

მ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება საბროკერო კომპანია;

ნ) თუ ლიცენზიის მაძიებელი პირი ჯგუფის წევრია, ინფორმაცია ჯგუფის სტრუქტურის შესახებ.

2.    ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით.

3.    ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4.    ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესახებ.

5.     ლიცენზიის მაძიებელს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საბროკერო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა.

6.    ლიცენზიის განხილვის და საქმიანობის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

7. საბროკერო კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობა ამავე კანონის 231 მუხლით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნების დაცვით.

8.  ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.

9.    ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ლიცენზიის მაძიებლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და/ან ინფორმაციის სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად.

10.  ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაადგინოს ხარვეზი და განსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა, ფორმა და პროცედურა.


მუხლი 4. ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები
1.    საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს ყველა წევრი კომპანიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე  უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ კრიტერიუმებს კვალიფიციურობასთან, პროფესიულ გამოცდილებასთან, კომპეტენტურობასა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ამასთან, მმართველი ორგანოს წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ  ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ ექცეოდნენ ამ მუხლით დადგენილი აკრძალვების ქვეშ.

2.    საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი  განათლება ან/და გამოცდილება და აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას მაინც:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/ სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

ბ) უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში რელევანტურ პოზიციაზე  მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება.

3.    პირს ეკრძალება იყოს საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საბროკერო კომპანიას ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა საბროკერო კომპანიის კლიენტების უფლებები, ან/და გამოიწვია საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) საბროკერო კომპანიაში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

გ) წარსულში იყო საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი და მისი საქმიანობის შედეგად კომპანია გადახდისუუნარო გახდა; 

დ) საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის  ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის.


მუხლი 5. ლიცენზიის გაცემა და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1.    საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესისა და ამ წესის შესაბამისად.

2.    საბროკერო საქმიანობის  ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი წერილობითი მიმართვა  და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არის არასრული, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი და ლიცენზიის მაძიებლის მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით  ან ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) ლიცენზიის მაძიებლის საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;

ე) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

3.     თუ ლიცენზიის მაძიებელი პირი ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია განცხადების განხილვისათვის, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.

4.    ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში. უარის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი.

5.    ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლიცენზიის მაძიებელს ეროვნული ბანკის მითითებით უნდა წარმოედგინა წერილობითი მიმართვის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

6.    ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 6. ლიცენზიის გაუქმება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა და კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გააუქმოს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:

 ა) საბროკერო კომპანიამ ეროვნულ ბანკს წარუდგინა მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით;

 ბ) საბროკერო კომპანიის ლიკვიდაცია;

 გ) ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ სალიცენზიო დოკუმენტაცია იყო მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი; 

 დ) საბროკერო კომპანიამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის  მოთხოვნები;

 ე) საბროკერო კომპანია ვეღარ აკმაყოფილებს სალიცენზიო მოთხოვნებს;

 ვ) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 ზ) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრები ვერ ასრულებენ პროფესიულ პასუხისმგებლობას და/ან დაკისრებულ ვალდებულებებს;

 თ) საბროკერო კომპანია ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს;

 ი) საბროკერო კომპანიის საქმიანობა საფრთხეს უქმნის კლიენტების, ინვესტორების ინტერესებს ან ზოგადად ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ან/და მისი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან/და  საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;

 კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს საბროკერო კომპანია და დაუწესოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

4. თუ საბროკერო კომპანია ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება.

5. ეროვნული ბანკი ვალდებულია საბროკერო კომპანიას დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

6. ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან  30 დღის ვადაში.


მუხლი 7. უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალი
1.    უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალი ვალდებულია საქართველოში საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხოური საბროკერო კომპანიის ლიცენზირების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოში უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის დარეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);

გ) უცხოური საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის მიერ საქართველოში საბროკერო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ;

დ) უცხოური საბროკერო კომპანიის ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს დასტური საქართველოში ფილიალის გახსნისა და საბროკერო საქმიანობის წარმართვის თობაზე;

ე) უცხოური საბროკერო კომპანიის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას;

ვ) განსახორციელებელი საბროკერო საქმიანობის სახეების ჩამონათვალი დანართი №3-ის შესაბამისად.

2.ეროვნული ბანკი განიხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს, მათი მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალი დოკუმენტაციის წარდგენის ვადისა და ფორმის მითითებით, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ბანკში უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებამდე.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალს განუსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა და ფორმა.

5. უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალზე სრულად ვრცელდება ამ წესის მე-4 და მე-8-მე-13 მუხლების მოთხოვნები.


მუხლი 8. ფინანსური მოთხოვნები
1. საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს, რომელიც გაანგარიშებული იქნება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად.

2. საბროკერო კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაცვა.

3. საბროკერო კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყოველ ეტაპზე გააჩნდეს კლიენტების მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად საკმარისი ფულადი სახსრები.


მუხლი 9. საბროკერო კომპანიის საკუთარი და კლიენტის აქტივების გამიჯვნა და  რეკონსილაციის ვალდებულება
1. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შიდა ჩანაწერებში , ბუღალტრულ პროგრამასა და , არსებობის შემთხვევაში , სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტების სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ერთმანეთისგან და საკუთარი სახსრებისგან გამიჯვნა .

2. საბროკერო კოპანია ვალდებულია კლიენტების ფულადი სახსრები განათავსოს საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში , საბროკერო კომპანიასა თუ ცენტრალურ დეპოზიტარში ან განვითარებულ ქვეყნებში ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე . დაუშვებელია ამ ანგარიშებზე კლიენტების ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების განთავსება .

3. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს , რომ მის მიერ მესამე პირთან განთავსებული კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები გამიჯნული იყოს ამ მესამე პირის , საბროკერო კომპანიისა და მესამე პირის სხვა კლიენტის აქტივებისგან .

4. კლიენტების სახსრების განკარგვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კლიენტთან დადებული ხელშეკრულების და /ან კლიენტების დავალებების პირობების შესაბამისად და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება საბროკერო კომპანიის ან სხვა მესამე პირის საოპერაციო ან /და სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად .

5.საბროკერო კომპანია ვალდებულია კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტუმენტები არ გამოიყენოს საკუთარი ან ნებისმიერი სხვა პირის მიზნებისთვის , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც არსებობს მხარეებს შორის ხელშეკრულება ან კლიენტის დავალება ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაზე შესაბამისი განსაზღვრული პირობებით .

6. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყოველდღიურად წინა დღის მდგომარეობით მოახდინოს კლიენტების სახსრების რეკონსილაცია ვალუტების დონეზე კომპანიის შიდა ჩანაწერებსა და მესამე მხარეების ჩანაწერებს შორის , სადაც განთავსებულია აღნიშნული კლიენტების სახსრები .

7. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს არსებული მდგომარეობით მოახდინოს კლიენტების სახელით მფლობელობაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების რეკონსილაცია საბროკერო კომპანიის შიდა ჩანაწერებსა და მესამე მხარეების ჩანაწერებს შორის , სადაც განთავსებულია აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები . რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს თვის ბოლოდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში .

8.  იმ შემთხვევაში , თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებით გათვალისწინებული რეკონსილაცია ან თუ საბროკერო კომპანია აღმოაჩენს არსებით ხარვეზს რეკონსილაციისას , საბროკერო კომპანია ვალდებულია შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ფაქტის აღმოჩენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში .


მუხლი 10. ანგარიშგებების მომზადების ვალდებულება
1.  საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ზემოაღნიშნული ფინანსური ანგარიშგება დადასტურებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ამასთან, წლიურ აუდიტირებულ ანგარიშგებას თანდართული უნდა ჰქონდეს იმავე აუდიტორის მიერ მომზადებული წერილი მენეჯმენტისადმი და აუდიტორის განცხადება, რომ საბროკერო კომპანია აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების  მოთხოვნებს. ამასთან, მან უნდა დაადასტუროს კლიენტების სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების რეკონსილაციის ანგარიშგებები ფინანსური ანგარიშგების თარიღისთვის.

2.     საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კვარტალური  ფინანსური ანგარიშგება კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 45 კალენდარული დღისა.

3.    საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 7 კალენდარული დღისა, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი (10%-ზე მეტი) ან თანამშრომელი გახდება სხვა საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან თანამშრომელი;

ბ) მისი რომელიმე თანამშრომელი გახდა საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის თანამშრომელი;

გ) მისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა ჩამოვიდა ამ წესით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნაზე დაბლა. აღნიშნულ შემთხვევაში საბროკერო კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული და/ან მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში. საბროკერო კომპანიის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ეროვნული ბანკისათვის ამგვარი ინფორმაციის წარუდგენლობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბროკერო კომპანიას გაუუქმოს საქმიანობის ლიცენზია;

დ) თუ საბროკერო კომპანია დაიწყებს ახალი ტიპის საქმიანობას ან შეწყვეტს არსებულ საქმიანობას კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობების შესაბამისად.

4.    საბროკერო კომპანია ვალდებულია წარუდგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე, თუკი იგი:

ა) გადაწყვეტს ფილიალის გახსნას ან/და დახურვას;

ბ) გადაწყვეტს საფირმო სახელწოდების შეცვლას;

გ) გადაწყვეტს რეორგანიზაციას. აღნიშნულ შემთხვევაში საბროკერო კომპანიამ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ეხება რეორგანიზაცია და რა არის მისი განხორციელების მიზეზი. რეორგანიზაციის განსახორციელებლად საბროკერო კომპანიამ უნდა მიიღოს ეროვნული ბანკისგან თანხმობა. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას რეორგანიზაციაზე, თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს;

დ) გადაწყვეტს მმართველი ორგანოს წევრის შეცვლას.

5.    საბროკერო კომპანიამ ამ მუხლში ჩამოთვლილი ანგარიშგებები (შეტყობინებები) და ანგარიშები ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იქნეს Excel-ის და PDF-ის ფორმატში.


მუხლი 11. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების ვალდებულება
1.  საბროკერო კომპანია ვალდებულია აწარმოოს კლიენტის სახსრებისა და აქტივების განცალკევებულად აღრიცხვა როგორც კომპანიის, ისე სხვა კლიენტების სახსრებისა და აქტივებისგან.

2. საბროკერო კომპანიამ უნდა აწარმოოს და დროულად განაახლოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული  დოკუმენტაცია და ჩანაწერები, კერძოდ:

ა) დეტალური ინფორმაცია ყველა დავალების შესახებ, როგორც შიდა ჩანაწერებში, ისე  პირველადი დოკუმენტების სახით;

ბ) დეტალური ინფორმაცია ყველა განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ როგორც შიდა ჩანაწერებში, ისე  პირველადი დოკუმენტების სახით;

გ) დოკუმენტაცია კლიენტის ანგარიშების შესახებ, რომელშიც თითოეული კლიენტის ანგარიშზე ყოველდღიურად უნდა იქნეს ასახული ყველა შესრულებული გარიგება. ამასთან, კლიენტების ანგარიშებზე ასახული ოპერაციები საშუალებას უნდა იძლეოდეს კლიენტს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა განხორციელებული ტრანზაქციის დეტალების შესახებ;

დ) ყველა გარიგების დასტურის ასლების ფაილი.

3.    საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე საბროკერო კომპანიამ უნდა განახორციელოს ჩანაწერების და ანგარიშების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოს მათი სიზუსტე და სისრულე.

4. ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.

5. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები (მათ შორის, ინფორმაცია სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ) შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და საბროკერო კომპანიამ მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით.

6. საბროკერო კომპანიის დოკუმენტაცია, ჩანაწერები და ტრანზაქციების მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

7. თუ საბროკერო კომპანია წყვეტს საქმიანობას, იგი ვალდებულია:

ა) შეატყობინოს კლიენტებს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან (მმართველი ორგანოს სხდომის ოქმი) გონივრულ ვადაში, თუმცა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე;

ბ) დაუბრუნოს კლიენტებს მათი კუთვნილი აქტივები წინასწარ შეთანხმებულ ანგარიშებზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საბროკერო კომპანიას უბრუნდება კლიენტისათვის გაგზავნილი კორესპოდენცია, მას უფლება აქვს:

გ.ა) გადაიტანოს  კლიენტის კუთვნილი აქტივები კლიენტების ანგარიშებზე და ეროვნულ ბანკს გადასცეს ინფორმაცია ყველა ასეთი ფაქტის შესახებ ან:

გ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სხვა საბროკერო კომპანიასთან და ამის შესახებ შეატყობინოს კლიენტებს;

დ) კლიენტების წერილობითი თანხმობის/დავალების შემთხვევაში გადასცეს ეს აქტივები სხვა საბროკერო კომპანიას ნომინალურ მფლობელობაში, კლიენტის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

ე) საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ამ მუხლში მითითებული ყველა დოკუმენტაცია/ინფორმაცია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

8. თუ საბროკერო კომპანია წყვეტს საბროკერო საქმიანობას რეორგანიზაციის გამო,  რეორგანიზებული კომპანიის ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელიც აგრძელებს არსებობას.


მუხლი 12. ორგანიზაციული მოთხოვნები
1.    საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ადეკვატური და მისი ზომის პროპორციული ორგანიზაციული სტრუქტურა (თითოეული სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი ფუნქციებითა და მოვალეობებით), სისტემები, რესურსები და პროცედურები, რათა უზრუნველყოს გამართული ფუნქციონირება, საბროკერო საქმიანობის შეუფერხებელი მიწოდება და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.

2. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის, ინფორმაციის დამუშავების სისტემების, სხვა ტექნიკური საშუალებებისა და სავაჭრო პლატფორმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამართული და საიმედო ფუნქციონირება.

3. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს სათანადო ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურები და შიდა კონტროლის მექანიზმები, სადაც გათვალისწინებული იქნება მათ შორის, საბროკერო საქმიანობისას წარმოშობილი შეფერხებების, კლიენტების საჩივრებისა და სხვა სახის ინციდენტების აღრიცხვა.

4. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ინფორმაციული უსაფრთხოების და კონტროლის, მათ შორის, კლიენტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები.

5.  საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს კლიენტების აქტივების ადმინისტრირების  (განთავსება, განკარგვა, რეკონსილაცია, უსაფრთხოების დაცვა, კლიენტისთვის დაბრუნება) პოლიტიკა, პროცედურები და შესაბამისი ორგანიზაციული პროცესები, რათა უზრუნველყოს ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნების დაცვა და საბროკერო კომპანიის მხრიდან აქტივების არასწორი გამოყენების, მათი ცუდი ადმინისტრირების, არაადეკვატური/არაზუსტი ან არასრული ჩანაწერების წარმოების მეთოდების ან სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად კლიენტების კუთვნილი აქტივების დაკარგვის ან შემცირების რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

6.    საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც საშუალებას მისცემს მოახდინოს საბროკერო საქმიანობის გაწევისას წარმოშობილი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება და მართვა.

7. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს საოპერაციო და ფინანსური რისკების მართვის ადეკვატური პოლიტიკა და პროცედურები, რაც საშუალებას მისცემს მოახდინოს საბროკერო კომპანიის საქმიანობასთან, პროცესებსა და სისტემებთან დაკავშირებული რისკების დროული იდენტიფიცირება, მართვა და მონიტორინგი.

8.  საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს სისტემების მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა ფორსმაჟორულ შემთხვევებში პროცესების კონტროლისა და მართვის ღონისძიებებს, რომლებიც დაფარავს  ყველა შესაბამის სისტემასა და პლატფორმას.

9. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ეთიკის კოდექსი.

10.  საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს შეთავაზებული/გაწეული მომსახურების ფასწარმოქმნის პოლიტიკა.

11.  ამ მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკასა და პროცედურებში ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული  საბროკერო კომპანიის, კლიენტების, გარიგებებში ჩართული მესამე მხარეების უფლებები და ვალდებულებები.

12. საბროკერო კომპანია ვალდებულია გააჩნდეს ამ მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკისა და პროცედურების მონიტორინგის მექანიზმები და უზრუნველყოს მათი შესრულების კონტროლი საქმიანობის ყოველ ეტაპზე.

13. საბროკერო კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს სავაჭრო პლატფორმის პროვაიდერის პოტენციური ან არსებული კანდიდატურა.


მუხლი 13. საბროკერო კომპანიის  მოვალეობანი კლიენტებთან ურთიერთობისას
1. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის კლიენტს მიაწვდის, არ იქნება მცდარი ან შეცდომაში შემყვანი.

2. კლიენტთან კომუნიკაციისას საბროკერო კომპანიამ არ უნდა გამოტოვოს ან დააკნინოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

3. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მიწოდებული ინფორმაციის განახლება ისე, რომ სრულდებოდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები.

4. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ზუსტად და ობიექტურად ასახავდეს საბროკერო მომსახურებასთან და ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ რისკებს.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.