„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2610-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.018895
2610-IIს
27/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
130030000.05.001.018895
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის  სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.“.

2. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში:

ე.ა) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების საიდუმლო ნაწილში;

ე.ბ) ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნასა და მასზე რეაგირებასთან;

ე.გ) ინფორმაცია იმ ცალკეული მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და საშუალებების, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირებისთვის;

ე.დ) ინფორმაცია ეროვნული სიტუაციური ოთახის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური აღჭურვის შესახებ.“.

4. მე-9 მუხლის მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის.

5. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის.

6. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს.

7. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „შეზღუდული სარგებლობისათვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2610-IIს