სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.020651
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
336
13/06/2018
ვებგვერდი, 18/06/2018
340020000.10.003.020651
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2018 - 17/01/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №336

2018 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდება-რებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სარეალიზაციოდ გამიზნული სერტიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის შეფუთვისა და ეტიკეტირების პროცედურებს.

2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას რეალიზაციის მიზნით ან/და რეალიზაციას.

მუხლი 2. ძირითადი განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ეტიკეტი – თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;

ბ) თესლისა და სარგავი მასალის პარტია – წარმომავლობისა და ხარისხის მიხედვით ერთგვაროვანი თესლისა და სარგავი მასალის, აგრეთვე ერთი კულტურის ჯიშის, რეპროდუქციის, ჯიშობრივი სიწმინდის, კატეგორიისა და ერთი და იმავე წლის მასალის განსაზღვრული რაოდენობა, დანომრილი და დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტებით;

გ) თესლის ნარევი – თესლი, რომელიც შექმნილია ორი ან მეტი სახეობის ან/და ჯიშის სერტიფიცირებული თესლის  პარტიიდან;

დ) ტარა – ნებისმიერი სახის მოცულობა (ჭურჭელი, პარკი, ყუთი და  ა. შ.), რომელშიც თავსდება/მოთავსებულია გარკვეული რაოდენობის თესლი ან სარგავი მასალა და რომლის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელია შიგთავსის გამოღება და/ან გადმოყრა.  

მუხლი  3.  ეტიკეტირების მიზანი

თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების მიზანია მომხმარებლისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება თესლისა და სარგავი მასალის შესახებ.

მუხლი 4. ვალდებულება ეტიკეტირების წესის შესრულებაზე

1. თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებელი/რეალიზატორი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან.

2. თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებელი/რეალიზატორი პასუხისმგებელია თესლის/სარგავი მასალის პარტიის ჯიშობრივი, ხარისხობრივი და სანიტარიული მაჩვენებლების შესაბამისობაზე, ეტიკეტსა და  სერტიფიკატში მინიშნებულ მონაცემებთან.

მუხლი 5. მოთხოვნები თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტისადმი

1. რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის პარტიები ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეესაბამებოდეს თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს.

2. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია თესლისა და სარგავი მასალის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება დატანილ იქნეს გრაფიკული ფორმითაც.

3. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტი უნდა იყოს სინთეტური, სპეციალიზებული ელასტიური მასალის, მდგრადი გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, რომლის ზედაპირზე დაკრობის შემდეგ მისი გადაწებება ან/და დაუზიანებლად აძრობა შეუძლებელი იქნება. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტი უნდა უძლებდეს მზის, ნესტისა და ტემპერატურულ (-10°C + 60°C) ზემოქმედებას.

4. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული თესლისა და სარგავი მასალის ტარაზე უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა. ტარას უნდა ახლდეს ინსტრუქცია  იმ პრეპარატის დახასიათებითა და მასთან მოპყრობის წესე­ბის მითითებით, რომლითაც დამუშავებულია თესლი და სარგავი  მასალა.

5. ეტიკეტზე ინფორმაცია დატანილი  უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 6. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება

1. თესლისა და სარგავი მასალის ყოველი პარტია, რომელიც განკუთვნილია რეალიზაციისათვის, უნდა იყოს დაფასოებული ტარაში, რომელიც იქნება დალუქული. ტარას უნდა ჰქონდეს მიმაგრებული ეტიკეტი, რომელზეც დატანილი იქნება შესაბამისი ინფორმაცია სათესლე/სარგავი მასალის შესახებ. ასევე შესაძლებელია სარგავი მასალის (მრავალწლოვანი კულტურების) ცალობით რეალიზაცია, ამ წესის მოთხოვნების დაცვით.

2. საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციისას მწარმოებელი/რეალიზატორი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს თესლისა და სარგავი მასალის შესახებ აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია, კერძოდ:

ა) მწარმოებლის/რეალიზატორის დასახელება და მისამართი;

ბ) კულტურის/კულტურათა ნარევების ქართული და ლათინური დასახელება;

გ) ჯიშის/ჰიბრიდის/მშობელი ფორმების/თესლის ნარევის სახელწოდება ან სინონიმი;

დ) პარტიის ნომერი;

ე) სერტიფიკატის ნომერი;

ვ) თესლის/ნერგის კატეგორია;

ზ) გასამრავლებელი მასალის სახე (თესლი, კალამი, კვირტი, ნერგი და ა. შ.);

თ) საძირის სახელწოდება და მყნობის წელი (ნერგის შემთხვევაში);

ი) თესლის აღმოცენების უნარი (%-ში);

კ) თესლის ანალიზური სიწმინდე (%-ში);

ლ) თესლის 1000 მარცვლის მასა (გრ-ში);

მ) წონა ან/და მოცულობა ან/და რაოდენობა;

ნ) თესლის პროცენტული შემადგენლობა (თესლის ნარევების შემთხვევაში);

ო) მოსავლის წელი;

პ) მწარმოებელი ქვეყანა;

ჟ) წარმოების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები (საჭიროების შემთხვევაში);

რ) ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატის სახელწოდება (მასალის დამუშავების შემთხვევაში);

ს) სერტიფიცირების ორგანოს სახელწოდება.

3. სხვადასხვა კატეგორიის სათესლე და სარგავი მასალის ეტიკეტის ფერი უნდა იყოს:

ა) წინასაბაზისო თესლის/სარგავი მასალის – თეთრი, დიაგონალზე იისფერი ზოლით;

ბ) საბაზისო თესლის/სარგავი მასალის – თეთრი;

გ) სერტიფიცირებული თესლის I თაობა – ლურჯი;

დ) სერტიფიცირებული თესლის II თაობა – წითელი;

ე) სერტიფიცირებული კატეგორიის  სარგავი  მასალის – ლურჯი;

ვ) თესლის ნარევების – ლურჯი, დიაგონალზე თეთრი ზოლით;

ზ) სტანდარტული კატეგორიის სარგავი მასალის – ყვითელი.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა სერტიფიცირებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ან/და მათი ეტიკეტის გარეშე რეალიზაციისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.