„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19-64
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016511
19-64
25/05/2018
ვებგვერდი, 28/05/2018
040030000.35.101.016511
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-64

2018 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნებისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016052) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდება (დებულება) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 31 მაისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდება (დებულება)


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე წესდებით (დებულებით).

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებათან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. №89/24.


მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:

ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

ა) კანონიერება;

ბ) გამჭვირვალობა;

გ) პროფესიონალიზმი;

დ) ეფექტურობა;

ე) ადამიანის უსაფრთხოება;

ვ) ჰუმანურობა;

ზ) ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.


მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

ა) მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);

ბ) ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა;

გ) ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;

დ) ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან „საჭდით“ (ბირკით) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;

ე) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის ან/და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (საჭიროების შემთხვევებში – დეჰელმინთიზაცია; ვაქცინაცია (მათ შორის  „ანტირაბიული“, ცალკეულ შემთხვევებში – „კომპლექსური“,) და სხვა), ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება, ცხოველების ევთანაზია;

ვ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში;

ზ) ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;

თ) სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების გატარების შემდგომ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველების (რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს) პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ან საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნება  ბუნებრივ  არეალში;

ი) საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის და დერატიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და/ან ორგანიზება-მონიტორინგი;

კ) დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის;

ლ) საგანგებო სიტუაციების  აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

მ) ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) ცხოველთა მოვლა-პატრონობის და ბრუნვის (გაჩუქება, გასხვისება, იმპორტ-ექსპორტი) დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა;

პ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

რ) მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;

ს) სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

ტ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება.

2. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილებას;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას;

ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას;

ზ) ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობას;

თ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობას;

ი) ხმელეთზე, მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას ცხოველების სიცოცხლის დაცვის მიზნით;

კ) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას.

3. სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლება აქვს:

ა) წარადგინოს წინადადებები და რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში, კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხთა  ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების  უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს ცხოველთა და ქვეწარმავალთა ჰუმანური დაჭერის, ფიქსაციის, ტრანსპორტირებისა და დროებითი განთავსების მიზნით აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, სათანადო ხელსაწყოები, სპეციალური აღჭურვილობა და ეკიპირება (ცხოველის დამჭერი (დასაფიქსირებელი) ლასო, სპეციალური ხელთათმანები,  დამჭერის სპეციალური აღჭურვილობა, კატის დამჭერი სპეციალური მაშა, ბადე, სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა, სხვადასხვა მედიკამენტი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სხვა საშუალებები;

გ) გამოძახებებზე და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისა და შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადების მიზნით, გამოიყენოს სათანადოდ შეფერილი და ციმციმა-ხმოვანი მოწყობილობებით აღჭურვილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები;

დ) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები (რეკომენდაციები, მითითებები) სანიტარიული წესების და ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები;

ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შედგენისას  შეიმუშაოს სააგენტოსა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხა და წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცალკეულ დაინტერესებულ პირებთან;

ი) საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

კ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.


მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

2.    სააგენტოს დირექტორი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

თ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

კ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ლ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

ნ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;

ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

პ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

რ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტისათვის  შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად და ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს მას ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ტ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

უ) სააგენტოს სახელით ცალკეული მოქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს მინდობილობას (რწმუნებულება);

ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება დაევალოს მის ერთ-ერთი მოადგილეს.


მუხლი 5. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე.

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე;

ბ) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ და სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ  განსაზღვრულ საკურატორო სფეროს;

გ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს და სააგენტოს დირექტორის მითითებებს;

დ) სააგენტოს დირექტორის მიერ, შესაბამისი ბრაძანების საფუძველზე, მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადილე.


მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – დეპარტამენტების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

3. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისაგან:

ა) ცხოველთა თავშესაფრის განყოფილება;

ბ) ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება.


მუხლი 7. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების  დეპარტამენტი
ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების  დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერას, იზოლაციას და ტრანსპორტირებას შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფრებში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველების მიმართ ახორციელებს სათანადო ვეტერინარულ ღონისძიებებს;

გ) ახორციელებს მოსახლეობის დაცვას აგრესიული ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან,  უზრუნველყოფს ჰუმანური წესით მათ დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ და გადაუდებელ შემთხვევებზე ახდენს სათანადო ოპერატიულ რეაგირებას;

ე) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს ინფორმაციას  სააგენტოს სტრუქტურული ერთეულიდან და განყოფილებებიდან, მისი შემდგომი დამუშავების, ანალიზისა და ვითარების პროგნოზირების მიზნით;

ვ) სააგენტოს ხელმძღვანელობის მითითებით, ახორციელებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების და საქმიანობის პერიოდულ, გეგმურ და სპეციალურ მონიტორინგს;

ზ) დეპარტამენტის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადების მიზნით, ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზებას და სააგენტოს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა სატელეფონო ზარების მიღებას და მათზე სათანადო რეაგირებას;

ი) ახდენს სააგენტოში შემოსული სატელეფონო შეტყობინებების და მიმართვების სათანადო წესით გაფორმებას, აღრიცხვას, სტატისტიკის წარმოებას;

კ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირების მიზნით სათანადო ღონისძიებებზე მყოფი პირადი შემადგენლობის და სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მუდმივ მიღება-დამუშავებას, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნისთანავე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირთათვის აღნიშნულ მონაცემთა მიწოდებას;

ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, დავალებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაცემული დავალებების კონტროლს.


მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს სააგენტოს შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსს;

ბ) სააგენტოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას და დაცვას;

დ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;

ე) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;

ვ) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებას და ამორტიზებული ან გამოუყენებლი ქონების ჩამოწერას საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) ახორციელებს სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო მომსახურებას;

თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურით, მათ შორის: სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; ტენდერის, კონკურსის და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებით ორგანიზებას და განხორციელებას;

ი) უზრუნველყოფს სასაწყობე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ლოჯისტიკას;

კ) უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას;

ლ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში, ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებების პროექტებს;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ცნობებს;

ნ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;

ო) უზრუნველყოფს სააგენტოში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას;

პ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას და მოქალაქეთა განცხადებებს;

რ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ს) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლებზე სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის გაცნობას და აკონტროლებს მის შესრულებას;

ტ) სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს სააგენტოს წარმომადგენლობას სასამართლოში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე, მესამე პირებთან ურთიერთობაში.

უ) უზრუნველყოფს სააგენტოს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების,  სააგენტოს საქმიანობის  მარეგულირებელი  აქტებისა  და დოკუმენტაციის, სააგენტოსთან დაკავშირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის  და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს  სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციას, იღებს მათ მომზადებაში მონაწილეობას და უზრუნველყოფს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოში მომზადებული ან მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას საჭიროების შემთხვევაში;

ქ) სააგენტოს საქმიანობის, მათ შორის, ფასიანი მომსახურების სერვისების განვითარების და გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ანალიზს, შეისწავლის შესაბამის სფეროში დედაქალაქში არსებულ მგდომარეობას და უცხო ქვეყნების პრაქტიკულ გამოცდილებას და  წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელს დასკვნებს და წინადადებას კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად;

ღ)  სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის ანალიზს – შესწავლას,   რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას და სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენას;

ყ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივი და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას, მათ შორის:

ყ.ა)  საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვას/ორგანიზებას;

ყ.ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას;

ყ.გ) საერთაშორისო კონფერენციების/შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზებას;

შ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით მხარდაჭერას;

ჩ) ახდენს საინფორმაციო ბანკის ფორმირებას, პერიოდულ შევსებას და ექსპლუატაციას; ამ მიზნით ახორციელებს სააგენტოში მიღებული, დამუშავებული და გაცემული ინფორმაციის შენახვას;

ც) ურთიერთობს მედიასთან, დაინტერესებულ კერძო პირებთან, ორგანიზაციებსა და საზოგადოებასთან, უზრუნველყოფს მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემას;

ძ) უზრუნველყოფს პრესრელიზის შედგენას და მედიაგაშუქების ორგანიზებას;

წ) უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, დავალებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლს.


მუხლი 9. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებები
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.


მუხლი 10. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე
 სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის (ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების  დეპარტამენტი) უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ საკითხებს, ასრულებს სააგენტოს დირექტორის და სტრუქტურული ერთეულის უფროსის დავალებებს;

ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს და სააგენტოს დირექტორის, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მითითებებს;

 გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებას.


მუხლი 11. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.


მუხლი 12. სააგენტოს ფინანსები
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.


მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით სააგენტომ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.


მუხლი 14. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 17. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.