წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.122.016481
36
25/05/2018
ვებგვერდი, 30/05/2018
010250000.35.122.016481
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2018 წლის 25 მაისი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №28 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge.); 01/04/2015სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.122.016293).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი



დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების(ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 2. წესის მიზანი
წესის მიღების მიზანია წყალტუბის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.

მუხლი 3. წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. კომპანიონი ცხოველი – ცხოველი, რომლის სახეობასაც არ იყენებენ სამეურნეო ფერმერული დანიშნულებით, ასევე ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელზედაც მისი მეპატრონე ახორციელებს მოვლა-პატრონობას, არ იყენებს სამეურნეო ფერმერული დანიშნულებით და მისი ყოლა ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით;

2. ფერმერული ცხოველი – ცხოველი, რომელსაც იყენებენ ფერმერული დანიშნულებით, მისგან იწარმოება პროდუქცია და ამავდროულად ისტორიულად არ წარმოადგენს ადამიანის კომპანიონ ცხოველს;

3. პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე(ფიზიკური ან იურიდიული პირი), იმყოფება მეპატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ ან/და რეგისტრირებულია როგორც საკუთრება;

4. ცხოველის მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში სტანდარტების შესაბამისი წესებით წვრთნას, რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას;

5. უპატრონო ცხოველი  – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისათვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ უდგინდება მეპატრონე;

6. მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ზედამხედველობა მიმკედლებლის მიერ;

7. უმეთვალყურეო/უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის მოცემულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი ან ზედამხედველობა და რომელსაც არ გააჩნია მიმკედლებელი;

8. ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე  თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე, რომელსაც უფლებმოსილ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მიკედლებულ  ცხოველთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ცხოველთა თავშესაფარში ან საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სურვილით, სხვა ვეტერინარულ დაწესებულებაში ცხოველის ვეტერინარული მომსახურების გახორციელებაზე;

9. ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, დადგენილი რაციონით კვება-დაწყურვება, გამოყოფილი განათებული ფართის დათბუნება, ძაღლის შემთხვევაში რეგულარული გასეირნება;

10. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები – ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით,  ცხოველის მეპატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის ცხოველის მოვლა-პატრონობას,  ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისაგან პატრონის ხანგრძლივი პერიოდით მოცილება, პირის მიერ ცხოველის მეპატრონის სამკვიდროზე უარის თქმა;

11. ცხოველის მეპატრონის დადგენის ან ახალი მეპატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები – იდენტიფიკატორის არსებობის შემთხვევაში: ცხოველის იდენტიფიცირება, ოპტიმალურ ვადებში ცხოველის ფოტოსურათ(ებ)ის და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი,  ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მოთხოვნები მეპატრონის მიმართ ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) განთავსების უზრუნველყოფა უფლებამოსილ ორგანოში, სოციალურ ქსელ(ებ)ში,  სხვადასხვა შესაბამის ვებგვერდებსა და მედიასაშუალებებში;

12. ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაცია – კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა;

13. ვეტერინარული დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ საქმიანობას;

14. კინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას;

15. ფელინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას;

16. ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – ცხოველისათვის უმტკივნეულო მეთოდით სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

17. ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური, ცხოველთა დაცვის ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ პატრონიანი ან მიკედლებული ცხოველის რეგისტრაცია და მარკირება საგანგებო ნიშნით: სპეციალური საჭდის, მიკროჩიპის, სვირინგის ან საყელურის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია იდენტიფიკატორი ნომერი და შესაბამისი ნომერი აისახება შესაბამის ბაზაში  წინამდებარე წესის შესაბამისად, ბაზაში შეიყვანება მონაცემები მეპატრონის შესახებ, ასევე ფრინველის დარგოლვა;

18. საბელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისაგან ცხოველის  დაცილების შესაძლებლობას;

19. ალიკაპი – ცხოველის პირზე ასაკრავი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა ცხოველებისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება;

20. ცხოველების დაცვა – ცხოველთა კეთილდეობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;

21. ცხოველებზე ზრუნვა – პირის მიერ ქმედებათა გახორციელება, რომლებიც მიმართულნი არიან ცხოველის კეთილდღეობის და დაცულობის უზრუნველყოფისაკენ;

22. ცხოველის შემფარებელი – პირი, რომელიც საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ფლობს უძრავ ქონებას სადაც შეუძლია შეიფაროს ცხოველები მეპატრონის გამოჩენამდე, გასხვისებამდე/გაჩუქებამდე, ახალი შემფარებლისათვის გადაცემამდე ან სამუდამოდ;

23. ცხოველთა მოშენება – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით კომერციული მიზნით ცხოველის გამრავლება;

24. ფუნქციური დანიშნულების ძაღლი – სპეციალური დანიშნულების მქონე ძაღლი რომელიც გამოიყენება დაცვის, მოძიების, სამწყემსო დანიშნულებისათვის, უსინათლოსათვის გაძღოლის მიზნით, სანიტარიული ან დანაშაულებრივი ფაქტების აღმოსაფხვრელად;

25. ცხოველთა თავშესაფარი – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას, ცხოველებისათვის ახალ მეპატრონეთა მოძიებას და მათთვის გადაცემას;

26. ცხოველთა მინი/საოჯახო თავშესაფარი – დაწესებულება ან საცხოვრებელი სადაც გამოჯანმრთელებამდე ან სამუდამოდ არიან განთავსებული მიუსაფარი ჯანმრთელი ან ტრამვირებული ცხოველები და უზრუნველყოფილია მათი ვეტერინარული მომსახურება;

27. უმეთვალყურეო ცხოველების იზოლირება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ უმეთვალყურეო ცხოველების ჰუმანური მეთოდებით აყვანა მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტის მიხედვით, ყოველი ცხოველისათვის შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოდა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით შესაბამისი პირობების უზრნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა შესაბამისი რაციონითა და კალორიულობით, დაწყურება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით;

28. კასტრაცია – ხვადი ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა;

29. სტერილიზაცია – ძუ ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა.


მუხლი 4. ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა
1. ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს მათთვის ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ორგანიზმის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვეტერინარული სტანდარტების შესაბამისად.

2. ამ წესის მიზნებისათვის ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი საჭიროებები მოიცავენ:

ა)  სათანადო კვებასა და დაწყურვებას;

ბ) ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა - მოწყობას, დათბუნებასა და განათებას საჭიროების შემთხვევაში;

გ) კომპანიონი ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას;

დ) დროულ და სათანადო სამედიცინო - ვეტერინარულ მომსახურებას;

ე) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების შექმნას;

ვ) ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალიზაციას.

3. დაუშვებელია დამახასიათებელი ჩვეული და ინსტინქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებს.


მუხლი 5. ცხოველთა მეპატრონის უფლებები და მოვალეობები
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიური ან/და პრაქტიკული მიზნებისათვის.

2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს, მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტში რეგისტრაცია, მოახდინოს ცხოველების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში და ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ან სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციას და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.

4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:

ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;

ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციულ- სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.

5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:

ა) სათანადო კვება და დაწყურვება;

ბ) ფიზიკური აქტიურობა;

გ) საძილე ადგილის გამოყოფა, გათბობა და განათება;

დ) ცხოველის (ძუ) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ცხოველებისათვის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა;

ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით;

ვ) პასუხისმგებელია მის   ჯანმრთელობასა   და   კეთილდღეობაზე,   უნდა   განახორციელოს   ყველა   გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა;

ზ) მიწის   ნაკვეთის   მესაკუთრეს   შეუძლია   თავისუფლად   გაუშვას   გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას.

6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:

ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;

ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ დაწესებულებაში, კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ ორგანიზაციაში, ცხოველთა დაცვის უფლებამოსილ ორგანიზაციაში ან სხვა უფლებამოსილ დაწესებულებაში 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის მაიდენტიფიცირებელი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;

გ) სავალდებულია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკუნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;

დ) მოდარაჯე ძაღლის დაბმა აკრძალულია 5 მეტრზე ნაკლები სიგრძის თასმით, აუცილებელია ამგვარი ძაღლის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა;

ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება;

ვ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;

ზ) ცხოველის სიკვდილის შესახებ, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს;

თ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ, აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი და განთავსებული მისაბმელი ძელი;

ი) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა,დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;

კ) ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში;

ლ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. აგვარი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი;

მ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით;

ნ) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდ(ებ)ის გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებს, თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას;

ო) დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და მოკლე   საბელის ხანგრძლივად გამოყენება.

პ)ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული ცხოველი, დამშავებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გადაყვანილი უნდა იქნეს უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, მას ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ცხოველის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო ვეტერინარული   მომსახურების დაფინანსება და უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება,   შემდგომი მზრუნველობის განხორციელების მიზნით.


მუხლი 6. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის მერია, უშუალოდ სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის),  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამოსოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.

2. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა  სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეც. სადგომზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვეტ. ექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება;

ბ) უზედამხედველო ცხოველების დაჭერა  თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ;

გ) დაჭერილ ცხოველთა ტრანსპორტირების განხორციელება თავშესაფრამდე  სპეციალური ავტომანქანით;

დ) ცხოველთა განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება  თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტით, რაც საჭიროა ცხოველთა სრული გამოჯანმრთელებისათვის;

ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტექიმთა ჯგუფის მიერ ცხოველთა კასტრაცია-სტერილიზაციის  ჩატარება;

ვ) ვეტერინარის დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე  ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება აყვანის ადგილას, სტერილიზირებული/კასტრირებული კატის შემთხვევაში გამოიყენება ყურის ზედა ნაწილის მცირედი კუპირება ხოლო სიკვდილისწინა სტადიაში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში დაავადებული ცხოველების ევთანაზია;

ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით;

თ) სამედიცინო-ვეტერინარული მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება;

ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის  (პატრონიანი, მიკედლებული.  უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

კ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომი პროცედურების განხორციელება;

მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი
1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მხრიდან.

3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.

4. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისთანავე, ის უნდა განთავსდეს კარანტინში,  გაისინჯოს ვეტერინარის  მიერ, დაკვირვებიდან სამი დღის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია და ექვსი დღის გასვლისას – ვაქცინაცია.

5. დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარებში უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების მოთავსების შემდეგ ხდება მათი იდენტიფიკაცია. დგინდება ცხოველის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და მათ ცხოველი უბრუნდებათ შენახვის ხარჯების ანაზღაურებით.

6. თუ ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, იდენტიფიკაციის, ვაქცინაციის და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ დადგენილი ვერ იქნება უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველის პატრონი, ან ცხოველის პატრონი შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს ცხოველის მიღებაზე, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს გაჩუქებას ან უნდა მოხდეს მისი დაბრუნება პირვანდელი ბინადრობის არეალში. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის თავშესაფარში ყოფნის (დაკვირვების, სტერილიზაცია/კასტრაციის, პოსტოპერაციულ) პერიოდში უნდა ანხორციელებდეს აუცილებელ, გადაუდებელ ვეტერინარულ-სამკურნალო ღონისძიებებს, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს.

7. თუ თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველს საკარანტინე პერიოდის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი მკურნალობა.

8. ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს   ფოტო/ვიდეოგადაღება, მიიღოს ინფორმაცია   განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით - ხოლო ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია აღნიშნულზე შეუზღუდავი ვადითა და პერიოდით.

9. დაუშვებელია თავშესაფარში ცხოველების გამრავლება და გაყიდვა.

10. ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა გააჩნდეს ცხოველების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის კვლევას,   ან   ლაბორატორიული   კვლევის   უზრუნველყოფის   ქმედითი   შესაძლებლობა   ან უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ვეტერინარული დაწესებულებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცედურებს, ვეტერინარული სივრცე რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია ითანამშრომლოს ვეტერინარულ დაწესებულებასთან, საკარანტინე სივრცე, განთავსების ვოლიერები, გასასეირნებელი სივრცე, აღნიშნულ სივრცეებში ადამიანები უნდა გადაადგილდებოდნენ სპეციალური სამედიცინო ხალათებითა და ბახილებით, საჭიროების შემთხვევაში ქუდებითა და ნიღბებით.

11. ცხოველთა განთავსების სტანდარტები:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა,ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობებით - სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება;

ბ)ძაღლის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 9 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს, თითო ვოლიერში შესაძლებელია 3 ძაღლის განთავსება, რომლებიც არ არიან ერთმანეთის მიმართ აგრესიულები კვების დროს, კვების პროცესის დაკვირვება განეკუთვნება კინოლოგის კომპეტენციას;

გ)კატების განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მისი დაბრუნება აყვანის ადგილას ან გაჩუქებამდე გადაყვანა ვოლიერიდან კატებისათვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში;

დ) ცხოველის ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა, ასევე მზიან ამინდში ნებისმიერ დროს ვოლიერს უნდა გააჩნდეს საჩრდილობელი. ხოლო წვიმის, თოვლის ან სეტყვის შემთხვევაში ვოლიერში არ უნდა აღწევდეს ბუნებრივი ნარჩენი;

ე) ცხოველთა თავშესაფარში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საოჯახო/მინი თავშესაფრები უნდა ხელმძღვანელობდეს ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციებით, როგორც ცხოველთა თავშესაფარი ასევე საოჯახო/მინი თავშესაფარი ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გადამოწმებისა და თავშესაფრის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ექვემდებარება შემოწმებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით  უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის - დაუყოვნებლივ.

ვ) ცხოველთა  თავშესაფარი  ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფარში მყოფ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი   სტატისტიკური მონაცემების წარდგენა მისთვის სასურველი ფორმით;

ზ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს უკლებლივ ყველა ცხოველის სტერილიზაცია, თუკი ამ ცხოველს არ გამოუჩნდა პირვანდელი მეპატრონე დადგენილ ვადაში.


მუხლი 8. უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
1. უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;

2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტი(სერტიფიკატი, ცნობა და ა.შ.).

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები გასხვისებას დაქვემდებარებული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით. 


მუხლი 9. ცხოველების მოკვდინება(ევთანაზია)
1. ცხოველის ევთანაზია (ჰუმანური მეთოდებით) ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ცხოველს ვეტერინარის, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის სავალდებულო, კინოლოგის/ფელინოლოგის სავალდებულო და სხვა ორგანიზაციის წარმომამდგენლის ნებაყოფილობითი მონაწილეობით შემდგარი კომისიის წევრები ერთხმად დაუდგენენ:

ა) არაკორექტირებად აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან/და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში;

ბ) სიცოცხლესთან შეუთავსებელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილის წინა სტადიაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამდგენ კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის წესდების თანახმად საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.

3.  ცხოველის ევთანაზია ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.

4.  დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა,;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნით;

ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

5.ევთანაზიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება).


მუხლი 10. ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისაგან
1. დაუშვებელია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.

2. ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება:

ა) ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდ(ებ)ის გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს, და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას, ასევე ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;

ბ) ცხოველთა გაგდება და მიტოვება;

გ) ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;

დ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისათვის ვეტერინარული   დახმარების აღმოუჩენლობა;

ე) ცხოველებზე   ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია;

ვ) მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან/და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ჩარევით ჩამოერთმევა ცხოველი მეპატრონეს და გადაეცემა თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნებით მიზნით;

ზ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის   გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა,    სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე,   ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;

თ) ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურეობრივი წვრთნის შემთხვევებისა;

ი) ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათ სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;

კ) ცხოველის გამოყენება რეკლამაში, კინოგადაღებაში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება,  ტანჯვა  და  თუ  ასეთი  ღონისძიებების  დროს  ცხოველს  აიძულებენ გასცდნენ  ბუნებრივი  შესაძლებლობების  ზღვარს,  ან  სადაც  ცხოველი  შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;

ლ) ზოოფილური აქტები ცხოველებთან;

მ) ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი - სამეცნიერო ქირურგიული ექსპერიმენტები დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცხოველის ლეშზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ლაბორატორიული ცდების, კვლევების ჩატარება დასაშვებია ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების გარეშე;

ნ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევენ ცხოველის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვას.


მუხლი 11. ცხოველების მოშენება
1. ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარ განსაზღვრული.

2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას ცხოველთა გამრავლების მიზნით, პასუხისმგებელია ცხოველისა და მისი კეთილდღეობის მახასიათებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

3.აკრძალულია ცხოველების გამრავლება შემდეგი დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი-გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი. ასევე პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება.

4.აკრძალულია სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება დასაშვებია მხოლოდ სელექციურ წესებს დაქვემდებარებული ჯიშების შემთხვევაში.

5.ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა მოქმედებდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 12. ცხოველების გამოყენება ღონისძიებებში
1. ცხოველების გამოყენება ღონისძიებებში  დაიშვება.  ღონისძიების ორგანიზატორის მიერ  წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად, ამასთან ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.

2. დაუშვებელია ცხოველის გამოყენება გართობის მიზნით.


მუხლი 13. ცხოველებზე არათერაპიული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
1.ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გარდა ვეტერინარის მიერ დაფიქსირებული ფიზიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე (მაგ., შარპეის ჯიშის ძაღლისათვის ხილვადობის მიზნით).

2.აკრძალულია ცხოველისათვის: 

ა)კუდის კუპირება;

ბ)ყურის კუპირება;

გ)დევოკალიზება (დადუმება), სმენის დაქვეითება; 

დ) ბრჭყალების, ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების,კბილების, ეშვების,კლანჭების მოკვეთა ან ხელსაწყოებით მოცვეთა.

3.ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ.


მუხლი 14. ცხოველის მიმკედლებელი
1. ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს  უფლებამოსილი  ორგანოს  ინფორმირება  ცხოველის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ;

ბ) სამიდან ხუთ დღემდე ვადით ცხოველის გაუჩინარების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება არაუგვიანეს მეხუთე დღისა;

გ) უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან სხვა უფლებამაოსილი ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში   გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე   საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა;

ე) შესაძლებელია  ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი.

2.ცხოველის  მიმკედლებელი  უფლებამოსილია  უფლებამოსილი  ორგანოს მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობით.


მუხლი 15. ცხოველთა  იდენტიფიკაციისა  და  რეგისტრაციის  სავალდებულო მოთხოვნები
1. შინაური ბინადარი ცხოველები  ექვემდებარებიან  სავალდებულო პირველად   რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, გარდაცვალებისას კი – რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშნულ პროცედურებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ადგილზე მისვლით უსასყიდლოდ, ასევე სხვა სპეციალიზირებული ორგანიზაცია უფლებამოსილია აღნიშნულს ახორციელებდეს უფლებამოსილ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.

2. ცხოველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის მომსახურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ.

3. შინაური ბინადარი ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ცხოველთა აღრიცხავასა და იდენტიფიციკაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

4. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს  ცხოველის  იდენტიფიკაცია  სვირინგით,  მიკროჩიპირებით,      სპეციალური  საჭდით  ან საყელურით, ხოლო ფრინველის შემთხვევაში კი დარგოლვით.

5. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველის შთამომავლობის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ასეთი ფაქტების დადგომიდან 10 დღის ვადაში.


მუხლი 16. ცხოველთა ერთიანი რეესტრი
1. შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდება ცხოველთა ერთიან რეესტრში ცხოველის პატრონის/მიმკედლებლის განცხადების  საფუძველზე  და  დასტურდება  ცხოველის  სარეგისტრაციო მოწმობით, რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

2. ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიანი რეესტრის შექმნის მიზანია:

ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეულ მათგანზე ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, მათი მფლობელებისა და მათზე მზრუნველი პირების დადგენა/რეგისტრაცია;

ბ) ცხოველების დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა;

გ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

დ) დაკარგული/ნაპოვნი ცხოველების მოძებნა, მათი იდენტიფიცირება და პატრონისთვის დაბრუნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

ე) უსახლკარო ცხოველების დაბინავება ახალი მეპატრონეების მოძიებით.

3. პირველადი სავალდებულო რეგისტრაციის წინ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ ყოველწლიური სავალდებულო იმუნიზაცია.

4. ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა 2(ორი) თვის ასაკიდან.  ცხოველის  პატრონის შეცვლის  შემთხვევაში  ხელახალი  რეგისტრაცია  შინაურ ბინადარ  ცხოველთა ერთიან რეესტრში უნდა მოხდეს ათი დღის ვადაში.

5. მიკროჩიპი წარმოადგენს სპეციალური ინფორმაციის მატარებელ იმპლანტანტს, რომელიც შეიცავს უნიკალურ კოდს, რომელზედაც განთავსებულია იდენტიფიკატორი, ხოლო იდენტიფიკატორის ნომერი ერთიან ბაზაში შეიცავს ინფორმაციას ცხოველისა და მისი პატრონის შესახებ. მიკროჩიპის ხარისხი და მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს.

6.ცხოველის გარდაცვალების ან მოკვდინების (ევთანაზიის) შემთხვევაში მფლობელმა აღნიშნულის შესახებ, ერთი დღის ვადაში უნდა აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ცხოველის რეგისტრაციის მოხსნის მიზნით უნდა წარუდგინოს ვეტერინარის მიერ შედგენილი ცხოველის ევთანაზიის აქტი, რომელშიდაც გაწერილი იქნება ინფორმაცია ცხოველის ევთანაზიის საფუძველისა და აუცილებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილი ორგანო და მარეგისტრირებელი ორგანო არის სხვადასხვა - მარეგისტრირებელმა ორგანომ უფლებამოსილი ორგანოსადმი წარდგენილ ინფორმაციას ცხოველის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ თან უნდა დაურთოს ცხოველის ევთანაზიის ასლი.

7. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში,  ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის შესახებ.

8. ცხოველთა ერთიანი რეესტრის მონაცემებით სარგებლობა უფასოა, ხოლო სარგებლობის უფლება გააჩნია ცხოველა თავშესაფრებს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და ვეტერინარულ დაწესებულებებს.


მუხლი 17. მუნიციპალიტეტის კომპეტენცია ცხოველთა პოპულაციის მართვისა და მოვლა-პატრონობის სფეროში
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცხოველთა პოპულაციების მართვის სფეროში წარმოადგენს:

ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით,  საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და  საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული  სხვა უფლებამოსილება.


მუხლი 18. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფლებამოსილია:

ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;

ბ) განახორციელოს  შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;

გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.