პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ

პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020558
243
22/05/2018
ვებგვერდი, 24/05/2018
010320000.10.003.020558
პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2018 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა

 


თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის (შემდგომში − წესი) განსაზღვრის მიზანია, პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში − მოხელე) თანამდებობაზე დასაქმების მსურველ პირთა სერტიფიცირების (შემდგომში − სერტიფიცირება) ჩატარების უზრუნველყოფა და სერტიფიცირებისათვის აუცილებელი თემატიკის დადგენა, რომლის მიხედვითაც შემოწმდება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნა და ზოგადი უნარები საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი

სერტიფიცირების მიზანია მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნის დონისა და ზოგადი უნარების  შემოწმება, ამ წესით განსაზღვრული თემატიკის  საშუალებით.

მუხლი 3. სერტიფიცირების პრინციპები

სერტიფიცირება ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 4. სერტიფიცირების სუბიექტი

1. ამ წესის საფუძველზე, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი და აქვს საშუალო განათლება მაინც.

2. სერტიფიცირების გავლის ვალდებულება არ წარმოეშობა:

ა) მოქმედ მოხელეს;

ბ) ყოფილ მოხელეს;

გ) უმაღლესი განათლების მქონე პირს;

დ) პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. პირის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს პირის (აბიტურიენტის) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვას ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში, ხოლო არჩევითი საგნების არჩევის შემთხვევაში – აგრეთვე არჩევით საგნებში.

3. სერტიფიცირების  მიზნებისთვის ყოფილ მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელსაც გააჩნია სამსახურის სტაჟი, რომელიც დასტურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან/და სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ გაცემული ცნობით.

მუხლი 5. სერტიფიცირების თემატიკა

სერტიფიცირების თემატიკა არის ამ წესის დანართის შესაბამისად  განსაზღვრული კომპონენტების (დარგების) ერთობლიობა.

 

თავი II. სერტიფიცირების ჩატარების წესი და ვადები

მუხლი 6. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა

1. სერტიფიცირების ჩატარებას უზრუნველყოფს ბიურო.

2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად,  ბიუროს მიერ, სერტიფიცირების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

3. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ბიუროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და დროს, რომელიც სერტიფიცირების მსურველი კანდიდატისათვის ცნობილი ხდება სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაციის მომენტში.

4. სასერტიფიკატო გამოცდის თემატიკის სარეკომენდაციო  ლიტერატურა და სხვა მასალა ქვეყნდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე  − www.hr.gov.ge.

5. სერტიფიცირების ჩატარების მიზნით, ბიურო:

ა) უზრუნველყოფს სასერტიფიკატო გამოცდისათვის ტესტების შედგენასა და „ტესტურ დავალებათა ბანკის“ შექმნას;

ბ) მონიტორინგს უწევს სასერტიფიკატო გამოცდისათვის შედგენილი ტესტების ამ წესით დადგენილ თემატიკასთან შესაბამისობას;

გ) ადგენს სასერტიფიკატო გამოცდის დროს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის სასერტიფიკატო გამოცდის გავლის მსურველთათვის ხელმისაწვდომობას;

დ) უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვერდზე სასერტიფიკატო გამოცდისათვის სარეკომენდაციო  ლიტერატურის გამოქვეყნებას;  

ე) გასცემს ელექტრონულ სერტიფიკატს სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

ვ) უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამულ დოკუმენტირებას: სერტიფიცირებაში მონაწილე პირთა ვინაობის, სერტიფიცირების დროს კანდიდატისათვის დასმული კითხვების (ტესტური დავალებების), სერტიფიცირების შედეგების შესახებ, აწარმოებს სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს მის მიერ ადმინისტრირებული ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და პასუხისმგებელია რეესტრის მონაცემთა სისრულესა და უტყუარობაზე;

ზ) ახორციელებს სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ტექნიკური პროცესების უზრუნველყოფის, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტების შექმნის მიზნით, ბიურო უფლებამოსილია, ისარგებლოს შესაბამისი იურიდიული პირის, ასევე ექსპერტის მომსახურებით.

7. ბიურო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები მხოლოდ მომსახურების გაწევის უფლებამოსილებით ჩართოს სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე, საჭიროებისა და საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.

მუხლი 7. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის რეგისტრაცია

1. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.hr.gov.ge.

2. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციისას სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირი ავსებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვებგვერდზე განთავსებულ ელექტრონულ განაცხადს.

3. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსებისას უთითებს სახელს, გვარს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და ირჩევს სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მისთვის სასურველ თარიღსა და დროს.

4. ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და ბიუროს მიერ ელექტრონულად ეგზავნება შეტყობინება მისი სარეგისტრაციო ნომრის, სასერტიფიკატო გამოცდის ადგილის, თარიღისა და  დროის შესახებ.

 

თავი III. სასერტიფიკატო გამოცდა

მუხლი 8. სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების მეთოდი

1. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების ფორმით.

2. სასერტიფიკატო გამოცდის ტესტისათვის ტესტური დავალება შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის თითოეული კომპონენტიდან (დარგიდან) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, „ტესტური დავალებების ბანკიდან“, რომელსაც პერიოდულად ანახლებს ბიურო.

3. სასერტიფიკატო გამოცდის ტესტური დავალება შეიცავს ერთ პირობას  და ოთხ სავარაუდო პასუხს. სავარაუდო პასუხებიდან მხოლოდ ერთი პასუხი არის სწორი.

4. ტესტის შემოწმებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ მონიშნული პასუხი.

5. ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან (დარგიდან): სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები.

6. თითოეულ ტესტში ტესტურ დავალებათა არაუმეტეს 15 ტესტური დავალებისა არის სახელმწიფო ენიდან,  20 ტესტური დავალება − ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან.

მუხლი 9. სასერტიფიკატო გამოცდის პროცესი

1. სასერტიფიკატო გამოცდის დასაწყებად სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირი გადის ელექტრონულ ავტორიზაციას. ელექტრონული ავტორიზაციისას სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირს  სერტიფიცირების ელექტრონულ პროგრამაში შეჰყავს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის ნომერი.

2. ელექტრონული ავტორიზაციის შემდეგ სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე თითოეული პირისთვის, ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, შეირჩევა ტესტური დავალება, რომელზეც სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირი გასცემს პასუხს.

3. სასერტიფიკატო გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული პროცედურა, სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობა, ასევე სასერტიფიკატო გამოცდის პროცესთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ბიუროს მიერ შესაბამისი ინსტრუქციით და ხელმისაწვდომია სასერტიფიკატო გამოცდის დაწყებამდე ელექტრონულად.

მუხლი 10. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგები

1. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგები ფასდება ქულათა სისტემით, რა დროსაც ტესტური დავალების სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით, ხოლო არასწორი პასუხი − ნული ქულით.

2. სასერტიფიკატო გამოცდის საბოლოო შედეგი ჯამდება ელექტრონულად და ეცნობება სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირს ტესტის დასრულებისთანავე.

3.  სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირი შეკითხვების 50%-ს მაინც უპასუხებს სწორად.

4. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთანავე სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირს ელექტრონულად ეგზავნება სერტიფიკატი მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

5. იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკატო გამოცდა, ავტომატურად აისახება სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრში.

6. სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე იმ პირს, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარების უფლება არ აქვს ორი თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების გავლის მსურველი პირი ხელახლა გადის ელექტრონულ რეგისტრაციას ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.  

მუხლი 11. სერტიფიკატი

1. სერტიფიკატის ნიმუში მტკიცდება ბიუროს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სერტიფიკატს ხელს აწერს ბიუროს უფროსი.

2. სერტიფიკატი ძალაში შედის პირისათვის სერტიფიკატის მინიჭების მომენტიდან და მოქმედებს 5 წლის ვადით, თუკი სერტიფიკატის მფლობელი პირი ამ ვადაში არ დაინიშნება მოხელის თანამდებობაზე.

3. სერტიფიკატის მფლობელი პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში სერტიფიკატი მოქმედებს უვადოდ.

მუხლი 12. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრების წესი საპრეტენზიო კომისიაში

1. სასერტიფიკატო გამოცდის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში სასერტიფიკატო გამოცდის მონაწილე პირს უფლება აქვს,  გაასაჩივროს სასერტიფიკატო გამოცდის შედეგები საპრეტენზიო კომისიაში.

2. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის მიზნით, ბიურო ქმნის საპრეტენზიო კომისიას. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ტესტის შემქმნელი ექსპერტები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი არ განიხილება.

4. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას პრეტენზიის წარმდგენი პირის გამოუცხადებლობა არ არის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება.

5. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში იხილავს განაცხადს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუკი სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირის საბოლოო ქულა მიაღწევს ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, გაიცემა სერტიფიკატი.

მუხლი 13. უფლების დაცვა

სასერტიფიკატო გამოცდის მონაწილე პირს უფლება აქვს,  სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

დანართი

 

სერტიფიცირების თემატიკა

I. სერტიფიცირების თემატიკა სახელმწიფო ენაში

1. ქართული ენის მართლწერა.

2. პუნქტუაცია.

3. სტილი და ლექსიკა.

 

II. სერტიფიცირების თემატიკა სამოქალაქო განათლებაში

1. სახელმწიფოსა და სამართლის ძირითადი საკითხები.

2. საჯარო მმართველობა.

3. დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება.

4. საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

5. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

6. სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

III. სერტიფიცირების თემატიკა ზოგად უნარებში

1. ვერბალური ნაწილი: ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება.

2. მათემატიკური ნაწილი: რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობის შეფასება, შეფარდება და პროპორცია, რიცხვის ნაწილი და პროცენტი.