გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016504
58
14/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
010250050.35.148.016504
გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2018 წლის 14 მაისი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1

 

გორის   მუნიციპალიტეტის   ქალაქ გორის ტერიტორიაზე   მსხვილფეხა   ან / და   წვრილფეხა   პირუტყვის ყოფნის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედების სფეროს.

2. წესის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.


მუხლი 2. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

4. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი;

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 10 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 5 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე.

5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.

6. გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სამსახური და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ვიდეოფოტოს მეშვეობით.


მუხლი 3. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა და კვება;

ბ) აწარმოოს პირუტყვის აღრიცხვა მონაცემებთა ბაზის მეშვეობით;

გ) ამ წესითა და საკუთარი დებულებით/წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი (პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 4. პირუტყვის   დაბრუნების   წესი
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიშესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების უფლება (3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით  დადასტურებული და სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი).

3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესით განსაზღვრული პირის/ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე.


მუხლი 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ელექტრონული აუქციონის ფორმით).

 2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

3. ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.


მუხლი 6. წესის   მოქმედება
აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც სჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.