არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2271-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.018829
2271-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
080060000.05.001.018829
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში – აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი  პირი.“.

2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი და შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების  პერსონალი.“.

 3. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-7 ნაწილები:

„4. იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე ან არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, პროკურორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

5. პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვანი მოწმის, არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.

6. როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.

7. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:

ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;

ბ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის  სამართლებრივ პროცედურებს;

გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;

დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;

ე) არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან/და მეშვეობით აწვდის ინფორმაციას მისთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.“.

4. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 11 ნაწილი:

„11. დახურულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“;

ბ) 21 ნაწილი:

„21. არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.

5. 52-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი  დაზარალებულის სურვილის  შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი მოწმე გადახდისუუნაროა, მას უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2271-IIს