ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 07/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016247
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
30/04/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
010250050.35.151.016247
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/05/2018 - 29/06/2018)

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 30 აპრილი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის   „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის  27 ნოემბრის №28 დადგენილება. (სსმ, ვებგვერდი, 02/12/2014წ., 010250000.35.151.016166).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 07 მაისიდან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე



დანართი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შესაბამისად, განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერიის) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზებას.


მუხლი 1. მერიის სამართლებრივი სტატუსი
1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების  განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის  სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის  დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები,  რომლებიც განისაზღვრება  მერიის   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1.  მერია  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს   კონსტიტუციის,  ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერიის   თანამდებობის  პირები, სტრუქტურული  ერთეულები  და საჯარო მოსამსახურეები  მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 3. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 4. მერიის  ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და ადგილსამყოფელი
1. მერიას აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით – „საქართველო. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია“.

2. მერიის  ადგილსამყოფელია: დაბა სტეფანწმინდა, ალ.ყაზბეგის ქ.№1

თავი II

მერიის   თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები


მუხლი 5. მერიის  თანამდებობის პირები
1. მერიის   ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა)  მერი;

ბ)  მერის   პირველი მოადგილე;

გ)  მერის   მოადგილე;

დ) მერიის  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების შესაბამისად.


მუხლი 6. მერი 
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის  ასაკიდან,  რომელსაც  საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც.

3. მერი:

 ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას, საშტატო ნუსხასა და მერიის სტრუქტურული  ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის  თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ზ) საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის  დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების  შეფარდების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს, წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის  მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;  

ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შეიმუშავებს  და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად,  საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

 დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს),  გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ე.თ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.ი) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.კ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

 5. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

6. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  51-ე მუხლით.


მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
1.  მერის   პირველ  მოადგილეს  და  მოადგილეს  ამ  დებულებით  დადგენილი  წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის   პირველი  მოადგილე  ასრულებს  მერის   მოვალეობებს  მერის არყოფნისას,  მის მიერ უფლებამოსილების  განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას  და/ან გადაყენებისას.

3. მერის   პირველი  მოადგილე  და მოადგილე  ფუნქციათა  განაწილების  შესაბამისად  ხელმძღვანელობენ  მერიის უფლებამოსილებისთვის   მიკუთვნებულ  დარგს  (დარგებს),  ორგანიზებას  უწევენ  და აკონტროლებენ   მუნიციპალიტეტის   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტებისა  და  მერის  დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. მერის  პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის  წინაშე.

5. მერის პირველი მოადგილის და მოადგილის  თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის  საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.


მუხლი 8. მერიის   სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.     მერიის     სტრუქტურული     ერთეულის     ხელმძღვანელია     საჯარო     მოხელე,     რომელსაც თანამდებობაზე   ნიშნავს   და   თანამდებობიდან   ათავისუფლებს   მერი   „საჯარო   სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა)    წარმართავს    სტრუქტურული    ერთეულის    საქმიანობას    და    პასუხისმგებელია    ამ   ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ზომების  შეფარდების,  შვებულების,  სამსახურებრივი მივლინების,   პროფესიული   განვითარების   შესახებ   „საჯარო   სამსახურის   შესახებ“   საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ)  განსაზღვრავს  სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობის  ორგანიზებისა  და  დაგეგმვის  წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე)   მერს  წარუდგენს   სტრუქტურული   ერთეულის   მიერ  მომზადებულ   საკითხებს,   წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ)  მერს   პერიოდულად  წარუდგენს  ანგარიშს  სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  გაწეული  სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის   წინაშე.

3. მერის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ  ზედამხედველობას  ახორციელებს მერი.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა  და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი III. მერიის  სტრუქტურა


მუხლი 9. მერიის  სტრუქტურული აგებულება
1. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის   სტრუქტურული ერთეულები – მერიის  სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის  სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის  წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3.  მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა  მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.


მუხლი 10. მერიის    სამსახურები
1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული,  რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის   გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის   და  მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2.   სამსახური საქმიანობას წარმართავს  მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ   დებულებისა    და   სამსახურის  დებულების  საფუძველზე   და   მერის    მიერ   დამტკიცებული   სამუშაო   გეგმებისა   და   დავალებების  შესაბამისად.

3.   სამსახურის   საქმიანობას   უძღვება   სამსახურის   უფროსი.   სამსახურის   უფროსი   ანგარიშვალდებულია მერის    წინაშე.

4.  მერიის   სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) შიდა აუდიტის სამსახური;

გ)  შესყიდვების სამსახური.

დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ე) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის  და ქონების მართვის სამსახური;

ვ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური;

ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური;

თ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.  

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომელთა პროექტებს მერის  წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.


მუხლი 11. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი, საინფორმაციო, საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის  საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის  კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

3. შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით         

4.  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში/მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

5. ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის  და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების  განხორციელების  კოორდინაცია,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.

6. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის  დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;  მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  განვითარებისა  და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა  დაგეგმა და ინფრასტრუქტურული  პროექტების მომზადება-განხორციელებისა  და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება.

7. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების და მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის  დადგენილი წესების  დარღვევის  ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის სამუშაოების დაწყებიდან მის დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობის, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, მიწათსარგებლობისა და მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე კონტროლი.

8. განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

9.  სამხედრო   აღრიცხვისა   და  გაწვევის  სამსახურის   ძირითადი   ფუნქციებია:   სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

თავი IV. მერიის    საჯარო მოსამსახურეები


მუხლი 12. სამსახურის განყოფილების უფროსი
1.  სამსახურის   განყოფილების   უფროსს   ,,საჯარო   სამსახურის   შესახებ"   საქართველოს   კანონისა   და  ამ  დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ)   ანაწილებს   დავალებებს   განყოფილების   მოხელეებს   შორის,  უზრუნველყოფს   სამუშაო   გეგმებით   და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის  შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას;

 ი) უზრუნველყოფს  განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას.  დადგენილი   წესით   აფასებს   მოხელეების   საქმიანობას,   სამსახურის   უფროსს   წარუდგენს   წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ახორციელებს  მოქმედი  კანონმდებლობით,  ამ  დებულებით  და სამსახურის  დებულებით  განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.


მუხლი 13. მერის წარმომადგენელი
1.  მერის წარმომადგენელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3.  მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და  სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს   ადგილობრივი   თვითმმართველობის   სამართლებრივი   აქტების   მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ)  მერის  დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს   წარუდგენს  წინადადებებს   ადმინისტრაციული  ერთეულის ტერიტორიის  ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა  და ნუმერაციის შესახებ;

ზ) „სამოქალაქო  აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული  წესით ახორციელებს  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების  მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას;

თ)  მერის დავალებით  ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 14. მერიის  საჯარო მოსამსახურე
1. მერიაში   საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი,  რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში  დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

2. მერიის საჯარო მოხელეთა უფლებრივი გარანტიები, სამსახურებრივი მოვალეობები, მათი კარიერული განვითარების, წახალისებისა  და დისციპლინური ზომების შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით  „საჯარო  სამსახურის შესახებ“.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებთან  შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მერი.

5. მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგების სისტემის გათვალისწინებით  განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 

 6. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონის  „საჯარო სამსახურის შესახებ“  შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.


მუხლი 15. მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1.  მერიის   საშტატო   ნუსხით   გათვალისწინებული   ყოველი   დანიშვნითი   თანამდებობისათვის   დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.

2.   სამუშაოთა   აღწერილობით   განისაზღვრება   საშტატო   ნუსხით   გათვალისწინებული   მოხელის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუქნციები და უფლება-მოვალეობები.

3.   მოხელის   თანამდებობის   თითოეული  იერარქიული   რანგისათვის   აუცილებელი   სპეციალური მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის თანახმად.

4. მერის პირველი მოადგილის, მოადგილის და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღავნელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის  სხვა  მოხელეთა სამუშაოთა  აღწერილობებს ადგენს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.

5.  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება მერის  მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობების სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.

თავი V

მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი

კარიერის გავლა


მუხლი 16. მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და პროფესიული განვითარება
1. მერიის  მოხელის ვაკანსია გახსნილად  მიიჩნევა:

ა) მერიის  საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ)  მერიის  მოხელის  თანამდებობიდან  გათავისუფლების  შესახებ  ბრძანების  ძალაში  შესვლის მომდევნო დღიდან,  თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2.   ვაკანსიის  შევსებამდე  შტატით  გათვალისწინებული  თანამდებობრივი  მოვალეობის  შესრულება მერის  ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა) მერის  პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში მერის  ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის  მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, მერიის  ერთ-ერთ  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – სამსახურის უფროსს;

ბ)  სამსახურის  უფროსის  ვაკანსიიის შემთხვევაში –  სამსახურის  ერთ-ერთ  განყოფილების  უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ) სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.


მუხლი 17. მერიის  საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
1.   მერიის  საჯარო   მოსამსახურის   ვაკანტურ   თანამდებობაზე   შეიძლება  დაინიშნოს  18   წელს მიღწეული    საქართველოს    მოქალაქე,   რომელიც   აკმაყოფილებს    „საჯარო   სამსახურის   შესახებ“ საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლით  დადგენილ  და  შესაბამისი  თანამდებობისათვის  დაწესებულ სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. მერიის  საჯარო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-20  მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.  

3.  კონკურსი  ტარდება  „საჯარო  სამსახურში  კონკურსის  ჩატარების  წესის  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად.


მუხლი 18. მერიის  ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
მერიის  საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება  დაინიშნოს :

ა) სამსახურებრივი გადაყვანისას; 

ბ) მობილობისას.


მუხლი 19. მერიის მოხელის შეფასება
1. მერიის  მოხელე წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას.

2. მოხელის შეფასება ხორციელდება ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   დადგენილებით   დამტკიცებული   მოხელის  შეფასების  წესის შესაბამისად.

 


მუხლი 20. მოხელის გადაყვანა
1. მერიის  მოხელის გადაყვანა იმავე იერარქიული რანგზე და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად   მსგავსი   უფლებამოსილებების   მინიჭება   დასაშვებია   მოხელის   ინიციატივით   ან  მერის  დასაბუთებული გადაწყვეტილებით და მოხელის თანხმობით.

2.   მერიის    ადმინისტრაციული   სამსახურის   ადამიანური   რესურსების   მართვის   განყოფილება გადაყვანის მსურველი მერისი  მოხელის გამოსავლენად მერისი ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შესაბამისი ვაკანტურია თანამდებობის შესახებ და განაცხადის წარსადგენად განსაზღვრავს   2   სამუშაო   დღის  ვადას.   განაცხადის   განსაზღვრულ   ვადაში  დარეგისტრირებისას მერი   კანდიდატთან  ატარებს  გასაუბრებას  და იღებს  გადაწტყვეტილებას  მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

3.   განსაზღვრულ   ვადაში   განაცხადის   წარუდგენლობის   ან   გასაუბრების   შედეგად   შესაბამისი კანდიდატის შეურჩევლობის შემთხვევაში, მერია  აცხადებს კონკურს.


მუხლი 21. მობილობა
 1.   მერიის    რეორგანიზაციის   ან   სტრუქტურული   ერთეულების   ლიკვიდაციის   გამო   შტატის შემცირებისას შესაბამისი  მერიის  მოხელე შესაძელებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან  სხვა  სტრუქტურულ  ერთეულში  მისი  თანამდებობის  ტოლფას  თანამდებობაზე,  ხოლო  ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

2. მერიის  მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ირიცხება მოხელეთა  რეზერვში და  ეძლევა   შესაბამისი  კომპენსაცია.   თუ  მერიის   მოხელე  უარს  განაცხადებს  შეთავაზებული მობილობით  სარგებლობაზე,  იგი  ირიცხება  მოხელეთა  რეზერვში  და  ეძლევა  კომპენსაცია  1  თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.


მუხლი 22. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
მერიის  მოხელეთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 107-ე მუხლებით.

 

 

თავი VI

მერიის  მუშაობის ორგანიზაცია


მუხლი 23. მერიის  ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
1. მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ   დებულებითა    და  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა,    რომლის    მიზნებია  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა) საკრებულოსა და მერის   სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) მერის  სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”,  მოქმედი   კანონმდებლობით,    ამ   დებულებითა   და   მუნიციპალიტეტის    სხვა    ნორმატიული  აქტებით.


მუხლი 24. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
მერიაში  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:                    

ა) მერის უფლებამოსილება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მერიის   ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;

გ) მერის   ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;

დ) მერიის  უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ე) დაინტერესებული პირის განცხადება;

ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.


მუხლი 25. მერიის  ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის  ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს,   როგორც  წესი,  განცხადების  რეგისტრაციიდან   1  თვის  ვადაში.  თუ  საქმე  განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული  წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის  წერილობითი დავალების საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვით.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიის  და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის  დავალებებით.

 


მუხლი 26. მერიის  დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
1. მერიაში ადმინისტრაციული  წარმოებისას გამოყენებული  დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების   უნიფიცირებული  დარგობრივი ტაბელით“.

2. მერიის  საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებისა  და სამსახურების  დოკუმენტების  უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის“ მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ადმინისტრაციული  სამსახურის საქმისწარმოების  განყოფილება.


მუხლი 27. მერიის  საქმისწარმოების ინსტრუქცია
1. მერიის  ადმინისტრაციულ  წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები  განისაზღვრება  საკრებულოს  დადგენილებით  „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით".

2.  მერიის  საქმისწარმოებაში  „ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოების   და   სამსახურების   საქმისწარმოების   ინსტრუქციის“   მოთხოვნების   დაცვას   უზრუნველყოფს მერიის  ადმინისტრაციული სამსახური.


მუხლი 28. მერიის    შინაგანაწესი
1. მერიის  შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ)  დასვენების  და  უქმე  დღეებში,  აგრეთვე  სამუშაო  დღეს,  სამუშაო  დროის  დამთავრების  შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისათვის გაცნობის წესი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ვ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;

თ) საჯარო მომსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;

ი)  მერიის   საჯარო  მოსამსახურეებს  შორის  შრომით  ურთიერთობასთან  დაკავშირებული  სხვა საკითხები.

2. მერიის  შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.


მუხლი 29. მერიის   მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები
1. მერია  თავის საქმიანობას წარმართავს მერიის  და მერიის  სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის.  მერიის   დასაგეგმი პერიოდებია  – 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.

3. მერიის ექვსთვიან  და ყოველწლიურ  სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე  ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

4. მერიის   სამსახურის  სამუშაო  გეგმა  უნდა  შეესაბამებოდეს  მერიის    სამუშაო  გეგმას  და მერის  დავალებებს.    სამსახურის   ყოველთვიურ,    კვარტალურ    და   ყოველწლიურ   სამუშაო   გეგმებს   დასაგეგმი პერიოდის  დაწყებამდე  ორი  კვირით  ადრე  მაინც  შეიმუშავებს   სამსახურის  ხელმძღვანელი  და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ   მერის  წერილობითი დავალების შემთხვევებში,  აგრეთვე დაინტერესებული  პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.

6.   სამუშაო   გეგმების   შესრულების   კონტროლს   მერიის    ადმინისტრაციული   სამსახურის   მეშვეობით ახორციელებს მერი.


მუხლი 30. მოხელის სამუშაო გეგმა
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით.

2.  მოხელის  დასაგეგმი  პერიოდია  ერთი  თვე.  მოხელის  სამუშაო  გეგმა  უნდა  შეესაბამებოდეს  შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს.

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი.

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი.


მუხლი 31. ანგარიშგება
1.  ანგარიშგება   მერიაში  ხორციელდება  საანგარიშგებო  პერიოდის  დასრულებისას   ან  უფლებამოსილი  ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი  ანგარიშის წარდგენით.

2.  წერილობითი  ანგარიში  უნდა  შედგეს  „ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებისა   და   სამსახურების   დოკუმენტების   უნიფიცირებული   დარგობრივი   ტაბელის“   მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მერიის  საანგარიშგებო  პერიოდებია  – 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური  სამსახურის,  სამსახურის განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.

4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) მერიის  ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;

ბ)  სამსახურის  ანგარიში  მერს   წარედგინება  საანგარიშგებო  პერიოდის  დასრულებიდან  ან  მერის  მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში;

გ)  განყოფილების   ანგარიში   სამსახურის  უფროსს  წარედგინება  საანგარიშგებო  პერიოდის  გასვლიდან  ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;

დ)  მერიის   სამსახურის  მოხელის  ყოველთვიური  ანგარიში  ზემდგომ  თანამდებობის  პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5.  თუ  ანგარიშში  მითითებული  სამუშაო  უკავშირდება  მუნიციპალიტეტის  სახსრების  მიღება-გამოყენებას, მასში   დოკუმენტურად    უნდა   დასაბუთდეს   საფინანსო   ან   სხვა   მატერიალურ   ფასეულობათა   მიღება- გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).

6.  საჭიროების   შემთხვევაში   ანგარიშს   უნდა   დაერთოს   შესრულებული   სამუშაოს  და  გაწეული   ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“.


მუხლი 32. მერიის საქმიანობის შეფასება
1. მერიის  საქმიანობას აფასებს საკრებულო.

2.  მერიის   ანგარიშს  საკრებულოში  წარადგენს  მერი.  მერიის  ანგარიში  განიხილება  და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.


მუხლი 33. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის    საქმიანობაში
1. მერიაში   საქართველოს    ორგანული    კანონის  „ადგილობრივი    თვითმმართველობის    კოდექსი”, საქართველოს   კანონის   „ზოგადი   ადმინისტრაციული    კოდექსი",   მოქმედი   კანონმდებლობისა    და   ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:
ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის  საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის   გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;
ე) ლობისტური საქმიანობა.
2. საქართველოს   კანონით  „საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსი“  განსაზღვრული წესით მერიის  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი  პირი.
3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის ვებგვერდი, რომელზეც დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:
ა) მერის თანამდებობის პირების და მერიის მოხელის სამართლებრივი აქტები;
ბ) ინფორმაცია მერიის  სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის  თანამდებობის პირების შესახებ;
გ) მერიის, მერიის  სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი);
დ)  მერიის   და  მისი  სტრუქტურული  ერთეულების  მისამართი,  ელექტრონული  ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
 ე) საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი  პირის (პირების) სახელი, გვარი,  თანამდებობა,   სამსახურის  ელექტრონული  ფოსტა,   სამსახურის  ტელეფონისა  და ფაქსის  ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;
ზ) მერიაში  გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;
თ) მერიაში  დასაქმებულ პირთა ოდენობა იერარქიული რანგების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;
კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;
ლ) მერიაში  შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
მ)   მერიაში  შემოსული   წინადადებები,   დასკვნები   და   რეკომენდაციები   საჯარო   ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ნ) ინფორმაცია მერიის  კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;
ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის,  შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);
პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;
ს)  მუნიციპალიტეტის   პრიორიტეტების   დოკუმენტი   და  ბიუჯეტი,   ინფორმაცია  ბიუჯეტის  შესრულების შესახებ;
ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
 

თავი VII
მერიის    თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები


მუხლი 34. მერიის    თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:
ა) მერიის   ბრძანება;
ბ) მერის   პირველი მოადგილის  ბრძანება;
გ) მერის   მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის ბრძანება.
2.  მერიის მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
3.  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“1 ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
4. მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ან დისციპლინური   გადაცდომის  აღსაკვეთად  ინდივიდუალური  სამართლებრივი აქტი   შეიძლება   გამოიცეს   ზეპირად.   ზეპირად   გამოცემული   ინდივიდუალური   სამართლებრივი   აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
5. მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული  წარმოებით  გამოცემული  ინდივიდუალური  სამართლებრივი  აქტებისა  და  იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
7. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი 35. მერიის  თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1.  მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის  თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის მერისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება  მერთან   და შემდგომ  − სასამართლოში  კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 36. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
 
1. მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსისა“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისა და ამავე სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც განეკუთვნება პროექტი, აგრეთვე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული   საკითხები   შეეხება  ფინანსურ  დოკუმენტაციას  ან/და  მერიის  მიერ გასაწევ ხარჯებს.

3. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს მერი.


მუხლი 37. სამართლებრივი აქტების გაფორმება 
1. მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

3. მერის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

4. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით.

5. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.


მუხლი 38. მერიის რეორგანიზაცია 
1. მერიის რეორგანიზაცია არის დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და  საჯარო  სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) მერიის რეორგანიზებული სტრუქტურა;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.
3.რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების  მითითებით:
ა) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;
ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის  გაუქმებას;
გ)  რეორგანიზებული  სტრუქტურული   ერთეულების   დებულებების   პროექტების მომზადება და მიღება;
დ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კონკურსის საორგანიზაციო ღონისძიებები;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.