აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
1-1/210
26/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/210

  2018 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა შპს ,,ენერგოტრანსის“ 2018 წლის 28 მარტის №232 განცხადება სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  გამოარკვია:

შპს ,,ენერგოტრანსი“ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით ახორციელებს ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი 500 კვ-იანი ექსპროგადამცემი ქსელის გაფართოებას. პროექტი ხორციელედება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინასებით.

პროექტის ფარგლებში ექცევა მესაკუთრე თამაზ წიკლაურის (პ/ნ 16001023925) საკუთრებაში არსებული დუშეთის რაიონის, სოფელ ჩობალაურებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 112 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად (ს/კ 71.58.26.383). მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია დასახელებული პროექტის განხორციელება, შპს ,,ენერგოტრანსმა“ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიაჩნია, დააკმაყოფილოს შპს ,,ენერგოტრანსის“ შუამდგომლობა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შპს ,,ენერგოტრანსი“ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით ახორციელებს ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ.ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 71.58.26.383, მისამართი: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩობალაურები (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო) 112 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს თამაზ წიკლაური.

დადგენილია, რომ ზემოდასახელებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა თამაზ წიკლაურის საკუთრებაში არსებული 112 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებულ ნარგავებთან ერთად.

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია მოქალაქე თამაზ წიკლაურის საკუთრებაში არსებული 112 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 71.58.26.383, დუშეთის რაიონი, სოფელი ჩობალაურები) გამოსყიდვა.

დადასტურებულია, რომ მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ უარის შემთხვევაში შპს ,,ენერგოტრანსი“ იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საკუთრების, პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.

ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მოქალაქესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 19 აპრილის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება – ს/კ 71.58.26.383 (მისამართი: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩობალაურები), მესაკუთრე: თამაზ წიკლაური, საექსპროპრიაციო ფართი: 112 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.