საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2173-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016052
2173-IIს
19/04/2018
ვებგვერდი, 30/04/2018
010190030.06.001.016052
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 147-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით.“.

2. 152-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.“.

3. 177-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შემდეგი ფორმით/ფორმებით:

ა) ხელმოწერების ფურცლების შევსებით;

ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების (შემდგომ − ელექტრონული ხელმოწერები) შეგროვებით.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმა განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ ფორმის შესაბამის ველებში ამომრჩეველი ელექტრონულად აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ამომრჩეველი ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

ა) არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს;

ბ) ინფორმაციას არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ელექტრონული ხელმოწერის შეგროვების შესახებ;

გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს.“;

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. პარლამენტის ბიურო შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.“;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, ხოლო ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში − ამავე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;

დ) ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. 240-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 240

1. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.

 2. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.

3. პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:

ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ანდა ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;

ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;

გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.

4. პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული. 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე, პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

5. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

6. პარლამენტის ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პეტიციის შესასწავლად და განსახილველად დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

7. შესაბამისი კომიტეტი ან დროებითი კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას უშუალოდ;

ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;

გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.  

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ვადა, კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის ბიურომ შესაძლებელია გააგრძელოს არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

10. პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას.

11. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.“.

5. 241-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი კომისიის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, პარლამენტი იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

 

ქუთაისი,

19 აპრილი 2018 წ.

N2173-IIს