„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2156-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.018821
2156-IIს
18/04/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
470000000.05.001.018821
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ4“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ  გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) შეუძლებელია, და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე;“.

2. მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მაღალმთიან რეგიონში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონში სამედიცინო დაწესებულებების შენარჩუნებასა და განვითარებას. ამის პარალელურად მაღალმთიან რეგიონში  დასაშვებია კერძო სამედიცინო მომსახურების განხორციელება და მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. 1121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1121

1. დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ან უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გადაცემაზე და არ არსებობს საფუძველი იმის დასაშვებად, რომ მისი/მათი გადაცემა ეწინააღმდეგება აღნიშნული პირის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს,  შესაძლებელია ის/ისინი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გადაეცეს.

3. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა შესაძლებელია პირის სიკვდილის ფაქტის დადგენიდან 1 თვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უპატრონო გვამის ან ამოუცნობი გვამის გადამცემი და მიმღები მხარეები. აღნიშნული ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება 5 წლის განმავლობაში.

4. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები უზრუნველყოფენ გადაცემული გვამის  შენახვას  მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო გვამის გადაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მისი ან მისი ანატომიური სტრუქტურების სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება.  

5. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის შენახვისთვის/გამოყენებისთვის პასუხისმგებელი არიან აღნიშნული დაწესებულებები.

6. იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

7. თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მხარე/მარჩენალი (თუ ხელშეკრულება სარჩენის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასაც ითვალისწინებს) მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

8. გვამის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის  გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების ან/და გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის გამოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული პირის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.

9. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა.

10. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია გვამის საზღვარგარეთიდან შემოტანა/გამოყენება სათანადო დოკუმენტის თანხლებით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გვამის დამუშავების შესახებ. იგი შესაძლებელია ასევე შეიცავდეს ინფორმაციას გარდაცვლილის სახელის, გვარის, ასაკის, გარდაცვალების მიზეზის, თარიღის თაობაზე და სხვა მონაცემებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 აპრილი 2018 წ.

N2156-IIს