„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 116, 27/11/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1697
22/10/2002
სსმ, 116, 27/11/2002
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცებულ იქნეს ქ. მცხეთაში 2002 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“.

2. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პარლამენტის კომიტეტებთან ერთად შეიმუშაოს და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, მათ შორის, კანონპროექტი „სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის კულტურული მემკვიდრეობის საკუთრების სფეროში უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 22 ოქტომბერი.

№1697Iს

კონსტიტუციური შეთანხმება

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

– საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი, როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ;

– საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და მისი სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპატრიარქო კათედრებია, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა;

– მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები;

– საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია;

– საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად:

საქართველოს სახელმწიფო (შემდგომში სახელმწიფო), წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტით და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში ეკლესია), წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით, დებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება):

    მუხლი 1

1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთნხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

    მუხლი 2

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია, არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

    მუხლი 3

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.

    მუხლი 4

1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებში და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

    მუხლი 5

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

    მუხლი 6

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

    მუხლი 7

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

    მუხლი 8

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

    მუხლი 9

1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მომქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.

    მუხლი 10

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

    მუხლი 11

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება 183; 12.04.90).

2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

    მუხლი 12

1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.

2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.

 

საქართველოს სახელმწიფოს             საქართველოს სამოციქულო

სახელით                                           ავტოკეფალური                                                                                               მართლმადიდებელი

საქართველოს პრეზიდენტი          ეკლესიის სახელით

ე. შევარდნაძე                                სრულიად საქართველოს

                                                      კათოლიკოს-პატრიარქი

                                                      ილია II

              

ტერმინთა განმარტება

1. სამოციქულო საყდარი – ეკლესია, რომელიც დაარსებულია ქრისტეს წმიდა მოციქულთა (ან მოციქულის) მიერ.

2. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია – საეკლესიო კანონიკური ნორმით არსებულ ადგილობრივ (ავტოკეფალურ) მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიერი ერთობა, რაც ხორციელდება (გამოხატულია) საეკლესიო საიდუმლოებების ურთიერთცნობით და ეკლესიის მეთაურთა მიერ წირვა-ლოცვის დროს ურთიერთმოხსენიებით.

3. ავტოკეფალია – ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმიდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობა.

4. საეკლესიო კრება – მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება მღვდელმთავრებისაგან, სხვა სასულიერო პირთა დელეგატებისა და ერისკაცთა წარმომადგენლობისაგან.

5. წმიდა სინოდი – ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. წმიდა სინოდს ხელმძღვანელობს ეკლესიის მეთაური (კათოლიკოს-პატრიარქი).

6. კათოლიკოს-პატრიარქი – წმიდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძღვანელი.

7. ქორეპისკოპოსი – კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

8. მდივანი – კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებს. მდივანთა რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

9. სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი – სადაც ტარდება ადგილობრივი გაფართოებული კრებები, იკურთხება წმიდა მირონი, ხდება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა და ახლადარჩეული მღვდელმთავრების ხელდასხმა; ამავე დროს იგი არის უძველესი და უპირველესი საპატრიარქო კათედრა.

10. საპატრიარქო კათედრა – უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს დაქვემდებარებული ანუ სტავროპიგიალური ტერიტორია (ქალაქი), სადაც არის კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია და საპატრიარქოს ან მისი რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელი.

11. საპატრიარქო – კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით დადგენილ საეკლესიო განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ერთეულთა ერთობლიობა.

12. საეკლესიო (კანონიკური) სამართალი – მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და წესების ერთობლიობა (ეს გულისხმობს მოციქულთა კანონებს, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების დადგენილებებს); ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის – ასევე ადგილობრივი ეკლესიის კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ეკლესიის დღეს მომქმედი მართვა-გამგეობის წესდება (დებულება), საქართველოს საეკლესიო კრების, წმ. სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცემული განჩინებები და სხვა (საეკლესიო) სამართლებრივი აქტები.

13. აღსარება – სინანულის საიდუმლო, დაწესებული თვით იესო ქრისტეს მიერ. იგია სულიერი განწმენდის მიზნით უფლის წინაშე მოძღვართან ნებაყოფლობითი აღიარება ცოდვისა, რომლის სხვასთან თქმის უფლება სასულიერო პირს არა აქვს.

14. საეკლესიო საიდუმლოება – ეკლესიის კონფიდენციალური ინფორმაცია.

15. სასულიერო პირი – მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდასხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონოზონი, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის დადგენილებით.

16. სულიერი მოძღვარი – მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისაგან იბარებს აღსარებას და წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას.

17. ჯვრისწერა – საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულების შემდეგ, საეკლესიო სწავლებით, ახლადდაქორწინებულთა ოჯახი ხდება კანონიერი.

18. ღვთისმეტყველება – საეკლესიო და სასულიერო-საგანმანათლებლო სწავლება ღმერთის შესახებ.

19. მონასტერი – ეპისკოპოსის კურთხევით დაარსებული ბერ-მონოზონთა სავანე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ დადგენილი ტიპიკონით (ცხოვრების წესი) ხელმძღვანელობს.

20. საეკლესიო საგანძური – საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების სიწმიდეები (ფერწერული, ჭედური, მინანქრის ხატი და ჯვარი; სანაწილე, პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა), რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა და მაღალმხატვრული ღირსება.

21. წმიდა ნაწილები – მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილ მოწამეთა და მოღვაწეთა სხეულის ნაწილები.

22. წმიდა რელიკვია – მაცხოვრის, ღმრთისმშობლის და წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და ნივთები.

23. საეკლესიო ნივთი – საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების საგნები.

24. ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია – ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიაა შემდეგი სიტყვები: „საქართველოს სამოციქულო“; „ავტოკეფალური“; „მართლმადიდებელი“; „კათოლიკოს-პატრიარქი“; „წმიდა სინოდი“.

25. საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქცია – ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათოლიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), – მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, სანაწილე, ოდიკი, გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირი, სკვნილი, კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა და მირონის ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წმიდა წყალი, სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელეკინო-ვიდეო-აუდიო და რადიო პროდუქცია.

26. საღვთისმსახურო ქონება – ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი, წმიდა ნაწილები, წმიდა რელიკვიები, საეკლესიო ნივთები.

27. ეკლესიის ოფიციალური სიმბოლიკა – მოცემულია ეკლესიის მართვა-გამგეობის წესდებაში;

28. დიდი საეკლესიო დღესასწაულები:

– წმიდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი);

– მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი   (15 თებერვალი);

– ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი);

– სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის კვირადღე (გარდამავალია);

– ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია);

– საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე (12 მაისი);

– ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო);

– შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი);

– მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი);

– ტაძრად მიყვანა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი).