„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2150-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 080030000.05.001.018816
2150-IIს
18/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
080030000.05.001.018816
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №57, 29.12.2005, მუხ. 438) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა“ და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ თავიდან აცილებას, აგრეთვე „ქურდული სამყაროს“ წევრების/„კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.“.

2. მე-3–მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. „ქურდული სამყარო“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, „ქურდული სამყაროს“ წევრი, „კანონიერი ქურდი“, „ქურდული გარჩევა“, „ქურდული შეკრება“

1. „ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.

3. „ქურდული სამყაროს“ წევრი – პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

4. „კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.

5. „ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

6. „ქურდული შეკრება“ – ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი

1. რეკეტირის ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ მუდმივად მცხოვრები პირი.

2. რეკეტირის ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ახლო ნათესავი არის მისი პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი.

3. რეკეტირთან ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი ან „ქურდული სამყაროს“ წევრი/„კანონიერი ქურდი“.

მუხლი 5. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება

1. რეკეტული ქონება არის რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

2. „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება არის „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

3. რეკეტული და „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

4. რეკეტული და „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

მუხლი 6. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ პასუხისმგებლობა

რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 აპრილი 2018 წ.

N2150-IIს