გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016480
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
13/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
010250050.35.148.016480
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/04/2018 - 14/05/2018)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2018 წლის 13 აპრილი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ კ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე მუხლის 1-ლი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების  რეგულირების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების  საფასური, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010250050.35.174.016067) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“;

ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 მაისის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/05/2015, 010250020.35.174.016081) „ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1

 

გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში  სატრანსპორტო  საშუალებების პარკირების  რეგულირების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.

2. ეს წესი განსაზღვრავს გორის  მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში გორის  მუნიციპალიტეტის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.

3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც  გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.

4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;

ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;

გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;

დ) გზა − მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;

ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);

ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;

ზ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;

თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;

ი) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარდადგენილი გზასავალი;

კ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე. სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელიც;

ლ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;

მ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;

ნ) პარკირების ოპერატორი – გორის  მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული  ან შერჩეული პირი;

ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების  საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;

პ) პარკირების საფასური − გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების უფლების მოპოვებისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა;

ჟ) პირი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;

რ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;

ს) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;

ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;

უ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;

ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;

ქ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;

ღ) საცნობი ნიშანი – გორის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;

ყ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;

შ) სპეციალური საშვი − გორის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ჩ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

ც) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;

ძ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;

წ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;

ჭ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.


მუხლი 3. პარკირება
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიყენება:

ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;

გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;

დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;

ე) ინკასაციისათვის;

ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

ზ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია.

3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტებში  ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის  პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.

4.  პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;

ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესების;

გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;

დ) სატრანსპორტო ნაკადის;

ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;

ვ) გზის გამტარუნარიანობის;

ზ) ადგილობრივი  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდარეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების;

თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.


მუხლი 4. პარკირების სფეროს მართვა
1. გორის მუნიციპალიტეტის მერია პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტი მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და გორის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული პირების მეშვეობით.

2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.

3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.


მუხლი 5. გაჩერების და დგომის წესები
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.

მუხლი 6. პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.


მუხლი 7. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და გორის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.

5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.

6. გორის მუნიციპალიტეტში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.

7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.

8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები.

9. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.

10. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი გორის მუნიციპალიტეტის  მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.

11. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.

12. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.

13. გორის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია განსაზღვროს მინიშნებაზე (სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირების თაობაზე) დასატანი აუცილებელი ინფორმაცია.

14. გორის მუნიციპალიტეტის მერი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია წინამდებარე წესით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება, რომელიც მოიცავს პარკირების ადგილების სარგებლობის უფლებას, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადასცეს  გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. ამ პუნქტის მოქმედებაზე არ ვრცელდება წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მოთხოვნები.


მუხლი 8. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
1. გორის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;

ბ) ტაქსების, გორის მუნიციპალიტეტი ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის;

ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების  (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია)პარკირებისათვის.

2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).

3. ამ წესის მე–14 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.

4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია)  მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია, არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერია ასევე აცნობებს პარკირების ოპერატორს.


მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.

2. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება, პირდაპირი განკარგვის წესით, შეიძლება გაიცეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ.

3.  პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ გადაეცემათ:

ა) სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ბ)  გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის გორის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

დ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.

4. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

5. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, პარკირებისათვის გადაცემული ადგილების,  გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ  გორის მუნიციპალიტეტის მერის ან მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტით დაწესებულ ვადაში.

7. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება.

8. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.

9. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.

10. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა შესაძლებელია ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, წარმოადგინონ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა). თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების  გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ პარკირების ორგანიზების უფლების მიმნიჭებელი აქტით დაწესებულ ვადაში.

13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დააწესონ საფასური, ან/და პარკირების ადგილები (გარდა საერთო პარკირების ადგილებისა) გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის ან დააწესონ მისით სარგებლობის სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.

14. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას, საერთო პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.

15. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.


მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით გადაცემა
1. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

2. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება, აუქციონის წესით, შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს  გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

4. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 0-გრადუსიანი დგომა; 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა) დგინდება გორის მუნიციპალიტეტის მერიისადმი იმ პირის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება,  აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

6. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით გადაცემისას, პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.

7. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.

8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით, გადაცემისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.

9. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვისას კანონმდებლობით დადგენილი წესები.


მუხლი 11. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით  გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
1. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და აუქციონის წესით, გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება.

2. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის თაობაზე  გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

3. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს აუქციონის შედეგების ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას − პირგასამტეხლოს ოდენობას.

5. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები, და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქციონო პირობები, წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.

6. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების  გორის მუნიციპალიტეტის  მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად, დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად, სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად, წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად (მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში). ამ შემთხვევაში, იმ პარკირების ადგილის ფართობის შესაბამისად, რომელიც აღარ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად, შემცირდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ორგანიზების უფლების საფასური;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოების წარმოება. აგრეთვე, სტიქიური მოვლენების, მიტინგების, მანიფესტაციებისა და სხვა შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი ხდება მოცემულ ადგილებზე ორგანიზების უფლების განხორციელება. აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება სამუშოებისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების დასრულებამდე მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში და, შესაბამისად, ხელშეკრულების შეჩერების განმავლობაში, ორგანიზების უფლების მქონე პირს აღნიშნულ ადგილებზე არ მოეთხოვება ორგანიზების უფლების საფასურის გადახდა.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების გორის მუნიციპალიტეტის  მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების  გორის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

10. ამ მუხლის მე-6 პუნქტით, გარდა „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების  გორის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არა აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

11. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას და აუქციონის წესით გადაცემისას, გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.


მუხლი 12. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:

ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;

ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;

გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;

დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;

ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.

2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:

ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;

ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;

გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;

დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გაუთვალისწინებლად.

3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.


მუხლი 13. პარკირების საფასურის გადახდა
1. პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.

2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.

3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი.

4. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.

5. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ  პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის  შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე. 

6. სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.

7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

8. თუ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრეს, ამ დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სურს გათავისუფლდეს პარკირების საფასურის გადახდისგან, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას  და დაურთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერია  ასევე აცნობებს პარკირების ოპერატორს.


მუხლი 14. საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   დანართი 3-ით   განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას  და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის  შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. გორის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას  და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.

7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 3 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.

8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.

9. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.

10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში  წერილობითი ფორმით ახალი საცნობი ნიშნის აღების თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუ გორის მუნიციპალიტეტის მერია  ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.

11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით გორის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება გორის მუნიციპალიტეტი  ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.

13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.

14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების  შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;

ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;

გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.


მუხლი 15. სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. სპეციალური საშვის მისაღებად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა გორის  მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართავს გორის  მუნიციპალიტეტის მერს. გორის  მუნიციპალიტეტის მერი სპეციალური  საშვის გაცემას ავალებს შესაბამის სამსახურს.

2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.

3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.     

4. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გორის მუნიციპალიტეტის მერია  დასამტკიცებელ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს,  დამტკიცების შემდეგ  სპეციალური საშვის ფორმა ასევე ეგზავნება პარკირების ოპერატორს.

5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.


მუხლი 16. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.

2. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.


მუხლი 17. კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის/სამსახურების მეშვეობით.

2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.

3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაც დაუყონებლივ ეცნობება პარკირების ოპერატორს.

4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.

5. წინამდებარე წესის / პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება (მათ შორის, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) წარმოადგენს დგომა-გაჩერების წესების დარღვევას და დამრღვევს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე -8   ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

6. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და სადგომზე შენახვის საფასურის ოდენობას ადგენს შესაბამისი პარკირების ოპერატორი ამ მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯების მიხედვით.

7. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სპეციალური დაცული სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცულ სადგომიდან  გაყვანისას პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი.


მუხლი 18. დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 



დანართი №2

 

გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში  სატრანსპორტო  საშუალებების პარკირების  საფასური

გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური  დროის მონაკვეთის მიხედვით:

ა) 1 დღე – 1 ლარი;

ბ) 1 თვე – 10 ლარი;

გ) 3 თვე – 15 ლარი;

დ) 6 თვე – 25 ლარი;

ე) 1 წელი – 40 ლარი.


დანართი 3

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა

საცნობი ნიშანი არის ორგვერდიანი მართკუთხედის ფორმის 150X100 მმ. ერთ გვერდზე, მარცხენა ქვედა კუთხეში, დატანილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლო, მარჯვენა ქვედა კუთხეში გორის  მუნიციპალიტეტის გერბი, მის ქვემოთ ტექსტით „გორის  მუნიციპალიტეტის მერია’’, ზედა მარცხენა მხარეს შემდეგი გრაფები: „მოქმედების ვადა“ – მიეთითება საცნობი ნიშნის მოქმედების ბოლო ვადა, „გამცემი ორგანო:  გორის მუნიციპალიტეტის მერია“ და „სერიული ნომერი“ – მიეთითება საცნობი ნიშნის უნიკალური ნომერი. ამავე გვერდის ზემოთ, ცენტრში, დატანილია ტექსტი „აჩვენეთ წინა მხარე, ხოლო მარჯვენა მხარეს გერბის თავზე დატანილია ტექსტი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პარკირების საცნობი ნიშანი“, გვერდის ქვედა შუა ნაწილში კი დატანილია ბარკოდი. მეორე გვერდზე ზედა ნაწილში დატანილია ტექსტი: „ეს საცნობი ნიშანი მფლობელს აძლევს უფლებას, გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში ისარგებლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრული პარკირების ადგილით. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა“, ამ უკანასკნელი ტექსტის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს დატანილია ტექსტი: „საცნობი ნიშნის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ისჯება კანონით!“, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს, დატანილია გრაფები: „გვარი’’,  „სახელი“ და „პირადი ნომერი“, რომლებშიც შეიტანება იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, რომელზეც გაიცემა საცნობი ნიშანი.

 


დანართი 4

 

ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა

საცნობი ნიშანი არის კვადრატის ფორმის 80X80 მმ (კუთხეებში მომრგვალებული), ლურჯ ფონზე (კიდეებზე თეთრი ზოლით) განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლოთი, ასევე სატრანსპორტო საშუალების ნომრისა და საცნობი ნიშნის მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.