დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016377 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/03/2018 - 19/07/2022)
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესი“, დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35. 132.016227). |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 მაისიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო
წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების საფუძვლებს და განხილვის წესს.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს: ა) საპატიო ბათუმელი; ბ) ბათუმის საპატიო მოქალაქე; გ) დამსახურებული მოღვაწე. 2.1. საპატიო ბათუმელის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ბათუმში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 10 წელი მაინც ცხოვრობდა ბათუმში და საზოგადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით/მოღვაწეობით: ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების საქმეში ქალაქის, ქვეყნის ან/და საერთაშორისო მასშტაბით; დ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური ან/და სხვა პროგრამები/პროექტები; ე) პროფესიული ან სხვა საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის და ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში და ა.შ. 2.2 ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით): ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების საქმეში ქალაქის, ქვეყნის ან/და საერთაშორისო მასშტაბით; დ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პროგრამები/პროექტები; ე) პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის და ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში; ვ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; ზ) ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაიცეს აგრეთვე სხვა პირებზე პოლიტიკური/საზოგადოებრივი მნიშვნელობის აქტის ფორმით. 2.3 დამსახურებული მოღვაწის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში): ა) ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის, არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება; ბ) მნიშვნელოვანი წვლილისთვის დარგის/სფეროს განვითარებაში; გ) სამეცნიერო მიღწევებისთვის და ა.შ. 3. საპატიო ბათუმელის წოდება პირს მიენიჭება „ბათუმობის“ დღესასწაულზე, დამსახურებული მოღვაწის წოდება პირს მიენიჭება საუბილეო თარიღის აღსანიშნავ ან სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ხოლო ბათუმის საპატიო მოქალაქე წლის ნებისმიერ დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით. 4. საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ. |
მუხლი 2.
საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
|
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი და სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებს; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს; გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს; ე) არანაკლებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და საპატიო წოდების მფლობელ 10 პიროვნებას. 2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს დაჯილდოების ცერემონიამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს: ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა; ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების ინიციატივა, სადაც უნდა აისახოს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; გ) ბიოგრაფიული ცნობები; დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ერთი ფერადი ფოტოსურათი, სხვა საჭირო დოკუმენტები, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი, ელფოსტა). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამსახურებული მოღვაწის წოდების წარდგინებას ასევე თან უნდა ერთვოდეს სამუშაო სტაჟის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ ორგანიზაციის არანაკლებ 3 თანამშრომლის რეკომენდაცია, სადაც მუშაობდა (მუშაობს) საპატიო წოდებაზე წარდგენილი პირი, საჯარო სფეროში დასაქმებული პირის წოდებაზე წარდგენის შემთხვევაში, ამ სფეროში პოლიტიკის გამტარებელი დაწესებულების სარეკომენდაციო წერილი, კერძო სფეროში დასაქმებული პირის წოდებაზე წარდგენის შემთხვევაში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი. 4. ამ მუხლის მე-2 პუქტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა სავალდებულო არ არის ამ წესის პირველი მუხლის 2.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. |
მუხლი 3.
საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭო
|
1. საპატიო ბათუმელისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის საკითხის განხილვისა და დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით იქმნება საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მერის უფლებამოსილების ვადა. 3. საბჭო შედგება არანაკლებ არანაკლებ 30 წევრისაგან. 4. საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ: ა) არაუმეტეს საბჭოს წევრთა 1/3-ისა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არანაკლებ 3 წევრისა, ვიცე-მერი, მერის მოადგილე(ებ)ი და სამსახურების უფროსები; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული არაუმეტეს 2 წევრი; გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აქვთ მუშაობის არანაკლებ 20-წლიანი გამოცდილება, მიღწევები/დამსახურება, გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, ავტორიტეტითა და ნდობით. დ) საზოგადო მოღვაწეები ან/და საპატიო წოდების მქონე პირები; ე) გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საბჭოს წევრი (საბჭოს მდივნის ფუნქციით) ასევე არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 4.
საბჭოს სტრუქტურა, ხელმძღვანელობა, საბჭოს წევრების უფლებამოსილება, მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
|
1. საბჭოს თავმჯდომარეს და მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, უზრუნველყოფს საბჭოს მიზნების, ამოცანების და უფლება-ვალდებულებების შესრულებას. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. 3. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების შედგენას და აღრიცხვას. მდივანი ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს და საბჭოს საქმიანობას, ასევე უზრუნველყოფს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განხილვის ორგანიზაციული, ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებას. 4. საბჭოს სხდომა მოიწვევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჭიროებისამებრ. 5. საბჭოს მდივანი ადგენს დღის წესრიგს და საბჭოსათვის განსახილველად ამზადებს საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების მქონე სუბიექტების მიერ შემოტანილ დოკუმენტაციას. 6. საბჭოს დღის წესრიგს და დოკუმენტაციას საბჭოს მდივანი წინასწარ აწვდის საბჭოს წევრებს. საბჭოს წევრები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ საბჭოს სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე. 7. საბჭო, საპატიო წოდების მინიჭებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციის გაწევის გადაწყვეტილებას ღებულობს ფარული კენჭისყრით. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის არანაკლებ 70%. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენა ხორციელდება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს საბჭოს დამსწრე წევრთა არანაკლებ 70%. საპატიო წოდებაზე წარდგენისათვის საჭირო ხმების ვერდაგროვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საკითხი არ გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს საპატიო წოდების მინიჭებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენაზე უარის თქმას. 8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. 9. საბჭოს სხდომებს საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ესწრებოდეს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის ინიციატორი, საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი პირი ან/და საპატიო წოდების მფლობელი, რომელთა საკითხიც განიხილება სხდომაზე. 10. საბჭოს წევრს აქვს უფლებამოსილება: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა; ბ) შევიდეს და გადაადგილდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებზე; დ) შეხვდეს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს, გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საბჭოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 11. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრობაზე წარმომდგენის მიერ წევრის შეცვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა ან/და უფლებამოსილების შეწყვეტა. |
მუხლი 5.
საპატიო წოდების მინიჭება, საპატიო წოდების მინიჭების
საკთხის
განუხილველად დატოვება, საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმა
|
1. საპატიო წოდების მინიჭება:
ა) საპატიო წოდების (გარდა დამსახურებული მოღვაწისა და ამ წესის პირველი მუხლის 2.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, შესაბამისი ბრძანების გამოცემით, მხოლოდ საბჭოს სარეკომენდაციო დასკვნის საფუძველზე; ბ) დამსახურებული მოღვაწის და ამ წესის პირველი მუხლის 2.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ან/და მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს გარეშე, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ან/და დასკვნის გარეშე. გ) საპატიო წოდების მინიჭების დროს ხდება სიგელის გადაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, სიგელში აღინიშნება: საპატიო წოდების სახე, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოკლე დასაბუთება (დამსახურება/მიღწევები). სიგელზე დატანილი უნდა იყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გერბი (შესაძლებელია სიგელის გადატანა ლითონის სპეციალურ ფირფიტაზე (შემდგომში – სადგამზე), რომლის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული; დ) ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შემთხვევაში, შესაძლებელია პიროვნებას გადაეცეს სამკერდე ნიშანი ან/და ჯილდო, რომლის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული; ე) საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი განყოფილება; ვ) საპატიო წოდების გადაცემა, როგორც წესი ხდება საზეიმო ვითარებაში. 2. საპატიო წოდების საკითხის განუხილველად დატოვება: ა) საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვების საფუძველი შეიძლება იყოს, ამ დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილი წარმოდგენა (გარდა ამ წესის პირველი მუხლის 2.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) საპატიო წოდების მინიჭებაზე საკითხის ინიცირება არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენა ამ დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით; დ) განსაზღვრულ ვადაში საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განხილვაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა; ე) საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვების საფუძვლების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და საჯარო მოსამსახურე წარუდგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს. საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, ეცნობება საპატიო წოდების მინიჭების საკითხის ინიციატორს. 3. საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმა: ა) საპატიო წოდების (გარდა დამსახურებული მოღვაწისა და ამ წესის პირველი მუხლის 2.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) წარდგენაზე გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს წევრთა საჭირო ხმების ვერ დაგროვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საკითხი არ გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმას და დამატებით ამ საკითხზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება არ გამოიცემა; ბ) საპატიო წოდების (გარდა დამსახურებული მოღვაწისა ამ წესის პირველი მუხლის 2.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მინიჭების საკითხზე მიღებულ საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და საჯარო მოსამსახურე წარუდგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე აღნიშნულის შესახებ აცნობებს ინიციატორს; გ) დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასკვნის ან/და დასკვნის გარეშე ღებულობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც ეცნობება ინიციატორს. |
მუხლი 6.
დასკვნითი დებულებები
|
წესში ცვლილების და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები