ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016282
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37/04
28/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
220090000.18.011.016282
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/02/2018 - 05/04/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №37/04

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 501 მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
2019 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანება. 
მუხლი 3
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესის შემოღების  აუცილებლობით, რომლის განსაზღვრის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 28 თებერვლიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – პუნქტი) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (შემდგომში – ფილიალი) საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

2. ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ მეწარმე სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) უფლებამოსილია პუნქტში/ფილიალში განახორციელოს მხოლოდ ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა.

3. პუნქტის რეგისტრაცია, ფილიალის საქმიანობის ნებართვა არის უვადო და ამ რეგისტრაციით/ნებართვით მიღებული საქმიანობის განხორციელების უფლების სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეგისტრაცია – ეროვნული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები;

ბ) პუნქტი – ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებს;

გ) პუნქტის ფილიალი – პუნქტის ქვედანაყოფი, რომელიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებს პუნქტის სახელით;

დ) საოპერაციო ფართი – მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც პუნქტის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ე) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით;

ვ) ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე;

ზ) საკომისიო –ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი;

თ) საყურადღებო კურსი –კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან;

ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის მეწარმე სუბიექტის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); მეწარმე სუბიექტის ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

კ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები;

ლ) დაინტერესებული პირი – ინდივიდუალური მეწარმე პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით პუნქტის რეგისტაციის თაობაზე;

მ) კონსოლიდირებული ანგარიშგება – ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე პუნქტისა და მისი ფილიალის/ფილიალების ნაერთი ანგარიშგება.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.


მუხლი 3. რეგისტრაციის პირობები
1. დაინტერესებული პირი, პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1). დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი.

2. დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ;

გ) დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს;

დ) ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში - შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან;

ვ) გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელსაც სურს ვალუტის გადაცვლის საქმიანობა აწარმოოს თბილისის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში;

ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.

4. პირს ეკრძალება იყოს პუნქტის მფლობელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე, მისი დირექტორი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეები, თუ ის ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

5. პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ 4 (ოთხი) კვადრატული მეტრისა;

ბ) იზოლირებული სხვა ობიექტებისგან და მომხმარებლებისგან;

გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი პუნქტთან/ფილიალთან მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, სამორინეები, აეროპორტები, რკინიგზის და ავტოსადგურები და სხვა მსგავსი ობიექტები).

6. პუნქტის/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით, კომპიუტერით – სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით.

7. მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს საქმიანობას, უფლებამოსილია, პუნქტის რეგისტრაციის გარეშე სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, თუ სასტუმროს მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ერთ პირზე დღიურად არ აღემატება 2000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). თუ თანხის გადაცვლის ერთ-ერთი ოპერაცია აღემატება 2000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), სასტუმროს მფლობელი ვალდებულია განახორციელოს პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისათვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.


მუხლი 4. გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე
1. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პუნქტის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება პუნქტის საფირმო სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

3. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს უარი უთხრას პუნქტის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) აღნიშნული პირი, მისი დირექტორი, აქციონერი/პარტნიორი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ გაშვებულია ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა;

გ) აღნიშნული პირის, მისი დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ არ არის გადახდილი პუნქტის რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

დ) ეროვნულ ბანკს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის დირექტორი, აქციონერი/პარტნიორი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელსაც ამ წესის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, “ვ“ „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „ნ“, „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ე) აღნიშნული პირის რეგისტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა ან/და საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა;

ვ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი/დირექტორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს პუნქტის რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

6. განცხადებაში არსებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, პუნქტი წერილობით ინფორმაციას აწვდის ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და შესაბამის სარეგისტრაციო რეესტში.

7. მისამართის ცვლილების შემთხვევაში პუნქტი ვალდებულია წამოადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და დააკმაყოფილოს ამავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.

8. ეროვნული ბანკი აწარმოებს პუნქტების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრს, სადაც აისახება ინფორმაცია რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.


მუხლი 5. რეგისტრაციის გაუქმება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტს გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ:

ა) პუნქტი წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნული ბანკს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე;

ბ) პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში) გარდაიცვალა ან სასამართლოს მიერ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად;

გ) განხორციელდა პუნქტის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია;

დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

ე) დადგინდა, რომ განცხადება შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე;

ვ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა განცხადებაში შეტანილი მონაცემების ცვლილების თაობაზე.

ზ) დარღვეულია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობები;

თ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა ფილიალის გახსნის თაობაზე;

ი) პუნქტმა ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად მივლინებული ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე;

კ) ეროვნული ბანკის შემმოწმებელს პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი არ დახვდა რეგისტრირებულ მისამართზე ან პუნქტი არ მოიძებნა რეგისტრირებულ მისამართზე;

ლ) არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მ) რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა პუნქტის საქმიანობა;

ნ) ვალუტის გადამცვლელი პუნტის საოპერაციო ფართში ხორციელდება ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციებისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა სამეწარმეო საქმიანობა;

ო) დარღვეულია ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებაზე:

ა) თუ პუნქტის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისათვის მიმდინარეობდა პუნქტის/ფილიალის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და პუნქტს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუგზავნოს წერილობითი მითითება პუნქტის მფლობელ მეწარმე სუბიექტს შემოწმების უზრუნველყოფის მოთხოვნით, ხოლო ამ წერილობითი მითითების 30 კალენდარულ დღის ვადის შეუსრულებლობის შემთხვევაში უუქმებს მას რეგისტრაციას. ამასთან, წერილობითი მითითების ფოსტით დაბრუნების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ზემოაღნიშნული 30 კალენდარულ დღიანი ვადა და გააუქმოს პუნქტის რეგისტრაცია.


მუხლი 6. ფილიალის გახსნა და მისი საქმიანობის შეწყვეტა 
1. პუნქტი ფილიალის გახსნის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №2). დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი.

2. პუნქტის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

4. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პუნქტის სარეგისტრაციო ნომრით.

5. ფილიალის საქმიანობის ნებართვის/უარის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება იმ პუნქტის საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, რომლის ფილიალზეც გაიცემა ნებართვა/უარი და ფილიალის მისამართი და ნებართვის გაცემის თარიღი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

7. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

8. ფილიალის/ფილიალების საქმიანობაზე პასუხისმგებელია პუნქტი.

9. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

10. პუნქტის ყველა არსებული ფილიალის საქმიანობა წყდება პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებისას.

11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს.

12. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

13. ფილიალის გახსნაზე ნებართვის/საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები აისახება  ეროვნული ბანკის პუნქტების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში.


მუხლი 7. პუნქტის/ფილიალის ვალდებულებები
1. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია:

ა) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით:

ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – We are using commision fee“ (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ) „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“;

ბ.დ) „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში! – Transaction can be cancelled within 30 minutes after you receive the receipt!“.

გ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

გ.ა) ვალუტის დასახელება;

გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);

გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);

გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში);

2. პუნქტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული კვარტალური ანგარიშგება MSExcel-ის ფორმატში (დანართი №3), როგორც დირექტორის ან უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული, მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით, საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. ორივე ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური. ფორმებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მატერიალურ ფორმას. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ მისამართზე valuta@nbg.gov.ge.

3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია იქონიოს ამ წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების შესაბამისად მოწყობილი საოპერაციო ფართი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით, კომპიუტერით, შესაბამისი საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით.

4. პუნქტი/ფილიალი ვალდებული უზრუნველყოს მის მიერ და კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა  სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღიცხვა უნდა მოხდეს პუნქტისა და ფილიალების ჭრილში.

5. სპეციალურ საოპერაციო პროგრამას უნდა გააჩდეს ცალკ-ცაკლე პუნქტის და ფილიალების  ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად, განხორციელებული ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის  ამოღების შესაძლებლობა.

6. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №;

გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

დ) გადაცვლის კურსი;

ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (კლიენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წუთი, საათი) და თარიღი;

ზ) ორივე მხარის ხელმოწერა;

თ) „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში!“ „Transaction can be cancelled within 30 minutes after you receive the receipt!“.

7. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.

8. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა.

9. პუნქტის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა პუნქტში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №;

გ) იმ კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სხვა პუნქტის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია;       

დ) პუნქტის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი №), რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნულ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში;

ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

ვ) გადაცვლის კურსი;

ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო;

თ) ორივე მხარის ხელმოწერა.

10. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითრის“ ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან და მომსახურების ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

11. ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვის დროს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება სავალდებულოა მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის" ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

12. პუნქტში/ფილიალში საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №4) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს პუნქტს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ან ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, პუნქტი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.

13. პუნქტმა რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში უნდა წარადგინოს პუნქტების აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

14. პუნქტი ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური  მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები.

15. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტების, აგრეთვე სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში აღიცხული ელექტრონული მონაცემების  დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადით.


მუხლი 8. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს პუნქტში/ფილიალში  შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა.

2. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა, ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.

3. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ შესაბამისად.

4. თუ პუნქტებს ან/და მეწარმე სუბიექტს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელი განლაგებულია ფეხით მოსიარულეთა გზის ერთსა და იმავე სავალ ნაწილზე ერთმანეთის გვერდით, არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, მაშინ პუნქტი/ფილიალი უფლებამოსილია, შემოწმების ობიექტებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაამონტაჟოს გარე ვიდეომეთვალყურეობის საერთო სისტემა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო პუნქტი/ფილიალი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი/ფილიალის ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. პუნქტმა/ფილიალმა  ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში.

6. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.


მუხლი 9. პუნქტის შემოწმება 
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს პუნქტის/ფილიალის საქმიანობის შემოწმება:

ა) ამ წესითა განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.


მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
1. ეს წესი ვრცელდება ამ წესის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებულ პუნქტებზე და მათ ფილიალებზე, ასევე, ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებული პუნქტების მიერ გახსნილ ფილიალებზე.

2. ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ პუნქტებზე ეს წესი ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრიდან, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებისა.

3. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და მე-8 პუნქტების მოქმედება ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ პუნქტებზე ვრცელდება ამ წესის ამოქმედებისთანავე.

4. ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებული პუნქტები უფლებამოსილნი არიან 2019 წლის პირველ იანვრამდე იხელმძღვანელონ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და მე-8 პუნქტებისა და ვალდებულნი არიან 2019 წლის პირველ იანვრამდე შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ წესის მოთხოვნებთან.



10. 25/12/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 377/04 - ვებგვერდი, 26/12/2023 9. 12/10/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 138/04 - ვებგვერდი, 13/10/2022 8. 14/07/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 98/04 - ვებგვერდი, 15/07/2021 7. 03/12/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 208/04 - ვებგვერდი, 04/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 26/02/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 26/04 - ვებგვერდი, 27/02/2020 5. 27/08/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 155/04 - ვებგვერდი, 27/08/2019 4. 20/08/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 153/04 - ვებგვერდი, 21/08/2019 3. 14/12/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 272/04 - ვებგვერდი, 17/12/2018 2. 10/10/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 224/04 - ვებგვერდი, 11/10/2018 1. 05/04/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 60/04 - ვებგვერდი, 05/04/2018