საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016291
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
27/02/2018
ვებგვერდი, 06/03/2018
010250050.35.106.016291
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2018 - 27/04/2018)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2018 წლის 27 თებერვალი

ქ. ხობი

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის განცხადების ნიმუში დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა



დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის  განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის  ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას  ვებგვერდზე  პროაქტიულად  განთავსების  მიზნით.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა, გამოქვეყნების ადგილი და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები
1. მუნიციპალიტეტის  საჯარო  დაწესებულებები  უზრუნველყოფენ  ნუსხით  განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას:
ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე; 
ბ) ბეჭდური  ფორმით  –  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ  ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე;
გ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპალიტეტის ბეჭდური მედიის საშუალებით.
2. ელექტრონული  ფორმით  ინფორმაცია  ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის დაწესებულებების  ვებგვერდებზე: www.khobi-sakrebulo.ge; www. khobi.ge. 
3. ბეჭდური  ფორმით  ინფორმაცია  ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის  საჯარო  დაწესებულებების შენობებში  სპეციალურად  ამისთვის  გამოყოფილ  ადგილას.  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ  ერთეულებში  ბეჭდური  ფორმით  ინფორმაცია  ქვეყნდება  საჯარო  განცხადებების დაფების  გამოყენებით,  რომელიც  უნდა  განთავსდეს  დასახლებების  უბნების  მიხედვით,  უბანში რეგისტრირებულ  ყოველ  500  ამომრჩეველზე  არანაკლებ  ერთი  საინფორმაციო  განცხადების  დაფის ოდენობით.
4. საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიულად  გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელია  მუნიციპალიტეტის საჯარო  დაწესებულებების  საჯარო  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფასა  და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. 
5. მუნიციპალიტეტის  დასახლებებში  საინფორმაციო  განცხადების  დაფაზე  ინფორმაციის განახლებაზე  პასუხისმგებელია  შესაბამის  დასახლებაში  მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელი.
6. იმ  შემთხვევაში,  თუ  პროაქტიულად  გამოსაქვეყნებელი  საჯარო  ინფორმაცია  დიდი მოცულობისაა  და  მისი  სრულად  გამოქვეყნება  ვერ  ხერხდება  მუნიციპალიტეტის  შესაბამისი ორგანოების  და  იურიდიული  პირების  შენობებში  სპეციალურად  ამისთვის  გამოყოფილ  ადგილას ან/და  მუნიციპალიტეტის  დასახლებებში  საინფორმაციო  განცხადებების  დაფებზე,  აუცილებელია აღნიშნულ  ადგილებში  მიეთითოს  დოკუმენტის  შესაბამისი  რეკვიზიტები  (სათაური,  მიმღები ორგანო,  მიღების  თარიღი,  დოკუმენტის  ნომერი)  და  ადგილი,  სადაც  შესაძლებელია  დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.

მუხლი 3. ინფორმაციის გამოყენება
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო  უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა.

მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი – მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს აპარატი და მუნიციპალიტეტის მერიაში – ადმინისტრაციული სამსახური, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  მერიის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები.
2. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსი.
3. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება  PDF  ფორმატში.

მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
1. ინფორმაციის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/ წესდება, შინაგანაწესი);
გ) ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;
ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ვ) ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
ზ) ხობის მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა;
თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-­სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია;
ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ლ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში;
მ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს;
ნ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა;
ო) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამი);
პ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
ჟ) უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია (ქვეყნდება ყოველწლიურად);
რ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ს) სამართლებრივი აქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ;
ტ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები;
უ) დასახლების საერთო კრების ოქმები;
ფ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოქმები;
ქ) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები;
ღ) პეტიცია;
ყ) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია;
შ) ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 136-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;
ჩ) ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
2. ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.


დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული  საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის  მიხედვით.
3. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მოთხოვნის თაობაზე წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. განცხადება თანდართული ფორმით (დანართი N3) ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების მიერ ან იგზავნება ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: sakrebulo@khobi-sakrebulo.ge; ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრირდება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების მიერ ან იგზავნება ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე:  municipality@khobi.ge თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვი პირის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მის მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; 
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; 
გ) პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელ. განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიას  რეგისტრაციისათვის და შემდგომში გადაეცემა საჯარო  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი   ვადების დაცვით.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.

 



დანართი №3
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს

                                                        _______________________________________________

     (იურიდიული პირის დასახელება)

_______________________________________________ 

(იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)

_______________________________________________

(მოქალაქის სახელი, გვარი) 

_______________________________________________

(მისამართი)            

_______________________________________________

(ტელეფონის ნომერი)

   გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ

_________________________________________________________________________________      (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება)

ინფორმაცია ელექტრონული სახით.

ასევე გთხოვთ:                                                                                                                                            

1.   მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ელ. ფოსტის ----------------------------- მისამართზე;       

2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით;                                                            

3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;    

4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით.

  შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა

დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________

თარიღი: ___. ___. _______ წ.