„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016066
2
22/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
320110000.17.010.016066
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით   (სსმ, 24.02. 2012.) დამტკიცებულ  ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მიზანი და ამოცანა

1. ამ წესების მიღების მიზანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების განსაზღვრა.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) ამ წესების შესაბამისად,  კომისიის გადაწყვეტილებით, გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და ადგენს სარგებლობის პირობებს.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების მოპოვების ზოგადი წესი

1. ნუმერაციის რესურსი გაიცემა კომისიის მიერ, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ (შემდგომში – ავტორიზებული პირი) ან/და არაავტორიზებულ პირებზე, კომისიის გადაწყვეტილებით, სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ექსტრემალური სამსახურებისთვის (სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი), ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და სანიაღვრე საავარიო სამსახურებისთვის გამოყოფილი ერთიანი ფორმატის მოკლე ნომრები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და მაძიებლის განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიღების თაობაზე.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი უკვე ფლობს ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსს და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, დადასტურება იმისა, რომ მაძიებლის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

4. განცხადების, ან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, რა ვადაშიც მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნუმერაციის რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება  განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

5. სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ გადასახდელი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.

6. ნუმერაციის რესურსის მაძიებელი ვალდებულია კომისიისგან შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; იმ შემთხვევაში, თუ ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში.

8. ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები არ ეხება ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსს, რომლის მინიჭების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.

9. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე ერთდროულად შემოსულია ორი ან მეტი განაცხადი, უპირატესობა მიენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია უარს ეტყვის ნუმერაციის რესურსის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე, თუ:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი არ არის თავისუფალი;

ბ) წინამდებარე წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციის იმ რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის თაობაზე, რომელიც მოითხოვა ნუმერაციის რესურსის მაძიებელმა;

გ) ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ, რომელიც უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, არ არის ათვისებული (იმავე გეოგრაფიულ ზონაში – გეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში) კომისიის მიერ მასზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%;

დ) ნუმერაციის რესურსის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“.

5.  მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ნუმერაციის რესურსი

1. კომისია ავტორიზებულ პირებს რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შემთხვევაში ანიჭებს შემდეგი სახის ფასიან ნუმერაციის რესურსს:

ა) გეოგრაფიული ნომრები (რომლის სრული ფორმატი 9-ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC – 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ) არაგეოგრაფიული ნომრები (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC – 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; არაგეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „5“, „7“, „8“, „9“):

ბ.ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 10 000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.ბ) უსადენო შეღწევის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.გ) პერსონალური ნომრებით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინუმუმ 100 (ასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.დ) VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.ე) ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი (რომლის ფორმატი 4-ციფრიანია (10-XX), მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; არჩევის კოდის შემდეგ აბონენტი ეროვნულ ზარებს ახორციელებს ეროვნული პრეფიქსის „0“ -ის და ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომრის საშუალებით, ხოლო საერთაშორისო ზარებს საერთაშორისო პრეფიქსის „00“-ის, ქვეყნის კოდის და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომრის საშუალებით) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა – 1 კოდზე;

დ) მოკლე ნომრებით (რომლის სრული ფორმატი 5-ციფრიანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული დანიშნულების კოდისა და ეროვნული პრეფიქსის გარეშე) სატელეკომუნიკაციო (17XXX), ასევე არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა  1 ნომერზე;

ე) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია (9XXXX)) უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული), დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინუმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე.

2. ნუმერაციის რესურსი უფასოდ ენიჭებათ ავტორიზებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში და ვადით:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით;

ბ) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის (დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი მობილურ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 3-ციფრიანია, ხოლო ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4-ციფრიანი) – პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე;

გ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, ქსელების სასიგნალო წერტილების იდენტიფიცირებისათვის (კოდები – ქვეყნის მობილური კოდი (MCC) „282“ გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ, ხოლო კომისიის მიერ ხდება მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) მინიჭება) – შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით;

დ) საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია და შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან; სასიგნალო ქსელების ზონის საერთაშორისო კოდი (SANC) გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ, ხოლო კომისიის მიერ ხდება სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის მინიჭება) – შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით;

ე) ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC) (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია და შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან და მისი სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ, ხოლო კომისიის მიერ ხდება სასიგნალო ქსელების ზონალური კოდის (SANC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის მინიჭება) – შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

3. ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს უფასოდ ენიჭებათ შემდეგ შემთხვევებში და ვადით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ – უვადოდ;

ბ) საზოგადოებრივი (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 6-ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

გ) საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

დ) საფოსტო კავშირით მომსახურების განმახორციელებელ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის (რომლის სრული ფორმატი 5-ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

ე) რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 4-ციფრიანი) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC)  - უვადოდ.“.

6.  მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესი

1. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსზე,  სარგებლობის უფლება გაიცემა უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში კომისიას სარგებლობის უფლების განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუქმებულად ითვლება.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვადის დადგომისას, მომდევნო წლის საფასური გადაიხადოს გაცემული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს ამ წესებით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობაზე ან მის ჯერადზე ნაკლები. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება, ნუმერაციის რესურსის იმ ბლოკ(ებ)ზე, რომლით სარგებლობის უფლების განახლებისთვისაც არ იქნა გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, ითვლება გაუქმებულად. ამ შემთხვევაში კომისიას ცვლილებები შეაქვს შესაბამის რეესტრში.

7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება

1. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:

ა) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა;

გ) სარგებლობის პირობების დარღვევა მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

დ) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება.

2. სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

3. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის მფლობელი და რესურსის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

4. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:

ა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება;

ბ) მინიჭებული ნუმერაციის რესურსის არადანიშნულებისამებრ და ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.

5. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:

ა) შესაბამისი სამსახურის გაუქმება;

ბ) მინიჭებული ნუმერაციის რესურსის არადანიშნულებისამებრ და ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.“.

8. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) სარგებლობის უფლების მინიჭების პირობები“.

11. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) სარგებლობის უფლების მინიჭების პირობები“

12. მე - 14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. მე-17 და მე-18 მუხლები ამოღებულ იქნას:

14. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. გარდამავალი დებულებები

1. პირებს, რომლებიც ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას არასრულ ბლოკებზე რომლით სარგებლობის უფლებაც დათმობილ იქნა მათი მოთხოვნის საფუძველზე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეუძლიათ მოიპოვონ პირველ რიგში ნუმერაციის იმ თავისუფალი რესურსიდან, რომელსაც ითვალისწინებდა მათზე გაცემული ლიცენზია. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება წინამდებარე წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ ახორციელებს მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას. 

2.  წინამდებარე წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  არ ვრცელდება მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა თუ  ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ ახორციელებს მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.  

3. პირებს, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართონ კომისიას მათ სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსზე სარგებლობის უფლების მინიჭების მოთხოვნით.

4. პირებს, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დათმონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ, რა დროსაც კომისიას ცვლილება შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში.

5. პირებს, რომლებიც ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ მიიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად. ამ დროს არ ვრცელდება წინამდებარე წესების მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

6. პირები, რომლებსაც 2018 წლის 1 მარტამდე ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ჰქონდათ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები ან კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდათ ნუმერაციის რესურსი, 2018 წლის 1 მარტიდან ხდებიან ამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელები და ამ უფლებას ინარჩუნებენ ნებართვებით/მინიჭებით განსაზღვრული ვადით.    

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური