დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 23/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 320050000.17.010.016067 |
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები: ,,ვ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი; ზ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური − შესაბამისი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება და გადახდის წესი დგინდება აუქციონის საფუძველზე ან/და კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ ან „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა წესით. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.“. 3. მე-5 მუხლის 81 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;“. 5. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი V. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება“. 6. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებისა და რადიოსახმობების მინიჭება 1. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, ანიჭებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს. 4. არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც არაავტორიზებადი პირი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს. 5. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს. 6. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. 7. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს რადიოსახმობი, რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტით გამოყოფილი რადიოსიხშირის ზოლები და გასხივების სახეები, აგრეთვე რადიომოყვარულის კვალიფიკაცია. 8. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. საზღვაო ხომალდებისთვის რადიოკავშირის განსახორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები. 9. რადიოსიხშირის მინიჭება ხდება რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, რომელშიც უნდა აღნიშნოს: ა) რადიოსიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს რადიოსიხშირის მაძიებელი; ბ) რადიოსიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით; გ) სამოქმედო ზონა; დ) მონაცემები განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ; ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; ვ) სავარაუდო მუშა რადიოსიხშირე, რადიოსიხშირული ზოლი; ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე; თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა; ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები; კ) ანტენის განთავსების სიმაღლე; ლ) რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადა. 10. რადიოსიხშირის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებას თან უნდა დაერთოს კომისიის ბიუჯეტში რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის, და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია. 11. განცხადების, ან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია რადიოსიხშირის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა, რა ვადაშიც მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში რადიოსიხშირული რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 12. რადიოსიხშირული რესურსის მაძიებელი ვალდებულია კომისიისგან შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირული რესურსის მაძიებლის მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისია იღებს გადაწყვეტილებას რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 13. კომისია გადაწყვეტილებას რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს რადიოსიხშირული რესურსის მაძიებლის მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში. 14. რადიოსიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია: ა) რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ) რადიოსიხშირული თავისუფალი რესურსის არარსებობა; გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა. 15. რადიოსიხშირის მინიჭებაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით. 16. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია: ა) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა; ბ) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია); გ) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის პირობების დარღვევა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 17. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება გაუქმებულად ითვლება.”. 7. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: ,,მუხლი 291. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება 1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და მაძიებლის განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიღების თაობაზე. 2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება უვადოდ და ყოველწლიურად განახლდება, გარდა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. 4. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 5. განცხადების, ან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, რა ვადაშიც მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნუმერაციის რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 6. სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ გადასახდელი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი. 7. ნუმერაციის რესურსის მაძიებელი ვალდებულია კომისიისგან შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 8. კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში. 9. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე ერთდროულად შემოსულია ორი ან მეტი განაცხადი, უპირატესობა მიენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს. 10. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება განახლდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით. ამ შემთხვევაში კომისიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუქმებულად ითვლება. 11. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია: ა) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა; გ) სარგებლობის პირობების დარღვევა მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; დ) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება. 12. სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.“. 8. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ2) რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების რეესტრს.“. 9. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ავტორიზებულ, ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი;“; ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი პირების მიერ სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების შესრულების შემოწმება;“. 10. 36-ე მუხლის ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ავტორიზებულ და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად; 2. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელთა მიერ სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულებასთან. 5. მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები