სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 380000000.10.003.020399
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
84
16/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
380000000.10.003.020399
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2018 - 15/09/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პირობების შესრულების შემოწმებისას  სახელმწიფო კონტროლის და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეგულირების ობიექტი – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი − პირი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს და სააგენტოს სახელით უფლებამოსილია, განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებები; 

გ) სახელმწიფო კონტროლი − სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს, რეგულირების ობიექტის ინსპექტირებასა და დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

დ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი −  წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება და სისტემატური ანალიზი;

ე) ინსპექტირება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესწავლა, ადგილზე დათვალიერება,  შემოწმება და შესაბამისი რეაგირება;

ვ) შესწავლა − რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ანგარიშის დამუშავება/ანალიზი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ან დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;

ზ) დათვალიერება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;

თ) შემოწმება – სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება, დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების, შემოწმების ან მათი ანგარიშგების და სხვა პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ასევე, მათ საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც აცნობებს რეგულირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.

მუხლი 3. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

1. სახელმწიფო კონტროლის მიზანია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.

2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით:

ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით, რეგულირების ობიექტის ინფორმირებისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის განხორციელებით;

გ)  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით;

დ) რეგულირების ობიექტის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას, დადგენილი წესით, უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემით.

მუხლი 4. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პრინციპები

სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სასარგებლო წიაღისეულით რაციონალური სარგებლობის, გარემოსდაცვითი  და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯების გაწევით;

ბ) რეგულირების ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დარღვევათა გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება;

დ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება;

ე) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშგება;

ვ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფა.

მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

1. სააგენტო დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში  შესაბამისი ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობებისა და   საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.

2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.

3. სააგენტო ასევე თანამშრომლობს საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები

სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი მექანიზმებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების,  სასარგებლო წიაღისეულით უკანონოდ სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

გ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების ინსპექტირება.

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი კრიტერიუმები

სააგენტო გეგმური ინსპექტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი  კრიტერიუმებით:

ა) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვა (თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 კალენდარული წელი ან ნაკლები);

ბ) ობიექტის ადგილმდებარეობა − მისი სიახლოვე დასახლებულ პუნქტებთან, სხვა ინფრასტრუქტურულ და საინჟინრო ნაგებობებთან (გზა, შენობა-ნაგებობები, ნაპირსამაგრი ნაგებობები, გადამცემი ანძები, მილსადენები და ა.შ.),  დაცულ ტერიტორიებთან, ტყის ფონდთან;  

გ) სალიცენზიო ფართობი და მოსაპოვებელი/მოპოვებული რესურსის მოცულობის სიდიდე;

დ) გეო-ეკოლოგიური რისკებისა და საფრთხეების არსებობა (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, თოვლის ზვავი და სხვ.).

 

თავი II

რეგულირების ობიექტის შესწავლა, დათვალიერება და მისი საქმიანობის შემოწმება

მუხლი 8. რეგულირების ობიექტის შესწავლა

სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს შესწავლის მიზნით რეგულირების ობიექტისაგან დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვა. გამოთხოვილი ინფორმაცია შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ლიცენზირებული ტერიტორიის დამუშავების პროცესსა და საკითხებს, ასევე საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ვალდებულებებს ან/და ეხებოდეს ნებისმიერ სხვა საკითხს, რაც მნიშვნელოვანია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.

მუხლი 9. რეგულირების ობიექტის დათვალიერება

1. რეგულირების ობიექტის დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს რეგულირების ობიექტის წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.

2. რეგულირების ობიექტის წინასწარი შეტყობინების გარეშე დათვალიერება ხორციელდება:

ა) სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მიმართვების (საჩივრების), ასევე სხვა საშუალებებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) რეგულირების ობიექტების ანგარიშგების/შესწავლის შედეგად წარდგენილი ინფორმაციის  გადამოწმების მიზნით;

გ) სალიცენზიო პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმებისთვის.

3. დათვალიერება შესაძლოა მოიცავდეს:

ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილისა და სარგებლობის შესახებ;

ბ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილის, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან  დაკავშირებული საქმიანობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ობიექტის ვიზუალურ დათვალიერებას;

გ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ვიზუალურ შეფასებას, მათი ოდენობის დადგენასა და შესაბამის დოკუმენტებთან შედარებას, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტის  ვიზუალურ დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის, ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დათვალიერებასა და გაცნობას;

დ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გამოთხოვას/შესწავლას, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

ე) რეგულირების ობიექტის მიერ სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში წარმოებული  წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების (ღონისძიებების) განხორციელებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის დათვალიერებას/შესწავლას;

ვ) რეგულირების ობიექტზე წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებელი ან/და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის დათვალიერებასა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას;

ზ) რეგულირების ობიექტისაგან ნებისმიერი დოკუმენტაციისა და მასალის შემოწმებას, რომელიც მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებას, მათ შორის, ადგილზე გაცნობას;

თ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში  ლაბორატორიული სინჯების აღების დაუბრკოლებლად ჩატარებას.

4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.

5. დათვალიერების ღონისძიებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

მუხლი 10. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება

1. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს  სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, მათ შორის:

ა) ობიექტის დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე მიმდინარე ან განხორციელებული სამუშაოების შემოწმებას;

ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების შემოწმებას;

გ) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას;

დ) რეგულირების ობიექტისაგან ნებისმიერი დოკუმენტაციისა და მასალის შემოწმებას, რომელიც მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის;

ე) გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებას;

ვ) სხვა ქმედებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება რეგულირების ობიექტის შემოწმების მიზნების შესრულებას.

2. მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ბრძანების ფარგლებში სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია კითხვების დასმა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა.

3. სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომელიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება, მათ შორის, სააგენტოს  უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს: დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება როგორც ლიცენზირებული ტერიტორიის დამუშავების პროცესსა და საკითხებს, ასევე საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ვალდებულებებს ან/და ეხება ნებისმიერ სხვა საკითხს, რაც მნიშვნელოვანია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

4. შემოწმების განხორციელების პროცესში სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ პირს რეგულირების ობიექტის ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით ინსპექტირების ჩატარება შეუძლებელია. პირი ასევე უფლებამოსილია, რეგულირების ობიექტს მისცეს მითითება ან მოსთხოვოს დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიების გატარება.  აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.

5. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს გეგმური შემოწმების წესით.

6. შემოწმება ძირითადად არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან აუცილებელი ობიექტური და ტექნიკური გარემოებებისა.

7. სააგენტო რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია, მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა, რომელიც საჭიროა მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისათვის და დადგენილი წესით გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.

8. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს მიზნობრივად, ბუნებრივი რესურსების ცალკეული კომპონენტების მიხედვით.

9. სალიცენზიო ფართობებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, რის საფუძველზეც განხორციელდება შერჩეული უბნების (ტერიტორიის) შემოწმება.

მუხლი 11. გეგმური შემოწმება

1. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი გეგმური შემოწმების გეგმას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.  

2. რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულირების ობიექტების წინასწარ გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად.

 

თავი III

ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება

მუხლი 12. ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა

1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ:

ა) რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას – სააგენტოს უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა;

ბ) რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – სააგენტოს უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ;

გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  სააგენტოს უფლებამოსილი პირი რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.

2. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს  უფლებამოსილი პირი შემოწმების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენას (ხელზე ჩაბარებით ან ფოსტის მეშვეობით) რეგულირების ობიექტისათვის, ხოლო თუ ამ პერიოდისათვის შემოწმება დასრულებულია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება მისი დასრულების შემდეგ, ამ პუნქტში მითითებული წარდგენის წესით.

5. რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს მიეკუთვნება რეგულირების ობიექტზე მომხდარი ავარიული სიტუაცია, დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება, ასევე სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, რომლებიც ცნობილი გახდება სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში   ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 13. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

1. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (შემდგომში – რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანება) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა საჭირო მონაცემებიც.

2. რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანების გამოცემა დასაშვებია რეგულირების ობიექტის მფლობელობაში არსებული ერთი ან რამდენიმე ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე.

3. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, რამდენიმე რეგულირების ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მათ შესამოწმებლად შესაძლებელია რეგულირების ობიექტების ერთიანი შემოწმების ბრძანების გამოცემა.

მუხლი 14. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა

1. რეგულირების ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს შემოწმების ჩატარების განხორცი­ელების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუმეტეს იმავე ვადისა.

2. რეგულირების ობიექტის შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული სამუშაოებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია რეგულირების ობიექტის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის სრულად გამოვლენისთვის,  ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება.

3. ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია რეგულირების ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შემოწმების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ შემოწმების ჩატარების განხორცი­ელების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

თავი IV

რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელება

მუხლი 15. რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა

სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი;

გ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვალი ან სხვა დოკუმენტები;

დ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები;

ე) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები;

ვ) ფოტო და ვიდეოკამერა;

ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალა, რომელიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

მუხლი 16. რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში

1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირები. შემოწმებას ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.

2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში და ასევე მის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში.

3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე ან მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წარუდგენლობის შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

5. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღების, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით, შესაძლებელია მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.

6. საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია მიწვეულ იქნენ სპეციალისტები/ექსპერტები (მათ შორის, უცხოელი) ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს.

მუხლი 17. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის

1. რეგულირების ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია,  ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ქმედებების განხორციელებისას:

ა) საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვოს სააგენტოს უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი საოფისე ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა;

ბ) ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს, თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები;

გ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შესაბამისად,  შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი ან არ დაუშვას მათი გამორთვა ან მათთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა;

დ) წარადგინოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია;

ე) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად;

ვ) უზრუნველყოს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწმებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება;

ზ) ასევე შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

2. ინსპექტირების განხორციელებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი აფრთხილებს რეგულირების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის წარმომადგენელს, რომელიც ხელს უშლის (აფერხებს) სააგენტოს კანონიერი მოქმედებების განხორციელებას, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

მუხლი 18. ფოტო და ვიდეოჩანაწერი

1. ინსპექტირების პროცესში სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აწარმოოს რეგულირების ობიექტის საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების, მისი საქმიანობის, ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტოგადაღება/ვიდეოგადაღება.

2. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები ობიექტზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები რეგულირების ობიექტის საქმიანობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.

3. ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტო და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებულ უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით ან სააგენტოს უფლებამოსილი პირი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.

4. რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია, მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ფოტოგადაღების/ვიდეოგადაღების შეზღუდვა და კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით ინსპექტირების დაწყებამდე ან ინსპექტირების პროცესში უნდა ეცნობოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტოგადაღების/ვიდეოგადაღების განხორციელებას, ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება სააგენტოს მიერ,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 19. ახსნა-განმარტება

1. ინსპექტირების პროცესში სააგენტოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ჩამოართვას ახსნა-განმარტება რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს, ასევე პირებს, რომლებიც რეგულირების ობიექტის სახელით მონაწილეობას იღებენ ინსპექტირებაში ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს ობიექტის განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში.

2. იმ პირისათვის, რომელსაც არ შეუძლია ახსნა-განმარტება მისცეს ქართულ ენაზე, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს თარჯიმნის მეშვეობით.

მუხლი  20.  მტკიცებულებები ინსპექტირების პროცესში

1. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით:

ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში,  შემოწმებულ და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

2. სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი V

ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას

მუხლი 21. ინსპექტირების აქტი

1. რეგულირების ობიექტის დათვალიერების დამთავრების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი, რომელშიც აისახება დათვალიერებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.

2. რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი, რომელშიც აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.

3​. რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ  ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, შემოწმების მასალების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სამართალდამცავ ორგანოებში რეაგირების მიზნით გადაგზავნამდე, მოამზადოს და სააგენტოს უფროსს წარუდგინოს შემოწმების ანგარიში.

4. თუ ინსპექტირების აქტში ფიქსირდება ინსპექტირების პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, აღნიშნული დასკვნები თან ერთვის ინსპექტირების აქტს.

5. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ჰბარდება ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი.

6. რეგულირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების აქტის მიღებაზე (ხელმოწერაზე) უარის თქმის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, წარადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერასა და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.

7. ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტი ეგზავნება რეგულირების ობიექტს, რის თაობაზეც საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი ან გამოიყენება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

8. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

9. ინსპექტირების ხასიათიდან, მოცულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით, შესაძლებელია სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა შეადგინოს საველე აქტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

10. საველე აქტი შესაძლებელია შედგეს რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, როდესაც დამრღვევი უცნობია ან სხვა შემთხვევებში მოპოვებული მტკიცებულების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით.

11. თუ სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება რეგულირების ობიექტისთვის შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით) ან იგი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე ან/და მისი ჩაბარება საფოსტო გზავნილის საშუალებით.  

თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა;

ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა;

გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

მუხლი 22. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგები

ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა. რეგულირების ობიექტის ინსპექტირებისას, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა ხორციელდება საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ.

მუხლი 23. რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე

1. ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმის სხვა მასალებთან ერთად (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად, რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრების მიზნით), დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტისათვის დაკისრება, სააგენტოს მიერ ხორციელდება შესაბამისი სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.

3. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

4. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა. ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს სააგენტოს უფროსი. გადაუდებელი აუცილებლობისას, შემოწმების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო დათვალიერების განხორციელებისას – სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინება (ჰბარდება) ან ეგზავნება რეგულირების ობიექტს,  კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის  21-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

5. დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისათვის წარდგენა, რომლის შეუსრულებლობაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად იწვევს რეგულირების ობიექტებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას, საქმის გარემოებებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადად ხორციელდება ჩადენილი დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ინსპექტირების პროცესში წარდგენილი მიწერილობისა.

6. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გაიცეს  რეგულირების ყველა ობიექტის მიმართ.

7. სააგენტოს მიერ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელთა მიმართ ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენა ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის დადგენილი გონივრული ვადის საფუძველზე.

8. სააგენტოს  უფლებამოსილი პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, დადგენილი წესით, იღებს საგენტოს უფროსი.

მუხლი 24. რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში

რეგულირების ობიექტს უფლება აქვს:

ა) ინსპექტირების პროცესში სააგენტოს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ხოლო შემოწმების ჩატარებისას – დამატებით უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა);

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ამ შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი;

გ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ქმედება ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

მუხლი 25. რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

1. რეგულირების ობიექტი ვალდებულია:

ა) დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის  პირობების შესრულების ანგარიში სააგენტოს;

ბ) ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სააგენტოს ყველა საჭირო ინფორმაცია (იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე), ასევე აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები და შეასრულოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობები;

გ) თავის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიის ან ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციის ან მათი საფრთხის არსებობის შესახებ დროულად აცნობოს სააგენტოს ან/და სხვა დაინტერესებულ უწყებებს;

დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირისა (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

ე) შეასრულოს სასარგებლო წიაღისეულით  სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

2. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზეც დადასტურდა სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).

მუხლი 26. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი

სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 27. ამ წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი სამართლებრივი აქტები

ამ  წესის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ;

ბ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი  მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ.