საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016478
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-94
22/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
360160000.22.023.016478
საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/02/2018 - 13/10/2020)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-94

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზეб ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო განხილვის წესი“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის ,,ბ-გ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 მუხლის ,,ბ-გ“ ქვეპუნქტებისა, მე-4 მუხლისა, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტისა (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტისა (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, მე-8 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის  (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-6 პუნქტის, მე-7-მე-9 პუნქტების (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-11 და მე-14 პუნქტებისა (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-10 მუხლის პირველი პუნქტის (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-3-მე-4 პუნქტების (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) და მე-5 პუნქტისა, მე-11 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტისა (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) და მე-12 მუხლისა (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-8 მუხლის მე-3  და მე-5 პუნქტები, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-6 პუნქტი, მე-7-მე-9 პუნქტები (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-11 და მე-14 პუნქტები (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-10 მუხლის პირველი პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-3-მე-4 პუნქტები (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-5 პუნქტი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) და მე-12 მუხლი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  (საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი (საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში) და მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი (საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.
4. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლი მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსათვის ძალაში შესვლისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



საჯარო განხილვის წესი

 


მუხლი 1. რეგულირების საგანი
საჯარო განხილვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს:
ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას;
ბ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშზე რეკომენდაციების გაცემისას;
გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ ტერმინებს.

მუხლი 3. საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა
საჯარო განხილვის ჩატარება სავალდებულოა:
ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი  (შემდგომში – გზშ-ისადმი) დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის დასკვნის გაცემისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე;
ბ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში – სგშ-ის) ანგარიშზე და  სტრატეგიული გარემოსდაცვით შეფასებისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე რეკომენდაციის გაცემის ეტაპზე;
გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო  ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ეტაპზე.

მუხლი 4. საჯარო განხილვა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას საჯარო განხილვის პროცედურები განისაზღვრება იმ სახელმწიფოსთან შეთანხმების შედეგად, რომლის ტერიტორიაზე დაგეგმილმა საქმიანობამ, ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე ან რომლის  გარემოზე შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს საქართველოში გზშ-სადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ ან სგშ-სადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 5. საჯარო განხილვის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და მათი უფლებამოსილება
1. საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი ორგანოებია:
ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის და გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);
ბ) სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვისას – დამგეგმავი ორგანო.
2. სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული,  ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდებას;
ბ) საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას;
გ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობას და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, ასევე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;
ე) საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

მუხლი 6. საჯარო განხილვაში მონაწილეობის უფლება
1. საჯარო განხილვა ღიაა. საჯარო განხილვაში მონაწილეობის, ასევე ზეპირი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
2. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
3. სგშ-ის ანგარიშსა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვაში მონაწილეობას იღებენ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევას.
4. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს  წარმომადგენელი.

მუხლი 7. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ საზოგადოების ინფორმირება
1. სამინისტრო ვალდებულია გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა (შემდგომში დღე), ხოლო გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20  დღისა.
2. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვედებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.
3. სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს:
ა) სამინისტროსა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;
ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი);
დ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას ხოლო სგშ-ის შემთხვევაში სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას.
4. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი;
ბ) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა;
გ) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო;
დ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებები, აგრეთვე მონაცემები იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლიარების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
ე) საჯარო განხილვაზე დასწრების და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე;
ვ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შესახებ – ამ პროცედურის განხორციელების შემთხვევაში;
ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა მონაცემის შესახებ (მათ შორის, არატექნიკური რეზიუმეს ხელმისაწვდომობის შესახებ), რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას.
5. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის განთავსების დრო იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა.

მუხლი 8. საჯარო განხილვის ჩატარების დრო და ადგილი
1. სამინისტრო, გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა, უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.
2. სამინისტრო, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.
3. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის ჩატარებას უზრუნველყოფს მის მიერ რეკომენდაციების გაცემის თაობაზე განცხადებით დადგენილ ვადაში.
4. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
5. სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა ტარდება დამგეგმავი ორგანოს მიერ რეკომენდაციების გაცემის თაობაზე განცხადებით დადგენილ ადგილას.
6. სამინისტრო სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების გადაწყვტილების მიღების შემდგომ, წინასწარ ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან მის შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ შეთანხმებას.

მუხლი 9. საჯარო განხილვის სხდომის მიმდინარეობა
1. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.
2. საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება:
ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე- სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
ბ) სგშ-სადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე და სგშ-ს ანგარიშზე – დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
3. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.
4. სამინისტროს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს:
ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ;
ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების  შესახებ, რომელიც შესწავლილი  უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის.
გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.
5. გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვაში საქმიანობის განმახორციელებლის მონაწილეობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის მონაწილეებს ასევე გააცნობს საქმიანობის განმახორციელებელი.
6. სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის დროს დამგეგმავი ორგანო საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს:
ა) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსის, ამოცანებისა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან კავშირის შესახებ;
ბ) ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტარტეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ;
გ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე,  ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების მოკლე აღწერას.
7. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანო წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს.
8. საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
9. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას.
10. საჯარო განხილვა როგორც წესი არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს.
11. საჯარო განხილვის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.
12. საჯარო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
13. საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების წარმომადგენელი.
14. ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას.

მუხლი 10. საჯარო განხილვის შესახებ ოქმი
1. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს.
2. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) განხილვის დრო და ადგილი;
გ) საჯარო განხილვის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ხოლო გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის საჯარო განხილვაზე – საქმიანობის განმახორციელებლის და კონსულტანტის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა;
დ) განსახილველი საკითხის მოკლე მიმოხილვა;
ე) საჯარო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.
3. სხდომის ოქმს ხელს აწერს და მის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
4. საჯარო განხილვაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. აღნიშნული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის  შესახებ ოქმს მისი შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს  სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
6. საჯარო განხილვის შესახებ ოქმს თან უნდა ერთოდეს ცხრილი საჯარო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნების და აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინების შესახებ.

მუხლი 11. საჯარო  განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება
1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ასევე სკოპინგის დასკვნის გაცემის პროცესში სამინისტრო განიხილავს საჯარო განხილვაზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ.
2. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებენ მათ სგშ-ის ანგარიშთან და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის პროცესში.
3. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.
4. სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები.

მუხლი 12. გადაწყვეტილების გასაჩივრება
საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს  უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს მიერ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ სამინისტრომ/დამგეგმავმა ორგანომ არ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.