საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.020360
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
29/01/2018
ვებგვერდი, 30/01/2018
300010000.10.003.020360
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2018 - 30/04/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2018 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია დანართ №1-ით განსაზღვრული შემადგენლობით.

2. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება დანართ №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №1

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

1. კახაბერ გულედანი – საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

2. გიორგი  კაკაურიძე  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3. გიორგი პატარიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

4. ეკატერინე მიქაბაძე –  საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

5. ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

6. გიორგი ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

7. გიორგი ბაქრაძე –  საქართველოს  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

8. მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

9. თენგიზ ცეკვავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

10. შოთა ქათამაძე –  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ვანო  ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი;

11. ნიკოლოზ როსებაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი;

12. რევაზ კაკულია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

13. დავით მეტრეველი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

14. მინდია ღლონტი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

15. ბათუ გურჯიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

16. დიმიტრი ქებაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

17. ზაურ აბაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

18. ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

19. თამარ სამხარაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

20. ნუგზარ ჩიტაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

21. ავთანდილ თალაკვაძე – სსიპ – საგანგებო  სიტუაციების  კოორდინაციისა  და  გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი.


დანართი №2

 

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენას.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში – კოდექსი), ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. კომისიის ფუნქციები

კომისიის ფუნქციებია:

ა) ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;

ბ) რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა;

გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხილვა;

დ) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების, ასევე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა კოდექსის შესაბამისად;

ე) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ თვითმმართველ ერთეულთან (ერთეულებთან) და თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს რეგიონული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და წინადადებათა შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;

დ) საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათი კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები;

ე) შეარჩიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტები;

ვ) საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებები, ასევე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობა;

 ზ) „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიას თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ასევე თვითმმართველი ერთეულების შექმნასა და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ცენტრების სახელწოდებათა შეცვლის შემთხვევებში თვითმმართველი ერთეულების და თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრების სახელდების შესახებ დასკვნის მისაღებად;

 თ) კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელების მიზნით, შეიმუშაოს თვითმმართველ ერთეულთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმები.

მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადების მომზადება და შუამდგომლობის განხილვა

 1. თვითმმართველი ერთეულების შექმნა/გაუქმება, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

 2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობის შემთხვევაში, კომისია ამოწმებს მის შესაბამისობას ამ დებულებითა და კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე. შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე უარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 3. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

 4. თუ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება კოდექსის მოთხოვნებს, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, რეკომენდაცია გაუგზავნოს თვითმმართველ ერთეულს. თვითმმართველი ერთეული ვალდებულია, ხარვეზი გამოასწოროს რეკომენდაციის მიღებიდან არა უგვიანეს სამი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველმა ერთეულმა უნდა წარადგინოს ახალი შუამდგომლობა.

 5. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას თან ერთვის კომისიის დასკვნა.

 6. კომისია უფლებამოსილია, მოამზადოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადება საქართველოს მთავრობის დავალებისა და კომისიის წევრების ინიციატივის საფუძველზე.

 7. კომისია უფლებამოსილია, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ რამდენიმე ალტერნატიული წინადადება.

მუხლი 5. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციის წესი

 1. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციას, კოდექსით დადგენილ შემთხვევაში, უზრუნველყოფს კომისია.

 2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაცია ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

 3. კომისია უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხის საჯარო განხილვისას დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მოსაზრებების განზოგადებასა და საქართველოს მთავრობისთვის/მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადაგზავნას კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

 მუხლი 6. კომისიის ხელმძღვანელობა

 1. კომისიის თავმჯდომარე:

 ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

 ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

 გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

 2. კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის არყოფნისას.

 3. კომისიის მდივანი:

 ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

 ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე.

 4. კომისიის ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის მდივნის უფლებამოსილებას მისი არყოფნისას.

 მუხლი 7. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

 3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

 5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები, ასევე სხვა პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.

მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.