სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 110070000.10.003.020356
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“.   
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის

2018 წლის სახელმწიფო პროგრამა

(პროგრამული კოდი: 35 01 02 02)


მუხლი 1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებასა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ მართლზომიერი საექსპერტო დასკვნების გაცემას.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;

ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.

 

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოსარგებლეები არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც, პროგრამის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, უტარდებათ განმეორებითი შემოწმება – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა.

 

მუხლი 3. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები

1. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:

ა) პროგრამის განმახორციელებელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო);

ბ) პროგრამის მიმწოდებელი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც წერილობითი თანხმობა განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის განმეორებით შემოწმებას – სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას.

2. ეს პროგრამა, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

 

მუხლი 4. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის გამოსავლენად, რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია, შერჩევით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ბოლო შემოწმებიდან გასულ პერიოდში ჩატარებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის, უპირატესად:

ა) დადგენილ ვადაში გადამოწმებისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ხარისხის დამძიმების შემთხვევები;

ბ) პირველადად დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

გ) უვადოდ დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.

2. არასწორად გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის გამოვლენის მიზნით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განმეორებითი შემოწმება პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ.

3. რეგულირების სააგენტო შშმ სტატუსის გადასამოწმებლად, გამოვლენილ შშმ პირს წერილობით აცნობებს განმეორებითი შემოწმების ჩატარების თაობაზე, გადამოწმების ვადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის ჩამონათვალის მითითებით (გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით). ამასთან, შშმ სტატუსის მიმნიჭებელი და განმეორებითი შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება არ უნდა იყოს ერთი და იგივე, არ უნდა ჰყავდეთ მართვის განმახორციელებელი ერთი და იგივე პირი. ორივე დაწესებულებაში დამფუძნებლები (მონაწილეები) არ უნდა წარმოადგენდნენ ერთსა და იმავე პირებს, რომელთა ჯამური წილი თითოეულ დაწესებულებაში შეადგენს არა უმეტეს 20%-ისა.

4. რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შშმ პირი განმეორებით შემოწმებას გაივლის ჩამონათვალში მითითებულ, მისთვის სასურველ პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რომლის მოსარგებლეა ამ პროგრამის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირი. ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს შესაბამის სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას. ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ვაუჩერის მოსარგებლის მხრიდან.

2. პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი ზედა ზღვრისა.

3. რეგულირების სააგენტო განსაზღვრავს ვაუჩერის ღირებულების ზედა ზღვარს, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული შემთხვევებისთვის, პროფილის შესაბამისად.

4. მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ რეგულირების სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა დადგენილი ფორმით.

5. დაფინანსების მისაღებად მიმწოდებელი შესრულებული სამუშაოს (დასკვნა განმეორებითი შემოწმებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საბოლოო შედეგების თაობაზე) შესახებ ანგარიშს აწვდის რეგულირების სააგენტოს დადგენილი ფორმით, მომსახურების დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით. ხოლო, დეკემბერში დასრულებული მომსახურების შესახებ ანგარიში რეგულირების სააგენტოს წარედგინება არა უგვიანეს 25 დეკემბრისა.

 

მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები

1. პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს პროგრამის ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება დადგენილი წესით.

2. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია:

ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ბ) გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება და/ან დააკისროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ფინანსური ჯარიმა;

გ) მოსთხოვოს მიმწოდებელს დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება, დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 7. მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები

1. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისა და ვალდებულებების შესრულებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით;

ბ) შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა;

გ) ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ., საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) განმახორციელებლისათვის მიწოდება;

დ) პროგრამის განმახორციელებელს არ გადაახდევინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურზე მეტი თანხა;

ე) პროგრამის მოსარგებლეს არ გადაახდევინოს პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასური და/ან დამატებითი თანხა;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება განმახორციელებელთან;

ზ) პროგრამული მომსახურების შესრულებისთვის, დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებების აღრიცხვა ცალ-ცალკე, საანგარიშო პერიოდში;

თ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა;

ი) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად;

კ) დაუშვებელია, მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო;

ლ) პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 1 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით.

2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება, პროგრამით გათვალისწინებული დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით.

 

მუხლი 8. პროგრამის ზედამხედველობა

1. პროგრამის ზედამხედველობა ხორციელდება პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით.

2. პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებს რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ბ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

გ) შესრულებული სამუშაოს რევიზია (შემდგომში – რევიზია).

 

მუხლი 9. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება

1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება გულისხმობს:

ა) წარდგენილი დოკუმენტაციის პირველად შემოწმებასა და მის დადარებას საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას, საანგარიშგებო დოკუმენტაცია მიიჩნევა არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და დოკუმენტაციის ხელახლა წარსადგენად;

ბ) მოსარგებლის იდენტიფიცირებას;

გ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემების ურთიერთშედარებას და ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმებას.

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა.

 

მუხლი 10. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი

1. ინსპექტირების შედეგად შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს 2 ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

2. შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) მომსახურება გაეწია პირს, რომელიც არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე;

ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) თუ დარღვეულია პროგრამის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა;

დ) თუ დოკუმენტაცია წარდგენილია პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვადის დარღვევით და/ან განმეორებით წარდგენილია ხარვეზებით.

4. შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ფორმდება ანაზღაურებაზე უარის თქმის ოქმი დადგენილი ფორმით, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან.

 

მუხლი 11. შესრულებული სამუშაოს რევიზია

1. რეგულირების სააგენტო რევიზიას ახორციელებს ადგილზე, მიმწოდებელ დაწესებულებაში ყველა პროგრამული შემთხვევის სამედიცინო და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) დოკუმენტაციის შემოწმებით.

2. რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

3. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

4. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო.

მუხლი 12. საჯარიმო სანქციები

1. რევიზიის დროს გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება შემდეგი ტიპის საჯარიმო სანქციები:

ა) ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნება;

ბ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

2. პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.

3. ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია:

ა) თუ მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დოკუმენტაცია;

ბ) თუ დიაგნოზი და/ან სსე დასკვნა არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით;

გ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება;

დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე;

ე) თუ მომსახურების პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;

ვ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს;

ზ) თუ მომსახურება გაეწია პირს, რომელიც არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე;

თ) თუ სტაციონარული შემთხვევების დროს მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება.

4. რევიზიის დროს გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიმწოდებელი დაჯარიმდება ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა პროგრამულ მომსახურებაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას ვაუჩერის ღირებულების (ზედა ზღვარი) სამმაგი ოდენობის სახით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას ვაუჩერის ღირებულების (ზედა ზღვარი) სამმაგი ოდენობის სახით;

დ) პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე პროგრამის ფარგლებში აღებულ პასუხისმგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით პროგრამის ბიუჯეტის ოდენობის 5%-ს;

ე) სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა) გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევაზე ანაზღაურებული თანხის 10%-ით;

ვ) პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

5. დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევების გამო მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.

6. დადგენილების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინითა და სხვა.

 

მუხლი 13. დამატებითი პირობები

1. პროგრამის განმახორციელებელი დადგენილი წესით უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელ განხორციელებას.

2. რეგულირების სააგენტო შეიმუშავებს და ამტკიცებს:

ა) არამატერიალიზებული ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ზედა ზღვარს, მომსახურების პროფილის მიხედვით;

ბ) პროგრამული მომსახურების საანგარიშგებო ფორმებს.

 

მუხლი 14. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 100 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

თანხა ლარში

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად, სამედიცინო გადამოწმების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა მიმწოდებლის მიერ

75 000

სამივლინებო ხარჯები

25 000

სულ:

100 000.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.