გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
12/01/2018
ვებგვერდი, 18/01/2018
010250050.35.148.016447
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2018 - 14/05/2018)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2018 წლის 12 იანვარი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად,   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართ №1-ის (თან ერთვის 4 ფურცლად) შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №17  დადგენილება (www.matsne.gov.ge,  13/04/2017, 010250050.35.174.016209).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი 1
გორის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

მუხლი 1. გენდერული თანასწორობის საბჭო
1. გორის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.


მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები
1.  საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით  შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;  

ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;

ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორცილებულ ღონისძიებებში;

თ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

კ) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2.  საბჭო:

ა) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.

3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოს.


მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე(ები), საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.

2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.

4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს წევრებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არარსებობის  შემთხვევაში) წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი მიმართვის საფუძველზე.

6. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 


მუხლი 4. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.

5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.

6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.

7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობით, ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 

8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს.


მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი და მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.