„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 10-12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016458
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10-12
16/01/2018
ვებგვერდი, 16/01/2018
010260020.35.101.016458
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/01/2018 - 17/03/2023)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-12

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №5-22 დადგენილება;

ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №9-19  დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების მართვის მიზნით შექმნილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურს მიკუთვნებული სფეროების მუნიციპალური პროგრამების მართვას, მათი განხორციელების კონტროლს, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული თბილისის იურიდიული პირების (შემდგომში – იურიდიული პირები) ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვასა და კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში  მონიტორინგის განხორციელებას, სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.

5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.

6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.

7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7.


მუხლი 2. სამსახურის  ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. კულტურის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) კულტურის სფეროში თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა, კოორდინაცია და მათი განხორციელების კონტროლი;

ბ) თბილისის  კულტურის სტრატეგიის შემუშავება, პერიოდული განახლება და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;

გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამსახურის კომპტენციის ფარგლებში, იურიდიულ პირებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვასა და პოპულარიზაციაზე, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფაზე ზრუნვა, კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ე) სამსახურის კომპტენციის ფარგლებში, დამეგობრებული ქალაქების შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;

ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სფეროს განვითარების ხელშეწყობა, შესაბამის ორგანიზაციებთან და კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან თანამშრომლობა, ურთიერთობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

თ) თბილისის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის, სახელის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;

ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებსა და დედაქალაქებთან, კულტურის სფეროში, თბილისის კავშირების განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

კ) კალენდარული წლის განმავლობაში დღესასწაულებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ერთიანი ბაზის შექმნა, შესაბამისი კალენდრის გაკეთება და პერიოდული განახლება;

ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გასაზიარებლად, შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევა, აგრეთვე, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერკლასების გამართვა;

მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, რელიგიური, სახალხო და სახელმწიფო დღესასწაულების მზადებაში თბილისის მუნიციპალიტეტის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება.         

2. განათლების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების სფეროს პროგრამების მომზადება, მართვა და  ორგანიზება მუნიციპალურ დონეზე,  შესაბამისი მონიტორინგის  განხორციელება;

ბ) მონაწილეობის მიღება განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

გ) საერთაშორისო პროგრამებში მუნიციპალიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა და განათლების სფეროს განვითარებისათვის არასაბიუჯეტო სახსრების (გრანტების და სხვა სახსრების) მოზიდვა;

დ) დედაქალაქში სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; 

ე) დედაქალაქში სკოლისგარეშე, ზოგადი განათლების, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების, უწყვეტი განათლების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ)  წარმატებული სტუდენტების წახალისება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დედაქალაქში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის;

ზ) განათლების სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი  ურთიერთობების დამყარება;

თ) თბილისის  საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;

ი) განათლებაში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო  სექტორის  განვითარების ხელშეწყობისათვის  ზრუნვა;

კ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან განათლების საკითხების თანამშრომლობის სფეროში  თბილისის  კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; განათლების საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მივლინებისა და სტაჟირების უზრუნველყოფა. საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა განათლების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერკლასების მოსაწყობად; გაცვლითი პროგრამების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მხარდაჭერა განათლების  სფეროს  სპეციალისტებისათვის  და  სტუდენტებისათვის;

ლ) თბილისის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის, პოპულარიზაცია, საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ფორუმების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) თბილისში  მოქმედი საჯარო და კერძო უმაღლესი, პროფესიული და ზრდასრულთა  საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და საქმიანობის ხელშეწყობა;

ნ) პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა, ადგილობრივი და საზღვარგარეთ სტაჟირების  პროგრამების  განხორციელება.   

3.  სპორტის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება;  

ბ) თბილისში ფიზიკური აღზრდის და სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

გ) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაცია;

დ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა, სამსახურის სასპორტო ცენტრების სპორტსმენთა და დედაქალაქის სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისთვის, საწვრთნელი შეკრების, საქალაქო პირველობების ორგანიზება და სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;

ე) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;    

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების სპორტულ ორგანიზაციებთან მეგობრული, საქმიანი კონტაქტების დამყარება, თბილისის მერიის სპორტის  სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და სტაჟირების მიზნით მათი მივლინების  უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში, ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ქვეყნების შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში თბილისის მერიის სპორტული დელეგაციების, მწვრთნელთა და დამხმარე პერსონალის მივლინება;

ზ) დედაქალაქის სპორტული კომპლექსების შემდგომი განვითარება, ძირითადი  მიმართულების  (სახელმწიფო კონცეფციის)    რეალიზაცია, მოქმედი ნორმატიული  აქტების საფუძველზე;

თ) ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის  სფეროში  ადგილობრივი და  უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ი) თბილისის მერიის მმართველობაში არსებული სპორტის ბაზების მოვლა-პატრონობა;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა და შესაბამის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვა;

ლ) მზრუნველობამოკლებულ ბავშვებში სპორტის პოპულარიზაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;

მ) სპორტული კლუბებისა და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობა;

ნ) საუნივერსიტეტო სპორტის  ხელშეწყობა;

ო) სპორტის საკითხთან დაკავშირებით  საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაცია, თბილისის დაძმობილებული ქალაქებისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების სპორტის შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების განვითარება;

პ) სამსახურის ამოცანების განხორციელების მიზნით კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან, კავშირებთან და უცხოეთის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

4. ახალგაზრდობის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა და  ორგანიზება;

ბ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის  მხარდაჭერა და ხელშეწყობა;

გ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელება, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;

დ) საერთაშორისო  და  ადგილობრივი  ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება;

ე) ახალგაზრდებში  სპორტისა  და  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის  პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და  განხორციელება; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისება და ხელშეწყობა;

ვ) ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების  ხელშეწყობა,    სტაჟირების პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბება კერძო სექტორთან;           

ზ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ნიჭიერი  ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავება;

თ) სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის  ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ი) ახალგაზრდების   საზოგადოებრივ    ცხოვრებაში აქტიურად  ჩაბმის მიზნით  შესაბამისი პროექტების შემუშავება  და  განხორციელება;

კ) თბილისის მერიის მასშტაბურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

ლ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

5. კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის  უფლებამოსილებებია:

ა) იურიდიული პირებისთვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) იურიდიული პირების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

დ) დავალების საფუძველზე ან/და სამსახურის ინიციატივით, თბილისის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებებისა და პროექტების მომზადებაში ან/და წარმოებულ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

ე) თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან – თბილისის რაიონების გამგეობებთან, იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება, გამოთხოვა და მიწოდება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში თათბირების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, სამუშაო შეხვედრების გამართვა და კონსულტაციისთვის ექსპერტების მოწვევა;

ზ) მონაცემების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული  შესაბამისი დაწესებულებებისგან;

თ) კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირისთვის;

კ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მოცულობისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფა;

მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მათი შესრულება;

ნ) გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის საკრებულოსთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 3. სამსახურის უფროსი   
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს  და ხელმძღვანელობს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

გ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს; ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;

თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

მ)  სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 4. სამსახურის უფროსის მოადგილეები  
1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეები:

ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ  სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.


მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 
1. სამსახური შედგება შემდეგი  სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილება;

ბ) კულტურის პროექტებისა  და პროგრამების  განყოფილება;

გ) განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა   განყოფილება;

დ) სპორტის  განყოფილება;

ე)  მონიტორინგისა  და შეფასების განყოფილება.

2. კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების  განყოფილების ფუნქციებია:

ა) იურიდიული პირების განვითარების ხელშეწყობა, მათი საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;

ბ)  იურიდიულ პირებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

გ) იურიდიული პირების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების განხორციელების ორგანიზება;

დ) სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, ხელოვნების ტრადიციული დარგების ხელშეწყობა და ახალი მიმართულებების დანერგვა;

ე) მუნიციპალური მუზეუმების, მუნიციპალური გალერეის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;

ვ) პროფესიული მუნიციპალური თეატრების  განვითარების ხელშეწყობა;

ზ) მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) პანთეონების ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ი) თბილისის საკუთრებაში არსებულ და იურიდიული პირებისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაში (შენობა-ნაგებობები), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი (ადაპტირებული) გარემოს შექმნის ხელშეწყობა;

კ) იურიდიულ პირებში თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა და განვითარების ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება;

ლ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  შესახებ განცხადებების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

მ) თბილისის მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  წარდგენის უზრუნველყოფა;

ნ) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ო) კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების  განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

პ) იურიდიული პირების საქმიანობის კვლევის საფუძველზე, მათი განვითარების პროექტების შემუშავება და დაგეგმარება.

3. კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის  პროექტებისა  და  პროგრამების  განყოფილების ფუნქციებია:

ა) კულტურის სფეროზე ორიენტირებული  კულტურის პროექტებისა და პროგრამების განხილვა და მომზადება;

ბ) დედაქალაქში კულტურის ინოვაციური პროექტების, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებისა და აქტივობების განსახორციელებლად იდეების შემუშავება, სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

 გ) კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების  ხელშეწყობა და მომზადება;

დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სახალხო და სახელმწიფო დღესასწაულების კონცეფციების შემუშავება  დაგეგმარება.

ე) მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების კულტურის სფეროს მიკუთვნებული წარმატებული პროექტების მოძიება და გამოცდილების გაზიარება;

ვ) კულტურის სფეროს მიკუთვნებული საერთაშორისო და გაცვლითი ღონისძიებების განხორციელება, თბილისთან დაძმობილებულ ან/და მსოფლიოს სხვა ქალაქებთან კულტურის სფეროს მიკუთვნებული ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სხვა შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა;

თ) ინკლუზიური ხელოვნების მიმართულებების განვითარება;

ი) კულტურის მოღვაწეთა შემოქმედების ბეჭდური სახით პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

კ) თეატრალური პროექტების ხელშეწყობა;

ლ) კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა;

მ) სხვადასხვა სადღესასწაულო თარიღების, ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების  დაგეგმვა, განხორციელება და ხელშეწყობა;

ნ) სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ   ანგარიშების მომზადება;

ო) შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

პ) კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ჟ) თბილისის მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  წარდგენის უზრუნველყოფა.

4. კომპეტენციის ფარგლებში განათლების  და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების საქალაქო სფეროს განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მართვის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება;

ბ) განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) განათლების და საქალაქო პროგრამების მიმდინარეობისას ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;

დ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ პირებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ე) თბილისისადმი დაქვემდებარებული საგანმანათლებლო,  სკოლისგარეშე და ახალგაზრდული დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) საერთაშორისო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა დამეგობრებულ ქალაქებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ზ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;

თ) ევროკავშირის ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ი) ახალგაზრდებში მოხალისეობის განვითარება, სოციალური მეწარმეობის  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდულ სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

კ)  ახალგაზრდებისათვის დასვენების, გართობის, დასაქმების და სოციალური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ლ) განათლების  და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. კომპეტენციის ფარგლებში სპორტის  განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მართვის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება;

ბ) თბილისში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი, სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიებების ჩატარება, დედაქალაქში სპორტული ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ მუშაობაზე კონტროლი და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

გ) სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებთან თანამშრომლობა;

დ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაცია;

ვ) ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ქვეყნების შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში თბილისის მერიის სპორტული დელეგაციების, მწვრთნელთა და დამხმარე პერსონალის მივლინება;

ზ) სპორტის განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

თ) თბილისის მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  წარდგენის უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოებისა და   დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების გეგმური შესრულების ანალიზი;

ბ) იურიდიული პირების საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

გ) სამსახურს დაქვემდებარებული ობიექტების წლიური ანგარიშების შესწავლა;

დ)  იურიდიული პირების პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების დადგენა;

ე) მუნიციპალური პროგრამების, ღონისძიებების/აქტივობების/პროექტების  მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი წინადადებისა და დასკვნების მომზადება;

ვ) დაფინანსებული პროექტების განხორცილების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების კონტროლი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფინანსური და სამართლებრივი მხარის  შესწავლა/ვიზუალური მასალის გაცნობა;

ზ) მონიტორინგის ოქმების ფორმების შემუშავება, მოხსენებითი ბარათისა  და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;

თ) პროექტების განხორციელების შესახებ დადებული ხელშეკრულებით მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების გაანგარიშება;

ი) იურიდიული პირების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;

კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;

ლ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა;

მ) ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;

ნ) სრულ ინდივიდუალურ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე ხელშეკრულებების მომზადება;

ო) სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის/ორგანოს მიერ შემოწმებული მუნიციპალური ობიექტების დასკვნების შესწავლა და რეაგირება;

პ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პერიოდული ანგარიშების მომზადება.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი   
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;

ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის ან/და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.


მუხლი 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა. 


მუხლი 8. სამსახურის დაფინანსება და ქონება  
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.

 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას. 


მუხლი 9. დასკვნითი დებულებები 
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.