„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1895-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.018741
1895-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
220020000.05.001.018741
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები (განურჩევლად მათი ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა;“;

ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის  ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;“;

გ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1“ ქვეპუნქტი:

„ხ1) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი;“.

2. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი II

ლიცენზირება

მუხლი 3. წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას წარუდგენს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის განცხადებული საწესდებო კაპიტალის და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის განცხადებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;

გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად;

დ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ადმინისტრატორის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ზ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

თ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

ლ) უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

მ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი;

ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურა/ჯგუფის სტრუქტურა გამჭვირვალე უნდა იყოს და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას, აგრეთვე კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებულ ასლს (იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დამოწმების შესაძლებლობას);

ა.ბ) მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას;

ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას;

ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;

ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას;

ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ მონაცემებს;

ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს;

ბ.ბ) უახლესი პერიოდის (კვარტლის) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

ბ.გ) ნასამართლობის შესახებ ცნობას.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) შესაბამისი  პირის განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას;

ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობას;

გ) გადახდისუნარიანობის/გადახდისუუნარობის შესახებ ინფორმაციას, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას;

დ) კომერციული ბანკების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების (მათ შორის, ვადაგადაცილებული სესხების) შესახებ ინფორმაციას;

ე) აქციონერთან ან პოტენციურ ადმინისტრატორთან ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაციას;

ვ) სახელმწიფოს მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების (მათ შორის, საგადასახადო/სასესხო დავალიანების ან/და რესტრუქტურიზებული საგადასახადო/სასესხო დავალიანების) შესახებ ინფორმაციას.

5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

ა) კორპორაციული მართვის დებულებას;

ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურას და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას;

გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს;

დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს;

ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით;

ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას.

6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიზნესსტრატეგიას;

ბ) ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის კომერციული ბანკის ბიზნესსტრატეგიაზე პოტენციური გავლენის შესახებ;

გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას;

დ) საბიუჯეტო გეგმას და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს;

ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას.

7. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია  უნდა მოიცავდეს:

ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას და მოგება-ზარალის ანგარიშგებას;

ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ;

გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე.

8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.  

9. ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები ვალდებული არიან, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას ამ მუხლით განსაზღვრული განახლებული ინფორმაცია.

10. კომერციული ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 4. ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა  და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და აფასებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობასა და განხორციელებადობას, საბანკო სექტორში მის პოტენციურ პოზიციას და მისი მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში.  

5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე დასაბუთებული უარის თქმის ან თანხმობის განცხადების შესახებ. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები.

6. თუ დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად უდგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება დაინტერესებული იურიდიული პირისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სტაბილურობის ან საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, გასცეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ვადა დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს კონკრეტული ვადით ან უვადოდ დაუწესოს შეზღუდვები გარკვეული ტიპის საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე.

მუხლი 5. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები  

1. პირს ეკრძალება, იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 

2. პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო;

ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) მას აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ კომერციული ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება აღნიშნული კომერციული ბანკი.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.

მუხლი 6. ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები

1. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის განსაკუთრებულად სანდო ბანკი, კერძოდ, თუ მას აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე.

2. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი მას ინდივიდუალურად განუსაზღვრავს იმ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის ფილიალმა ან შვილობილმა კომპანიამ უნდა წარადგინოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

ეროვნული ბანკია უფლებამოსილი, კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) კომერციული ბანკის თხოვნა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ  კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა;

გ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა;

დ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა;

ე) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და  ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად;

ვ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან გამოყოფა;

ზ) ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კრედიტორების ნდობის დაკარგვა, ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა;

თ) კომერციული ბანკის აქციონერების გადაწყვეტილება კომერციული ბანკის გაუქმების ან ლიკვიდაციის შესახებ;

ი) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას;

კ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობა;

ლ) კომერციული ბანკის გადახდისუუნარობა;

მ) კომერციული ბანკის ჯგუფის სტრუქტურის სირთულე ან/და არაგამჭვირვალობა, რაც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას;

ნ) კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც საფრთხეს უქმნის კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ო) სასამართლოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობა;

ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის ან/და შვილობილი ბანკის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა;

რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.

მუხლი 8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება  ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან აღნიშნული იურიდიული პირი ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულების შესრულებამდე იურიდიული პირი ლიცენზირებული კომერციული ბანკის მსგავსად ემორჩილება კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.“.

3. 81 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი/ არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია) და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს დეკლარანტის რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შედეგად კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების პოტენციურ გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობაზე, აგრეთვე აღნიშნულ ტრანზაქციასთან მიმართებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას;“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე–6 პუნქტები:

„4. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

5. კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ  ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი ან ბენეფიციარი მფლობელის წილი 10, 25 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე.

6. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.“.

4. 82 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ამ კანონის მე-4 მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრინციპებით.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციული ბანკის საკუთრების უფლების, აქტივების, მფლობელობის სტრუქტურისა და ჯგუფის სტრუქტურის შეზღუდვა“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ კომერციული ბანკის წილი ჯამურად კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი წილი 20 პროცენტს აღემატება. ამ შემთხვევაში ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. საწარმოს საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე აღნიშნული წილი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს;

დ) მიიღოს საწარმოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. კომერციულმა ბანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე.  თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო კომერციულმა ბანკმა, არ არის ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კომერციულმა ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები წილის გაყიდვისათვის. ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში კომერციულ ბანკს უფლება აქვს, წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ  გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა კომერციულ ბანკს ანიჭებს საწარმოს კონტროლის და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას, მისი დასაკუთრებიდან მის გასხვისებამდე დაუშვებელია ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება;“;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე.

12. კომერციულმა ბანკმა ინვესტიციების საქართველოს ფარგლების გარეთ, უცხო ქვეყანაში განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის, შესაძლებლობას.“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლებითაც იხელმძღვანელებს იგი კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.“;

ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის სტრუქტურის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება ან/და გამიჯვნა, თუ მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.“.

6. მე-14 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის წესი.

11. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს.“.

7. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი

1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.

2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა,  თუ იგი არ განიცდის კომერციული ბანკის ან სხვა გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები.

4. აუდიტის კომიტეტი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.

5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტის და კომერციული ბანკის გარე აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება

1. არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან  პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას − გადამხდელ პირს ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში,  საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე.

3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის გარეშე გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციული ბანკის ჯგუფის შიგნით და კომერციულ ბანკებს შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლაზე.“.

8. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში  ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მატერიალურ დოკუმენტს მოითხოვს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ  მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნული ბანკისათვის წარდგენა სავალდებულო არ არის  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი საბანკო მომსახურების გაწევის დროს იყენებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით განხორციელებულ  ხელმოწერას ან ხელმოწერას, რომლის სერტიფიკატი გაცემულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

6. ამ  მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები არ ზღუდავს კომერციული ბანკის უფლებას,  საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. თუ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასების შემდეგ უარს განაცხადებს ამ პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმებაზე, კომერციული ბანკი ვალდებულია შეწყვიტოს ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება.“.

10. მე-20 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი4“ ქვეპუნქტი: 

„ი4) ქონების ლიზინგით გაცემა;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 პუნქტები:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საბანკო საქმიანობის, მასთან დაკავშირებული საქმიანობის ან კომერციული ბანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ და „ი4“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები.“.

11. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები.“.

12. 211 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება“;    

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების  გარეშე  უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე.“.

13. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-7 პუნქტები:

„3. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგად კომერციული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან/და  რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევს.

4. კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირი და ადმინისტრატორი ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების კომერციული ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს, რომელსაც ხელი მიუწვდება არასაჯარო ინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარკვეული ინვესტიციის ღირებულებაზე, ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოყენება.

5. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს არასაჯარო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკის, პროცედურებისა და ტექნიკური სისტემების დანერგვა და მონიტორინგი. აღნიშნული უნდა უზრუნველყოფდეს კომერციულ ბანკთან, მის მაკონტროლებელ პირებთან და ადმინისტრატორებთან დაკავშირებული მხარეებისთვის ინფორმაციის არასათანადო გადინების შეზღუდვას.

6. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

7. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად ეროვნული ბანკი შესაბამისი სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს კომერციული ბანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს აკრძალულ გარიგებებთან და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებულ წესებს და შესაბამის სანქციებს.“.

14. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.“.

15. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით კომერციული ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, აგრეთვე ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მოგებიანობას თვით კომერციული ბანკის და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მიზნებისათვის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“;               

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მისი მონათესავე საწარმოს ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირების და ადმინისტრატორების შესახებ ინფორმაცია და ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე კომერციული ბანკის/ადმინისტრატორის მიერ აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“.

16. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შედეგად შეაფერხა ზედამხედველობის პროცესი.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელსაც აქვს ან შეიძლება შეექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები (რაც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებით, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით), ან რომელიც გადახდისუუნაროა, ან რომლის რისკების სუსტი მართვის მოდელმა და არაჯანსაღი საქმიანობის პრაქტიკამ (რაც შეიძლება გამოიხატოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შიდა კონტროლის სისტემების არაადეკვატურობით, დარღვევების აღმოფხვრისათვის მენეჯმენტის უმოქმედობით, სხვა საფრთხის შემცველი ქმედებით) შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან საბანკო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან შესაძლო საფრთხეს.“.

17. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკე ნორმატიული აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი.“.

18. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება კომერციული ბანკის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.

2. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს და ორგანიზება გაუწიოს ამ კომერციული ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა კომერციული ბანკისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას არ იცვლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები.

6. კომერციული ბანკის ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს:

ა) გარიგება კომერციული ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) კონტრაქტები იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც კომერციული ბანკი მონაწილეობდა;

გ) კომერციული ბანკის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას;

დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები და ისინი იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში. მათი გადატანისათვის საჭირო არ არის საბანკო გარანტიის ბენეფიციარის და პრინციპალის თანხმობა. ლიკვიდატორი ვალდებულია ბენეფიციარს და პრინციპალს შეატყობინოს საბანკო გარანტიების სხვა კომერციულ ბანკში გადატანის  შესახებ.

7. კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილი არიან, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

8. კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა:

ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;

ბ) უნდა გაუგზავნოს მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება კომერციული ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც კომერციული ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება. შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება;

გ) უნდა მოსთხოვოს კომერციული ბანკის მსესხებლებს და დებიტორებს კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა; კომერციული ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლების და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანებების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დასაფარავად.

9. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადაში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც კომერციულ ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. მოუკითხავი ფულადი სახსრები ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე.

10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ეროვნული ბანკი, სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა ვალდებულება, გარდა  სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო;

გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული  და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

კ) სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხები;

ლ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა  მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ნ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ო) კომერციული ბანკის ვადიანი სუბორდინირებული ვალი;

პ) კომერციული ბანკის უვადო სუბორდინირებული ვალი;

ჟ) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.

11. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 

12. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

13. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში კომერციული ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

14. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასრულების მიზნით ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, კომერციულ ბანკში არსებული ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაურღვევლად, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში.

15. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული კომერციული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებას იძენს ეროვნული ბანკი. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მისი განკარგვის მიზნით ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული აქტივის განკარგვის წესი ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად.“.

მუხლი 2

1. კომერციული ბანკები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ნორმატიული აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-16 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-16 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1895-რს