„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1894-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.016211
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1894-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
220010000.04.001.016211
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/01/2018 - 27/12/2018)

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“;

ბ) „ქ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“–„ჰ8“ ქვეპუნქტები:

„ჰ1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;

2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს;

3) ასოცირებული საწარმო – საწარმო, რომელზედაც ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. ასოცირებული საწარმო მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც;

4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობის და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას;

5) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;

6) ადმინისტრატორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;

7) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;

8) ერთობლივი საწარმო – საწარმო, რომელშიც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ერთობლივი კონტროლი გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივ კონტროლს, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი შედგება ეროვნული ბანკის საბჭოს 3 არააღმასრულებელი წევრისაგან. აუდიტის კომიტეტის წევრი აირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით.

2. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობას და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. აუდიტის კომიტეტის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს.

2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით.

3. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:

ა) მას ამოეწურა უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა;

ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;

გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა;

დ) იგი გარდაიცვალა.

5. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას.

6. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე.

7. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;

ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენად შეადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურების და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;

გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.“.

5. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილი, იმოქმედონ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული იმ მითითებების ან/და ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია, ეროვნული ბანკის გარდა, ნებისმიერი სხვა პირისაგან.“.

6. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება“.

7. 48-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.“;

ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.“; 

ვ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–43 პუნქტები:

„41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენლისაგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება;

დ) კომერციულ ბანკებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების რისკებს;

ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია.

42. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

43. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.“;

ზ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).“;

თ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმოწერა/ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ამ ფორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტთან მიმოწერის/ურთიერთობის განხორციელების დროს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“;

ი) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-14 პუნქტები:

„10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტის მატერიალურ ფორმას მოითხოვს.

11. თუ სუბიექტი აპირებს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა, რომლის იურიდიული ძალა აღიარებულია კანონის საფუძველზე და რომლის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული არ არის, სუბიექტი ვალდებულია ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.

12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი გამოაქვეყნოს მის დამტკიცებამდე დაინტერესებული მხარეებისაგან კომენტარების მიღების მიზნით. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ ნორმატიული აქტის პროექტს, რომლის მიღება აუცილებელია საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

14. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) მიაწოდოს აღნიშნული სუბიექტის აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). ამ უფლებამოსილებას ეროვნული ბანკი იყენებს საზედამხედველო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის ან/და შეფასების მიზნით. არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება/მიუწოდებლობა არ შეიძლება გახდეს ამ სუბიექტის აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ აუდიტის არაჯეროვნად განხორციელების საფუძველი. აუდიტორი (აუდიტორული ფირმა) ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

8. 481 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 48მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 483 მუხლი:

„მუხლი 483. საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა

1. არავის აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.

2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი გულისხმობს პირებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ აქციების/წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს, ან/და პირებს, რომლებიც ერთმანეთის პირველი რიგისა და მეორე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე;

ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე;

გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე;

დ) „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არასახელმწიფო საპენსიო სქემაზე;

ე) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე;

ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე;

ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე;

თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე;

ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე;

კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე.“.

11. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით დაუწესოს მათ დამატებითი მოთხოვნები;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმების შემოღებისა და მოქმედების წესები;“;

ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) კომერციული ბანკის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

 „მუხლი 491. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა

1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

2. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საბანკო ჯგუფი, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად;

ბ) სრულად მიუწვდებოდეს ხელი საბანკო ჯგუფის თითოეული წევრის სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემებსა და დოკუმენტებზე;

გ) შეაფასოს საბანკო ჯგუფის რისკების პროფილი, რისკების მართვის ჩარჩო და საბანკო ჯგუფის შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა. შეფასების ფარგლებში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ჯგუფის წევრისგან, აგრეთვე საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს და მიიღოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საბანკო ჯგუფის და საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული სხვა პირის შესახებ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად, მათგან მომდინარე რისკების და საბანკო ჯგუფზე მათი გავლენის შეფასების მიზნით;

დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ან/და საბანკო ჯგუფის ერთი ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს:

 ე.ა) მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;

 ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები;

 ე.გ) მსხვილი რისკების შესაბამისი მოთხოვნები;

 ე.დ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა;

 ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

 ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

 ე.ზ) ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები;

 ე.თ) ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.

 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი მითითებები.

 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი.“.

13. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა 

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის წარმოშობის წყაროების და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;

დ) შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;

ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;

ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;

თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

ი) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი;

კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი.

2. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.

3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:

„მუხლი 501. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვა

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.

2. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმება და გადაცვლილი ვალუტის დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 და 522 მუხლები:

 „მუხლი 521. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების და საქმიანობის უწყვეტობის მიზნებისათვის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების (მათ შორის, ფინანსური და საოპერაციო მოთხოვნების), შეზღუდვების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) და სანქციების დაწესებას და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემას.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელიც აპირებს განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ეროვნული ბანკი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესებს.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ამ კანონით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს ფულადი ჯარიმა.

მუხლი 522. სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა

1. მსესხებელთა უფლებების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.

2. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ან/და მოთხოვნების დარღვევისათვის სესხის გამცემ სუბიექტს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელზე;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის საწარმოს პარტნიორზე/აქციონერზე ან/და თანამშრომელზე გაცემაზე.“.

16. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 სექტემბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). შესაბამისი კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით.“.

17. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს საქართველოში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დაეხმაროს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურებას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში დაარეგისტრიროს საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.“.

18. 67-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. ამ პუნქტის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების პოლიტიკა.“.

19. 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისაგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა 6 თვის ვადაში უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა საქმიანობა განაგრძონ არსებული რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ფულადი გზავნილები განახორციელონ მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მისი აგენტის სტატუსით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 3

1. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესის განსაზღვრა.

2. 2018 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა.

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

4. პირი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის განხორციელების მიზნით ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ამ კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

5. 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა.

6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს 2019 წლის 1 იანვრიდან.

7. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის 1 იანვრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ამ კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1894-რს